ვეტერინარის რჩევები
კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით, რა ფერის არსებობს ინგლისური ბულდოგი? მის შესახებ, ასევე, მაინტერესებს სხვა ინფორმაციებიც, რადგან, დიდი სურვილი მაქვს, შევიძინო.
პასუხი: ინგლისური ბულდოგი არსებობს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა და რუხისა. რამდენიმე სიტყვით მის შესახებ გეტყვით, რომ მისი წარმომავლობა დიდი ბრიტანეთიდან მოდის. არის ძალიან გონიერი, კეთილგანწყობილი, მამაცი და ეგზოტიკური ექსტერიერი. გაითვალისწინეთ, რომ ის საკმაოდ ჯიუტია; მას გრილი კლიმატი სჭირდება. ახასიათებს ღამით ხვრინვა და პირის სისველე. ინგლისური ბულდოგის სიმაღლე მინდაოში დაახლოებით 40 სანტიმეტრია. რაც შეეხება წონას, ხვადი 25 კილოგრამია, ხოლო ძუ – 23 კილოგრამი. ინგლისური ბულდოგის შეძენისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მშობლებისა და ლეკვის ჯანმრთელობას. ეს უნიკალური ძაღლი გაცილებით მეტ ყურადღებასა და მოვლას ითხოვს, ვიდრე სხვა ჯიშის ძაღლები. ამიტომ, სანამ მას შეიძენთ, აუცილებლად დაფიქრდით, შეძლებთ თუ არა მის სათანადოდ მოვლას.
კითხვა: მაინტერესებს, ხშირად ავადდებიან თუ არა ძაღლები გრიპით?
პასუხი: ძაღლის გრიპი განსაკუთრებით ზამთრის პირობებშია საკმაოდ ხშირი. ძაღლის გრიპის დამახასიათებელი ნიშნები ძირითადად არის: ხველა, სპაზმები, რამაც, შეიძლება, ღებინებაც გამოიწვიოს. ასეთ დროს ძაღლი თეთრ ქაფს ამოაღებინებს. ადენოვირუსის მკურნალობა სტანდარტული არ არის. შესაძლოა, ამ დაავადებამაც გამოიწვიოს ფილტვების ანთება.
კითხვა: ოჯახში პატარა ბავშვი გვყავს, რომელზეც ისე ეჭვიანობს ჩვენი ძაღლი, რომ გვეშინია, რამე არ დაუშავოს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ერთმანეთს შევაჩვიოთ, მაგრამ, მგონი, არც ისე კარგად გამოგვდის. მაინტერესებს, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ძაღლმა კვლავ განაგრძო ბავშვზე ეჭვიანობა?
პასუხი: კარგია თუ ბავშვსა და ძაღლს ერთად გაასეირნებთ – ეს მათი ერთმანეთის გაცნობის, დაახლოებისა და დამეგობრების საუკეთესო საშუალებაა. მიუხედავად ყველაფრისა, თუ ძაღლი განაგრძობს ეჭვიანობას და გამოხატავს აგრესიას, საჭიროა, ძაღლი კინოლოგს ან პროფესიონალ მწვრთნელს მივაბაროთ.