ვინ „გადაიბირა” კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, კახა შენგელიამ საკუთარ ბანაკში და სად დაჰყვება ის სტუდენტებს ღამღამობით
მაშინ, როცა უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყო ორი დაფა და ორი მერხი ჰქონდა. მისი ცხოვრებაც ამ გზას ჰგავდა, სამტრედიიდან სასწავლებლად ჩამოსულ ბიჭს დიდ ქალაქში არც დამხმარე ჰყავდა და არც ხელის შემშველებელი... ბევრი სირთულე გადალახა, მაგრამ ის, საიდანაც ყველაფერი დაიწყო ვერსად დაივიწყა... ამერიკაში გატარებული ათი წელი, წარმატებული პოლიტიკური კარიერა და „კავკასიის უნივერსიტეტი”, უნივერსიტეტი, რომელიც დღეს მისი ცხოვრების მთავარი აზარტია, – ეს კახა შენგელიას ისტორიაა, ისტორია, რომელიც სიყვარულით, სიკეთითა და რწმენით სავსე კადრებად გრძელდება.
– ბატონო კახა, „კავკასიის უნივერსიტეტი” დაარსების დღიდან დღემდე, დიდი კონკურენციის მიუხედავად, პოზიციებს არ თმობს. რა არის თქვენი წარმატების „საიდუმლო”?
– ალბათ, მენეჯმენტი, არ მინდა, ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ვართ ორგანიზებულები, შრომისმოყვარენი და გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა საქმის მიმართ. მენეჯმენტი ისეთი რამ არის, თუ ამ საქმის ნიჭი არ გაქვს, შეიძლება, მთელი ცხოვრება მენეჯმენტი ისწავლო და კარგი მენეჯერი მაინც ვერ დადგე. ალბათ, საქმის სწორად წარმართვა არის ჩვენი წარმატების გარანტია. კონკურენცია, რომელიც ამ სფეროში არსებობს, ბუნებრივია, ზრდის იმ მოთხოვნებს, რაც უმაღლესი სასწავლებლების მიმართ არსებობს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ ამ მოთხოვნებს და წარმატებული და პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლების რიგში ვიყოთ. ყველაზე მთავარი, ალბათ, მაინც ის არის, რომ უნდა გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ, ჩადო მასში მაქსიმუმი და შედეგი აუცილებლად დგება. ყველაფერი უცებ, ხელის ერთი მოსმით ნამდვილად არ ხდება, ჩვენ ძალიან რთული გზა გავიარეთ. მახსოვს, როცა უნივერსიტეტის დაფუძნება დავიწყეთ, სულ ორი მერხი და ორი დაფა გვქონდა. სახლიდან მოვიტანე ბევრი საჭირო ნივთი, მათ შორის, ჩემი სკამი და კომპიუტერი. მაშინ იმის თქმა, რომ შევქმნიდით იმას, რაც დღეს არსებობს, ძალიან რთული იყო, ამისთვის ბევრი რამ გადავიტანე: სახლის გაქურდვა, მანქანის დაწვა. მაგრამ, მქონდა პრინციპი, რომ უნივერსიტეტი ფეხზე დამდგარიყო და აქ არ ყოფილიყო ჩაწყობა, ნეპოტიზმი, ფულის გაკეთება. ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სამართლიანობაა, მაქსიმალურად ვცდილობ, ყველას მიმართ სამართლიანი ვიყო. როცა სტუდენტი გრძნობს, რომ მის მიმართ სამართლიანი არ ხარ; მიანიშნებ, რომ ვიღაც მასზე უკეთესია იმიტომ, რომ ვიღაცის შვილია, ამით მას ცხოვრებას უნგრევ. ასეთი პრეცენდენტები ჩვენს უნივერსიტეტში არ არსებობს. ამ წლების განმავლობაში, ამ გზაზე ბევრი მოვიმდურე, ბევრი გადავიკიდე, ბევრი რაღაც გავიფუჭე კიდეც, მაგრამ ჩემს პრინციპზე უარი არ ვთქვი, ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა. ამიტომაც ვართ დღეს ევროპის მასშტაბით წარმატებული უნივერსიტეტი.
– თქვენ გქონდათ საკმაოდ წარმატებული პოლიტიკური კარიერა, რომელიც სრული „ანშლაგით” შეიძლებოდა, გაგრძელებულიყო. მაგრამ, მასზე უარი თქვით და დააარსეთ უნივერსიტეტი. ღირდა ეს საქმე იმ კარიერის სანაცვლოდ?
– რა თქმა უნდა, ღირდა. მე ვიყავი თბილისის ვიცე-პრემიერი და პარლამენტის დეპუტატი ოთხი წლის განმავლობაში, მაგრამ, როცა მივხვდი, აქ უფრო მეტ საქმეს გავაკეთებდი როგორც ჩემი ქვეყნისთვის, ისე ბავშვებისთვის, უარი ვთქვი პოლიტიკურ კარიერაზე. ჩემი ადგილი უნივერსიტეტშია და არა პოლიტიკაში, შემიძლია, 24-საათიან რეჟიმში ვიმუშავო თავდაუზოგავად და ყველაფერი ჩავდო ამ საქმეში. ასეც ვაკეთებ – ისე დამათენდება ხოლმე აქ, ვერ ვიგებ. ხანდახან ღამის სამ საათზე შემომიხსნის კაბინეტის კარს უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელი და მეკითხება: ხომ მშვიდობააო. ღამღამობით აქ დაცვა „მპოულობს” (იცინის).
– ბევრი თქვენი სტუდენტისგან გამიგია, რომ განსაკუთრებული რექტორი ხართ, მათთან ერთად ატარებთ საღამოებს, დაჰყვებით იქაც კი, სადაც თქვენი ყოფნა მათ წარმოუდგენელი შეიძლება ეგონოთ.
– კი, ეს ასეა. ვცდილობ, მაქსიმალურად ვიყო მათ გვერდით. თუმცა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მაინც ვცდილობ ხოლმე დისტანციის დაცვას. ლექციების შემდეგ მე ვხდები ჩემი სტუდენტების მეგობარი, დავყვები ყველგან, დაწყებული ექსკურსიებით, დაბადების დღეებით დამთავრებული. დავყვები ბარში, კაფეში და ხანდახან სახლებშიც კი (იცინის). ალბათ, სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენ სხვებისგან გამოგვარჩევს. ჩვენი პრიორიტეტი ამ ახალგაზრდების პროფესიონალებად ჩამოყალიბებაა, მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენი მიზანია, ისინი კარგ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ, რაც სწორედაც სტუდენტობის პერიოდში ხდება. ვფიქრობ, რომ სწორი გზით ვემსახურებით სტუდენტებს, მათ აღზრდას და მომავალს. მე ბედნიერი ვარ, რომ ეს მათი მხრიდან სწორად არის აღქმული და როცა ისინი უნივერსიტეტიდან მიდიან, ძალიან აფასებენ იმ ყველაფერს, რისი მიღებაც მათ აქ ამ წლების განმავლობაში უწევთ.
– სულ ახლახან, ბათუმში გახსენით „კავკასიის ტურიზმის სკოლა“ და მალე თბილისშიც გაიხსნება თქვენი უნივერსიტეტის ახალი კამპუსი, როგორც ჩანს, წინ ბევრი ახალი პროექტი გაქვთ.
– მუდმივად ვცდილობთ, რომ ყოველწლიურად ახალი პროდუქტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს, განსაკუთრებით პრიორიტეტულია ჩვენი კავკასიის ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლების სამაგისტრო პროგრამები. ჩემი ამოცანაა, განსაკუთრებული ძალისხმევით ავამუშაოთ ახალი ფაკულტეტები, რომ ისინიც მალე მივიდნენ იმ დონემდე, რა დონეზეცაა ძველი, უკვე გამოცდილი მიმართულებები. შარშან ბათუმში გავხსენით კავკასიის ტურიზმის სკოლა“. მივიღეთ ძალიან კარგი სტუდენტები, რომელთა უმეტესობა წელს უკვე დასაქმდა. ისინი სამუშაოდ აიყვანა სასტუმრო „შერატონმა” და გაცვლითი პროგრამებით ესტონეთში მოხვდნენ. ჩემი მიზანია, ბათუმის ტურიზმის სკოლა იყოს წარმატებული როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელ რეგიონში.
21-დან 24 სექტემბრამდე ჩვენი უნივერსიტეტი სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში” უმასპინძლებს CEEMAN-ის საერთაშორისო კონფერენციას, რომლის თემა იქნება „მენეჯმენტის განათლება ცვალებად სამყაროში“ ეს კონფერენცია ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტში. წელს ეს პატივი, სამწლიანი მცდელობის შემდეგ, უკვე ჩვენ გვერგო. CEEMAN-ი არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაცია და ფუნქციონირებს 1993 წლიდან. CEEMAN-ი დღევანდელი მონაცემებით აერთიანებს მსოფლიოს 42 ქვეყნის 170 წევრს. წლევანდელი კონფერენცია თემის აქტუალობითა და მასშტაბურობით მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის. კონფერენციის ფარგლებში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 150-მდე უნივერსიტეტის პრეზიდენტი, დეკანი და წამყვანი აკადემიური პერსონალი იქნება წარმომადგენელი. ისინი ბიზნესისა მენეჯმენტის კუთხით უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ. სტუმრებს შორის იქნებიან უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები რუსეთიდან. იმედი მაქვს, რომ ისინი საკუთარი თვალით ნახავენ იმ რეალობას, რაც დღეს საქართველოშია და როგორ ვითარდება ეს ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში.
„კავკასიის უნივერსიტეტს“ აქვს ახალი გეგმები, სასწავლო პროგრამები, რაც ითვალისწინებს სწავლების გაცილებით მაღალ ხარისხს. ჩვენი მიზანია, ძალიან მალე შეგვეძლოს ობიექტურად იმისი თქმა, რომ სწავლების ხარისხით არაფრით ჩამოვუვარდებით მსოფლიოს წარმატებულ უმაღლეს სასწავლებლებს. ოცდამეერთე საუკუნეში ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ძველ ბერძენ და რომაელ ფილოსოფოსებს ერთი დაფაც არ ჰქონდათ და ქვებზე ისეთ სიბრძნეს წერდნენ, კაცობრიობამ საუკუნეების განმავლობაში შემოინახა. სწავლების ხარისხია ჩვენთვის მნიშვნელოვანი, თუმცა ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც, რა თქმა უნდა, ვზრუნავთ. უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს გადავეცით ნეთბუქები, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ სასწავლო პროცესი მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში მიმდინარეობდეს. უნივერსიტეტს აქვს ულამაზესი ბიბლიოთეკა, კაფე, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ თავისუფალი დრო გაატარონ. უნივერსიტეტში მოქმედებს უამრავი საგნობრივი, თუ სპორტული წრე. გვაქვს თეატრი, იმართება კინოჩვენება, შემეცნებითი და სპორტული შეჯიბრებები. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენმა სტუდენტებმა, თითქმის ოჯახურ გარემოში, დრო მაქსიმალურად საინტერესოდ გაატარონ.
„კავკასიის უნივერსიტეტი“ გამორჩეულია იმითაც, რომ გვაქვს ყველაზე მეტი გაცვლითი პროგრამა არა მარტო საქართველოში, მთელ რეგიონში. ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 64 ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელთან, მათ შორის ძალიან ბევრთან ვახორციელებთ პროგრამებს ორმაგ დიპლომზე. ამ უნივერსიტეტებს შორისაა ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტი ატლანტაში, ფერლეი დიკენსონის უნივერსიტეტი ნიუ-ჯერსიში, გრენობლის ბიზნესის სკოლა საფრანგეთში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში, ჩესტერის უნივერსიტეტი ბრიტანეთში. ჩვენ ვთანამშრომლობთ გერმანიის, ჰოლანდიის, იაპონიის, არგენტინის, ბრაზილიის, პორტუგალიის, კორეის, პოლონეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებთან. ჩვენი სტუდენტები გაცვლითი პროგრამებით ყველგან მიდიან, ახლახან ათი სტუდენტი გაემგზავრა ავსტრიაში. დღეს კავკასიიის უნივერსიტეტში სწავლობს ძალიან ბევრი უცხოელი, მათ შორის არიან სტუდენტები ამერიკიდან, პოლონეთიდან, ავსტრიიდან, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან: თურქეთიდან, ირანიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და ასე შემდეგ. აქტიური თანამშრომლობა უცხოეთის უნივერსიტეტებთან ძალიან უწყობს ხელს ახალგაზრდების ინტეგრაციას, მათ წარმატებულ მომავალს. საქართველოში არ არსებობს წარმატებული კომპანია, სადაც ჩვენი კურსდამთავრებული ან სტუდენტი არ მუშაობდეს. სწავლების პროცესი საკმაოდ მკაცრია, თუ სტუდენტი სწავლას თავს ვერ ართმევს, ის ან თავისი ნებით მიდის აქედან, ან ჩვენ ვუშვებთ. ეს პრინციპული მიდგომაა – თუ სტუდენტი ვერ და არ სწავლობს, ის უნდა წავიდეს სხვაგან. არც მათ მოვატყუებთ და არც მათ მშობლებს დავახარჯინებთ ტყუილად ფულს. ვფიქრობ, ეს საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა. ეს ის საქმეა, რომელშიც, როგორც კი ფინანსებს „მაღალ რეგისტრში” აიყვან, წარმატებას ვერ მიაღწევ. ვერც ერთი ჩვენი სტუდენტი ვერ იტყვის, რომ გამოცდაზე ფულის გამო ჩამჭრეს, ეს გამორიცხულია. მსგავსი რამ რომ გავიგო, ნებისმიერი პედაგოგი აქედან იმ დღესვე წავა.
– ასეთი მკაცრი შეფი ხართ?
– საქმეში ძალიან მომთხოვნი ვარ, როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის მიმართ. მე ძალიან კარგად ვიცი დამოუკიდებლად აწყობილი კარიერის ფასი, ყველაფერს ჩემი შრომით მივაღწიე. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე საჩუქრად და სიურპრიზად მერგო ცხოვრებისგან. თბილისი თვალით არ მქონდა ნანახი, როცა აქ სასწავლებლად ჩამოვედი. ერთი ახლობელიც კი არ მყავდა, რომ ხელი შეეშველებინა და გვერდში დამდგომოდა. ოთხი წელი კიბის ქვეშ, მოცუცქნულ ოთახში ვცხოვრობდი ქირით. ხანდახან საწოლიდან ვერ ვდგებოდი, რადგან შიმშილისგან ძალა მქონდა გამოცლილი. უფლის და ჩემი შრომის გარდა, არავინ და არაფერი დამხმარებია. რთულ პერიოდსაც აქვს დასასრული, ოღონდ არასდროს არ უნდა დაგავიწყდეს ის, საიდანაც დაიწყე.
– ახლა თქვენი ცხოვრების სტილი როგორია?
– მკაცრი. ვდგები დილის ექვს საათზე, ერთი საათი ვუთმობ ვარჯიშს, ცურვას, რვის ნახევარზე კი უკვე უნივერსიტეტში ვარ და გვიანობამდე არ გავდივარ აქედან. ჩემი დღის რეჟიმი, ყოველი საათი გაწერილი და დაგეგმილი მაქვს. ეს ამერიკაში ცხოვრებამ მასწავლა. მანამდე ასეთი არ ვიყავი, დროის, ფულის მეგობრის ფასი ამერიკაში ვისწავლე. მეგობრობასთან დაკავშირებით ეს შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ ეს ასეა – ამერიკაში სწავლისა და ცხოვრების დროს არაერთხელ მქონდა ისეთი პერიოდი, როცა ძალიან მჭირდებოდა იმ ადამიანების თანადგომა, ვისაც ახლო მეგობრად მივიჩნევდი და მათ ამაზე უარი არ უთქვამთ. იმ წლების წყალობით ახლა ჩემი ქვეყანაც სხვანაირად მიყვარს. იქ მოქალაქეობრივი განცდა საოცარ დონემდე აქვთ, უნდა ნახოთ როგორ უვლიან საკუთარ უბანს, ქუჩას. არ მგონია, ჩვენთან მილიონერმა კაცმა თავის სახლის წინ ქუჩა დაგავოს. იქ კი ეს ხშირად მინახავს. ამერიკამ ბევრი სტერეოტიპი დამინგრია და ცხოვრების წესის სწორად დაგეგმვაშიც დამეხმარა.
– როგორი მეოჯახე ხართ?
– სამწუხაროდ, ისეთი ვერ ვარ, როგორიც მინდა რომ ვიყო. ოჯახისთვის ბევრი დრო არ მრჩება. ახლა ის მშველის, რომ ჩემმა მეუღლემაც აქ დაიწყო მუშაობა. ის საკმაოდ დიდხანს მუშაობდა საქართველოს ბანკში. ახლა მივიჩნიე, რომ აქ მჭირდება მისი გვერდში დგომა და ჩემს ბანაკში გადმოვიბირე (იცინის). თუმცა, ის სხვა დეპარტამენტში მუშაობს და ხშირად დღე ისე გადის, ვერც კი ვნახულობ. გვიან ღამით სახლში „ვხვდებით” ერთმანეთს. ჩემს სამ შვილს კი უკვე ბევრი პრეტენზია უჩნდებათ ჩემ მიმართ, ლევანი და თორნიკე უკვე დიდები არიან, მარიამი კი მხოლოდ ხუთ-ნახევრი წლისაა. მას ყველაზე მეტად უნდა ჩვენთან ერთად მეტი დრო გაატაროს. მე და ჩემი მეუღლე მთელი დღე სამსახურში ვართ. ბავშვებს უვლის ძიძა, როგორც ხდება ეს თანამედროვე ქართულ ოჯახებში.
– კვირა დღეც არ ეკუთვნით მათ?
– კი, ჩვენ ისე ვცხოვრობთ, როგორც ცხოვრობს თანამედროვე, მაგრამ ტრადიციებზე აგებული ქართული ოჯახები, სადაც სტუმარს, მეგობარს, მეზობელს ყველას თავისი ადგილი აქვს. კვირა დღე ჩემს ოჯახს ეკუთვნის. ბავშვებთან ერთად კინოშიც დავდივართ, თეატრშიც. ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრი ისტორიული და წმიდა ადგილი მოინახულონ საქართველოში. ამ კვირას ფოკაში მიმყავს ბავშვები. ცოტა ხნის წინ უფროსი ბიჭი მყავდა წაყვანილი იქ, გაოცებული დავრჩი ახალქალაქის ახალი გზით. ამას წლების წინ როგორ წარმოვიდგენდი, რომ ახალქალაქიდან თბილისში ორ საათში მოვახერხებდი ჩამოსვლას?
– ამ დაძაბული ცხოვრების მიღმა განტვირთვას სად პოულობთ?
– მაქვს ჩემი გატაცებები, ჰობი. წიგნების და კარგი რუკების კოლექციის მფლობელი ვარ. მათ შორის არის ისეთი უნიკალური წიგნები და რუკები, როგორიც ბევრს არ ექნება საქართველოში. მთელი ცხოვრება მათ მოგროვებაში გავატარე. ხალხს უცხოეთის მაღაზიებიდან ტანსაცმელი რომ ჩამოჰქონდა, მე წიგნებსა და რუკებს ვეზიდებოდი, დიდი მონდომებით ვეძებდი ამ რუკებს ევროპის მაღაზიებში, მათ მოვლას და დაწყობას სახლში ვერავის ვანდობ. ეს მხოლოდ ჩემი საქმეა. მაქვს ნარდის კოლექციაც, საკმაოდ აზარტული ვარ და თუ დრო გამოვძებნე, ნარდს სიამოვნებით ვთამაშობ. ჩემი გატაცებაა მოგზაურობა. ნამყოფი ვარ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში, მაგრამ არის ერთი ადგილი, სადაც თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ.
– სად მიაგენით ამ იდილიას?
– სამტრედიაში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ჩემი მშობლები დღესაც იქ ცხოვრობენ, ჩვეულებრივი, მოკრძალებული ცხოვრების წესით და მგონი, დღემდე არ იციან, სად ვმუშაობ (იცინის). ძალიან მიყვარს ჩემი ეზო, კარ-მიდამო. როგორც კი იქ ჩავდივარ, ფეხსაცმელს ვიხდი, ვიცვამ ჩემს ძველებურ ტანსაცმელს და იმ კარ-მიდამოს ვუვლი. მიყვარს იმ მიწაზე ფეხშიშველი სიარული, ოღონდ ეს პატრიოტული მოტივი და მჯიღის ცემა არ გეგონოთ, მიყვარს რა და მორჩა. იმ ტყემლის ძირში ჯდომას, რომელიც ჩემს ეზოში დგას, დამერწმუნეთ, მსოფლიოს ვერც ერთ კონტინენტის ეგზოტიკა ვერ შემიცვლის. იმას, რაც შენია და სულ გელის, სხვაგან ვერსად იპოვი...