კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად შევიძინოთ მწერიჭამია მცენარე და როგორ მოვუაროთ მას წელიწადის სხვადასხვა სეზონზე

ალბათ, ყველა თქვენგანი შეაწუხა ამ ბოლო დროს მომრავლებულმა კალიებმა, თუმცა, არანაკლებ დისკომფორტს გვიქმნიან ბუზები და კოღოებიც. საბედნიეროდ, ფლორის სამყაროში აღმოჩნდა ისეთი მცენარე, რომელიც ძალიან სწრაფად ანადგურებს ყველა მწერს და, ამავე დროს, ბინაში ულამაზეს ფონს ქმნის თავისი არსებობით. რა ჰქვია ამ უცნაურ მცენარეს და როგორ უნდა მოვუაროთ მას, ამას „ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე მოგვახსენებს.

 

– რატომ ეძახიან ნეპენტესს მწერიჭამიას და დაგვიხასიათეთ ის...

– ეს მცენარე არის ტროპიკული, იზრდება მალაიზიასა და ავსტრალიის ტროპიკულ ტყეებში. მას აქვს დოქისებრი სისტემა, რომელშიც ძალიან იოლად ვარდება მწერი და სწორედ ამის გამო დაერქვა მას ეს სახელიც. 

– რომელი მწერი ხდება ამ მცენარის მსხვერპლი?

– ბუზი, კოღო, კალია. თითოეული მათგანი შეიძლება გახდეს მისი მსხვერპლი. ნეპენტესი იმდენად ძლიერი მცენარეა, რომ, შესაძლებელია მან ვირთხის ნაშიერიც კი „შეჭამოს“. მცენარეს დოქში აქვს სითხე. თუ პატარა წრუწუნა ამ ლორწოვან სითხეში ჩავარდა, გამორიცხულია, იქიდან თავი დაიხსნას. ამ სითხის შემადგენლობაში შედის მჟავა, რომელიც ხრწნის მასში მოხვედრილ ნებისმიერ მწერს. 

– შესაძლებელია თუ არა საქართველოში ამ მცენარის გახარება?

– საქართველოში ნეპენტესი შემოტანილია 1994 წლიდან და საკმაოდ გავრცელდა. საქართველოს ბოტანიკურ ბაღებსა და ორანჟერეებში ხშირად წააწყდებით ნეპენტესს. ის იყიდება თითქმის ყველგან, ამიტომ მისი შეძენაც არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. 

– რა ღირს მწერიჭამია მცენარე?

– მისი ღირებულება მერყეობს 50-80 ლარამდე. ფასი დამოკიდებულია მცენარის სიდიდეზეც. დიდი ზომის ნეპენტესი, შეიძლება, 150 ლარიც კი ღირდეს.  

– იოლია თუ არა მწერიჭამიას გახარება?

– ის ხარობს ვეგეტაციურად, ამონაყარით, რადგან ის ნახევრად ორქიდეას ოჯახის წარმომადგენელია. ხარობს ძალიან იოლად და არც მოვლის მხრივაა პრეტენზიული. 

–  რამდენად შესაძლებელია ნეპენტესის თესლით გამრავლება?

–  საქართველოს პირობებში მისი თესლის მიღება შეუძლებელია, ეს ხდება მხოლოდ ტროპიკულ ტყეებში. ამიტომ, გირჩევთ, ის ამონაყარით გაამრავლოთ. მცენარეს მარტივად ოთახის პირობებში გაახარებთ. 

– ესე იგი, ნეპენტესის ბინაში გახარებას გვირჩევთ?

–  დიახ, ის უპრეტენზიო მცენარეა, ლამაზია და, რაც ყველაზე მთავარია, მწერებისგან დაისვენებთ. განსაკუთრებით ვურჩევ მის გახარებას იმათ, ვინც სახლში მწერისგანაა შეწუხებული. ნეპენტესის გახარება ყველაზე იოლი ხერხია ბუზის გასაწყვეტად. როგორც კი ბინაში ნეპენტესს შეიტანთ, გარწმუნებთ, უმალვე გაქრება კოღოც და ბუზიც. 

– იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ თვითონ მოგვიხვდა ხელი ამ „დოქზე“ და შევეხეთ მის სითხეს, საფრთხეს ხომ არ შეუქმნის ჩვენს ჯანმრთელობას?

–  ეს სითხე არანაირად არ არის მომწამვლელი. უბრალოდ, გაითვალისწინეთ, რომ სითხე  არ მოგიხვდეთ პირის ღრუში ან გაჭრილ ადგილას. ის მოქმედებს მხოლოდ მასში დიდი ხნით ჩავარდნილ მწერებზე, რომელთა ამოსვლაც დოქიდან, ფაქტობრივად, შეუძლებელია. 

– შეიძლება თუ არა, ამ მცენარემ გაიხაროს გარე კლიმატშიც, თუ,  მხოლოდ ოთახის მცენარედ მოიაზრება?

– გარე კლიმატში მისი გახარება მხოლოდ ზაფხულის სეზონზეა შესაძლებელი, ზამთარში კი აუცილებლად ბინაში უნდა ამყოფოთ. 

– რაც შეეხება ტემპერატურას?

– ზამთარში მცენარე უნდა იყოს 25-დან 30 გრადუსამდე ტემპერატურაზე, რადგან, როგორც უკვე მოგახსენეთ, ის ტროპიკული მცენარეა. 

– რა მოუვა ნეპენტესს ტემპერატურის დავარდნისას?

– ეს მცენარე ვერ იტანს ტემპერატურის ვარდნას. ამან შეიძლება, გამოიწვიოს ფოთლების ჩამოყრა, თავად მცენარის დაზიანება, ფესვთა სისტემის დალპობა, სოკოვანი დაავადება და ასე შემდეგ. რაც უფრო დიდი სითბოა ზამთარში, მით უკეთ იგრძნობს თავს ნეპენტესი ბინაში.

–  დასაშვებია თუ არა ტემპერატურის დაბალანსება გაზის გამათბობლით – ეს ხომ არ იმოქმედებს მცენარის სიჯანსაღეზე?

– რადგან საქართველოში ზამთრის სეზონზე სიცივეებია, გამათბობლების საშუალებით ტემპერატურის აწევა აუცილებელია, ოღონდ, გახსოვდეთ, რომ, როგორც სხვა მცენარეებს, ნეპენტესსაც არ მოსწონს გამათბობელთან ახლოს ყოფნა. 

 რაც შეეხება ზაფხულის სიცხეს, ნეპენტესზე ის არ მოქმედებს ცუდად. რაც უფრო კარგი სითბო იქნება ზაფხულში, მით უკეთესია მისთვის. დადგით გარე პირობებში მცენარე და ის მაღალ ტემპერატურაზე კარგად გაიხარებს. 

– შესაძლებელია ნეპენტესის გადარგვა და გასხვლა?

– მისი გადარგვა ხდება წელიწადის ნებისმიერ დროს, ოღონდ, უნდა გადარგოთ თავის მიწის კომიანად. ნეპენტესს გასხვლა არ სჭირდება თავისი ფორმიდან გამომდინარე. მისი მაქსიმალური სიმაღლე 30-დან 40 სანტიმეტრამდეა. 

– ბინაში რა ადგილას გვირჩევთ ამ მცენარის დადგმას?

– ამ მცენარეს უყვარს კარგი და კაშკაშა განათება. მზის მწველი სხივები მასზე ცუდად არ მოქმედებს, ამიტომ, ზაფხულში თამამად შეგიძლიათ, დადგათ მცხუნვარე მზეზეც. ამ მხრივ ის პრეტენზიული ნამდვილად არ არის. ბინის ნებისმიერ ოთახში დადგით მცენარე, ოღონდ, კარგად განათებულ ადგილას. 

– რა სიხშირით ყვავილობს ეს მცენარე?

– ნეპენტესი ყვავილობას იწყებს მარტიდან და, მისმა ყვავილმა, შესაძლებელია, 8-9 თვე გაძლოს. ნეპენტესი ახლაც ყვავის. 

– როგორ ვაყვავილოთ ის უხვად?

– ნეპენტესი ბუნებრივად ყვავის უხვად და ამის მისაღწევად მას სხვა დამატებითი პირობების შექმნა არ სჭირდება. ასევე, საჭირო არ არის დამატებითი კვება და სასუქები. 

–  რა სიხშირით უნდა მოვრწყათ მწერიჭამია წელიწადის სხვადასხვა სეზონზე?

– მორწყვისას გაითვალისწინეთ, რომ მცენარის დოქში არ უნდა ჩაგესხათ წყალი, რადგან ეს მისი ყვავილის დაღუპვას გამოიწვევს. ზაფხულში მას სჭირდება რამდენიმე დღეში ერთხელ მორწყვა, ხოლო ზამთარში საკმარისია მისთვის 10 დღეში ერთხელ წყლის დასხმა. 

– რა საფრთხე ემუქრება ნეპენტისს მავნებლებისგან?

– რადგან ეს მცენარე ნახევრად ცხოველურია, მას არ ემტერება არანაირი მავნებელი. 

– როგორ ნიადაგში ჩავრგათ მწერიჭამია?

– ეს მცენარე არც ნიადაგის მიმართაა პრეტენზიული, ოღონდ, გირჩევთ, რომ მის მიწაში შეურიოთ ტორფი. 

– რა გავითვალისწინოთ ახლა ნეპენტესის გახარებისას?

– დადგით მცენარე ისეთ ადგილას, სადაც ბევრი ბუზია, რომ დაისვენოთ მათგან. მისი თვისებების გამო ყველა თქვენგანს ვურჩევ ბინაში ნეპენტესის გახარებას. 

 

скачать dle 11.3