რატომ ვერ დატოვა მარინა ბერიძემ ნიკო ნერგაძეზე საშიში ქალის შთაბეჭდილება და ვინ არის მისი ანტიდეპრესანტი
როგორც იქნა, „რუსთავი 2-მა“ გადადგა ის მძიმე ნაბიჯი, რასაც ეკრანზე ახალი სახის გამოჩენა ჰქვია – ოქტომბრიდან „ჯეოსტარს“ ჟიურის ახალი შემადგენლობა ეყოლება. თუმცა, ყველაზე თვალშისაცემი და განხილვის საგანი ნიკო ნერგაძის პიროვნება იქნება. ვინ არის, საიდან მოვიდა და რა უნდა? – ეს კითხვები მისი გამოჩენისთანავე მეც გამიჩნდა და მაშინვე ინტერნეტში „დავგუგლე“. გამოგიტყდებით, ამ ადამიანზე საერთოდ არ მქონდა წარმოდგენა და, რომ გავეცანი მის შემოქმედებას, საკუთარი თავის შემრცხვა. მას შემდეგ, რაც მე და „გუგლი“ ერთად დავიღალეთ ნიკო ნერგაძის გაცნობით, მაინც დამრჩა კითხვა: რა უნდოდა ამ პროფესიონალ ჟურნალისტსა და მელომანს ასკილის ბუჩქებში? მერე ისიც გავიგე, რომ ინტერვიუს არ იძლევა და, თქვენი აზრით, რა ვქენი? ისევ „გუგლი“ შევაწუხე – მოვქექე ინფორმაცია მისი საყვარელი როკ-ჯგუფის Guns N’roses შესახებ, მოკლე ტექსტური შეტყობინებაც გავამზადე, სადაც მივუთითე, რომ ამ თემაზე ვამზადებ სტატიას და დახმარება ვთხოვე.
ინტერვიუს დაწყებისას ჟურნალისტურ ხრიკს ჟურნალისტი მაშინვე მიმიხვდა და უსიტყვოდ „გაატარა“ ეს ამბავი. ცოტა დავიძაბე, რადგან პროფესიონალთან მქონდა საქმე, მაგრამ, ბოლოს მისი მეუღლის მოდუღებული უგემრიელესი ყავის სმასა და საუბარში ისე გავერთეთ, რომ ჩართული დიქტოფონი მასთან სახლში დამრჩა...
ნიკო ნერგაძე: ვარ 32 წლის, მყავს მეუღლე და 4 წლის ქალიშვილი – სოფო, რომელიც მამიკოს ანტიდეპრესანტია. ჩემი მეუღლე კინომხატვარია და მუშაობს თავისი სპეციალობით. უნივერსიტეტში ვსწავლობდი სოციოლოგიას, მაგრამ, ბავშვობიდან ჟურნალისტი ვარ, თავიდან ვმუშაობდი გაზეთ „7 დღეში“, ახლა ვმუშაობ რადიო „თავისუფლებაში“ – ვარ დილის და ახალგაზრდული პროგრამების წამყვანი. გარდა ამისა, ვმუშაობ „ჯიპაში“ და ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ასევე კავკასიის მედია სკოლაში, სადაც მარკეტინგისა და რეკლამის შესახებ ვკითხულობ ლექციებს.
– როგორ აღმოჩნდი „ჯეოსტარის“ ჟიურიში?
– „რუსთავი 2-ის“ გადაცემების პროდიუსერმა გიორგი ხაბურძანიამ დამირეკა და შემომთავაზა, რაც ერთის მხრივ გამიკვირდა კიდეც, თუმცა ბევრი არ მიფიქრია და დავთანხმდი.
– რით აღმოჩნდა ეს წინადადება შენთვის საინტერესო, ანუ, რამ დაგაინტერესა, რომ ამ წინადადებას დათანხმდი ასე სერიოზული მუსიკალური გემოვნების ადამიანი?
– პირველ ყოვლისა, დამაინტერესა ახალი გამოცდილების მიღებამ. ჩავთვალე, რომ შემეძლო იმ მოვალეობის შესრულება, რასაც ჩემგან მოელოდნენ. გარდა ამისა, საინტერესო იქნებოდა ბევრ ხალხთან ურთიერთობა და აღმოვჩნდებოდი ისეთ სიტუაციაში, სადაც, როგორც წესი, არ ვარ ხოლმე. პროექტი ძალიან საინტერესოა და, კარგადაც არის გაკეთებული. ქართულ ესტრადაზე ამ პროექტის მეტი არაფერი ხდება და ესეც რომ არ იყოს, ალბათ, მთლად უინტერესო გახდებოდა ეს სფერო. ის სხვა თემაა, ამ პროექტის შემდეგ ვინ რას აკეთებს და როგორ განაგრძობს კარიერას, მაგრამ, ფაქტია, რომ პროექტი დიდ შანსს აძლევს ახალგაზრდებს, საკუთარი თავი წარმოაჩინონ და თავისი ნიჭი გააცნონ სრულიად საქართველოს.
– „ჯეოსტარის“ „ფეისბუქის“ გვერდზე წავიკითხე ასეთი კომენტარი: ყველა ჟიურიში უნდა იყოს ერთი სოფო, ერთი „თავგასიებული“ და ერთი „დასტო“ ტიპი. შენ რა იმიჯი გექნება მორგებული?
– მეც და „რუსთავი 2-საც“ ჩემს როლში წარმოგვიდგენია ადამიანი, რომელიც სწორად ჩამოაყალიბებს თავის სათქმელს იმის შესახებ, თუ რატომ მოსწონს ან არ მოსწონს ესა თუ ის გამომსვლელი. გიგი სახალხო ტიპია, რომელიც მონაწილეებს თან ამხნევებს, ეფერება და, თან – შენიშვნას აძლევს; სოფო არის ადამიანი, რომელიც გამომსვლელებს მხოლოდ მუსიკალური სმენისა და ვოკალური მონაცემების ჭრილში აფასებს, რასაც მე ვერასოდეს გავაკეთებ – მაგ ამბავში ყრუ ვარ (იცინის); მე კი მექნება კარგი მსმენელის პოზიცია, რადგან კარგად ვიცი ეს სფერო, ბავშვობიდან სხვადასხვა ჟანრის ბევრ მუსიკას ვუსმენ, რაც, ერთგვარად, პროფესიადაც მექცა: ვიცი მსოფლიოში ვინ რა ალბომი გამოუშვა, ვინ რა სიმღერა ჩაწერა; წამიკითხავს და ვკითხულობ მუსიკალურ რეცენზიებსა და სტატიებს, ვიცი, როგორ და რა კრიტერიუმებით ფასდება, რა იწერება ამა თუ იმ შემსრულებელზე ან ჯგუფზე და თვეში ერთხელ ინტერნეტით ვიწერ უახლეს ალბომებს.
– თვითონ რა მიმდინარეობა მოგწონს?
– ძალიან მიჭირს იმის თქმა, როგორი მუსიკა მომწონს. ზოგადად, ყველაფერს ვუსმენ და, რა თქმა უნდა, ჩემი ფავორიტი შემსრულებლებიც მყავს, მაგრამ, ახლა რომ გადახედოთ ჩემს მიერ ჩამოტვირთულ ალბომებს, ნახავთ, რომ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ჟანრებია. მიყვარს გემოვნებით გაკეთებული სიმღერა და არ აქვს მნიშვნელობა, რა სტილია ან ვინ მღერის. ერიკა ბადუც მიყვარს და არეტა ფრანკლინიც. ყოფილა შემთხვევები, რომ ვიღაც კონკრეტული შემსრულებლის მიმართ ანტიპათიურად ვარ განწყობილი, მაგრამ, უცებ ისეთი ჩაუწერია, რომ იმ სიმღერაზე გავგიჟებულვარ. არ მესმის, რატომ უნდა მოიკლო კარგი სოული, როცა ძირითადად როკს უსმენ, თუმცა, არიან ადამიანები, ვისაც მხოლოდ ერთი მიმართულება აქვთ და სხვა არ აინტერესებთ.
– ქართულ მუსიკალურ საზოგადოებასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– არანაირი. ჟურნალ „ფლეიბოიში“ რომ ვმუშაობდი, მაშინ ნინა გავიცანი – ეგ იყო და ეგ. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, ვისაც ვიცნობ, მაგრამ, ახლო ურთიერთობა არ მაქვს, შესაბამისად, არც ქართულ შოუ-ბიზნესს ვიცნობ.
– არ იცნობ თუ არ ცნობ? ამაზე, შეგიძლია, არ მიპასუხო, მაგრამ, ეკრანზე აქტიურად რომ გამოჩნდები დარწმუნებული ვარ, ყველა იკითხავს, ეს ვინ არის, რა უნდა და საიდან მოვიდაო. როგორ უპასუხებ?
– ისინი, ვინც ამას იკითხავენ, შეუძლიათ, გადაშალონ თქვენი ჟურნალი ან ინტერნეტი თუ აქვთ, იქ ნახონ, ანდა, რადიო ჩართონ. გიორგი ხაბურძანია მხოლოდ ახლა გავიცანი კარგად, აქამდე პირადად არ მქონია ახლო შეხება, თუმცა, მან კარგად იცის, რას ვაკეთებ, ვინ ვარ და რა გამეგება მუსიკაში. სხვათა შორის, ადვილი საქმე მეგონა, მაგრამ, ცოტა გამიჭირდა ყველა მონაწილის სხვადასხვანაირად შეფასება.
– ალბათ, სახალისოც არის იმათი ყურება, რომლებიც მერე „პრიკოლებში“ ხვდებიან?
– სახალისოც არის და დამღლელიც, რადგან, ისეთივე ყურადღებით უნდა მოუსმინო მეოთხმოცე გამომსვლელს, როგორც პირველს, თუმცა, ბევრი იყო ისეთი, რომელსაც მოსმენა არ სჭირდებოდა – პირველი ბგერებიდანვე ხვდები, რომ ბავშვობაში ყურზე აქვს დაბიჯებული და ამ დროს დუნდები, მაგრამ, როცა ხვდები, კონკურსანტს რაღაც პოტენციალი აქვს, მაშინ ყურადღების მაქსიმალური კონცენტრირებაა საჭირო, რომ რაღაც არ გამოგეპაროს. ამაში სოფო განსაკუთრებულად ყურადღებით იყო და ზოგჯერ რაღაც მონაკვეთს მეორედ ამღერებდა ხოლმე, რომ რამე არ გამოჰპარვოდა. ისე „დნნ დშნს“ მსგავსი ჰიტები ჩვენთან არ ყოფილა, მაგრამ, როცა „პრიკოლები“ დამონტაჟდება და ეთერში გავა, იქ ყველაფერი სხვანაირად გამოჩნდება.
– როგორი რეჟიმით ცხოვრობ?
– მეოთხე წელია, ყოველ დილას, 9-ზე რადიოში დილის გამოშვება მიმყავს. ხომ ამბობენ, ერთი თუ რეჟიმში ჩაჯდები, მერე აღარ გიჭირს ადრე ადგომაო, მაგრამ, მე დღემდე ვერ შევეჩვიე. ჩემით ვერასდროს ვიღვიძებ, თუ მაღვიძარა არ დავაყენე. მერე ინსტიტუტებში და უნივერსიტეტებში მაქვს ლექციები, სტატიები მაქვს მოსამზადებელი და ასე გადის მთელი დღე; მერე მოვდივარ სახლში და ჩემს შვილთან ერთად ვთამაშობ; დრო თუ მრჩება, კომპიუტერული თამაშებით ვერთობი, მუსიკას ვუსმენ და ვიძინებ. ახლა ყველაფერ ამას „ჯეოსტარიც“ დაემატა.
– არ გეშინია, რომ საზოგადოებამ შენი პერსონისა და იმიჯის შედარება მოახდინოს ჟიურის რომელიმე ყოფილ წევრთან და რაღაცეებში გაგაკრიტიკონ, ან, პირიქით – შეგაქონ?
– ვისთან უნდა მოახდინონ? მარინა ბერიძესთან? მარინაც ჟიურიში იქნება და, შესაბამისად, ამის საშიშროება აღარ არის. ქასთინგებზე ჟიურის ახალი შემადგენლობა ვიყავით, მაგრამ კონკურსი რომ დაიწყება, ქალბატონი მარინაც შემოგვიერთდება – ეს თავიდანვე ასე იყო ჩაფიქრებული. გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ ბევრს ეშინოდა მარინა ბერიძის – მწარე ენა აქვსო – და ქასთინგებზე აღარ მოდიოდნენ. ეს თვითონ ქალბატონმა მარინამაც თქვა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში. ეს ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რომ ქასთინგებზე არ ყოფილიყო, რათა მეტი ხალხი მოსულიყო და არ დამფრთხალიყვნენ. როგორც ჩანს, ხალხს მართლა ეშინია მისი. მართალია, მე კარგად არ ვიცნობ, რადგან, სულ ერთხელ შევხვდი, თანაც, პროექტთან დაკავშირებით გავიცანით ერთმანეთი და საშიში ქალის შთაბეჭდილება არ დაუტოვებია (იცინის).
– ნიკო, ხალხი ალბად უკვე გცნობს ქუჩაში და ცოტა ხანში ზეპოპულარული გახდები. როგორც წესი, ტელევიზიებს უმძიმთ ახალი სახეების აღმოჩენა-გამოჩენა, მაგრამ, თუ გამოაჩინეს მერე „ნონსტოპის“ რეჟიმში ჰყავთ. შენს შემთხვევაში რას უნდა ველოდოთ?
– ზუსტად ვიცი და პირობას გაძლევთ, ჩემს შემთხვევაში ამას ადგილი არ ექნება. არასდროს მქონია იდეაფიქსად ტელევიზიაში მუშაობა, თუმცა, ყოველთვის მაინტერესებდა შიდა სამზარეულო, ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები და რაღაც ახლის კეთება, მაგრამ, ის, რომ ყველა შემოთავაზებას დავთანხმდე ეკრანზე გამოსაჩენად – ასე არ მოხდება. რასაც რადიოში ვაკეთებ, ძალიან მომწონს და მიყვარს, თუმცა, თუ რამე საინტერესო პროექტს შემომთავაზებენ, რატომაც არ დავთანხმდები, მაგრამ „იმედთან“ არასოდეს ვიმუშავებ.