როგორ წაუვიდა გული ქალბატონს რეზო ლაღიძის გამო და ვისი ტრაგიკული აღსასრული განიცადა მან
„ქართველ ერს არ გააჩნია ხალხურ სიმღერაზე უფრო დიდი განძი. ჩემი აზრით, არაფერი შექმნილა „ხასანბეგურასა“ და „ჩაკრულოს“ ფასი. დიდი მომღერალი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ, გულწრფელად რომ გითხრათ, თითქმის ყველა კუთხის სიმღერა ვიცი. ძალიან ბევრი მიწანწალია, ამ სიტყვის ფართო გაგებით. მიწანწალია თოფით, ძაღლით, ბადით. საქართველოს ყველა მდინარეზე მაქვს ნასროლი ბადე. წყლის გიჟი ვარ. წყალი საოცრად მიყვარს, ალბათ, იმიტომ, რომ ლაღიძე ვარ. საქართველოს თითქმის ყველა წყაროს ტემპერატურა გაზომილი მაქვს. მივსულვარ ყველა წყაროსთან, სადაც კი მიაღწევდა მანქანა და ჩემი სათევზაო ამუნიცია. საოცრად მიყვარს ქართველ გლეხკაცთან გაბაასება. სიგარეტს მივაწვდი, საუბარში გამოვიწვევ, განგებ შევეკითხები: „საით მიდიხარ, ბიძია? საიდან მოდიხარ?“ საოცრად მოქმედებს ჩემზე სათნო მოხუცთან გასაუბრება. მიყვარს ჩემი ქვეყანა, მისი ყველა კუთხე-კუნჭული, მშობლიური იმერეთი, ქართლი, კახეთი, გურია, სამეგრელო... აქედან მოდის ხალხური სიმღერების სიყვარულიც. ჩემი სისხლია ეს. სიმღერა ნოტებით არასდროს მისწავლია. ღმერთმა ნურც მასწავლოს. ნოტით ვერ ისწავლი ხალხურ სიმღერას, უნდა ბევრი იწანწალო, უნდა შეგესოს შენი მიწა-წყლის ეკალი. ექსკურსანტად შენს ქვეყანას არ უნდა მოევლინო. ექსკურსიით შენს ხალხს ვერ გაიცნობ“, – ეს რეზო ლაღიძეა, რომელიც ძალიან უყვარდა ქართველ ერს. შეუდარებელი სიმღერის – „თბილისოს“ ავტორზე ალბათ განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი, ის თავად იყო განსაკუთრებული და ასეთად დარჩება თაობებისთვის.
ეთერ ლაღიძე (რევაზ ლაღიძის და): „დედა, ლუბა ჯაფარიძე ძალიან კარგად მღეროდა და უკრავდა გიტარაზე. მამა, ილია ლაღიძე, წლების განმავლობაში თბილისში რკინიგზის სამმართველოს მთავარი ბუღალტერი იყო. ვცხოვრობდით კლარა ცეტკინის ქუჩაზე, 139 ნომერში. 1921 წლის 10 ივლისს, საშინელი სიცხე ყოფილა. დედა ბაღდათში, მშობლებთან, სპირიდონ ჯაფარიძისა და ფედოსი წერეთლის ოჯახში იყო ჩასული დასასვენებლად. მოულოდნელად მშობიარობა დაწყებია. საბედნიეროდ, ამ დროს ბაღდათში იმყოფებოდა პროფესორი ნიკოლოზ კახიანი. მან საკეისრო კვეთა გაუკეთა და სიცოცხლე შეუნარჩუნა დედა-შვილს. ნათლიებმა ბიჭს რეზო დაარქვეს. იგი ჭიპლარშემოხვეული დაიბადა. ბებია შიშობდა, ბავშვს სამშობიარო ტრავმა არ დარჩესო. პროფესორს დაუმშვიდებია: ნუ გეშინიათ, ეს ბიჭი მარტო ბაღდათის კი არა, მთელი საქართველოს საამაყო ადამიანი იქნებაო...
... რეზო მოუსვენარი და ცელქი ბავშვი იყო, ამათანავე, ძალიან ნიჭიერი და სკოლაში გამორჩეული მოსწავლე. მეცადინეობისთვის ძალიან ცოტა დრო სჭირდებოდა. განსაკუთრებით უყვარდა მათემატიკა, ქიმია და, ზოგადად ყველა საგანი. ერთხელაც, რეზომ ქიმიის გაკვეთილის შემდეგ გამოიტანა ცარიელი სინჯარა, რომელშიც ადრე მარილმჟავა ეყარა, მაინც დარჩენილიყო მძაფრი სუნი. მიუტანა დამლაგებელ ქალს, ქეთოს და დააყნოსინა. იმოქმედა მასზე სუნმა, იფიქრა, ვკვდებიო, დაიწყო მოთქმა და ანდერძის დაბარება, თან დაამატა: ლაღიძემ რაღაც მასუნინა, მაგრამ, არ დავწყევლი, კარგი ბიჭიაო. ბოლოს ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა... ჩვენს ეზოში ძალიან კარგი ბიჭები ცხოვრობდნენ. რეზო სულ მათთან ერთად თამაშობდა. განსაკუთრებით უყვარდათ ფეხბურთი. აკეთებდნენ „სამაკატკებს“ და მერე მართავდნენ შეჯიბრებებს. ეზოში ვდგამდით სპექტაკლებს. ერთხელ ჩვენი სახლის საკვამურში შევნიშნეთ პატარა ალი. გამოვიძახეთ სახანძრო. მალე მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს. ჩვენ კი გადავრჩით, მცირე ჯარიმა გვაკმარეს. რეზოს ძალიან მოეწონა მეხანძრეების თავდადება, ავიდა სახურავზე, აიტანა ფანდური, დაიწყო დაკვრა და შეთხზა სიმღერა მეხანძრეების მამაცობაზე. ხანძრის გამო შეკრებილი და შეშფოთებული მეზობლები რეზოს შემოქმედებით მოიხიბლნენ“.
რევაზ ლაღიძე: „მუსიკის სიყვარული ჩვენს ოჯახს ტრადიციულად მოსდგამდა. დედაჩემი ქართული ხალხური სიმღერის დიდი მოტრფიალე იყო. ელენე მამიდას ქმარი, ვასო გოგაძე არაჩვეულებრივად უკრავდა ინსტრუმენტებზე: გიტარაზე, ბალალაიკაზე, ვიოლინოზე. სწორედ მან მაჩუქა თავისი ვიოლინო. მე ვიოლინოზე დაკვრა უნდა მესწავლა. მიმაბარეს მუსიკალურ სკოლაში... არდადეგებს სოფელში, ოფჩაში, ვატარებდი. ვბანაობდით, ვთევზაობდით, ვცელქობდით. ხშირად სოფლის სკოლის ეზოში ვთამაშობდით. ერთხელ, რეპროდუქტორიდან შემომესმა ზაქარია ფალიაშვილის „დაისის“ შესავლის ჰანგები. დაუვიწყარია ის მღელვარება, რაც მაშინ განვიცადე. ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა მუსიკასთან. აქედან დაიწყო მისი მოწონება, შეგრძნება. არც კი ვიცი, საიდან მქონდა მუსიკის აღქმის, მით უფრო – შეფასების უნარი. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ. ზაქარია ფალიაშვილი დღესაც ჩემი კერპია, სიამაყეა... მშობლებმა მიმაბარეს თბილისის მეშვიდე მუსიკალურ სკოლაში, რომელიც კალინინის ქუჩაზე მდებარეობდა. ძალიან უცხო სიტუაციაში აღმოვჩნდი. ვცხოვრობდი სტადიონთან. ბურთის თამაშით ვიყავი გატაცებული და, უცბად, სხვა გარემოში მოვხვდი. ვიოლინოზე დამაწყებინეს დაკვრა. ძალიან კარგი პედაგოგი მყავდა, თუმცა, საშინელი პედანტი იყო. როგორც კი როლში შევიდოდი, მეტყოდა: „სკრიპკუ ვიშე!“ ამის თქმა და ჩემი გათიშვა ერთი იყო. ასე მეგონა, მაწამებს-მეთქი. ეს სიტყვები სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში. სამჯერ ვუგანე „სკრიპკას“, არ მინდოდა ვიოლინოთი სიარული. ამ ასაკის ბიჭებს ეთაკილებათ ხოლმე ზედმეტი ყუთის ტარება, მით უმეტეს, უკვე შერქმეული მქონდა მეტსახელი „სკრიპაჩ-ტრიპაჩ“. მეოთხედ კი ჩემი გადაწყვეტილება საბოლოო იყო. ერთ დღეს ჩვენს სკოლაში მოეწყო თვითშემოქმედებითი კონცერტი. აქ გამომადგა ჩემი სავიოლინო გამოცდილება: დავიხურე ძველი „შლიაპა“ და სცენაზე მოხეტიალე მუსიკოსის როლში გამოვედი. ამ დროს მოდაში იყო ასეთი სიმღერა – „პარახოდი მოდის, არ ჩერდება“... მეც სწორედ ამ „პარახოდს“ ვუკრავ ვიოლინოზე. დიდი წარმატება მქონდა. დამთავრდა კონცერტი. მგონია, რომ ყველა – დირექტორი, მასწავლებლები – შემაქებდნენ და მეტყოდნენ: „ყოჩაღ, რეზო!“ ნაცვლად ამისა, მითხრეს – ერთი ქალი გიბარებსო. მივედი, შემეკითხა: რა გვარი ხარ, რომელ მუსიკალურ სკოლაში სწავლობდიო, – უკვე იცოდა, რომ მუსიკის სწავლას თავი დავანებე. მუსიკალურ სკოლაში რომ მესწავლა, ცხადია, ასეთი „რეპერტუარით“ არ გამოვიდოდი. ხვალვე მამაშენი ჩემთან მოვიდეს ამა და ამ მისამართზეო. სკოლის დირექტორმა გამაფრთხილა: „მამას გადაეცი, თორემ, ხვალ მე თვითონ შეგამოწმებ“. გადავეცი მამას. მივედით, ეს ქალი აღმოჩნდა ჩვენი სასიქადულო ლარისა ქუთათელაძე. მაშინ ის თბილისის მეოთხე სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი იყო. სწორედ ამ ბედნიერმა დღემ გადაწყვიტა ჩემი მუსიკოსობა... ცოტა ხნის შემდეგ მოსწავლეთა სიმებიანი კვარტეტისთვის დავწერე სამი მინიატურა: „მგზავრული“, „იავნანა“ და „აღმოსავლური ცეკვა“. ამ კვარტეტში მეც ვმონაწილეობდი – პირველ ვიოლინოზე ვუკრავდი. სასწავლებლის კონსულტანტი იყო ცნობილი ქართველი კომპოზიტორი დიმიტრი არაყიშვილი, დიდებული ადამიანი. ბატონმა დიმიტრიმ მითხრა: „ჩემო შვილო! შენს მომავალზე უნდა იფიქრო, საკომპოზიტორო ფაკულტეტზე უნდა ისწავლო“. ჩემი მინიატურები მოსწონებია. ასე გადაწყდა თურმე, ჩემი ბედი. ჩავირიცხე კონსერვატორიაში პროფესორ ანდრია ბალანჩივაძის კლასში. ბატონმა ანდრიამ დამაყენა სწორ გზაზე. ანდრია ბალანჩივაძე ძალიან მომთხოვნი პედაგოგი იყო. კონსერვატორიაში დიდი დატვირთვით ვმეცადინეობდი, ამასთან ერთად ორ ადგილას ვმუშაობდი – ომის პერიოდი იყო, უჭირდა ხალხს, ყველა ვმუშაობდით. დილაობით სიმფონიურ ორკესტრში ვუკრავდი, მერე რადიოკომიტეტში მივდიოდი. მიუხედავად ასეთი დატვირთვისა, შესვლისთანავე, პირველივე წელს, დავწერე სიმებიანი კვარტეტი, ვარიაციები, „ორი სიმღერა“. დროის უკმარისობას ვერ ვგრძნობდი. ყველაფრისთვის მოიძებნება დრო, თუ კაცი მოინდომებს – ამაში შემდეგშიც არაერთხელ დავრწმუნდი. სიმფონიურ ორკესტრში მუშაობამ დიდად შეუწყო ხელი ჩემს პროფესიულ მომწიფებას. გაფორმებული ვიყავი კონცერტმაისტერის დამხმარედ, ეგრეთ წოდებულ, „პოდრუჩიკად“. მერე დამსვეს ბოლო პულტზე. წინ პარტიტურა მედო, ვუკრავდი: ბეთჰოვენს, ვაგნერს, ბერლიოზს, შუმანს, ლისტს, ჩაიკოვსკის... ასე დავეუფლე პარტიტურის კითხვას, საორკესტრო ხელოვნებას. ბევრი ნაწარმოები ასე შევისწავლე... დაწყებით სკოლაში ვასასი ძაგნიძე მიყვარდა ჩემი მასწავლებლებიდან, შემდეგ – დავით ბახტაძე. თბილისის მეექვსე სკოლა დავამთავრე. მერვე კლასამდე ხუთოსანი ვიყავი. განსაკუთრებით მათემატიკა მიტაცებდა. მერვე კლასში მათემატიკის ტურში გავიმარჯვე, სიგელი დავიმსახურე. მათემატიკის გაკვეთილზე კარნახად ვიყავი ქცეული, რისთვისაც ჩემი დატუქსვა ჩვეულებრივი ამბავი იყო. მახსოვს, დაფასთან კარადა იდგა და ერთხელ იმ კარადაში შევძვერი, რომ იქიდან მეკარნახა ბავშვებისთვის, რისთვისაც გარეთ გამაბრძანეს. დღესაც ვფიქრობ, სად კომპოზიტორი და სად – მათემატიკა. ჩემი მეგობრები შვილებს რომ ვერ ამოუხსნიან სასკოლო ამოცანებს, ეუბნებიან: დამანებე, შვილო, თავი, რომელი რევაზ ლაღიძე მე ვარ, ეს ამოცანები რომ ამოვხსნაო და ჩემთან გამორბიან დახმარებისთვის. ქიმია და გეოგრაფიაც ძალიან მიყვარდა... საფორტეპიანო ვარიაციები ჩემი პირველი ნაწარმოებია. ახლა კარგად მესმის ავიც და კარგიც, მაგრამ, მაინც, რამხელა სიხარული იყო ჩემთვის. ის დღე რად ღირს, როცა კონსერვატორიის მცირე დარბაზში საკუთარი „სიმებიანი კვარტეტი“ მოვისმინე. ახლა ტაშით ვამოწმებ ახალი ნაწარმოებების შეფასებას...
... თუ რაიმე გამიკეთებია მუსიკაში, სულ ნადირობის პარალელურად. ჩემი მეგობრები ხუმრობდნენ, რეზოს რომ უთხრა, ცუდი კომპოზიტორი და კარგი მონადირე ხარ, გაუხარდება, მაგრამ კარგი კომპოზიტორის და ცუდი მონადირის სახელი რომ შეჰკადრო – ეწყინებაო. ერთხელ, ჩემი მეგობრები, ბიძინა კვერნაძე და დავით ცერცვაძე მახლდნენ ღორზე სანადიროდ. გადავწყვიტე, შემემოწმებინა და დარიგება დავუწყე: გამოქანებულ ღორს უნდა მოერიდო, ჩაუსაფრდე, არ შეიძლება პირდაპირ შეხვედრა-მეთქი. უცებ ძაღლების ყეფა გაისმა, ჩამოვრჩი და ვიყვირე – ღორი მოდის-მეთქი. იმ გზას, რომელსაც მივუყვებოდით, ნაკრძალის მაღალი ღობე გასდევდა გვერდით. შეშინებულმა დავითმა დაჰკრა ბიძინას მხარზე ხელი და ღობის მეორე მხარეს აღმოჩნდა, მას ბიძინაც მიჰყვა. სიცილი ვეღარ შევიკავე და ისინიც მიხვდნენ ჩემს ხუმრობას, მაგრამ, ნაკრძალიდან გამოსვლა არც ისე იოლი საქმე იყო. სად უნდა მეშოვა ღორი, რომ ამჯერად ღობის აქეთ მხარეს გადმოესროლა ჩემი მეგობრები?! დიდ მანძილზე მოუხდათ ეკალბარდებში სიარული“.
ქალბატონი თინა (რეზო ლაღიძის მეუღლე): „რეზო არასდროს არ იყო ჩემთვის განცალკევებული, როგორც მეუღლე და როგორც გამოჩენილი კომპოზიტორი. ის იყო რაინდი, შემოქმედი, მონადირე, მებადური, თამადა, სპეტაკი, გულისხმიერი, ხან – ბობოქარი, ხან – ბავშვივით გულუბრყვილო. ხშირად მიფიქრია, რა იყო მისი ასეთი პოპულარობის მიზეზი? უპირველეს ყოვლისა, მას არ გამორჩებოდა ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანესი ნიუანსი. თანამედროვე ცხოვრება იყო მისი შემოქმედების ერთ-ერთი ძირითადი თემა... ძალიან უყვარდა ოჯახი, ტკბებოდა შვილებითა და შვილიშვილებით, მათთან სახეგაბრწყინებული და ბედნიერი იყო, ესიყვარულებოდა და ანებივრებდა მათ... ვერ იტანდა სიმარტოვეს. იგი ბედნიერი იყო ადამიანთა გარემოცვაში. ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა, დილიდან უკვე წკრიალებდა ტელეფონის ზარი. რეკავდა ნაცნობი თუ უცნობი, სთხოვდნენ დახმარებას. უარის თქმა არ სჩვეოდა. რეზო გაუნელებლად განიცდიდა პაოლო იაშვილის ტრაგიკულ აღსასრულს. ხშირად იხსენებდა – მხოლოდ კოლაუ ნადირაძე მიჰყებოდა მის კუბოსო! გიორგი ლეონიძე იგონებს: პაოლო თავის პოეტურ დროსა და ენერგიას სხვისი გულისთვის ხარჯავდა ათას წვრილმანებში. ყველასთვის მზრუნველი, შუამავალი და მოფუსფუსე, ყველას საქმეზე მორბენალი და შუამდგომელი, ხშირად თვეობით ვერ ეკარებოდა თავის საწერ მაგიდასო... გოგლა ლეონიძის ეს სიტყვები სრულიად ესადაგებოდა რეზოს ცხოვრების წესს. ამიტომ, ეს წერილი ამოვწერე და მაგიდაზე დავუდე. მაინც ვერაფერს გავხდი. აი, ასე იხარჯებოდა შემოქმედებისთვის განკუთვნილი დრო... არ უყვარდა კარგამოკეტილ ოთახში მუშაობა... რეზოს ძალიან მოსწონდა ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“. შალვა აზმაიფარაშვილს შექმნილი ჰქონდა ამ ნაწარმოებზე ოპერა, თუმცა, კინოფილმში „ხევისბერი გოჩა“ რეზოს მუსიკაა, რომელიც თავადაც ძალიან მოსწონდა. რეზოს ხშირად უთქვამს: კინომუსიკაში ვდებ მუსიკის თემებს და ოპერებისთვისაც მაქვს გათვალისწინებულიო. დიდხანს ეძებდა მასალას „ლელასთვის“. რამდენიმე მწერალს მიმართა კიდეც, მაგრამ მათ ლიბრეტოზე მუშაობა არ ხიბლავდათ. დრო კი გადიოდა. ბოლოს ლევან ჭუბაბრიამ შესთავაზა ლიბრეტო. ასე შეიქმნა „ლელა“. ოპერა რომ დაასრულა, რეზო უკვე მძიმე ავადმყოფი იყო... 14 წლის ვიყავი, როცა რეზომ მომიძღვნა თავისი პირველი ნაწარმოები – „მე შენ გიმღერ“. ის არასდროს შესრულებულა და სათუთად ვინახავ არქივში“.
P. S. მასალის მოსამზადებლად გამოყენებულია ეთერ პაიჭაძის წიგნი „მოგონებებში გაცოცხლებული“.