მამათა შეგონებანი
ზოსიმე პალესტინელი: კაცი, რომელმაც სცოდა, მონანიების შედეგად სრულად ვერ განიწმინდება, რადგან ცოდვისთვის სრულიად თავის არიდება არავის შეუძლია, გარდა იმ ჩვილებისა, რომელთაც, მიიღეს რა ნათლისღების მადლი, მანამდე გარდაიცვალნენ, ვიდრე ცოდვასა და მადლს შეიცნობდნენ; ამიტომ, რჩეული, ანუ ცხონებული ის იქნება, ვინც თავს ცოდვებისგან სინანულით განიწმენდს. ჭეშმარიტი მონანული კი ისაა, ვინც ღრმად შეიგნო თავისი ცოდვა, გულითა და სულით შეწუხდა და შეიძულა იგი. ჭეშმარიტ მონანულს ყოველთვის ახსოვს, რა დიდი და ძნელი საქმეა კეთილი ქრისტიანული ცხოვრება და რა სიფრთხილე და მღვიძარება ჰმართებს კაცს, რომელსაც სასუფეველში შესვლა უნდა.
ალექსი ბერი: არა არს არც ერთი სათნოება ისე მაღალი და კაცის დამაგვირგვინებელი და გამწმენდელი, როგორიც არის შეურაცხმყოფლისა და მტრის სიყვარული. ჰოი, სანატრელი ესე ძლევამოსილება, რომელიც ანგელოზთაცა აკვირვებს. ეს ძვირფასი ძლევამოსილი სათნოება იმას ექმნება, ვისაც გულის სიღრმით ცნობილი აქვს თავისი უღირსება და მისდევს შინაგან მაღალ სიმდაბლეს ქრისტეს მიბაძვით.
გაბრიელ ეპისკოპოსი: განათლება და კეთილი ზნეობა საზოგადოებისა ვერ წარიმართება, თუ ქალები არ არიან განათლებულნი და ზნეობრივ საქმეთა შინა წინამძღოლნი. კეთილგონიერსა და ღმრთისმოყვარე ქალს შეუძლია თავის გარშემო მყოფნი განანათლოს და მოაქციოს.
ნათლისღება, ეკლესიაში სიარული და ზიარება სასუფეველში შესასვლელად აუცილებელია, მაგრამ, შეიძლება, კაცმა ეს ყოველივე აღასრულოს და სასუფევლის მოქალაქე მაინც ვერ გახდეს, თუ მისი გული ცოდვის მორჩილი იქნება, ანუ, თუ მას ღმერთზე მეტად სოფელი ეყვარება.
იოანე ოქროპირი: ყველა ის სიკეთე, რომლებითაც ადამიანი ამქვეყნად დატკბება, მხოლოდ მცირე წვეთებია ულევი წყაროს სიხარულთან შედარებით, რითაც ნეტარნი განიხარებენ და დატკბებიან ცათა შინა.
ბასილი დიდი: ისე მიილტვოდე სიმდაბლისკენ, როგორც მისი მოტრფიალე. შეიყვარე სიმდაბლე და ის განგადიდებს შენ და ასე მშვენივრად მიეახლები ჭეშმარიტ დიდებას – დიდებას ანგელოზებისა და თვით ღმერთის წინაშე; ანგელოზების წინაშე ქრისტე თავის მოწაფედ გაღიარებს შენ და განგადიდებს, თუკი მისი სიმდაბლის მიმბაძველი გახდები.
იოანე კიბისაღმწერელი: მრავალი ცხონდა ჭვრეტისა და გაბრწყინების, ნიშნებისა და სასწაულების გარეშე, მაგრამ თავმდაბლობის გარეშე ვერავინ იხილავს ზეციურ სასახლეს.
ბერი იაკობი: ნუ ყოყმანობთ, ნუ გერიდებათ. რაც არ უნდა ჩაიდინოთ, თუნდაც უდიდესი ცოდვა, მოძღვარი ქრისტესგან უფლებამოსილია მოგიტევოთ თქვენ და თავისი ოლარი გადაგაფაროთ.
ბერი პორფირე: ყველა, ვინც შეურაცხგვყოფს, გვლანძღავს და ცილს გვწამებს – ჩვენი ძმაა, ბოროტმოქმედის, სატანის ხელში ჩავარდნილი ძმა. თუ ეს ძმა შეგვხვდა, იგლოვე, ცრემლი დაღვარე მისთვის, თან, უფალს შესთხოვე, გიშველოს ამ განსაცდელში და მიუტევოს ჩვენს ძმასაც, რომელიც სატანის მსხვერპლი გამხდარა და ღმერთი გვიშველის ჩვენც და ჩვენს ძმასაც.
ნილოს სინელი: როგორიც გვსურს, ვიყოთ ლოცვის ჟამს, ისეთი უნდა ვიყოთ ლოცვის წინა პერიოდში. ჩვენი სული ლოცვის დროს აუცილებლად იღებს წინარე მდგომარეობის განწყობას და ლოცვის დროს ზეცად აღიტაცება, ანდა ჩაეფლობა მიწიერში იმავე ზრახვებით, რითაც ლოცვამდე იყო გართული.