ყელი და დეკოლტე – ქალის სილამაზის სავიზიტო ბარათი
ქალის სილამაზის ერთ-ერთი მთავარი „სავიზიტო ბარათი“ ყელი და დეკოლტეა. ამიტომ, სხეულის ამ „უბანს“ განსაკუთრებით სჭირდება მოვლა, მით უფრო, რომ, უმრავლეს შემთხვევაში, ის ტანსაცმლით დაფარული არ არის (ან, არ გვინდა, რომ დაფარული იყოს).
მართალია, ყელსა და დაკოლტეზე ზრუნვა უფრო მეტად 30 წლის შემდეგ არის რეკომენდებული, მაგრამ, თუ პროფილაქტიკის მიზნით ახალგაზრდა ქალბატონებიც ჩაიტარებენ უმარტივეს პროცედურებს, ნამდვილად არ წააგებენ.
გთავაზობთ ყელისა და დეკოლტეს სილამაზის რამდენიმე „საიდუმლოს“:
1. შეეცადეთ, შეეჩვიოთ დაბალ სასთუმალს, რომ ძილის დროს კისერი ძალიან არ მოგეხაროთ და, შესაბამისად, ყელზე ნაოჭები არ გაგიჩნდეთ.
2. კარგია, თუ ზურგზე წოლა გიყვართ, რადგან, მარცხენა ან მარჯვენა გვერდზე წოლისას, დეკოლტეზე აუცილებლად გაჩნდება ნაკეცები, რომელთა გასწორება შემდეგ ძალიან გაგიჭირდებათ.
3. ყელზე და დეკოლტეზე კვირაში ორჯერ გაიკეთეთ დამატენიანებელი ნიღაბი.
4. ყოველ საღამოს, დაბანის შემდეგ, წაისვით თქვენი კანის შესაბამისი მკვებავი როგორც სახეზე, ისე ყელსა და დეკოლტეზე და 20 წუთის შემდეგ შეიშრეთ ქაღალდის ხელსახოცით.
5. თუ ღაბაბიანი ყელი გაქვთ ან ყელის კანი მოდუნებულია, აუცილებელია, კვირაში ორჯერ გაიკეთოთ დამატენიანებელი კომპრესები, რის შემდეგაც სავალდებულოა მასაჟი, რომელიც პროფესიონალ კოსმეტოლოგს უნდა გააკეთებინოთ. შუალედურ დღეებში კი, შეგიძლიათ, თავადაც წაახმაროთ ხელი: ცხელ წყალში დაასველეთ ხაოიანი პირსახოცი და გაწურეთ. შემდეგ დაგრიხეთ (ძალიან მჭიდროდ არ არის საჭირო) თოკივით, ნაპირები ხელებით დაიჭირეთ, შუა ნაწილი კი (რომელიც ყელის ქვეშ უნდა მოექცეს) მოადუნეთ და ორივე ხელით სწრაფი მოძრაობით გაჭიმეთ პირსახოცი ისე, რომ შუა ნაწილი ყელზე მიეტყაპუნოს. ასე გაიმეორეთ 15-20-ჯერ. ბოლოს კი იმავე პირსახოცით მთელი ყელ-კისერი და დეკოლტე რბილად დაიმასაჟეთ.