ყოფილი საბჭოთა კავშირის რომელი რესპუბლიკიდან არის წარმოშობით ჰოლივუდის ვარსკვლავი მილა კუნისი და რის გამო დაშორდა ის მაკოლეი კალკინს
მილა იოვოვიჩი, ოლგა კურილენკო და მარგარიტა ლევიევა – ჯეიმს ბონდის „გოგონები”, დიდი ხანია, დამკვიდრებულები არიან ჰოლივუდში და ეგრეთ წოდებულ „საბჭოურ დესანტს“ წარმოადგენენ. ბოლო წლებია, მათ კიდევ ერთი ლამაზმანი შეუერთდა, რომელსაც ასევე საბჭოური ფესვები აქვს და რომელიც თანამედროვე ჰოლივუდის აღიარებულ და სასურველ სექს-სიმბოლოდ ითვლება. საუბარია მილა კუნისზე, ჰოლივუდში „საბჭოთა ებრაელად” ცნობილი, უკრაინელი ემიგრანტების შვილი, რომელმაც დარენ არანოფსკის „შავ გედში” შესრულებული როლით, მრავალი კინოკრიტიკოსის აზრით, ოსკაროსანი ნატალი პორტმანი დაჩრდილა.
მილა (უფრო სწორად, მილენა) მარკის ასული კუნისი, 1983 წელს საბჭოთა უკრაინის ქალაქ ჩერნოვციში დაიბადა. მილას მშობლები კლასიკური საბჭოელი ინტელიგენტები იყვნენ: დედა – ფიზიკის მასწავლებელი, მამა – ინჟინერი. შვილებისთვის უკეთესი მომავლის მოწყობისთვის ამერიკაში წასვლა ჰქონდათ ჩაფიქრებული. ჩერნოვციში, სადაც 250 ათასი მოსახლე ცხოვრობდა, ორი თეატრი, მათ შორის ერთი თოჯინების, რამდენიმე აგრარული ბაზარი, პროდუქტების დეფიციტი და სრული უპერსპექტივობა იყო მომავალი თაობებისთვის. სწორედ ეს გახდა ემიგრაციაში წასვლის ძირითადი მიზეზი და, გაგანია „პერესტროიკის” დროს, კუნისების ოჯახმა გადაწყვეტილება მიიღო: 1991 წელს, კუნისები მოსკოვის „შერემეტიევოს” აეროპორტიდან გაემგზავრნენ შორეულ ამერიკაში. იმ დროს მილა 7 წლის იყო და სწორედ აეროპორტში დალია მან პირველად გაზიანი სასმელი „კოკა-კოლა”, როგორც მან ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში გაიხსენა.
ამერიკულ მიწაზე კუნისებს თავდაპირველად გაუჭირდათ. მილა ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა: „წარმოიდგინეთ, რომ 7 წლის ასაკში თქვენ უცებ დამუნჯდებით და დაყრუვდებით, არ გესმით არავისი და არც თქვენი ესმის არავის. მე ყოველ ღამეს ტირილში ვატარებდი და დედას სახლში დაბრუნებას ვთხოვდი”. ამერიკა ნამდვილი შოკი აღმოჩნდა მილასთვის. მან არც ენა იცოდა, არც ამერიკულ კულტურას იცნობდა და, მშობლების მსგავსად, მასაც არაერთი სირთულის გადალახვა მოუხდა. ამერიკაში ყოფნის პირველ წლებში მილას დედას, ყოფილ მასწავლებელს, სადღეღამისო აფთიაქში უწევდა მუშაობა, ხოლო მამა უნიტაზების შემკეთებლად და პიცის დამტარებლად მუშაობდა.
მსახიობობას მილა სულაც არ აპირებდა, უბრალოდ, ამერიკაში ცხოვრების მეორე წლისთავზე, მშობლებმა მისი თეატრალურ წრეზე შეყვანა გადაწყვიტეს, რადგან მილა ცუდად ლაპარაკობდა ინგლისურად და წრეზე სიარული სასიკეთოდ წაადგებოდა უცხო ენის ათვისებაში. სწორედ აქ შეამჩნია ქასთინგის აგენტმა მცირეწლოვანი მილა და გოგონას სხვადასხვა ფერის თვალებით მოიხიბლა (მილას ცალი თვალი ცისფერი, ხოლო მეორე მწვანე ფერის აქვს), სხვათა შორის, სულ ახლახან, იანვარში, მილამ თვალზე ურთულესი ოპერაცია გადაიტანა. არსებობდა იმის საშიშროება, რომ ის დაბრმავდებოდა, თუმცა ოპერაციამ შედეგიანად ჩაიარა. სწორედ ის აგენტი, რომელმაც სხვა ბავშვებში გამოარჩია მილა, დღესაც მისი მენეჯერია და მილა მას „მეორე დედას” უწოდებს. საინტერესოა, რომ მილას მშობლებს სურვილი ჰქონდათ, მათი შვილი იურისტი ან ექიმი გამოსულიყო და მხოლოდ სწავლისგან თავისუფალ დროს აძლევდნენ საშუალებას, მსახიობობით დაკავებულიყო.
თავდაპირველად მილა ტიპური „ბავშვი მოდელი” იყო, რომელსაც ბარბის თოჯინებისა და საბავშვო ფეხსაცმლის მაღაზიების რეკლამებში იღებდნენ, შემდგომ კი ტელესერიალებში დაიწყო მონაწილეობა და 14 წლის ასაკში „ტეხასელი რეინჯერი უოკერის” გადასაღებ მოედანზე მოხვდა, სადაც სერიალის ვარსკვლავთან, ჩაკ ნორისთან ერთად ითამაშა, რომელმაც, ცნობისთვის მომავალ ვარსკვლავს საბრძოლო ილეთები შეასწავლა. იმავე ასაკში მილამ ანჯელინა ჯოლის პერსონაჟის მოზარდის ვერსია განასახიერა ფილმში „ჯია”, რომელიც შიდსისგან გარდაცვლილი მოდელის, ჯია კარანჯის ბიოგრაფიული ფილმი იყო. თავისი პირველი მთავარი როლი კი მილამ მიიღო ტელესერიალში „70-იანების შოუ”, სადაც ახალგაზრდა ჯეკი ბარჰარტის პერსონაჟი განასახიერა. სხვათა შორის, არსებობს ვერსია, რომ როლის მიღების დროს მილამ ასაკი დამალა და თავი სრულწლოვნად წარადგინა, თუმცა იმ დროს 14 წლის იყო. პროდიუსერები თითქოს მოტყუვდნენ, სინამდვილეში კი ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო: პროდიუსერებმა იცოდნენ მილას ასაკი, მაგრამ, იმდენად მოიხიბლნენ ახალგაზრდა მსახიობით, რომ თვალი დახუჭეს ამაზე და რვა სეზონის განმავლობაში მილა კუნისი სერიალის უპირველესი ვარსკვლავის სახელს ატარებდა. სწორედ სერიალის გადასაღებ მოედანზე გაიცნო მილა კუნისმა ეშტონ კატჩერი, დენი მასტერსონი და უილმერ ვალდერამა, რომლებთანაც მას რომანების გაბმა დააბრალეს, თუმცა, ეს სამეული მილა კუნისს თავის საუკეთესო მეგობრებად მიაჩნია, ხოლო მისი „ბოიფრენდი“ ცხრა წლის განმავლობაში სავარაუდოდ, იყო ყველაზე ცნობილი ბავშვი ვარსკვლავი ჰოლივუდიდან, მაკოლეი კალკინი ფილმიდან („მარტო სახლში”) და მაიკლ ჯექსონის ახლო მეგობარი. მილა და მაკოლეი ერთმანეთს ცხრა წლის განმავლობაში ხვდებოდნენ, რაც ჰოლივუდური წყვილებისთვის ნამდვილი რეკორდია. სხვათა შორის, მილა და მაკოლეი აფიშირებას არ უკეთებდნენ თავიანთ ურთიერთობას და ინტერვიუებში მილა მაკოლეის მხოლოდ „ბოიფრენდის” სახელით მოიხსენიებდა. მილა და მაკოლეი 2010 წლის ბოლოს დაშორდნენ. ოფიციალურად მათი დაშორების შესახებ არაფერი თქმულა, თუმცა, არსებობს ვერსია, რომ კალკინმა მეგობარი გოგონას პოპულარობის ზრდას ვერ გაუძლო, მაშინ, როცა მისი სახელი დავიწყებას მიეცა.
ჰოლივუდში მილამ მძაფრსიუჟეტიანი ფილმებით შეაბიჯა: ბლოკბასტერით – „მაქს პეინი” და დენზელ ვაშინგტონთან და ჰარი ოლდმანთან პარტნიორობით გადაღებულ პოსტაპოკალიფსური თრილერით – „ილაის წიგნი”. ნამდვილი წარმატება და აღიარება კი მილას დარენ არანოფსკის „შავმა გედმა” მოუტანა, სადაც მან ბალერინა განასახიერა და, ბევრის აზრით, ნატალი პორტმანი დაჩრდილა თავისი თამაშით. ფილმის რეჟისორმა დარენ არანოფსკიმ მილაზე შემდეგი თქვა: „არასდროს მინახავს მილას მსგავსი სილამაზის მსახიობი, რომელსაც ნებისმიერი როლის მორგება ძალუძს”. ამბობენ, რომ ფილმის გადაღებების დროს მილას ყველაზე მეტად ნატალი პორტმანთან ლესბოსური სექსის სცენის გადაღება გაუჭირდა. სხვადასხვა ვერსიით, მსახიობებმა „დუბლების“ გადაღებამდე ტეკილის ბოთლი დაცალეს.
მილას ჯერჯერობით ბოლო ფილმია „მეგობრული სექსი”, სადაც მისი პარტნიორი თინეიჯერი გოგონების კერპი ჯასტინ ტიმბერლეიკია. რომანტიკულ კომედიას კარგი გამოხმაურება მოჰყვა კრიტიკოსების მხრიდან და კინოგაქირავებამაც საკმაოდ ნორმალური შედეგი აჩვენა. სხვათა შორის, ფილმის პრემიერაზე მილამ განაცხადა, რომ მისთვის გაცილებით საინტერესოა კომედიური ჟანრის ფილმებში მონაწილეობის მიღება, ვიდრე მძაფრსიუჟეტიან თრილერებში. სწორედ კომედიურ ჟანრშია გადაღებული ორი ახალი ფილმი მილას მონაწილეობით, რომელთა პრემიერა იგეგმება ახლო მომავალში, პოპულარული ტელეშოუს მიხედვით გადაღებული „მაპეტები” და მარკ უოლბერგთან დუეტში გადაღებული რომანტიული კომედია „ტედი”.