როგორი სისასტიკით იძია შური ბავშვობის მეგობრის მკვლელობისთვის „კაგებეს“ ქართველმა სპეცმეომარმა
1979 წლის 24 დეკემბერს ქალაქ ნიკოლაევის ¹24783 სამხედრო ნაწილში, სადაც ¹4 საჰაერო-სადესანტო დივიზიის სპეცპოლკი იყო დისლოცირებული, სპორტსმენების მიღება დაიწყეს. ეგრეთ წოდებული „სპორტროტა“ ცალკე იდგა და მედესანტეებისგან მათ მავთულხლართი ყოფდა. სპორტსმენებს საკუთარი დახურული კომპლექსი ჰქონდათ და იქ ვარჯიშობდნენ. მედესანტეებს იქ მიახლოების უფლება არ ჰქონდათ. ასეთი გასაიდუმლოება კი იმით იყო გამოწვეული, რომ ნიკოლაევის სამხედრო ბაზაზე, სინამდვილეში, საბჭოთა უშიშროების საიდუმლო მეომრები გადიოდნენ წვრთნას. „სპორტსმენები“ და მედესანტეები მხოლოდ სასადილოში ხვდებოდნენ ერთმანეთს. თუმცა ყოველთვის ცალ-ცალკე ისხდნენ, „სპორტსმენებს“ ემსახურებოდნენ, მედესანტეები კი თვითმომსახურებაზე იყვნენ.
25 დეკემბერს, სადილზე, მედესანტეები და „სპორტსმენები“ სასადილოში შეხვდნენ ერთმანეთს. ორ მაგიდასთან რვა „სპორტსმენი“ იჯდა და უხმოდ სადილობდა. ექვსმა „მათგანმა“ ადრე დაასრულა ჭამა და სასადილოდან გავიდა. მაგიდასთან კი ორი „სპორტსმენი“ დარჩა, რომლებსაც გარეგნობაზე ეტყობოდათ, რომ ქართველები იყვნენ.
სასადილოში მედესანტეებიც შეთხელდნენ და ოფიცერთა მაგიდასთან მხოლოდ ექვსი ადამიანი დარჩა, რომლებიც უხმოდ სვამდნენ არაყს. უცებ მთვრალი კაპიტანი ვარშანოვი, რომელიც ქართველებს ვერ იტანდა, „სპორტსმენების“ მაგიდასთან მივიდა ხელში არყით სავსე ჭიქით და უთხრა:
– ქართველები ხართ, გეტყობათ. აი, არაყი, დალიეთ! – და ჭიქა უხეშად დადგა მაგიდაზე. ერთ-ერთ „სპორტსმენს“ არაყი ხელზე გადაესხა.
– გმადლობთ, ჩვენ არ ვსვამთ, – თქვა „სპორტსმენმა“, თავის მეგობართან ერთად წამოდგა და წასვლა დააპირა, რომ უსიამოვნება თავიდან აეცილებინა.
ვარშანოვმა ნახევრად სავსე ჭიქა ხელში აიღო და „სპორტსმენებს“ უთხრა:
– შავტ... არ გვკადრულობთ, თქვე ღორებო?! – და ერთ-ერთს არაყი სახეში შეასხა.
შეურაცხყოფილმა „სპორტსმენმა“ ვარშანოვს აპერკოტი ამოჰკრა და გათიშა, შემდეგ დანარჩენი ხუთი მედესანტეც მარტომ მოიშორა თავიდან თითო დარტყმით და თავის მეგობართან ერთად, უკვე წასვლას აპირებდა, როცა ვარშანოვი გამოცოცხლდა, პისტოლეტი ამოიღო და „სპორტსმენს“ კეფა გაუხვრიტა.
მოკლულის მეგობარი ვარშანოვთან მივარდა, ჯერ პისტოლეტი წაართვა, შემდეგ „შტიკ-ნოჟი“ ამოაცალა და მისივე დანით ყელი გადაუჭრა. ბოლოს, გონზე მოსული მედესანტეები დააჩოქა და სათითაოდ გაუხვრიტა შუბლი, შემდეგ ცხვრებივით დააჭრა თავები, ბოლოს კი მეგობრის ცხედარი ზურგზე მოიკიდა და წავიდა.
მოკლული „სპორტსმენი“ უფროსი ლეიტენანტი გოგი მიქაძე იყო, მისი გამძვინვარებული მეგობარი კი – თენგიზ მახარაძე. მთელი ეს ტრაგედია, სულ რაღაც, 15 წუთში მოხდა. თენგიზმა გოგი მიქაძის გვამი ბარაკში შეიტანა.
თენგიზი ჯერ დააკავეს, შემდეგ ბრალდება წაუყენეს და დააპატიმრეს. ბოლოს ის სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა და სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. თუმცა, მოგვიანებით, მას ეს სასჯელი 15 წლით თავისუფლების აღკვეთით შეუცვალეს და, საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის ყოფილი სპეცმეომარი კაპიტანი თენგიზ მახარაძე ქალაქ სვერდლოვსკის ეგრეთ წოდებულ „სპეცკრიტში“, ანუ დახურულ ციხეში გადაიყვანეს, სადაც მას 5 წელი უნდა გაეტარებინა, მომდევნო 10 წელი კი – მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.
გაქცევა
დაპატიმრების მომენტში თენგიზი 28 წლის იყო, 29 წელი „კრიტში“ შეუსრულდა. მას სამი ორდენი ჰქონდა მიღებული და „კაგებეს“ ერთ-ერთ საუკეთესო მეომრად ითვლებოდა. ამიტომ პატიმრობიდან მისი დახსნა თვით გენერალ-ლეიტენანტმა ანატოლი პოპოვმა სცადა, რომელიც უშიშროების სპეცრაზმს კურირებდა. მით უმეტეს, მან გაარკვია, რომ თენგიზი დამნაშავე არ იყო და ინციდენტი მას არ დაუწყია სასადილოში. ვარშანოვი საბჭოთა პოლიტბიუროს ერთ-ერთი წევრის დისშვილი აღმოჩნდა. სწორედ იმ მაღალჩინოსანმა მოახდინა ზეწოლა და თენგიზისთვის უმკაცრესი სასჯელი გამოატანინა სასამართლოს. პოპოვმა თვით ანდროპოვს მიმართა თხოვნით და მხოლოდ სიკვდილის განაჩენის გაუქმება მოახერხა.
თენგიზი და მისი მოკლული მეგობარი გოგი მიქაძე თბილისელები იყვნენ, ერთ ეზოში ცხოვრობდნენ, ერთად დაამთავრეს სკოლა და კარიერაც ერთად განაგრძეს. სწორედ ამიტომ ვერ აიტანა თენგიზმა მეგობრის მკვლელობა და ასე სასტიკად იმიტომ გაუსწორდა მედესანტეებს.
ციხეში თენგიზს უმკაცრეს პირობებში ამყოფებდნენ და თვეში 10 დღეს კარცერში სვამდნენ. თუმცა ეს ჯოჯოხეთი მხოლოდ 9 თვეს გაგრძელდა, რადგან 1980 წლის 8 ოქტომბერს ის გაიქცა. მკაცრ იზოლაციაში მყოფმა „კაგებეს“ ყოფილმა კაპიტანმა იმდენი მოახერხა, რომ ბადრაგები საკანში შეიტყუა და გათიშა, შემდეგ მათ ჩვრებით ამოუვსო პირი, დააბა, ერთ-ერთი ბადრაგის უნიფორმაში გამოწყობილი, „კაპეპემდე“ მივიდა და ცვლის უფროსს ტაბელური იარაღი – „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი აართვა. მიუხედავად ამისა, გუშაგებმა უზარმაზარი კარის დაბლოკვა მოახერხეს და თენგიზმა გარეთ გასვლა ვერ მოასწრო. „კაგებეს“ ყოფილი კაპიტანი ამ წინააღმდეგობამ არ დააბნია – მან მძევლად აიყვანა ციხის ცვლის უფროსი ელოხინი და მისი მოკვლის მუქარით ციხის სახურავზე ააღწია.
– წინააღმდეგობას აზრი არ აქვს, ვერსად გაიქცევი და, ჯობია, ჩაბარდე, – ურჩია თენგიზს მძევალმა ელოხინმა. ყოფილმა კაპიტანმა კი პისტოლეტს დამცველი მოხსნა, ორი უმძლავრესი პროექტორი ტყვიებით დალეწა და მძევალს უთხრა:
– მშვიდობით... მაგრამ, თუკი კვლავ გვიწერია შეხვედრა, ჯოჯოხეთში შევხვდებით. თენგიზი ციხის სახურავზე გაქანდა, ორმოცდაათი მეტრი გაირბინა, ბეტონის კიდეს მძლავრად დაჰკრა ფეხი და გადაფრინდა. ყოფილმა კაპიტანმა ორმოციოდე მეტრი იფრინა ღამის წყვდიადში დაღმავალი ტრაექტორიით, სამ მავთულხლართს გადააფრინდა და მდინარეში ჩახტა, რომელიც ციხესთან მიედინებოდა...
მიუხედავად იმისა, რომ თენგიზის ძებნას მილიციის და სამხედროების ოპერატიული ბრიგადები შეუდგნენ, 48 საათის შემდეგ სამძებრო სამუშაოები შეწყდა და გაქცეული პატიმარი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ყოფილი კაპიტანი ჩქარმა, ყინულოვანმა დინებამ წაიღო და რომელიმე დიდი მდინარის ტალღებს შეუერთდა...
სნაიპერი
1981 წლის 4 მაისს, ლენინგრადში, ნევის გამზირზე, კაფე „ბალტიისკაიაში“ ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ოლეგ მირსკი, მეტსახელად „ზუბა“ მოკლეს. სნაიპერის ტყვიები მას შუბლსა და გულში მოხვდა. ორივე ჭრილობა სასიკვდილო იყო.
1981 წლის 23 მაისს ლენინგრადში, ზუსტად იმავე ადგილზე და იმავე ვითარებაში, ეგორ დუდენკო, მეტსახელად „ნაგანი“ გამოასალმეს სიცოცხლეს.
იმავე წლის 4 ივნისს მოსკოვში ვიტალი ბორკოვი, მეტსახელად „ორიონი“ მოკლეს; 27 ივნისს – ყაზანში გენადი პასიუკი, მეტსახელად „კოღო“; 1 სექტემბერს კი, მოსკოვში – სტანისლავ ლოგინოვი, მეტსახელად „კარატე“.
ხუთივე ერთნაირად იყო დახოცილი სნაიპერის ტყვიებით, ორ-ორი გასროლით შუბლსა და გულში. აშკარა იყო, რომ ყველა შემთხვევაში ერთი და იგივე პიროვნება მოქმედებდა და მკვლელი პროფესიონალი სნაიპერი იყო, რომელიც ადამიანებზე ნადირობაში იყო დახელოვნებული. მოკლულები, ეგრეთ წოდებული „მონინოს“ დაჯგუფების წევრები იყვნენ, რომლებიც ნარკოტიკების კონტრაბანდას ახორციელებდნენ მოსკოვში.
მიუხედავად იმისა, რომ „მონინოს“ დაჯგუფება ერთ-ერთი უმძლავრესი კრიმინალური გაერთიანება იყო საბჭოთა კავშირში, მათზე ამბობდნენ, რომ ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლქვეშ მუშაობდნენ, ანუ, სინამდვილეში, ნარკოტიკებით ვაჭრობას მილიციის მაღალჩინოსნები აკონტროლებდნენ და ეს მართლაც ასე იყო. ნარკოტიკებით ვაჭრობას მილიციის გენერალი სტანისლავ რაჩკოვსკი ხელმძღვანელობდა. ამიტომ მან თავის ერთგულ თანამშრომლებს მოუხელთებელი სნაიპერის ვინაობის სასწრაფოდ დადგენა, ცოცხლად შეპყრობა და დაკითხვა დაავალა.
რაჩკოვსკის ნდობით აღჭურვილი პირი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში ოპერატიული სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ანტონ პეტროსიანი. ის ენერგიულად შეუდგა საქმეს და ორ კვირაში დაადგინა, რომ მკვლელობებს სჩადიოდა თენგიზ მახარაძე, რომელიც, სავარაუდოდ, „კაგებეს“ მიერ იყო დაქირავებული. „კაგებე“ უკვე დიდი ხანია, ცდილობდა ნარკობიზნესის ხელში ჩაგდებას და შინაგან საქმეთა სამინისტროში ეს იცოდნენ. პოლიტბიუროს სხდომაზე, უშიშროების შეფს ანდროპოვს და შინაგან საქმეთა მინისტრ შჩოლოკოვს არაერთხელ მოსვლიათ ერთმანეთთან შელაპარაკება, თუმცა ეს ყოველთვის მშვიდობიანად მთავრდებოდა.
ერთ-ერთი საიდუმლო მოხსენებისას პეტროსიანმა რაჩკოვსკის უთხრა:
– ვმუშაობთ, რომ თენგიზ მახარაძეს მივაკვლიოთ.
– იცოდეთ, ის ცოცხლად უნდა შეიპყროთ, რადგან ერთადერთი მოწმე იქნება „კაგებეს“ წინააღმდეგ. მისი ჩვენება საშუალებას მოგვცემს, „კომიტეტჩიკების“ კლანჭებისგან გავთავისუფლდეთ და ბიზნესი შევინარჩუნოთ. იჩქარეთ, პოდკოლკოვნიკო, „კაგებე“ ყოველთვის ანადგურებს კვალს და, ისინი, ალბათ, უკვე სნაიპერის ლიკვიდაციაზე მუშაობენ, – უთხრა რაჩკოვსკიმ პეტროსიანს.
რაჩკოვსკი მართალი იყო, რადგან მშვენივრად იცოდა საბჭოთა სპეცსამსახურების მუშაობის მეთოდები. „კაგებე“ ინტენსიურად ნადირობდა თენგიზ მახარაძეზე და მას ოთხი გამოცდილი მკვლელი მიუგზავნა, მაგრამ, შემთხვევის ადგილზე მისულ კრიმინალისტებს ოთხი თავმოკვეთილი ცხედარი დახვდათ იმ კონსპირაციულ ბინაში, სადაც ცოტა ხნის წინ მახარაძე იმალებოდა. მოგზავნილ ქილერებს თავები „შტიკ-ნოჟით“ ჰქონდათ მოკვეთილი, ანუ, ისევე, როგორ ეს მან სასადილოში ჩაიდინა, როცა ექვს მედესანტეს მოაჭრა თავი.
სპეცოპერაცია თბილისში
თავმოკვეთილი ქილერების აღმოჩენის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და „კაგებეს“ მაღალჩინოსნებმა ერთმანეთში მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს, რომ თენგიზ მახარაძეზე ერთობლივად ენადირათ. ამრიგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და „კაგებემ“ ნარკობიზნესი გაიყვეს და თენგიზი უკვე ორივე უწყებისთვის არასასურველი მოწმე გახდა, რადგან მას შეეძლო, მთელი ეს ინფორმაცია დასავლეთის მასმედიისთვის გადაეცა.
ნადირობა ინტენსიურად მიმდინარეობდა, მაგრამ ძალოვნებმა საპირისპირო შედეგი მიიღეს: 1981 წლის 23 ნოემბერს, მახარაძემ გენერალი რაჩკოვსკი და პოდპოლკოვნიკი ანტონ პეტროსიანი დახოცა სნაიპერული შაშხანიდან. გენერალი საკუთარ ბინაში მოკლეს, როცა ის სამზარეულოში ყავას სვამდა, პეტროსიანი კი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ გამოასალმეს სიცოცხლეს. ერთი კვირის შემდეგ კი „ამერიკის ხმამ“ მახარაძის მიერ ჩადენილი მკვლელობების ისტორია უკვე მსოფლიოს გააცნო. ამის გამო პოლიტბიუროს დახურული სხდომაც კი გაიმართა. გაცოფებულმა ანდროპოვმა თავისი ცნობილი ფრაზა წარმოთქვა: „იმ ქართველის სისხლი მწყურია და ჩქარა მომგვარეთ, რომ ყანწით შევსვა“.
მახარაძეზე ნადირობა გრძელდებოდა, მაგრამ ის „ფსკერზე დაწვა“ და არსად გამოჩენილა. 1982 წლის 19 მაისს „კაგებეს“ თვითმფრინავი თბილისში დაეშვა და „ალფას“ 40 მებრძოლი ჩამოიყვანა, რომლებსაც თენგიზ მახარაძე უნდა მოეძებნათ და დაეპატიმრებინათ. საბჭოთა სპეცსამსახურებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ძებნილი მახარაძე მშობლიურ ქალაქში იმალებოდა და, საიდუმლო რომ არ გამჟღავნებულიყო, სწორედ ამიტომ არ შეუტყობინებიათ ეს ამბავი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის.
მახარაძის საიდუმლო ძებნის ოპერაცია სამ დღეს გრძელდებოდა, 22 მაისს კი „ალფელებმა“ შეიტყვეს, რომ თენგიზი კუს ტბის მიდამოებში იმალებოდა ერთ-ერთ ოდაში, რომელიც ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეკუთვნოდა. „ალფელებმა“ ხსენებული კვადრატი ალყაში მოაქციეს და მოუხელთებელი ქილერის დაკავების ოპერაცია დაიწყო, მაგრამ სამი „ალფელი“ მოულოდნელად გაქრა და ისინი მოგვიანებით კუს ტბაში იპოვეს კისერმომტვრეულები.
თენგიზ მახარაძე ამჯერადაც გაიქცა. მასთან ერთად „კაგებეს“ მაიორი თორნიკე ბოკუჩავაც გაუჩინარდა. თავდაპირველად ვერ მიხვდნენ ბოკუჩავას გაუჩინარების მიზეზს, მაგრამ, ბოლოს დაადგინეს, რომ ის მახარაძის ბავშვობის მეგობარი იყო და სწორედ ის აფრთხილებდა და მალავდა მას.
გაუჩინარების შემდეგ მახარაძისა და ბოკუჩავას კვალი აღარსად გამოჩენილა. ისინი დღემდე ძებნილებად ითვლებიან და მათ საქმეს „ეფესბეს“ გამომძიებლები აწარმოებენ.
P. S. 1997 წელს მიუნჰენში ემიგრანტი საბჭოთა ექიმი-კოსმეტოლოგი, ბორის მალკოვი გარდაიცვალა და გერმანიის პოლიციამ მისი ჩანაწერებით დაადგინა, რომ 1983 წელს მახარაძესა და ბოკუჩავას პლასტიკური ოპერაციები გაუკეთა. გამორიცხული არ არის, რომ თენგიზ მახარაძე და თორნიკე ბოკუჩავა დღესაც ცოცხლები არიან, რადგან მახარაძე 1951 წელსაა დაბადებული, ხოლო ბოკუჩავა კი – 1949 წელს...