როგორ აწვალებდა მეუღლეს გვანცა დარასელია დასვენების დროს და რატომ არ ანძრევინებდნენ მას ხელს
სეზონი განახლდა, „რუსთავი 2” დილის გადაცემებს იწყებს, „სხვა ამბებიც” ჩვეულ სტილში დაუბრუნდა ეთერს. მაგრამ, სეზონი გვანცა დარასელიასთვის ჩვეულებრივად არ დაწყებულა. ულამაზესი და საოცრად ენერგიული გვანცა შვილს ელოდება. ხუთი თვის ორსული სეზონს შემართებით იწყებს და იმედი აქვს, საყვარელ საქმეს ბოლომდე გააკეთებს. უპრობლემო ორსულობა კი ამის გარანტიაა. გვანცას, „რუსთავი 2-ში“ შევხვდით და ინტერვიუ დასვენებაზე საუბრით დავიწყეთ.
გვანცა დარასელია: უკვე ოთხი წელია, რაც აქ ვმუშაობ და სახლივით მიყვარს აქაურობა. საკმაოდ კარგი და ხანგრძლივი დასვენება გამოგვივიდა, მოვწყდით ყოველდღიურ სამსახურებრივ რუტინას, შევიცვალე როგორც გარემო, ისე ადამიანები, რომლებსაც ყოველდღე ვხედავ და ახლა მთელი შემართებით ვარ. მომენატრა სამსახური, გარემო, თანამშრომლები. დასვენებაც ადრე თუ გვიან გბეზრდება. შვებულების დროს, თბილისში ვიყავი, ვერსად ვერ გავედი. ჩემი მეუღლე მთელი ზაფხული მუშაობდა და მასთან ერთად ვიყავი – სადღაც ისე, დაუგეგმავად თუ მოვხვდებოდით ცოტა ხნით. ვიყავი ჩემთან სოფელში, თიანეთში, ჯანსაღ გარემოში, სუფთა ჰაერზე, ჯანმრთელ პროდუქტებსა და გაძლიერებულ კვებაზე. ყველაფერი, რაც საჭიროა ჩემი ორგანიზმისთვის, მივიღე. იქიდან წავედი აბასთუმანში, სადაც ორმაგად მაგარი ჰაერი, კლიმატია.
– ამ შემთხვევაში ორზე ზრუნავდი არა?
– კი, აბასთუმანში ჩემი ქმრის ოჯახთან ერთად ვიყავი და რა თქმა უნდა, სამმაგად უფრო თავზე გადამყვნენ. ძალიან განებივრებული ვიყავი, ხელის განძრევა არ მიწევდა. ჭამის მადა დიდად მომატებული არ მაქვს, მაგრამ ასეთ ჰაერზე რომ ხარ და თან ნაირ-ნაირ რაღაცეებს გიმზადებენ, ხშირად უარს ვერ ვამბობდი. მოკლედ, ამ ზაფხულს თითი არ გამინძრევია, საერთოდ, არაფერი მიკეთებია, ყველა ჩემ მაგივრად აკეთებდა ყველაფერს და მე ვისვენებდი. შარშან ზაფხულს მე და ჩემს მეუღლეს თაფლობის თვე გვქონდა და იმდენი ვიმოგზაურეთ, პრაქტიკულად, არ დაგვისვენია. იმის წინა წელს მეგობრებთან ერთად ბათუმში ვიყავი და დავიღალე, კი არ დავისვენე – იმდენს დავდიოდით, ვერთობოდით, არ გვეძინა. წელს მართლა დასვენება იყო.
– ხომ არ მოგბეზრდა ნაკლებაქტიურად ყოფნა თუ პირიქით, სულ გეძინება და დასვენება გინდა?
– არ ვარ, სხვათა შორის ისე, რომ სულ მეძინებოდეს, მაგრამ, ალბათ, ესეც საჭიროა ორგანიზმისთვის. გადასარევად დავისვენე, ყველაფერი კარგი იყო, ერთადერთი დისკომფორტი მქონდა ის, რომ ჩემი ქმარი ქრონიკულად მენატრებოდა. ამის გამო სულ გზაში იყო. მართლა ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა და ჩემ გამო, რომ არ მომეწყინა, აქეთ-იქით დაქროდა. ისიც დავღალე და მეც დავიღალე.
– პრეტენზიული გახდი?
– არა, საერთოდ. ერთადერთი მოთხოვნილება მაქვს, რომ ვახო სულ ჩემთან იყოს, მეტი საერთოდ არაფერზე ვწუწუნებ, არაფერს ვითხოვ და არ მინდა. არც საკვებზე, არც არაფერზე განსაკუთრებული მოთხოვნილება არ მიჩნდება. „უი ის როგორ მინდა”, – ამას მანამდეც ვამბობდი. მაინცდამაინც დიდი გართულება არაფერზე მაქვს, ზოგი ტყემალს ჭამს, ზოგი მჟავეს, საპნის ბუშტებს უშვებს, რა ვიცი, რა აღარ უნდებათ. ასეთი უცნაურობები საერთოდ არ მჭირს. ხანდახან საერთოდ მავიწყდება კიდეც, რომ ორნი ვართ და მკვეთრ მოძრაობებს ვაკეთებ. ენერგია ისევ მაქვს, ჩვეული რიტმი არ დარღვეულა. თუმცა, უფრო ადვილად ვიღლები, ვიდრე მანამდე. მაგრამ, მადლობა ღმერთს, ტოქსიკოზი და რაღაცეები არ მჭირს.
– აცნობიერებ დედობას?
– გულახდილად გეტყვი, ჯერჯერობით მხოლოდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ – თავს გავუფრთხილდე, რაც საჭიროა ყველაფერი მივიღო, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს. თავიდან ბოლომდე ამის გააზრება მიჭირს. ზუსტად ვერ ვაცნობიერებ მისი მნიშვნელობის მთელ სიდიდეს. ჯერჯერობით ეს ჩემთვის უცნაური მდგომარეობაა, რომელსაც ვეჩვევი. ხანდახან მავიწყდება კიდეც, რა ხდება ჩემ ორგანიზმში.
– მაგრამ, ალბათ, გაცილებით მგრძნობიარე გახდი, წვრილმანები გწყინს...
– ეს, რა თქმა უნდა, ასეა. არ ვიცი, ამას გარშემო მყოფები თუ ამჩნევენ, მაგრამ ვცდილობ, მათ ეს არ იგრძნონ. შემიძლია საკუთარი თავის კონტროლი – შეიძლება, რაღაც ჩემთვის მეწყინოს, მაგრამ ეგრევე ვხვდები, რომ სისულელეა და მაქვს იმის უნარი, არ გამოვამჟღავნო, სხვასაც გული რომ არ ვატკინო.
– შენი ქმარი თუ შეიცვალა?
– რა თქმა უნდა, შეიცვალა. როდესაც მამაკაცი ასეთ მოლოდინშია, როგორ შეიძლება, არ შეიცვალოს?! ქმარს ძალიან ვუყვარვარ და ჩემ მიმართ გაუჩნდა განსაკუთრებული განცდები. ის კი არა, რომ მაინცდამაინც ბავშვი – არა, ხვდება, რომ მე ვარ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც უფრო მეტი მზრუნველობა და ყურადღება მჭირდება. მზრუნველი ისედაც იყო, მაგრამ ახლა თითქოს უფრო მეტად გაუჩნდა შიშები. ვაიმე, აუზზე რომ წახვიდე, იქ ფეხი არ აგიცურდეს და რამე არ მოგივიდეს... აუ, არა რა, არ წახვიდე (იცინის). ასეთი რაღაცეები სჭირს და მესმის მისი, ერთის მაგივრად ორ ადამიანზე აქვს აღებული პასუხისმგებლობა.
– სქესი იცით?
– კი, მაგრამ ჯერჯერობით გამხელა არ მინდა. ექიმიც უკვე შევარჩიეთ, მაგრამ ჯერ მასთან არ მისაუბრია. ამ დღეებში შევხვდები და გადავწყვეტ, რას და როგორ გავაკეთებ.
– როდემდე აპირებ, ეთერით გამოსვლას?
– არ ვიცი, ვნახოთ. ჯერ დავიწყო და წესით, არ უნდა გამიჭირდეს ბოლომდე ყოფნა. მთელი შემართებით ვიწყებ მუშაობას და ვნახოთ, რა იქნება.