როგორ აღმოჩნდა ტაილანდში „ბეიბი ჰაუზში“ თეონა თევდორაშვილი და რის გამო არ კლავენ მოდელებს ბანკოკის სააგენტოში
„ვიცე მის-საქართველო“ თეონა თევდორაშვილი პარიზში სამთვიანი მუშაობის შემდეგ ტაილანდში გაემგზავრა, სადაც საკმაოდ დატვირთული იყო – საინტერესო სამუშაო, გადაღებები ჰქონდა. თეონა აგვისტოს ბოლოს მხოლოდ ორი დღით ჩამოვიდა საქართველოში და ისევ სამუშაოდ ახლა უკვე შანხაიში გაემგზავრა.
თეონა თევდორაშვილი: სანამ ტაილანდში წავიდოდი, პარიზში ვიყავი სამი თვის განმავლობაში. ძალიან კარგი დრო გავატარე. ჩემს სააგენტოში მთხოვეს, რომ სექტემბერში ისევ ჩავსულიყავი. პარიზში ანა კოვაჩთან ერთად ვიყავი, ყოველდღე ერთად დავდიოდით ქასთინგებზე, ბევრი საინტერესო ადგილი მოვინახულეთ. პარიზში დიდი სიამოვნებით წავალ ისევ. თვითონ ქალაქი ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით, საღამოს ქუჩებში სეირნობა. სახლში 4 გოგონა ვცხოვრობდით ერთად. ისე მოხდა, რომ ერთკვირიანი სამუშაო ოთხივეს ერთად გვქონდა. ყოველ დილით ერთად გავდიოდით სახლიდან და საღამოს ისევ ერთად მივდიოდით კაფეებში. ფრანგული ღვინოც გავსინჯე – ქართულს ვერ შეედრება, მაგრამ ძალიან კარგია. პარიზში რომ ჩავედი, პირველივე დღეს, ნამტირალევმა ავიღე სამუშაო.
– რატომ იყავი ნამტირალევი?
– მე ჩავედი პარიზში, მაგრამ ჩემმა ბარგმა ვერ ჩამოაღწია. მაგრამ, ძველით ახალ წელს ჩამომივიდა საჩუქრად. ძველით ახალ წელს ასეთი გახარებული არასდროს ვყოფილვარ. მე და ანა ძალიან საინტერესოდ ვატარებდით დროს. ვნახეთ ნოტრდამის ღვთისმშობლის ტაძარი, ლუქსემბურგის ბაღი, „მულენ რუჟის“ უძველესი კაბარე, სეკრეკერის ტაძარი და რა თქმა უნდა, ეიფელის კოშკი. ყველაზე მეტად აქედან საკრეკერის ეკლესიაში მიყვარდა წასვლა, საიდანაც მთელი პარიზი ჩანს. სხვათა შორის, პარიზში წავიღე ჩურჩხელები და ჩემს ბუქერს მივეცი, რომ გაესინჯა. თან, ვიცოდი, რომ საქართველო ძალიან უყვარს და ჩვენი ქვეყნის შესახებ ყველაფერი აინტერესებს. ცოცხალი თავით არ შეჭამა, შეინახა და ახლა, ამდენი ხნის შემდეგაც, მგონი, შენახული აქვს. მეორე დღეს რომ ვკითხე, გასინჯე თუ არა-მეთქი, მიპასუხა, – მერე მივაყოლებ ყავასო. ბევრი ვიხალისე, მერე ისიც გავიგე, რომ არ იცოდა, როგორ ეჭამა და ბოლოს დავასკვენი – ჩურჩხელებს სუვენირად ინახავს-მეთქი. პარიზში ძირითადად ცნობილი ბრენდების „შოუ-რუმებზე“ მომიწია მუშაობა, საკმაოდ საინტერესო იყო. ამ „შოუ-რუმზე“ დასასწრებად სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ კლიენტები, სამოსს ნახულობდნენ. ინტერნეტ-კატალოგებისთვისაც მქონდა გადაღებები, სადაც „მანგოს“ და კიდევ სხვა ბრენდების სამოსი იყო. მათი ნახვა ინტერნეტში ყველას შეეძლო.
– ფრანგებს უყვართ გოგონების „პარიჟანკად“ გადაქცევა.
– სააგენტოში ჩემს ბუქერს უნდოდა ჩემთვის იმიჯის შეცვლა – ანუ თმის დამოკლება, შეჭრა. რომ გავიგე, მაშინვე ვუთხარი, – სამი წელია, თმას ვიზრდი და ასე უცებ როგორ შევიჭრა-მეთქი. მაშინ, ისე იყოს, როგორც შენ გინდაო. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ მომდევნო ჩასვლაზე შეცვლიან ჩემს სტილში რაღაცას. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ფრანგებს ძალიან უყვართ წითელი პომადა, ქასთინგზე თავისუფლად შეგვეძლო წაგვესვა, არ იყო პრობლემა.
– როდის წახვედი ტაილანდში?
– პარიზიდან საქართველოში ჩამოვედი. თბილისის „ფეშენ-ვიქში“ მივიღე მონაწილეობა და მერე გავემგზავრე ტაილანდში. თბილისში რომ ჩამოვდივარ, ერთი კვირა მჭირდება კალაპოტში ჩასადგომად. რომ გავიგე, ტაილანდში მივდიოდი, ძალიან გამიხარდა, მონატრებული ვიყავი აზიას. ტაილანდში მაისის ბოლოს ჩავედი, ყველაფერი არაჩვეულებრივად დაიწყო. იმ დღესვე მივედი სააგენტოში, გავიცანი ხალხი, მეორე დღე კი ძალიან დატვირთული მქონდა ქასთინგებით, სამუშაოთი. პირველივე კვირას ძალიან ბევრი სამუშაო მქონდა. ბანკოკში ძალიან დიდ სახლში ვცხოვრობ, 15 ადამიანი ვართ ერთად, სულ ჟრიამული გვაქვს, ძალიან ვერთობით სახლში და სახლის გარეთაც – ბევრ ადგილას დავდივართ. ჩვენს სახლს ეძახიან „ბეიბი ჰაუზს“, რადგან ჩვენთან ერთად ცხოვრობს სააგენტოს ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც ასე ვთქვათ, დედასავით გვყავს, სულ კონტროლის ქვეშ ვართ. თავიდან, რომ ჩამოვედი, მკითხეს – სად ცხოვრობ, „ბეიბი ჰაუზშიო“, ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდნენ, რატომ ეძახდნენ ასე, მაგრამ მერე გავერკვიე ყველაფერში.
– არ ერთობით კლუბებში?
– ჩვენს კონტრაქტში წერია: თუ მეორე დღეს სამუშაოა, კლუბში წასვლის, ან გვიანობამდე გართობის უფლება არ გვაქვს. თან, მე უძილობას ვერ ვიტან. ამიტომ, მეორე დღეს დასვენებული სახე რომ მქონდეს, მირჩევნია, სახლში დავრჩე. ასევე, მოგვეთხოვება სახლში სისუფთავის შენარჩუნება. სააგენტოში კვირაში ერთხელ პარამეტრებს გვიმოწმებენ, ანუ გასუქების უფლება არ გვაქვს. თუ ამ ყველაფერს არ დაიცავ, მერე არის ჯარიმები. 1-2 სანტიმეტრს თავიდან გაპატიებენ, არავინ მოგკლავს ამის გამო, მაგრამ ეს თუ სისტემატურად გაგრძელდება, მერე უკვე ფულადი ჯარიმებია.
– მომიყევი, რა სამუშაოები გქონდა.
– ჩასვლისთანავე, აქტიურად დავიწყე მუშაობა – კატალოგებისთვის, „ფეშენ-შოუებში“ და პლუს – გადამიღეს რეკლამაში. ასევე, ვმონაწილეობდი „ლუის ვიტონის“ სამოსის პრეზენტაციაზე, 15 საათი ვიმუშავე. იმ სიმაღლე ქუსლებზე ვიდექი, თავი ბალერინა მეგონა. საკმაოდ საინტერესო იყო. 15 საათის განმავლობაში ამ ბრენდის კლიენტებისთვის ორჯერ მოგვიწია გამოსვლა – ცოცხალი მანეკენები ვიყავით. მეცვა „ლუის ვიტონის“ სამოსი, მეჭირა ამავე ბრენდის ჩანთა, ამ ყველაფერს სტუმრები ნახულობდნენ, ხელით ეხებოდნენ, ათვალიერებდნენ. ისე, ტაილანდში ძირითადად „ფეშენ-შოუებში“ მუშაობით ვიყავი დატვირთული. რამდენიმე ხნის წინ ვიმუშავე DAKS-თან, რომელიც საკმაოდ ცნობილი ბრენდია. „ფეშენ შოუ-პრეზენტაცია“ იყო, ძალიან კარგად ჩაიარა. სხვა ქალაქში წაგვიყვანეს ოთხი მოდელი – ორი გოგონა და ორი ბიჭი, დაგვაწყვილეს. ჩვენს სააგენტოში გოგონებიც არიან და ბიჭებიც. ჩემი მეწყვილე ამერიკელი იყო. ასევე, ერთ-ერთი ბრენდის ჩვენება გვქონდა სხვა ზღვისპირა ქალაქში. ბევრი გოგონა იყო, ძალიან კარგი დრო გავატარეთ. სამუშაო ზღვის ნაპირზე ერთ-ერთ შენობაში გვქონდა. კატალოგებისთვისაც გადამიღეს ფოტოები, სხვადასხვანაირი იმიჯი შემიქმნეს, რამდენიმე ფერის პარიკიც დამახურეს, საინტერესო სამუშაო გამოვიდა. ერთ ფოტოში ჩამაცვეს გრძელი წითელი კაბა, ლამაზი მაკიაჟი გამიკეთეს, საკმაოდ კარგი გამოვიდა. სხვათა შორის, ტაილანდში რომ ჩავედი, ერთი რამ ძალიან გამიკვირდა. როდესაც რეკლამისთვის გაქვს ქასთინგი, ძალიან დიდი დრო გჭირდება – თმის ვარცხნილობას და მაკიაჟს გიკეთებენ, შეიძლება 5 საათი, ან მთელი დღე მოგიწიოს იქ ყოფნა. ასე გგონია, სამუშაოზე ხარ, ასეთი რამ სხვა ქვეყანაში არ ხდება. პირველად, ასეთ ქასთინგზე რომ მივედი, ვერ გავარკვიე, სამუშაო იყო თუ ქასთინგი მქონდა, მერე გავიგე ყველაფერი. ანუ, გაცმევენ სამოსს, გიკეთებენ თმას, მაკიაჟს, გიღებენ ვიდეოს და მერე გირჩევენ სამუშაოსთვის.
– რის რეკლამაში გადაგიღეს?
– 5 გოგონა გადაგვიღეს გასახდომი საშუალების რეკლამაში – ტაილანდური პროდუქციაა. პატარა ბოთლში ასხია სითხე, სვამ და ხდები. მუშაობა დილით დავიწყეთ, ძალიან ბევრი კადრი გადაიღეს. სატელევიზიო რეკლამაა, ასევე გავა მეტროში განთავსებულ ეკრანებზე. ბევრმა უკვე ნახა, მე კი – ვერა, თუმცა, ვიდეო ვნახე.
– მოგეწონა ტაილანდური მასაჟი?
– იქ აკეთებენ მასაჟებს ზეთით და უზეთოდ, ჩვენ ერთსაათიანი უზეთო მასაჟები გავიკეთეთ, არაჩვეულებრივი იყო, ტყუილად არ აქებენ.
– კერძები მოგეწონა?
– ძალიან მწარე კერძები აქვთ, ვერ ვჭამ. მაგრამ თუ კაფეში ან რესტორანში მივდიოდით, ყველანი ერთად ვაფრთხილებდით – მწარე არ მოგვიტანოთო. უკვე გვცნობდნენ და ეცინებოდათ. ძალიან მიყვარს ხილი, ყოველ ნაბიჯზე იყიდება და სულ იმას ვჭამდით. რაც შეეხება ხალხს, საკმაოდ კარგი, თბილი ხალხია. გარეთ რომ გამოვდივართ გოგონები, სულ გვიღიმიან, ყურადღებას იჩენენ, შესაბამისად, როცა ქუჩაში გავდივართ და ამდენ დადებით დამოკიდებულებას ვგრძნობთ, ეს ძალიან გვამხნევებს.
– მართლა არის ბანგკოკი კრიმინალური ქალაქი?
– ჩვენ, პირადად არ გვქონია ამასთან შეხება. ალბათ, იქნება ასეთი შემთხვევებიც. თუმცა, ფილმებში უფრო გაზვიადებულია. როდესაც სააგენტოში პირველად მივედი, უფროსს გავესაუბრე, კონტრაქტი გავაფორმე, მან მითხრა, რომ არის კლუბები, სადაც საშიშია წასვლა და უნდა მოვერიდო. შესაბამისად, ასეთ ადგილებში არ დავდივართ.