რატომ მოსწონს ლევან ჯიბღაშვილს „ქიშმიშიანი“ გოგოები და რისი მონაცემები არ აქვს ნუკი კოშკელიშვილს
სატელევიზიო სეზონის დაწყებას ორივე სამუშაო განწყობით ხვდება: „დეტექტივების” გადაღებები განახლდება, ნუკი კოშკელიშვილი კი „იმედზე” ახალ გასართობ გადაცემას წაიყვანს. თუმცა, მისი და ლევან ჯიბლაშვილის საუბარი სამსახურებრივ საკითხებს ბევრად გასცდა.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ნუკი კოშკელიშვილი
– პირველ ყოვლისა, სერიალის ბედი მაინტერესებს – აგრძელებთ თუ არა?
– აუცილებლად გრძელდება – ეს არის ბოლო ცხელ-ცხელი ინფორმაცია. მესამე სეზონი იქნება, მაგრამ, როდის და როგორ დავიწყებთ, ამაზე ზარს ველოდებით. სავარაუდოდ, შემადგენლობა იგივე რჩება, რაც წინა სეზონში იყო, მაგრამ, რაღაცეები, ალბათ, შეიცვლება: ვიღაცეები დაწინაურდებიან, ვიღაცეებს გაათავისუფლებენ.
– პროფესიით მსახიობი ხარ და, რა გირჩევნია – თეატრი თუ კინო?
– იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომ თეატრს არ ვეკარები, ალბათ, კინო. მაგრამ, ეს დაახლოებით იგივე შედარებაა, რომ მკითხო, ქერა ქალი გირჩევნია თუ შავგვრემანიო. რადიკალურად განსხვავდება თეატრი და კინო ერთმანეთისგან. მსახიობი მაყურებლისგან იღებს სიამოვნებას. როდესაც შენს ნამუშევარს ეკრანზე ხედავ, იქიდან სხვა სიამოვნებას განიცდი, სცენაზე კი იმ წამებში, ცოცხლად ხდება ემოციების გაცვლა-გამოცვლა. თეატრი ამ მხრივ გაცილებით მაგარ შეგრძნებებს იწვევს – ეგრევე გრძნობ შედეგს. აბა, კინოში, შეიძლება, ორმოცი წუთი ტალახში ეგდო, მერე ის სერია ორი თვის შემდეგ გავიდეს და ის ემოციები სულ გაციებული იყოს.
– რატომ თქვი, თეატრს არ ვეკარებიო?
– არც ერთ თეატრში არ ვარ. ამის სურვილი, სადღაც, შეიძლება მაქვს, მაგრამ, არ მინდა, რადგან მაშინ მთლიანად უნდა შეიცვალოს ჩემი ცხოვრების წესი. თეატრი ძალიან დიდ დროს მოითხოვს – დილით რეპეტიცია, საღამოს სპექტაკლი და ასეა ყოველდღე. ასეთ რეჟიმში რომ გადავიდე, ჩემი საქმე ცუდად იქნება. სხვა ბიზნესები მაქვს, რომლებსაც ჩემი მიხედვა სჭირდება. მაგალითად, დღევანდელი დილა ამწეზე დავიწყე (იცინიან).
– ბიზნესებზე მოგვიყევი.
– ბავშვთა გასართობი კომპლექსები და ცენტრები მაქვს...
– საინტერესოა. შოუ და ბიზნესი – არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა. ეს კომერციული მიზნით გადაწყვიტე თუ ბავშვების სიყვარულით?
– შვილები არ მყავს და როგორ გითხრა?! კარგი ბიზნესია, თან, ისეთ საქმეს აკეთებ, საიდანაც, როგორც ბავშვებს ანიჭებ სიხარულს, ისე დიდებს (იცინიან).
– არჩევნის წინაშე რომ დადგე – იყო წარმატებული ბიზნესმენი ან წარმატებული მსახიობი – რომელს აირჩევ?
– თუ საქართველოს ფარგლებს გასცდება, მაშინ, მირჩევნია, წარმატებული მსახიობი ვიყო.
– ანუ, შენ მატერიალისტურად აზროვნებ.
– არა, უბრალოდ, აქ წარმატების პიკს ძალიან მალე აღწევ, მაგრამ, მერე, შეიძლება, არავის და არაფერში აღარ დასჭირდე, რადგან რაღაცით დაიბრენდები, ვიღაცის სახედ აღიქმები – მხოლოდ იმასთან ასოცირდები, რაც მანამდე გააკეთე; ანუ, ძალიან პატარა წრეა და არ გეძლევა ნიჭის გამოვლენის საშუალება. რამდენი მსახიობია წასული ტელევიზიაში, გახდა შოუმენი, წამყვანი და – მორჩა, იმის იქით ვეღარ მიდის. მსახიობის „კაიფი” კი ის არის, რაც მეტ როლს შეასრულებს, მეტ „ობრაზში” შევა, რაც საინტერესო სახეს შექმნის. აქ ჯერ გადაღებებია ძალიან ცოტა, თანაც, ყველა გადაღებაზე საგიჟეთია, ვერ გაიგებ, რა როგორ არის. ანუ, მატერიალურს რომ თავი დაანებო, ყველაფერი ის, რითაც ეს პროფესია გავსებს, საქართველოში ძალიან დაბალ დონეზეა. აქ რაღაც ადგილამდე მიხვალ და მერე იქ ან ჩერდები, ან უკან მოდიხარ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აქ ორი მოქმედი კინოთეატრია.
– აღნიშნე, რომ შვილი არ გყავს. შეყვარებული თუ გყავს?
– არა, ჩიტივით თავისუფალი ვარ. მყავდა შეყვარებული, მაგრამ, დავშორდით.
– გყვარებია ოდესმე, ოღონდ, ძალიან ძალიან?
– კი. იმასაც ვყვარებივარ, მეც მყვარებია და საკმაოდ დიდი და ხანგრძლივი ურთიერთობაც გვქონდა, მაგრამ, მოხდა ისე, რომ დღეს ერთად აღარ ვართ...
– მომიყევი დეტალები – მე ხომ „ყოფილი ცოლების კლუბი” მიმყავდა (იცინიან).
– სამი წელი ვიყავით ერთად, ძალიან კარგად, მაგრამ, მერე უკვე მოვიდა ეტაპი, რომ რაღაც უნდა შეცვლილიყო... მოკლედ, დავშორდით.
– რატომ არ მოიყვანე ცოლად?
– არ ვიცი, არ მიმაჩნდა საჭიროდ, არ იყო ამის სიტუაცია.
– ბევრ გოგოს, რომელიც ამ ჟურნალს კითხულობს, შეიძლება უნდა, რომ შენი შეყვარებული იყოს. გვითხარი, როგორი გოგოები მოგწონს?
– ქერა და შავგვრემანი!
– ხასიათს გეკითხები, გარეგნობას არ ვგულისხმობდი.
– როგორ გითხრა... პიროვნული ღირებულებები ისაა, რაც, ალბათ, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს: დადებითი ტიპი, ზრდილობიანი, ლამაზი სულის პატრონი უნდა იყოს... (იცინიან). არა, ისე, სიმართლე გითხრა, შეიძლება, ძალიან ლამაზი იყოს გოგო, ყველაფერი მოგეწონოს, მაგრამ, ის რაღაცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც მისკენ გიზიდავს – არ ჰქონდეს...
– „ქიშმიში“, ანუ, „იზიუმინკას” რომ ვეძახით.
– ზუსტად, ქიშმიში სჭირდება: ქარიზმა, ენერგეტიკა – მსგავსი, რაღაც აუცილებლად საჭიროა. თუ ქალში ვერ დავინახე ის რაღაც, რაც მაბრუებს, თავბრუს მახვევს, აზროვნების უნარს მაკარგვინებს – ის არ მაინტერესებს.
– ეს ქარიზმა ყველას სჭირდება, მიუხედავად იმისა, საყვარელი და მხიარული გოგო მოსწონს თუ იდუმალი და „სწერვა”.
– აი, ზუსტად ის ვარ, რომელსაც იდუმალი და „სწერვა” არ მიყვარს. მომწონს საყვარელი, ლამაზი, მხიარული, ენერგიული, ხალისიანი, გემრიელი გოგოები, მაგრამ, ცანცარობას არ ვგულისხმობ. სადღაც სკამზე რომ დასვამ, სამი საათი მუდოსავით არ უნდა იჯდეს, მაგრამ, არც ჭკუიდან უნდა გადავიდეს. თან, ეშხიანი, შოკოლადივით გემრიელი უნდა იყოს.
– ახლა ის გვითხარი, შენ როგორი ხარ, რამდენ გოგოს უტირია, უსაყვედურია, გაულანძღავხარ იმის გამო, რომ ცხოვრება დაუნგრიე...
– შენ ვისზე ლაპარაკობ, ოჯახებს რომ ანგრევ. (იცინიან) ბინ ლადენის დისშვილია ერთი, ის ქვეყნებს ანგრევს და შენ – ოჯახებს. ყვავმა ყვავს უთხრა – რა შავი ხარო.
– ყოჩაღ, კარგი იყო. მაგრამ, მაინც გვითხარი, მართალი ხარ ურთიერთობაში?
– არ ვეთამაშები, თუ მინდა – მასთან ვარ, არ მინდა და – მივდივარ. თუმცა შეიძლება სამთან ან ოთხთან იყო და ყველასთან გულწრფელი (იცინიან). არა, ვხუმრობ, რა თქმა უნდა. სიყვარული ჩემთვის სულ სხვა ფენომენია, ის არ არის აუცილებელი ქალთან ურთიერთობისას, ისედაც შეიძლება, ვინმესთან ძალიან კარგად გრძნობდე თავს და მაინცდამაინც სახელი არ დაარქვა. ყოველ მეორე, ახალგაცნობილ გოგოს რომ „შეყვარებულს“ არქმევენ, ძალიან არ მომწონს. შეიძლება, ორი-სამი თვე გქონდეს ურთიერთობა, სიყვარული არ გაჩნდეს და გაუშვა. მაგრამ, ყველაფერი ის, რაც მანამდე მოხდა, ძალიან სასიამოვნო და საყვარელი იყო შენთვის. სიყვარული სულ სხვა რამაა და, არ შეიძლება, ასე მარტივად დაარქვა ნებისმიერ ურთიერთობას.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ლევან ჯიბღაშვილი
– რა ხდება შენს ცხოვრებაში გარდა იმისა, რომ ოჯახებს ანგრევ?! კარიერაში რა ხდება? „აკვა-პარკში” გაგიცანი, „მის საქართველო“ იყო, თუ სწორად მახსოვს.
– კარიერაში ხდება ის, რომ გადაცემას ვიწყებ. რას – ჯერ კონკრეტულად არ ვამბობ, საიდუმლოდ ვტოვებ, მაგრამ, მკითხველი მალე გაიგებს.
– ისე, ოჯახების დანგრევა იქნება?
– არა. იქნება სახალისო, გასართობი, საყოველთაო გადაცემა. პირობითად, შენ „ყოფილი ცოლები” თუ არ გაინტერესებდა, ამ გადაცემას ნამდვილად უყურებ.
– რატომ? „ყოფილი ცოლები” საინტერესოა. როდიდან გავა?
– დაახლოებით 24-დან უკვე ჩაიტვირთება, მაგრამ, ეთერში როდიდან გავალ, ზუსტად არ ვიცი.
– მინდა აღვნიშნო, რომ ამ გოგოს ძალიან ლამაზი კბილები აქვს.
– რა გავაკეთო?! დიდი მადლობა.
– რა უნდა გააკეთო? არც არაფერი. ძალიან ძნელია პოპულარული ადამიანის გვერდით ყოფნა, მით უმეტეს – ქალის. შენთან დაკავშირებით ეს ამბავი როგორაა?
– გადასარევად. არასდროს მიგრძნია დისკომფორტი იმის გამო, რომ ცნობილი სახე ვარ, პოპულარული ვარ ან რაღაც ეგეთი. პირიქით, სიამაყეს ვგრძნობ მის თვალებში, როდესაც ბავშვი მოვა ჩემთან და მეტყვის: „უი, შენ ნუკი არ ხარ? მიხარია შენი ნახვა!..“
– რა ბავშვი, „ბაბილინა” მიგყავს (იცინიან).
– კარგი, როდესაც ბიჭი, შენგან განსხვავებით, პრესზე ექვსი კუბიკით მოვა და მეტყვის, „ვაიმე, შენ ნუკი არ ხარ? სასიამოვნოა შენი ნახვა!..“ – ეს მას ყოველთვის უხარია და ეამაყება.
– შენი შეყვარებული მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს. როდესაც შენი საყვარელი ადამიანი დაფასებულია, მიღებულია, ლამაზია, სექსუალურია, ჭკვიანია, არ აქვს მნიშვნელობა, რა ასპექტში უყვართ, ქალია თუ კაცი – ეს საამაყოდ უნდა მიიღო და გსიამოვნებდეს. ბედნიერი უნდა იყო იმით, რომ ისეთი მაგარი ქალი ან კაცი გყავს გვერდით, რომელსაც ათასობით ადამიანი აფასებს.
– ძალიან კარგია ეს ურთიერთობა იმიტომ, რომ აბსოლუტურად ვენდობით ერთმანეთს. რომც ვუთხრა, სადღაც სასწაულ ადგილას მივდივარ- მეთქი, არაფერს მეტყვის, რადგან, იცის – თუ ვთქვი, ესე იგი, საჭიროა, ტყუილად არ წავალ და არც არაფერს დავაშავებ. ამიტომაც არ ვქმნით ზედმეტ პრობლემებს. მართლა იდეალურია ეს კავშირი. ციდან ჩამოვარდნილი არ ვარ, მანამდე სხვა შეყვარებულებიც მყავდა და ვიცი, როგორც იქცევიან. ეს კი ჩემთვის ნაცნობი ყველა მამაკაცისგან სრულიად განსხვავდება. ის არის ბიჭი, რომელსაც ყველანაირ თემაზე ველაპარაკები; არის ჩემი მეგობარი, დაქალი, ძმაკაცი, დედა, მამა და ყველაფერი. ვიცი, რომ უაზროდ არასდროს იეჭვიანებს; ყოველთვის გამიგებს, რაც არ უნდა გავაკეთო; ვიცი, თუ შეცდომას დავუშვებ ან ისეთ საქციელს ჩავიდენ, რაზეც, შეიძლება, ყველამ ზურგი შემაქციოს, დარწმუნებული ვარ, ის იტყვის: „რას ვიზამთ, ჩვენ ეს გავაკეთეთ“... – ანუ, სულ „ჩვენ” ვართ, არ არსებობს ჩემი და მისი პრობლემა, ყველაფერი საერთოა.
– ბედნიერი ადამიანი ყოფილხარ...
– ნამდვილად. თან, გიჟდება ბავშვებზე, არის მხიარული... ჩემმა დამ მითხრა, რომ პირველი ადამიანია, ვინც ძალიან შემიყვარდაო. უბრალო ურთიერთობა გვაქვს, არ ვძაბავთ ერთმანეთს და ცხოვრებას არ ვურთულებთ.
– უბრალო, რომელიც ყველაზე ღირებულია. გაგიმართლა. თეთრი კაბა როდის იქნება?
– ჯერ არა. არ გვეჩქარება არც მე და არც მას. ტოლები ვართ – ორივე 21 წლის და ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს. იმიტომ კი არა, რომ ჯერ საქმეზე ვფიქრობ ან ერთად გაგვიჭირდება. არა, ზუსტად ვიცი, ძალიან კარგად ვიქნებით. უბრალოდ, ჯერჯერობით არ გვინდა, ბევრი მიზეზის გამო, რადგან მინდა, ჯერ კარგად მოვაწყო ის პირადი, რომელიც მასთან შეხებაში არ არის – ვგულისხმობ სამსახურს და სხვა საკითხებს: იგივე მომენტი აქვს მასაც.
– იგივე მომენტი მქონდა, არ ვჩქარობდი, ვმუშაობდი, ყოველდღე გადაღებები მქონდა...
– მას კი უნდოდა, სულ მის გვერდით ყოფილიყავი.
– დაახლოებით.
– ხომ ხედავ, ჩემთან სრული იდილია და ბედნიერებაა. ისე, კი გვიკამათია, მაგრამ, ეს წამიერია, მთავარია, რომ არ გვიჩხუბია არასდროს, გაბუტვა ხომ – გამორიცხულია.
– რამდენი ხანია, ერთად ხართ?
– უკვე ნახევარი წელია.
– ჯერ ყველაფერი კარგი წინ არის. სამოდელო კარიერას თავი დაანებე?
– არ მეტყობა, რომ დავანებე?
– ასე მაშინაც გეტყობოდა – ფერ-ხორცი არ გაკლდა (იცინიან).
– პრინციპში, ასეა. რა საზიზღარი ხარ!
– რატომ ვარ საზიზღარი? ქალს ხორცი ხომ უნდა ჰქონდეს? მართალია, იმდენი არა, რომ შენი ადგილი აღარ იყოს, მაგრამ, ხელს უნდა ავსებდეს, თვალსაც უნდა ავსებდეს და გულსაც. ძალიან გამხდარი – საშინელებაა.
– კი, მაგრამ, ძალიან გამხდარია მოდელობისთვის გადასარევი. ჩემს მონაცემებს აბსოლუტურად საღად აღვიქვამ და ვიცი, რომ არც გარეგნობა მაქვს მოდელის, არც წონა და ასე შემდეგ.
– არიან ჩემზე ბევრად კარგი მოდელებიო, რომ ამბობ, უცნაურია, რადგან იმ „მაგარ მოდელებს“ იმდენისთვის ნამდვილად არ მიუღწევიათ, რამდენსაც შენ მიაღწიე.
– კი, მაგრამ, მე არასამოდელო სფეროში მივაღწიე. ისინი კი, იმ სფეროში, დარწმუნებული ვარ, ჩემზე გაცილებით მეტს მიაღწევენ.
– აი, ეს არის საქართველო რაა! – ვერ გაიგებ, სად, როდის და რას მიაღწევ, საიდან დაიწყებ და სად ამოყოფ თავს!..