კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაიღო ენათმეცნიერმა ცირა ბარბაქაძემ მღვრიე მტკვრის ანარეკლში ძველი თბილისის ხედები და რატომ ერიდება ის პორტრეტების შექმნას

 

მისთვის ფოტოგრაფია თავიდან მხოლოდ ჰობი იყო, ახლა კი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ გატაცება. როგორ ქმნის სინამდვილის „დამონტაჟებით” სრულიად ახალ რეალობას ენათმეცნიერი ქალბატონი ცირა ბარბაქაძე, ამის შესახებ ინტერვიუში გვესაუბრა.

– როდის და რატომ დაინტერესდით ფოტოგრაფიით?

– ფოტოაპარატი ჩვენი „მზერის” გაგრძელებაა... არა მხოლოდ უბრალოდ მზერის, არამედ ის ამხელს, როგორ აღვიქვამთ სამყაროს, ადამიანებს, ფაქტებს, მოვლენებს. ფოტოში ჩანს ჩვენი დამოკიდებულებაც და შეფასებაც. მოკლედ, ფოტოგრაფია – სინათლით წერაა და  ფოტოსურათი იგივე ტექსტია, რომელიც უნდა წაიკითხო და გაიგო. ვიზუალური გამოსახულება ვერბალურზე უფრო „სწრაფია”... ერთი და იგივე აზრი შეიძლება, გამოხატო ვერბალურადაც და ვიზუალურადაც, ის, რაც შეიძლება გამოთქვა 10 გვერდზე, შეიძლება უფრო გასაგები იყოს ერთი ფოტოსურათით. სწორედ ამის გამო ფოტოაპარატი ხდება ადამიანის „მესამე თვალი”. იქიდან სამყარო სულ სხვაგვარად ჩანს. სინამდვილის „დამონტაჟებით” ქმნი სრულიად ახალ რეალობას, ამგვარ ხედვას თავისი მუზა და ემოცია სჭირდება, ეს პროცესი ჩემთვის ძალიან ჰგავს ლექსის შექმნას, ერთგვარი „წამოვლაა”, როცა, უბრალოდ, გინდა, გახვიდე და გადაიღო...  

– საყვარელი ფოტოგრაფი გყავთ?

– საყვარელი ფოტოგრაფი, მწერალი, მხატვარი... ასეთი „ამოჩემება” არ მაქვს. ისე ცვალებადია ჩემი განწყობა და, შესაბამისად, ავტორები, რომ „საყვარლად” ქცევას ვერ ასწრებს ფოტოხელოვანი. თუმცა, შემიძლია გითხრათ, ახლა ერთი თანამედროვე ფოტოგრაფი გრეგორი კოლბერტის ფოტონამუშევრებმა გამიტაცა (ამ დიალოგის დაბეჭდვისას, ალბათ, უკვე სხვა ავტორი იქნება გატაცების საგანი). ძალიან მომწონს მისი ბავშვებისა და ცხოველების თემა ფოტოგრაფიაში. 10 მილიონზე მეტმა დამთვალიერებელმა ნახა მისი გამოფენა, რამაც მას სახელი, პოპულარობა და აღიარება მოუტანა. თითოეული ნამუშევარი უბრალო ფოტო კი არა, ფოტონოველაა. 

– ბევრს კითხულობდით ფოტოგრაფიაზე?

– ჩემთვის ფოტოგრაფია ჰობია, თუმცა, ბოლო დროს, ვატყობ, რომ მხოლოდ ჰობი აღარ არის, უფრო მეტია. აზრის გამოხატვის ფორმაა და, რაც მთავარია, თავს კარგად ვგრძნობ, როცა ეს გამოხატვა გამოდის. შეიძლება ითქვას, ფოტოტექნიკის ბევრი არაფერი გამეგება, უფრო მეტად ფოტონამუშევრებს ვათვალიერებ და ვკითხულობ ფოტოგრაფების შესახებ, ვიდრე პროფესიულად ვეუფლები ტექნიკას. საერთოდაც, ისე დავიწყე გადაღება, გარდა იმისა, რომ „ჩხაკ” უნდა ექნა აპარატს, მეტი არაფერი ვიცოდი... მერე რაც საჭირო იყო, გავიგე... ტექნიკის დაუფლება აუცილებელია, მაგრამ ხედვაა ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ ხედავ, გადაიღებ კიდეც. ყველა უყურებს რეალობას, მაგრამ ერთსა და იმავე რეალობას ყველა თავისებურად აღიქვამს და გადმოსცემს. ინდივიდუალობა აქცევს ფოტოხელოვანს საინტერესოდ. ჩემს ფოტოებს ქართულ ფოტოსაიტზე, pixkik.ge-ზე ვათავსებ, რომელიც მამუკა კიკალიშვილმა დააარსა. ერთხელ მამუკამ მიგვიწვია მასტერკლასზე და იმისთანა სტუდიაში ამოვყავი თავი, ვფიქრობდი, ნუთუ ამდენი რამაა საჭირო, კადრი რომ შექმნა-მეთქი. მოკლედ, ჩემთვის გაუგებარი იყო ფოტოგრაფიის ტექნიკის ენა. მე ვიცოდი ასე: წავედი, ვნახე, გადავიღე... მამუკამ ერთ-ერთ ფოტოგრაფს პრიზად „ამრეკლი” გადასცა. აი, აქ სად დავმალულიყავი, არ ვიცოდი, რადგან პირველად გავიგე ეს სიტყვა და არც მისი დანიშნულება ვიცოდი. ნუ იტყვით და, ამრეკლი თურმე სპეციფიკურად იკეცება... იმდენი რთული მოძრაობა გააკეთა მამუკამ, ვიფიქრე, ღმერთო, როგორ ვბედავ, რომ ფოტოკამერას ხელში ვიღებ, რამდენი რამ არ ვიცი-მეთქი... ეტყობა, მამუკა კიკალიშვილმა შემატყო დაბნეულობა და იმ პერიოდში თოლიებს ვიღებდი მტკვარზე. მითხრა: ქალბატონო ცირა, გაჩუქებდით თქვენც ამრეკლს, მაგრამ რად გინდათ, თოლიებს ფეხებზე ხომ არ გამოაბამთო? ამასობაში, ამრეკლის დანიშნულებაც გავიგე და ამოვისუნთქე.

– რატომ გიყვართ უფრო მეტად პეიზაჟების გადაღება, ვიდრე ადამიანების?

– მიყვარს ბუნების გადაღება... ბუნებაში შეიძლება განმარტოება, ფიქრი, კადრის უკეთ შერჩევა... ადამიანებთან ეს არ გამომდის, ან არც მინდა, რომ გამომივიდეს. ადამიანი თითქმის არასდროს არის ბუნებრივი – სულ „სცენაზეა”, როცა კამერა უყურებს. ამიტომ, ასეთი კადრები არ არის ჩემთვის საინტერესო. სიამოვნებით რასაც ვიღებ ეს არის: ბუნება, ბავშვები, ცხოველები...

– ყველა ადამიანი ყალბია პოზირებისას? მათ შორის თქვენც?

– ვერ ვიტყვი, რომ ყალბია, ეს სიტყვა არ შეეფერება, ბუნებრიობას კარგავს. რა თქმა უნდა, მეც... როცა თქვენი რეპორტიორი მიღებდა, ხომ უყურეთ ჩემს ცოდვილობას? ძალიან უნდა „ვენდობოდე” ფოტოგრაფს, რომ შეძლოს გადაღება. აუტანელია არაბუნებრივი კადრები...

– ანარეკლის სერიის შექმნის შესახებ გვიამბეთ, თუ შეიძლება...

– ეს ძალიან შემთხვევით მოხდა. სადღაც მივდიოდი და ადრე მომივიდა. აღმოვჩნდი მტკვრის სანაპიროზე, იყო შემოდგომის მშვიდი დღე, თან მქონდა ფოტოაპარატი, გადავწყვიტე, დრო გამეყვანა და ფოტოების გადაღება დავიწყე. სრულიად უმიზნოდ ვიღებდი. როცა ფირი დავბეჭდე, იქ ერთი უცნაური კადრი აღმოვაჩინე, რომელიც ისე გადამიღია, არც გამიცნობიერებია. ეს იყო შენობის ანარეკლი მტკვარში... ამეკვიატა ეს კადრი, მთელი კვირა ვუტრიალებდი და მერე გადავწყვიტე, ხომ არ გამესეირნა მტკვრის სანაპიროზე (ამჯერად შეგნებულად) და მთელი სერია გადამეღო ანარეკლების-მეთქი. ასეც მოხდა... თუ მტკვრის სანაპიროს დაკვირვებიხართ, შეამჩნევდით, რომ მტკვარში ანარეკლი ყოველთვის არ ჩანს, ამას სჭირდება, განსაკუთრებული დღე, განსაკუთრებული სიმდოვრე და მზის განსაკუთრებული დახრის კუთხე, მაშინ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, წავედი და გადავიღე, გადავიღე და გამიმართლა... ასე შეიქმნა ანარეკლების სერია. იმ პერიოდში გამოდიოდა საინტერესო და მაღალპოლიგრაფიული ჟურნალი „ომეგა”, რომელშიც ხშირად იბეჭდებოდა ჩემი ფოტონამუშევრები. ჟურნალს ჰქონდა გალერეაც და სწორედ „ომეგა-გალერეის“ ინიციატივით შედგა ჩემი პირველი პერსონალური ფოტოგამოფენა „ანარეკლები” (2003 წელი). მერე კიდევ იყო რამდენიმე გამოფენა, მაგრამ ახლა, ანარეკლების შემდეგ, რამე ახალი და ორიგინალური თუ არ გავაკეთე, ისე არ მინდა გამოფენა.

– ტექნიკურად როგორ გამოდის მღვრიე მტკვარი ასეთი კამკამა?

– საქმეც ისაა, რომ ამას ტექნიკა კი არა, განსაკუთრებული დროის შერჩევა უნდა, მტკვარი მაშინაც მღვრიე იყო, როცა ანარეკლების სერია შევქმენი და ახლაც. უბრალოდ, ჩვენ გვავიწყდება თავად ანარეკლის ტექნიკა, ეს ხომ სარკისებური ზედაპირია, რომელიც (არ გეტყვით, როგორ) იქმნება წყლის ზედაპირზე. ანარეკლზე კი მტკვარი იმიტომაა „კამკამა”, რომ ზედაპირზე ცა ირეკლება და ჩვენ მტკვრის კი არა, ცის პეიზაჟებს ვუყურებთ. არ ვიცი, გასაგებად თუ ავხსენი – წარმოიდგინეთ, რომ მტკვარზე, ზემოდან სარკე მოათავსეთ, სადღაა მღვრიე მტკვარი, ან რა შუაშია? 

ძალიან ვბრაზობდი, თავიდან ფოტოსაიტზე ჩემი ფოტოები ფოტოშოპში დამუშავებულ-გაკეთებული რომ ეგონათ... ახლა დარწმუნდნენ. (რა იცოდნენ,  რომ ფოტოშოპი არც მაშინ ვიცოდი და არც ახლა ვიცი).

– სად გადაიღებდით სიამოვნებით? გაქვთ საოცნებო ადგილი?

– გადავიღებდი ველურ ბუნებაში... ბუნებრივია, ცხოველები თუ არ შემჭამდნენ, ან ვინმე მცველად თუ გამომყვებოდა... 

– ხელოვნურად თუ ქმნით სიუჟეტს, ესკიზს ფოტოსთვის...

– საერთოდ, ბუნებრიობა მხიბლავს. ხანდახან მიფიქრია კადრზე, ვფიქრობ, რომ მომავალში ამას უფრო მეტად გავაკეთებ, შევქმნი ფოტოსიუჟეტებს. 

– მიგაჩნიათ, რომ ქართული ფოტოგრაფია დაიშტამპა თემებით და მიმართულებებით?

– ჩვენ ეს-ესაა ვიწყებთ ფოტოხელოვნებას და არა უშავს, შტამპები იქნება, გადაივლის... ძალიან ბევრი ნიჭიერი ქართველი ფოტოხელოვანია. უნდა გვახსოვდეს, რომ ფოტოგრაფია აზროვნებაა და არა მხოლოდ ტექნიკა. კამერა იარაღია და ის იმას ხედავს, რასაც და როგორც უყურებ შენ – ის გამხელს...

 

 

скачать dle 11.3