რომელმა ქართველმა მეფემ გაიზიარა თავდაპირველად მონღოლთა წესი და ერთდროულად სამი მეუღლე დაისვა სასახლეში
საქართველოს ისტორიის ეგრეთ წოდებული „ასწლოვანი მატიანის” ავტორის ვინაობა დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო. ამის გამო ივანე ჯავახიშვილმა მას პირობითად „ჟამთააღმწერელი” უწოდა. ისტორიკოსი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე მიიჩნევს, რომ ჟამთააღმწერელი და ასწლოვან მატიანეში მოხსენიებული მღვდელ-მონაზონი მოსე – ერთი და იგივე პიროვნებაა, ანუ, ის პირი, ვინც საკუთარი თვალით იხილა დემეტრე თავდადებულის სიკვდილით დასჯის სცენა და ვინც პირადად მიიღო მონაწილეობა ქართველი მეფის ნეშტის მოპარვისა და გაპატიოსნების ოპერაციაში.
ვაჟა კიკნაძე: ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა შეეხება დემეტრე მეორის დასჯის პროცესს, რომელიც 1289 წლის 12 მარტს მოხდა. კერძოდ კი, ამ დასჯის სცენაში ერთ-ერთ გამორჩეულ პიროვნებას, რომლის მიმართაც სათანადო ყურადღება არ არის მიქცეული. პირადად მე მიმაჩნია, რომ ის არის უნიკალური ქართული ასწლოვანი მატიანის ავტორი, ანუ, ეგრეთ წოდებული ჟამთააღმწერელი. ეს გახლავთ მღვდელ-მონაზონი მოსე.
– რა იძლევა ასეთი დასკვნის საფუძველს?
– 1288 წლის ბოლოსთვის, საილხანოს კარზე, რომელსაც მაშინ საქართველო ემორჩილებოდა, შეთქმულება გამჟღავნდა. მის ორგანიზებაში დადანაშაულებულ იქნა მაშინდელი საყაენოს პირველი ვეზირი – ბუღა. იგი არა მარტო ახლო ურთიერთობაში, არამედ ნათესაურ კავშირშიც იმყოფებოდა დემეტრე მეორესთან – მის შვილს ცოლად ჰყავდა დემეტრეს ქალიშვილი. მაშინდელი მონღოლური წესებით, ეს საკმარისი ფაქტი იყო იმისთვის, რომ ბუღას შემდეგ საყაენოში დემეტრე მეორე დაებარებინათ. მეფეს კარგად ესმოდა, თუ რას ნიშნავდა საყაენოში გამოცხადება ამ ბრალდებით. ამიტომ, მან დარბაზი მოიწვია, რომელმაც მას მთიულეთში გახიზვნა ურჩია. „არ ღირს ჩემი სიცოცხლე იმად, რომ მრავალი ადამიანის სისხლი დაიღვაროს ჩემი ერთის წილ”, – იყო დემეტრეს პასუხი. საერთოდ, გმირს არა მარტო გარემო და დრო, არამედ ავტორიც ქმნის. ხომ შეიძლებოდა, ეს ისტორია სხვანაირად გადმოეცა სხვა ავტორს?! მიუხედავად მეფისადმი სიყვარულისა, ჟამთააღმწერელი ვერ მალავს დემეტრეს ბევრ უარყოფით თვისებას. მაგალითად, მისთვის ყოვლად წარმოუდგენელი იყო, რომ დემეტრემ, პირველმა ქართველ მეფეთა შორის, მონღოლური წესი გაიზიარა და სამი ცოლი ერთად შეირთო, ხოლო თავისი ქალიშვილი, თამარი, ცოლად გაატანა ერთ-ერთ მონღოლ დიდებულს. ეს იყო ქრისტიანული წესების აბსოლუტური გათელვა. მაგრამ, დააკვირდით, იგივე ჟამთააღმწერელი ძალზე მკაცრად მოიხსენიებს ლაშა-გიორგის, რომელმაც გათხოვილი ქალი წაჰგვარა ქმარს. მართალია, ეს ქალი მეფეს მართლა შეუყვარდა, მაგრამ, შემდეგ, როდესაც მასზე ქორწინების ნება არ მისცეს, დააბრუნა და სხვა აღარავინ შეირთო. ჩვენმა დიდმა მემატიანემ, ივანე ჯავახიშვილმა, ეს ორი დიდი მეფე ერთმანეთს შეადარა და ლაშას სასარგებლოდ გამოიტანა დასკვნა. მისი „ქართველი ერის ისტორიის” ხელნაწერისა და ნაბეჭდი ტექსტების შედარებისას, აღმოვაჩინე, რომ ივანე ჯავახიშვილის ხელნაწერის ერთი აბზაცი საერთოდ არ იყო წიგნში დაბეჭდილი. ალბათ, იმიტომ რომ იგი ძალიან მკვეთრად აკრიტიკებს დემეტრეს და ამბობს: „თუ ლაშამ თავისი სიყვარული მხოლოდ ერთს გაუნაწილა და სხვა აღარავინ ინდომა, დემეტრემ თავისი სექსუალური გრძნობა ერთით ვერ დაიკმაყოფილა და სამსაც კი გაუნაწილა ერთდროულად” – სავარაუდოდ, ამ ფრაზის გამო ამოიღო ცენზურამ ეს აბზაცი. ალბათ, ვერავინ შეიტანს ეჭვს ჯავახიშვილის ობიექტურობაში. აქედან კი მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ჟამთააღმწერელი ცდილობს, რაც შეიძლება შეამსუბუქოს დემეტრეს უარყოფითი თვისებები. ეს თუნდაც იქიდან ჩანს, რომ ის დემეტრე მეფეზე ასეთ რამეს წერს: „უამრავ სიკეთითა აღვსილი – მცირედ ბოროტებად მიდრკა.” ეს „მცირედ ბოროტება” იყო სამცოლიანობა. არადა, ამ საქციელის გამო, მისმა თანამედროვე კათალიკოსმა ულტიმატუმი წაუყენა დემეტრეს – გადავდგებიო და, რადგან ეს არაფრად ჩააგდო მეფემ, კათალიკოსი მართლაც გადადგა. ამავე დროს, დემეტრეს ძალიან ჰყვარებია ძვირფასეულობა. მეფე ობლობაში იზრდებოდა. მისი მეურვე სადუნ მანკაბერდელი, ყველაფერს აცლიდა მას ხელიდან, მათ შორის ქალაქებსაც კი. „მოივერაგა” ასეთ სიტყვას ხმარობს ჟამთააღმწერელი მის მიმართ. მან ახალგაზრდა და გამოუცდელი მეფისგან ხელთ ჩაიგდო: ბელაქანი, დმანისი, თელავი... მეფეს არ ჰქონდა ხოლმე ფული და სადუნისგან სესხულობდა. მაგალითად, თბილისში მდებარე მეტეხის ტაძარი დემეტრემ სადუნისგან ნასესხები ფულით აღადგინა. როგორც ჩანს, ამიტომ განუვითარდა მეფეს ოქრო-ვერცხლის სიყვარული, რაც, არ შეიძლება, ქრისტიანისთვის დადებით თვისებად ჩაითვალოს და ამას ვერ მალავს ჟამთააღმწერელი, თუმცა, ისე ფრთხილად შემოაქვს ასეთი საკითხები, თითქოს ისინი მეორეხარისხოვანი იყოს. დემეტრეს ის დადებითი სახე, რაც ჩვენ შემოგვრჩა, ასწლოვანი მატიანის ავტორის დამსახურებაა.
– არსებობს ვერსია, თითქოს მონღოლების წინაშე წარმდგარ დემეტრეს იმედი გაუჩნდა, რომ მას სიკვდილით აღარ დასჯიდნენ და ეს განწყობა მონღოლებშიც იგრძნობოდა სასამართლოს მსვლელობისას.
– ნამდვილად ჰქონდა იმედი დემეტრე მეფეს, რომ გამოუძიებლად არ დასჯიდნენ. სასამართლო მუღანის ველზე გამართულა – იქ, სადაც მონღოლთა საზაფხულო სადგომი იყო. ჟამთააღმწერელი გვიამბობს, რომ მეფეს გამოკითხვის შემდეგ „არგნითა სცესო”. არგანი ერთგვარი ჯოხი იყო, რომელსაც, თუ დაარტყამდნენ განსასჯელს, სიმბოლურად ეს შეწყალებას ნიშნავდა. ამიტომ ჰქონდა მეფეს იმედი, რომ არ დასჯიდნენ სიკვდილით. ჟამთააღმწერლის სიტყვით, მეფის დასჯაში გადამწყვეტი როლი უთამაშია ხუტლუ ბუღას, სადუნის, დემეტრეს მეურვის ძეს. მეფემ მას თავის დროზე არ მიანიჭა ათაბაგობა და ამირსპასალარობა, რომელიც მამამისს ჰქონდა, მხოლოდ ამირსპასალარობა დაუტოვა და, ხუტლუ ბუღამ მეფეს სამაგიერო ამგვარად გადაუხადა. მისი შეთავაზება ასეთი ყოფილა: დავსაჯოთ დემეტრე სიკვდილით, მის ადგილზე კი გადმოვიყვანოთ დასავლეთ საქართველოდან დავით ნარინის ძე და ამ გზით გაერთიანდება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო მონღოლთა ხელშიო. ამ სიტყვებმა გადაწყვიტა დემეტრეს ბედი.
მთელი ეს სცენები ისე აქვს აღწერილი ჟამთააღმწერელს, თითქოს ის, ვინც ამ ამბავს მოგვითხრობს, უშუალოდ შეესწრო დასჯის პროცესს. სავარაუდოდ, ავტორი სასულიერო პირი უნდა ყოფილიყო და ის მუდამ მეფის გვერდით იგულისხმება. მეფემ ზიარება მიიღო, – განაგრძობს ის. მემატიანე ცდილობს, რომ სასოწარკვეთილი არ წარმოგვიჩინოს მეფე. ხუტლუ ბუღაც იქ ყოფილა იმ მომენტში. მისთვის მეფეს უთქვამს, თუ გწადია, შემეწიე ყაენთან, თუ ვერ შეძლებ, იქნებ, ჩემს ძეს, დავითს მაინც შეეწიოო. მან დახმარება აღუთქვა, თუმცა, სიტყვა სიტყვადვე დარჩა.
– შესაძლოა, ჟამთააღმწერელი, მართლაც ახლდა დემეტრეს სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში, მაგრამ, რა ვიცით, რომ ის იყო მღვდელ-მონაზონი მოსე?
– ავტორის თქმით, დემეტრე მეფის დასჯის ადგილზე მისული იყვნენ დიდებულები, კათალიკოსი და „მისი (მეფის) გაზრდილი, მღვდელ-მანაზონი მოსე.” ასე რომ, პერსონალურად მხოლოდ მოსეს ახსენებს. ამ ფრაზამ მიიქცია ჩემი ყურადღება – ვინ არის ეს მოსე და რატომ ჩნდება იგი ასე უეცრად? დასჯის მომენტში ის კიდევ ორჯერ არის მოხსენიებული. მოსე იყო მეფის „გაზრდილი,“ ოღონდ, გაზრდილი არა დღევანდელი მნიშვნელობით. ნიკო ბერძენიშვილი განმარტავდა: გაზრდილობა ფეოდალური ინსტიტუტია, რომელიც მეფის გარშემო კრებდა იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე ერთი თავით მაღლა იდგნენ სხვებზე, რადგან მეფესთან იზრდებოდნენ და შემდეგში მეფის უერთგულესი ადამიანები ხდებოდნენ. მოსე დემეტრეს წრისაა, მასთან იზრდება, თან, ამავე დროს სამღვდელო პირია. აშკარად ჩანს, რომ ამ მატიანის ავტორიც საეკლესიო პირია. სხვა დეტალებს რომ თავი დავანებოთ, ისტორიას, იმ ხანად, მხოლოდ საეკლესიო პირები წერდნენ. ბევრი დამთხვევაა: ეს ადამიანი უაღრესად განათლებული პიროვნებაა და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ის მეფის კარზე იზრდება, არის დემეტრეს ერთგული, საეკლესიო პირია და ამაზე არავინ დავობს. ირკვევა ისიც, რომ ამ დროისთვის იგი საკმაოდ ახალგაზრდა უნდა იყოს. აშკარაა, რომ, როდესაც დემეტრე სიკვდილით დასაჯეს, 30 წლის ძლივს იყო და მისი თანაშეზრდილი მასზე უმცროსი იქნებოდა და არა უფროსი. მოსე, ასევე, მონაწილეობს უფლისწული დავითის გადარჩენის საქმეში, რომელიც მძევლად იმყოფებოდა მუღანის ველზე.
– როგორ მოხერხდა დემეტრეს ნეშტის საქართველოში ჩამოტანა?
– ხსენებული მღვდელ-მონაზონი მოსე ისევ ჩნდება დემეტრეს სიკვდილით დასჯის შემდეგ. მონღოლთა წესის თანახმად, დასჯილის ნეშტის გაპატიოსნება და მისი დაკრძალვა აკრძალული იყო. ის საცხოვრებელი ადგილიდან შორს უნდა ყოფილიყო გადაგდებული. ამავე დროს, გვამს მონღოლები დღედაღამ იცავდნენ. ქართველებს გადაუწყვეტიათ, ფარულად გაეტაცათ მეფის გვამი და შესაბამისი პატივით დაეკრძალათ საქართველოში. სწორედ ამ დროს კვლავ ჩნდება ზემოთ ხსენებული მოსე. როგორც მატიანეშია აღნიშნული, ამ მიზნით, „კათალიკოსმან და მოსემ იყიდნეს კაცნი,” ანუ მონღოლები მოისყიდეს. ამის შემდეგ, ცხონებული მეფის ცხედარი ქართველებმა შუაღამისას მოიპარეს და ამ საქმეში უშუალოდ მოსეც მონაწილეობდა. ის რომ ახალგაზრდა და ფიზიკურად მობილური არ ყოფილიყო, ნამდვილად ვერ მიიღებდა მონაწილეობას ასეთ სარისკო საქმეში. მღვდელ-მონაზონი მოსე ამ შემთხვევაშიც ნეიტრალურადაა წარმოდგენილი, რაც მემატიანისთვის დამახასიათებელი არ არის. სწორედ ეს მომენტი გვაფიქრებინებს, რომ ეგრეთ წოდებული ჟამთააღმწერელი აქ საკუთარ თავს მესამე პირში მოიხსენიებს; ეს, ალბათ, იმიტომ გააკეთა, რომ საერთოდ დავიწყებას არ მისცემოდა მისი ღვაწლი საკუთარი მეფის წინაშე. მეორე მხრივ კი, ქრისტიანი მემატიანისთვის უხერხულია, ხაზგასმით აღნიშნოს საკუთარი ღვაწლი. არადა, მღვდელ-მონაზონ მოსეს მხრიდან ეს დიდი თავგანწირვაა: თუ ოპერაცია ჩაიშლებოდა, მას და სხვა ქართველებს საზარელი სიკვდილი ელოდათ. საბოლოოდ, მოსემ და მისმა თანამოაზრეებმა წარმატებით დაასრულეს ეს საქმე – ქართველ თევზით მოვაჭრეებს გამოატანეს საქართველოში და წამებული დემეტრეს გვამი მცხეთაში, სვეტიცხოველში დაკრძალეს.