კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება ადამიანი ბერობის მადლაყრილი და რა შემთხვევაში არ მიიღებს მის მიერ გაკეთებულ სიკეთეს უფალი


დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს ამქვეყნიურ სიამეს და მონასტერში, უფლის სიყვარულსა და სამსახურში ატარებს თავის ცხოვრებას. როგორც ძველად, ახლაც თითქმის ვერ ნახავთ მოქმედ მონასტერს, სადაც არ ფუსფუსებენ, ლოცულობენ და ღვთიური სიყვარულით არ გხვდებიან ბერ-მონაზვნები, რომლებიც ქრისტეს სასძლოებად და მიწაზე უფლის ანგელოზებად იქცნენ. თუ როგორ უნდა მოემზადოს ადამიანი ბერად აღკვეცის წინ, რისი დათმენა უნდა ისწავლოს მან, ამის შესახებ გვესაუბრება ბერი ექვთიმე (მაჩაბელი-ხუციშვილი):



– იმისთვის, რომ ბერი გახდე, მონასტერში წახვიდე, რა თქმა უნდა, სურვილი აუცილებელია, მაგრამ შეიძლება, ეს სურვილი მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგყვეს, თუმცა შენი ბერობა უფალმა არ ინებოს. აკი თავად უფალი ეუბნება მოციქულებს: „არა თქვენ გამომირჩიეთ, არამედ მე გამოგირჩიეთ თქვენ“.

– როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მისი გზა ბერობაა?

– ეს ყველა ადამიანში სხვადასხვანაირად შემოდის. ცოტა ხნის წინ მკითხეს, რატომ არიან ცოლიანი სასულიერო პირებიო. ზოგს ჰყავდა ცოლი და გაშორდა, უფალმა ინება ისე, რომ ესა თუ ის ადამიანი უნდა დადგენილიყო მწყემსმთავრად და ამისთვის საჭირო იყო ბერად აღკვეცა. მაღალი რანგის დასში მყოფი ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს ბერობის მადლით მოსილი, სხვანაირად მისი ხელდასხმა ვერ მოხდება. თუმცა, ხდება ისეც, რომ ადამიანებს ბავშვობიდან აქვთ სიახლოვე მონასტერთან, იქ იზრდებიან და მერე აღიკვეცებიან ბერად. ისიც ხდება, რომ ბევრი მონასტერში იზრდება, მაგრამ მერე გამოდიან იქიდან და ქორწინდებიან, იმიტომ რომ, ეს ყველაფერი უფლის ნებაა. უწმიდესმა ბერობას „საიდუმლოთა საიდუმლო“ უწოდა, იმიტომ რომ არ ვიცით, როდის დაგვიძახებს უფალი. მორჩილების ჯვარი უნდა იტვირთო და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, არავინ იცის, გარდა უფლისა. მორჩილების ჯვრის ტარება მონასტრის გარეშე რთულია, იქ კი გაკვირდებიან, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, თავად უფალი გაკვირდება. რადგან იმ დროს ბოროტი გებრძვის, გგონია, რომ მზად ხარ, შეგიძლია, უკვე ბერად აღიკვეცო. როდესაც ბეთანიაში ვიყავი და მამა იოანემ მითხრა, დარჩი და სამ წელიწადში აღგკვეცავო, გულში ვფიქრობდი, სამი წელი როგორ მოვიცდი-მეთქი. მართლაც სამი წლის მერე აღვიკვეცე ბერად, ეს უფლისგან იყო ნათქვამი.

– როგორ იქცევა ამ დროს ადამიანი?

– უპირველეს ყოვლისა, ადამიანი აკვირდება საკუთარ შინაგან მდგომარეობას, აქვს თუ არა დათმენის, მრისხანების, წყენის, ადამიანური ვნებების დათმენის, ჩახშობის უნარი. სამი წელი მინიმუმია, შეიძლება უფრო მეტი დროც გავიდეს და არ აღიკვეცოს ბერად. როდესაც შიო მღვიმეში ვიყავი, იქ იყო ადამიანი, რომელიც რვა თუ ცხრა წელი მორჩილად იყო და უარს ამბობდა, ჯერ არ ვარ მზად ბერობისთვისო. ანუ არ უნდა იჩქარო, თუ მიხვედი და ეს გზა აირჩიე, მაშინ საჩქარო არაფერი გაქვს. როდესაც პატრიარქმა ეფრემმა თავის სულიერ შვილად მიმიღო, პირველად მაშინ მიწოდა მორჩილი და მივხვდი, რომ ეს რაღაც სხვა იყო. მერე დავშორდი ეკლესიას, ჩვენს ქალაქში არ იყო ეკლესია, დედა გარდაიცვალა, პატრიარქიც, ბებია მოხუცი იყო და ვერავინ მატარებდა ეკლესიაში. მაშინ სად იშოვიდი ლოცვანს, მაგრამ ჩემებური ლოცვა მქონდა. ახლაც მაქვს გამოყოლილი, ბებიაც მასწავლიდა: „დავწვები დამეძინება, პირჯვარი დამეწერება”... საიდანაც უნდა მოვიდე, მწუხრი იქნება, ცისკარი, სერობა, შუაღამიანიც, რომ ვილოცო, დავწვე, დავიძინო, რომ გამეღვიძება, აუცილებლად უნდა წარმოვთქვა ეს ლოცვა და მერე მშვიდად ვიძინებ. ლოცვითა და ხატებით შემოიფარგლებოდა ბავშვობაში ჩემი მოღვაწეობა. ჩემში პირველი სასწაული ის იყო, რომ ხატები, როგორც ცოცხალი არსება ისე გავითავისე. მოგვიანებით, როდესაც ჩვენს პატრიარქს შევხვდი, მითხრა, დაიცადეო და მეც ვიცდიდი. მერე მეუღლე შემრთეს, ვსწავლობდი, მეუბნებოდნენ, დაიცადეო. არადა, წლები გადიოდა, ადამიანური მოუთმენლობა მჭირდა. ბოლოს მოხდა ისე, რომ მოვედი მაინც მონასტერში და პატრიარქმა საბოლოოდ მკითხა, შენ ისევ იმ აზრზე ხარო? კი, ვარ-მეთქი, მაშინ მოემზადეო.

– ალბათ ბერობის წინ მოსამზადებელი ეტაპი, ყველასთვის სხვადასხვანაირია.

– როგორც ყველა ადამიანს აქვს თავისი ჯვარი, მორჩილება და მოსამზადებელი პერიოდიც სხვებისგან განსხვავებულია. მე ბეთანიაში გამგზავნეს, სადაც ძალიან დიდი სკოლა გავიარე. მაშინ უკვე მორჩილის კაბა მეცვა. ადამიანური სისუსტეები მემართებოდა ხოლმე, განკითხვაში ვვარდებოდი – ამას მე რატომ მაბარებს და იმას რატომ არ აბარებს-მეთქი. მამა იოანე ავადმყოფობდა, მამა ლაზარე მის მოვალეობას ასრულებდა და მეც იმის მორჩილებას ვარჩევდი, რომელიც მიადვილდებოდა. ესეც გარკვეულწილად გამოცდა იყო, ანუ ადამიანი გარკვეულ მორჩილებას ასრულებს და ნელ-ნელა უახლოვდება ბერად აღკვეცას. არასდროს არ უნდა იჩქაროს ადამიანმა, შეიძლება, მოგვიანებით აღიკვეცო ბერად, მაგრამ მანამდეც შეგიძლია, ბერულად იცხოვრო, ეს უფრო გეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, რადგან, როდესაც სქემას დაგადებენ, მერე საუკუნოდ ბერი ხდები, აქაც და იქაც ბერად მოიაზრები. ამიტომაც იწოდება ბერი „ანგელოზი მიწისა და კაცი ზეცისა”. ადამიანი “შეიმოს ანგელოზებისას სქემსა”, მანტია, რომელიც ფრთებსაც გამოხატავს და, იმავდროულად, არის ბერისთვის კუბო.

კარგად მახსოვს, როგორ მითხრეს, პატრიარქი გიბარებსო. მივედი და მითხრა, დიდმარხვაში, ხარების დღესასწაულზე, ბერად უნდა აღიკვეცოო. ვკითხე, მე ხომ მზად არ ვარ-მეთქი, მზად ხარო და „კურთხევანი” მომცა – აღკვეცის წესს გადახედეო. სადაც კითხვა-პასუხის სახით წერია: დაითმენ ამას, დაუტევებ, მოითმენ ამას... შემდეგ უკვე დარიგების მუხლები მოდის: „უწყოდე ძმაო, ეს უნდა გააკეთოო“, მისი წაკითხვისას გონებრივად ძალიან იტვირთები. პირველივე სიტყვები ის არის, რომ თავად უფალი აღგკვეცავს და მიწაზე თავის ანგელოზად გამოგარჩევს. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. შეიძლება, განგკვეთონ ეკლესიიდან, ანათემას გადაგცენ, სასჯელში იმყოფებოდე, ან გაიხადო საბერო სამოსი, ცოლი მოიყვანო, მუშაობა დაიწყო, მაგრამ მაინც, იქ, ზეცაში ბერად მოიაზრები და შენი, ბერობიდან განდგომილების დროს გაკეთებული სიკეთე, სიკეთედ აღარ მიგეთვლება უფალთან, უკვე მოიაზრები, როგორც შენი ნებით ბერობის მადლაყრილი. თუ სასჯელში იმყოფები, იმსახურებ, გაგხდიან თუ ჩაგაცმევენ ბერის კაბას, ზეცაში მაინც ბერად რჩები, ბეჭედი გადევს უფლისგან. ამიტომაც, აღკვეცის წინ გეკითხებიან: „ნებითა შენითა მოხვალ, არა ნებითა ღვთისათა“ და უკვე თავად ხდები პასუხისმგებელი. ადამიანის სურვილზე არის დამოკიდებული, რა აღთქმას დადებს, რაზე იტყვის უარს, მაგრამ ბერად აღკვეცის დროს ორი ძირითადი მოთხოვნა არის: პირველი – მონასტრიდან განუშორებლობა, – ამაში იგულისხმება ბერობიდან განუშორებლობა, და მეორე – ქალწულების დაცვა, ანუ იმ მადლისა და სქემის შენარჩუნება, რომელიც უფალმა მოგანიჭა, არ აქვს მნიშვნელობა, მცირე ანგელოზებრივი სქემა იქნება ის თუ დიდი ანგელოზებრივი.

– რა განსხვავება არსებობს მათ შორის?

– იგივე განმეორებაა ზეციური იერარქიის: მთავარანგელოზი და ანგელოზი – ორივე ერთ საქმეს აკეთებს, მაგრამ ისინი უფრო დიდ მადლში არიან. როგორც მე ვიცი და მისწავლია, დიდ სქემაში აღკვეცა გარკვეული წლების შემდეგ ხდება. როდესაც ადამიანი დიდ ბერულ გამოცდილებას იძენ, შეგიძლია, სხვასაც ასწავლო. გადალახე ბრძოლები. დღიდან აღკვეცისა, დიდი მამები ბრძოლებს ითხოვდნენ, იმიტომ რომ, თუ არ გებრძვის ეშმაკი, ესე იგი არ გთვლის იმის ღირსად, რომ ბრძოლა გამოგიცხადოს. როდესაც გეწოდება, „შეიმოსს ანგელოზებრივ სქემას“, აი, მაშინ ეშმაკი კბილებს აკრაჭუნებს, რადგან, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი უკვე ზეციურ დასში ჩაირიცხა, უფალმა მიიღო თავისთან და გიცხადებს ბრძოლას. რა დღიდანაც დაგეწყება ბრძოლა, იმ დღიდან უნდა ჩათვალო, რომ უფალმა მოგხედა. ჩემთვის ხშირად უთქვამთ, შემეწიე, მამაო, ლოცვით, გამაძლიერე, ბრძოლა დამეწყო, უფალმა მომხედაო. გულში მიხარია, რომ დღიდან აღკვეცისა, ეს ბრძოლები მქონდა და პატრიარქმა მითხრა, გიხაროდეს, რომ შენ ეშმაკმა ბრძოლა გამოგიცხადა, უფალს უყვარხარ, ღვთისმშობელი დედა დედობრივ მზრუნველობას გიწევს და ამას გაუფრთხილდი, არ გაანაწყენოო.


скачать dle 11.3