რომელი დაავადების დროს რა საკვები უნდა ჭამოთ
აუცილებელია, ადამიანმა დიეტა დაავადებების მიხედვით შეარჩიოს. მაგალითად:
რძის დიეტა ენიშნებათ ავადმყოფებს, რომლებიც დაავადებულნი არიან გულით, სისხლის მიმოქცევის მოშლით, ასევე, სიმსუქნის, ღვიძლის, სანაღვლე გზების, ჰიპერტონიული დაავადებების შემთხვევაში. დიეტის ხანგრძლივობა ერთი კვირაა და შეიცავს 1,5 ლიტრამდე რძესა და მაწონს, რომელიც 5-6-ჯერ უნდა მიირთვათ დღის განმავლობაში თანაბარი რაოდენობით. შეგიძლიათ დაუმატოთ ხაჭო. დიეტა შეიცავს 30-45 გრამ ცილას, 36-42 გრამ ცხიმს, 50-70 გრამ ნახშირწყლებს, რაც მთლიანობაში 650-990 კალორიას შეადგენს.
ხაჭოს დიეტა ენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების, ქრონიკული ნეფრიტისა და შეშუპების დროს. ხანგრძლივობა 2 დღეა. დიეტა შეიცავს 500 გრამ ხაჭოსა და 150 გრამ თაფლს. ხაჭო თანაბარი რაოდენობით მიიღეთ 5-ჯერ დღეში. დიეტა შეიცავს 75 გრამ ცილას, 76 გრამ ცხიმს, 55 გრამ ნახშირწყლებს, რაც მთლიანობაში შეადგენს 620 კალორიას.
ვაშლის დიეტა ინიშნება 1 ან 2 დღის განმავლობაში. 2 კილოგრამი ვაშლი თანაბრად გაინაწილეთ და მიიღეთ 6-ჯერ, დაახლოებით 3 საათში ერთხელ. ეს დიეტა შეიცავს 3-4 გრამ ცილას, 100-100 გრამ ნახშირწყლებს, რაც შეადგენს 420-670 კალორიას. ასეთი დიეტა, ფაქტობრივად, განტვირთავს ორგანიზმს და გამოიყენება ჭარბი წონის, ჰიპერტონიული დაავადებების, ათეროსკლეროზის, ნეფრიტისა და სისხლის მიმოქცევის მოშლის შემთხვევაში.
სტაფილოს დიეტა ენიშნებათ ავადმყოფებს მწვავე და ქრონიკული ნეფრიტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების, რევმატული პოლიართრიტის, ჭარბი წონის, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიული დაავადებების დროს. დიეტა 2-დღიანია. ის შეიცავს 1,5 კილოგრამ სტაფილოსა და 50 გრამ შაქარს. გახეხეთ სტაფილო, აურიეთ მასში შაქარი და თითო მიღებაზე მიირთვით 200 გრამი. ეს დიეტა შეიცავს 12-15 გრამ ცილას, 130-170 გრამ ნახშირწყალს, რაც საშუალოდ იძლევა 700-800 კალორიას.
ჩაის დიეტა ინიშნება 1-2 დღის ვადით. დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ 7-8 ჭიქა ჩაი. თითო ჭიქა შეიცავს 11-15 გრამ შაქარს. ენიშნებათ ავადმყოფებს მწვავე ენტეროკოლიტის, გასტრიტისა და სეკრეციული უკმარისობის დროს.