რა შეცდომას უშვებენ მძღოლები საბურავის შერჩევისას
ქართულ ბაზარზე სრულიად ახალი საბურავები გაჩნდა – მძღოლებმაც ნელ-ნელა გაიგეს მისი ფასი და წლის ნებისმიერ დროს, უპროტექტორო საბურავით აღარ დადიან. თუმცა, მძღოლების დიდი ნაწილი ამ ახალმა არჩევანმა საკმაოდ დააბნია. სწორედ ამ საკითხზე გვესაუბრება პროფესიონალი მრბოლელი მევლუდ მელაძე: საბურავების წარმოება ბევრმა ახალმა კომპანიამ დაიწყო, ძველებმა გააუმჯობესეს, ზოგიერთმა კი გააუარესა და სხვა. ძალიან ხშირად მისვამენ კითხვებს იმის შესახებ, რომელს რა უპირატესობა აქვს, რომელი როდის დავაყენოთო და სხვა. საბურავების მრავალფეროვნება სულ უფრო აბნევს მძღოლებს. ადრე, „ვოლგების” ხანაში, ერთი საბურავი არსებობდა „ვოლგისთვის”, ერთი – „ჟიგულისთვის” და ერთიც – შედარებით კარგი ერთისთვისაც და მეორესთვისაც. როგორ უნდა შევარჩიოთ საბურავი? არსებითი მნიშვნელობა მისი შერჩევისას „ასაკს“ აქვს. თუ ის ხუთი წლის ზევითაა, მაშინ მოხმარებისთვის აღარ ვარგა. მაგრამ, ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ხშირად ბაზრობაზე ვაწყდები. მიდის მძღოლი და ყიდულობს ერთ საბურავს ან ორს, მხოლოდ წინა საბურავი უნდა, ეს კატეგორიულად არ შეიძლება და არასწორი მიდგომაა. შესაძლებელია, პროტექტორი საბურავს აბსოლუტურად ერთნაირი ან მსგავსი მაინც ჰქონდეს, მაგრამ სხვადასხვა ფირმის გამოშვებული საბურავი სხვადასხვა ზომისაა. თუ საბურავებს ასე არათანაბრად დააყენებთ, თავიდანვე უნდა იცოდეთ, რომ მკვეთრად დამუხრუჭებისას, ავტომობილი აბსოლუტურად უკონტროლო გახდება. კარგად რომ წარმოიდგინოთ, ეს ჰგავს ოთხ ადამიანს, რომელთაც ოთხ სხვადასხვა კუთხეში თოკი აქვთ გაჭიმული და უნდა გაიქცნენ. სულ რომ ერთი ასაკის, სიმაღლისა და წონის იყვნენ, აღარაფერს ვამბობ, თუ რომელიმე მაღალი ან მსუქანია, მაინც ვერ მოახერხებენ, ამ თოკის სირბილის დროს გაჭიმულ მდგომარეობაში დატოვებას და მით უმეტეს, ერთდროულად გაჩერებას. ამის შანსი მინიმალურია. ვერ წარმოგიდგენიათ, რომ საბურავს შეიძლება, ამხელა მნიშვნელობა ჰქონდეს საგზაო შემთხვევის დროს. არადა, აქვს და, ალბათ ყველაზე დიდი, რადგან სწორედ ის არის ერთადერთი დამაკავშირებელი ჩვენსა და გზის საფარს შორის. ჩვენ ვსხედვართ რაღაც კაფსულაში, რეალური შეხება გარესამყაროსთან კი საბურავებით გვაქვს. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ოთხივე ერთად და თანაბრად მუშაობდეს მოსახვევში შესვლისასაც და რა თქმა უნდა, დამუხრუჭების დროსაც.
– ავარიას თავი დავანებოთ, მართვის დროსაც. ქმნის პრობლემებს?
– ავარია სწორედ იმიტომ ხდება, რომ მართვაში იქმნება პრობლემები. რატომ ხდება ავარია? ჩვენ გვეგონა, რომ ავტომობილი ასე „მოიქცეოდა“ და რეალურად ის სულ სხვანაირად „მოიქცა“. სხვანაირად რომ „მოიქცა“, ზუსტად საბურავების ბრალია. შევეშვათ იმას, რა დონეზე ზრდის ეს დამუხრუჭების სიგრძეს, სხვადასხვანაირად ამუხრუჭებს და ამ შემთხვევაში ავტომობილი მოცურდება. აქედან გამომდინარე, მაქსიმუმ, რაც შეიძლება დავაყენოთ, ეს არის ორი ერთი და იგივე წარმოების საბურავი წინ და ორი – უკან. ერთ ღერძზე მაინც უნდა იყოს ერთნაირი საბურავები, თუმცა არც ესაა მიზანშეწონილი. კიდევ ერთი პრობლემა: მძღოლები, ძირითადად, უკან ცუდ საბურავებს, წინ კი ახალს აყენებენ. წინა საბურავები, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ცვდება, მიუხედავად იმისა, წინაწამყვანი თვლებით არის აღჭურვილი ავტომობილი თუ უკანაწამყვანით. ვგულისხმობ, ნორმალური სვლის დროს და არა ხელოვნურად მოცურების, ან „ბუქსაობისას”. მაგრამ, თუ უცებ რაღაც მოხდა, მოგიწიათ მკვეთრი მანევრი ან დამუხრუჭება, იმიტომ რომ, წინა საბურავები უკანას ჩაგრავს, წინა მოუხვევს და უკანები ვეღარ მიჰყვება – ასე მოხდება ძალიან მარტივ სიტუაციაში მოცურება. როგორც კი ოდნავ ავჩქარდებით, ოდნავ მკვეთრი მოძრაობა მოგვიწევს, მაშინვე ვიგრძნობთ განსხვავებას. ასეთ დროს ისევ ჯობია, უკანა საბურავები იყოს ახალი და წინა შედარებით ძველი – როგორც შეძლებდა ისე მოეხვია და უკანა შემოჰყოლოდა, ვიდრე პირიქით.
– ასე რომ ჯობია, თუ შეცვლას ვაპირებთ თითო-თითო საბურავის ფული გადავდოთ, მოვაგროვოთ და ოთხივე ერთად შევცვალოთ.
– აუცილებლად ოთხივე უნდა შეიცვალოს. რაც შეეხება ახალ საბურავებს, ამ ბოლო დროს ბაზრობაზე გამოჩნდა ჩინური და კორეული წარმოების საბურავები, რომელიც ძალიან იაფია. მარტივად რომ გითხრათ და თქვენც მიხვდებით, როგორი ხარისხისაა – თითქმის წარმოუდგენელია, ეს საბურავები, სულ ახალიც კი, დავაბალანსოთ მაინც. ხელსაწყო აჩვენებს რომ დაბალანსებულია, მაგრამ როგორც კი გახვალთ ტრასაზე და მოგიწევთ ასი კილომეტრი საათში სიჩქარით სიარული, მიხვდებით რომ ავტომობილი კი არ ძაგძაგებს, ინგრევა. მიუხედავად იმისა, რომ საბურავები დაბალანსებულია და დისკებიც სწორია. თან, ძალიან სწრაფად ცვდება. შეიძლება იყოს საბურავი ჩინური ან კორეული წარმოების, მაგრამ რომელიმე სახელიანი ბრენდის. ამას ყურადღება აუცილებლად მიაქციეთ.