რა საქმიანობის დროს შეუსწრო სტალინმა შვილებს სარდაფში
1923 წლის 21 მარტს იოსებ ბესარიონის ძე სტალინმა პოლიტბიუროს წევრებს წერილით მიმართა. შინაარსი ასეთია: მისთვის 17 მარტს მიუმართავს ლენინის ცოლს, ნადეჟდა კრუპსკაია-ულიანოვას, რომ საკუთარ თავზე აეღო ვალდებულება და პროლეტარიატის ბელადისთვის კალიუმის ციანიდის სასიკვდილო დოზა მიეწოდებინა, რადგან, აუტანელი ტკივილების განცდასა და სიცოცხლის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. სტალინმა აცნობა პოლიტბიუროს ყველა წევრს, რომ ამ მისიის შესრულებისგან თავს იკავებს და უარს აცხადებს, რადგან მიაჩნია, რომ ასეთი საქციელი ანტიჰუმანურია.
სტალინის სისასტიკის შესახებ ცნობების მოპოვება ძნელია, როცა მისი ჰუმანურობის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი არსებობს. სუბიექტური მოსაზრებების გამო მრავალი ადამიანი ცდილობდა და ახლაც ცდილობს ბელადისგან დესპოტის სახის ხელოვნურად შექმნას, მაგრამ ისინი შეცდომას უშვებენ, რადგან სოსო ჯუღაშვილის გულჩვილობის მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება: 1921 წელს, აერომოტოვაგონის გამოცდის დროს, დიდი ტრაგედია მოხდა. მოგვიანებით ამ უბედურებაში ტროცკის ბრალეულობა დადგინდა. დაღუპულებს შორის პროფესიონალი რევოლუციონერი არტიომ სერგეევიც იყო. ლენინის ინიციატივით, პოლიტბიუროს სხდომაზე განიხილეს დაღუპულთა ოჯახების უზრუნველყოფის საკითხი. მომხსენებელი იყო სტალინი. მიღებული დადგენილება სხვადასხვა დახმარებას ითვალისწინებდა: იზოლირებული ბინა, კრემლის საავადმყოფო, სამკურნალო კვების სპეციალური სასადილოს ტალონები და სხვა... მაგრამ სოსო ჯუღაშვილი დადგენილებაზე უფრო შორს წავიდა – პატარა არტიომი სახლში წაიყვანა და თავისი შვილის, ვასილის, ოთახში დაასახლა. დადგენილების დოკუმენტზე კი მისთვის ჩვეული იუმორია დაფიქსირებული. ბელადმა ფანქრით მიაწერა: „დაინიშნოს არტიომი ვასილ სტალინის ძმად“. არტიომსა და ვასილს ხშირად ასეირნებდნენ ხოლმე ეტლით წითელ მოედანზე ან ალექსანდროვის ბაღში. ისინი ერთად ტიროდნენ და ერთად იცინოდნენ. იაკობ ჯუღაშვილი კი, სტალინის უფროსი ვაჟი, ძიძის ფუნქციას ასრულებდა. მაშინ იაკობმა რუსული, ფაქტობრივად, არ იცოდა და, როგორც არტიომი იხსენებს, მოსკოვში ჩამოსვლამდე ქართულ გარემოში იზრდებოდა. რომელი სახელმწიფო დახმარება, ან თუნდაც პრივილეგირებული საბავშვო სახლი შეედრება ოჯახურ სითბოს. სხვებისგან განსხვავებით, სერგეევმა სიკეთის დაფასება შეძლო – 1991 წლის 2 იანვარს გაზეთ „პრავდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მოხუცი არტიომი იხსენებს, რომ სტალინის ოჯახში ყოველთვის იყო ღვინო და ქართული სუფრა. როდესაც ის და ვასილი 13 წლის გახდნენ, სარდაფში დამსხდარან და უქეიფიათ. შინაურებმა ამის შესახებ სტალინს უთხრეს და მანაც, ჩააკითხა ბავშვებს, მაგრამ, კი არ ეჩხუბა და გაუბრაზდა, უბრალოდ, ჰკითხა, თავბრუ ხომ არ დაგეხვათო და უთხრა, თქვენთვის ღვინის სმა ჯერ ადრეა, ცოტა უნდა მოიცადოთო. არტიომი აღიარებს, რომ სტალინს რომ ეყვირა და დაესაჯა, ღვინოს, ალბათ, მეორე დღესაც დალევდნენ. ამ ინტერვიუდან ირკვევა, რომ ბელადს აღზრდის უაღრესად ჰუმანური მეთოდები ჰქონია. ის მოზარდ ყმაწვილებს, როგორც ზრდასრულ მამაკაცებს, ისე ეპყრობოდა. არტიომს არ ავიწყდება შეკითხვა, რომელიც მას სტალინმა დაუსვა: „რა იცი ამერიკის კრიზისის შესახებ?“– ამ კითხვის შემდეგ ბიჭებმა, რომელთაც მანამდე ასეთი საკითხები არ აღელვებდათ, ქვეყანა ააწრიალეს, წიგნები და ჟურნალ-გაზეთები გადაიკითხეს და ერთ კვირაში ბელადთან საერთაშორისო პოლიტიკური მდგომარეობის „მოხსენებით“ წარდგნენ. საერთოდ, სწავლა-განათლების საკითხს სტალინი დიდ ყურადღებას აქცევდა და სპეციფიური მიდგომაც ჰქონდა: თურმე, სწორედ იმ მასწავლებლებს წაახალისებდნენ ხოლმე, რომლებიც ბავშვებს დაბალ ნიშნებს უწერდნენ. „პრავდის“ კორესპონდენტმა, რომლის ოჯახი რეპრესიების მსხვერპლი ყოფილა, აღშფოთება ვერ დამალა, როცა შეკითხვაზე – „გაღელვებდათ თუ არა მათი ბედი, ვისი მშობლებიც სტალინმა დახვრიტა?“, არტიომმა ასეთი მოკლე და კონკრეტული პასუხი გასცა: „დავბერდი და, სტალინისნაირი ჰუმანური ადამიანი არსად მინახავს“.
5-000 მანეთი სტალინისგან
1933 წლის 5 დეკემბერს ხაშურში კრემლიდან დეპეშა მივიდა, რომელმაც პატარა ქალაქის წყნარი ცხოვრება შეძრა. სტალინი მეგობარს უგზავნიდა დეპეშას: „იზ მოსკვი. მოლნია. გრუზია. ხაშური. ნაროდნომუ უჩიტელიუ პეტრუ კაპანადზე. ტვოიო პისმო პერედალი მნე პოზავჩერა ოპოზდანიემ. ტვოია პროსბა ბუდეტ ისპოლნენა. პრივეტ. სტალინ“. მრავალშვილიანი ოჯახის მამას სახლ-კარი გადაეწვა, მეუღლე გარდაეცვალა, დარჩა წვრილშვილი და, ფინანსურ დახმარებას იმდენად არ საჭიროებდა, რამდენადაც მეგობრის თანადგომას. ამის მიუხედავად, რუსეთის ბატონ-პატრონმა ხაშურში საკუთარი ჰონორარი გამოგზავნა – 2 000 მანეთი. წერილობით ისიც კი აცნობა, რომ, გარდა ამ თანხისა, 3 000 მანეთს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისგან მიიღებდა სესხის სახით, რასაც შემდეგ სტალინი თანდათან თვითონ დაუფარავდა და ეს საკითხი შეთანხმებული იყო ლავრენტი ბერიასთან, რესპუბლიკის მაშინდელ ხელმძღვანელთან. გარდა ამისა, ბელადმა ბავშვობის სხვა ახლობელსაც გაუმართა ხელი. პეტრე კაპანაძე, სტალინის დავალებით, მაშინდელი თბილისის გარეუბანში, ნაძალადევში, წვიმიან ამინდში, ბევრი ძებნის შემდეგ, ფეხით ავიდა და კაცისგან და ღვთისგან მივიწყებული ადამიანი მოინახულა. ალიზით ნაშენებ პატარა ქოხში ერთ დროს ცნობილი ფალავანი ცხოვრობდა, რომელსაც სოსო ჯუღაშვილი „მსოფლიო ფალავანს“ უწოდებდა. გოლიათ დევკაცს თვალზე ცრემლი მოადგა, როცა სტალინისგან გამოგზავნილი ნობათი მიიღო. ნობათში ადრესატისთვის სასურველი ყველა საჩუქარი იყო, თან, განსაკუთრებული გემოვნებით შერჩეული.
1938 წელს კრემლის საავადმყოფოში სტალინმა ახალგაზრდობის მეგობარი, მომღერალი სანდრო კავსაძე მოინახულა. დამშვიდობებისას ავადმყოფს ჰკითხა, რა გაჩუქო სამახსოვროდო. სანდრომ უთხრა, სახლი, სამსახური და, საერთოდ, რაც მჭირდება, მაქვს, ჩიბუხს თუ მაჩუქებ, მადლობელი დაგრჩებიო. სტალინი შეჰპირდა, რომ ზუსტად ასეთ ჩიბუხს გააკეთებინებდა და გაუგზავნიდა, მაგრამ, სანდრომ დაიჟინა, შენი ნაქონი მინდაო. სტალინმა კართან მდგარი გენერალი იხმო და სთხოვა, ჩიბუხი გაეწმინდა და ავადმყოფისთვის მიეტანა. გენერალმა დავალება შეასრულა, მაგრამ სტალინის სხვა საჩუქრის შემოტანაც მოუწია, რაც ერთგვარი სიურპრიზი იყო – პატარა ხის კასრით ჯონჯოლიც შემოიტანა და თქვა: მითხრეს, რომ ეს თქვენი ბრძანებაა, იოსებ ბესარიონის ძევ, ალბათ, რაღაც გაუგებრობაა, რადგან, შემოწმების მიზნით კასრს თავი მოვხადე და საშინელი სუნი უდისო („ტფუ, კაკოი არომატ, კაკაია გადოსტ“), სტალინმა გაიცინა და სანდრო კავსაძეს უთხრა რუს გენერალზე: ასეა, ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილიაო.
ანტიჰუმანური საკუთარ შვილთან
საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრი, ბულგანინი, დაჟინებით ითხოვდა ვასილ სტალინისთვის გენერლის წოდების მინიჭებას. რატომ?! – ეს უკვე მესამე წარდგინება იყო, თანაც, მას ჩინებული სამხედრო კარიერის ყველა საფეხური ჰქონდა გავლილი: უმცროსი მფრინავიც იყო, რიგითი ინსპექტორიც, ინსტრუქტორ-მფრინავიც... გენერლობა ჯერ კიდევ 1944 წლის გაზაფხულზე ეკუთვნოდა. მის მეგობარ მეომებს ოქროს ვარსკვლავებსა და გენერლის წოდებებს ურიგებდნენ, დივიზიის 24 წლის მეთაურს კი, რომელიც შიშის ზარს სცემდა მტერს და ცაში სასწაულებს ახდენდა, მამა მაინც არ სწყალობდა – ერთი დისციპლინური გადაცდომაც კი არ აპატია:
ბრძანება N–122/64–პირადი შემადგენლობის
1. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ თანამდებობიდან საავიაციო პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი ვასილ სტალინი და არ მისცეთ მას სამეთაურო თანამდებობა ჩემს განკარგულებამდე.
2. პოლკოვნიკ სტალინს გამოეცხადოს, რომ ის მოიხსნა მეთაურის თანამდებობიდან ლოთობისა და თავაშვებულობის გამო და იმისთვის, რომ აფუჭებს და რყვნის პოლკს.
3. შესრულების შესახებ მომახსენეთ.
იოსებ სტალინი
26 მაისი, 1943 წელი
მაგრამ, როცა თავდაცვის მინისტრმა, ბულგანინმა, სტალინს ვასილის პოლკის მფრინავების მიერ განადგურებული მტრის თვითმფრინავების სია მაგიდაზე დაუდო („ერთ-ერთი „ფვ –190“ ვასილ სტალინმა პირადად ჩამოაგდო სასიცოცხლო რისკის ფასად), სტალინმა ყველას გასაგონად ჰკითხა: „მიგაჩნიათ, რომ ამის ღირსია?“ – და მხოლოდ საერთო თანხმობის, ფაქტობრივად, იძულების შემდეგ მოაწერა ხელი ბრძანებას. არც აქ შემცდარა: 24 წლის „ბიჭი“ გენერალი გახდა. სამაგიეროდ, 26 წლის ასაკში მის მუნდირს უკვე ამშვენებდა წითელი დროშის ორი ორდენი, მედლები: „მოსკოვის დაცვისთვის“, „სტალინგრადის დაცვისთვის“, „ვარშავის გათავისუფლებისთვის“, „ბერლინის აღებისთვის“ და „გერმანიაზე გამარჯვებისთვის“.