რატომ არის „კალანდაძის“ სახლში ყოველთვის ზაფხული და რატომ მოგზაურობს ის მუდმივად ოთახიდან ოთახში
რუბრიკაში „ელიტური სახლი“ ზუკა ძამუნაშვილს ვესტუმრეთ, რომელმაც სერიალ „შუა ქალაქში“ გამოჩენისთანავე გაითქვა სახელი. ის ძალიან პოპულარულია, მის დანახვაზე დიდსა თუ პატარას, ყველას თორნიკე კალანდაძე ახსენდება – სერიალის ყველაზე მოუსვენარი გმირი. ისიც შევიტყვეთ, რომ „კალანდაძე“ ჯაბა კილაძის (სანდროს) აღმოჩენილია. ზუკა ოთხსართულიანი სახლის მეორე სართულზე დედასთან, ქალბატონ ქეთი ასათიანთან ერთად ცხოვრობს და თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. ეს სახლი ქალბატონ ქეთის მამის, ბატონი გივი ასათიანის აშენებულია. დიდი ოჯახი აქ უკვე 12 წელია, ცხოვრობს. კარგი აურა და სასიამოვნო განწყობა ჰოლიდანვე იგრძნობა. ასათიანებთან სტუმრობა მართლაც სასიამოვნო აღმოჩნდა, რადგან ჩვენ მხიარულ, დიდ ოჯახში მოვხვდით.
ზუკა: ჩვენი სახლი ძალიან დიდია, ოჯახის წევრებიც ბევრნი ვართ. ბებიას და ბაბუას ექვსი შვილთაშვილი ჰყავთ. ბევრი ნათესავი გვყავს და, როცა ჩამოდიან, ჩვენთან არიან ხოლმე. ჩემს მეგობრებსაც ძალიან უყვართ აქ მოსვლა და ხშირად მოდიან სტუმრად.
– რამდენი ოთახისგან შედგება მეორე სართული?
– სართული, სადაც მე და დედა ვცხოვრობთ, 5 ოთახისგან შედგება.
– შენ თვითონ ყველაზე მეტად რომელ ოთახში გიყვარს ყოფნა?
– სადაც კომპიუტერია, იქ ყოფნა ყველაზე მეტად მომწონს.
– ძალიან პოპულარული ბიჭი ხარ, ყველა გცნობს. ხომ არ იზღუდები ამით?
– ცოტა კი მერიდება, უცნობი ადამიანები როცა მცნობენ, მაგრამ მაინც სასიამოვნოა.
– საკმაოდ ლამაზი ოთახი გაქვს. თავად იზრუნე მის მოწყობაზე?
– ყველაფერი დედამ მიყიდა, მე კი ჩემი გემოვნებით მოვაწყვე, ოთახის ფერიც მე შევარჩიე. თავიდან სხვა ოთახი უნდა ყოფილიყო ჩემი, ერთი პერიოდი დედას ოთახიც კი მივისაკუთრე, მაგრამ ბოლოს მაინც ეს ვარჩიე.
– მოკლედ, ოთახებში მოგზაურობ...
– ჩემი ოთახი მომწონს, ლამაზია და იქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
– როგორ ფიქრობ, ყველაზე მეტი რა არის თქვენს სახლში?
– ალბათ, კომპიუტერი. მარტო მე ოთხი კომპიუტერი მაქვს. სხვა სართულებიც რომ ჩავთვალოთ, უფრო ბევრი გამოვა. ლამაზი აივნებიც ბევრია ჩვენს სახლში.
– შენს ოთახში თუ შეცვლიდი რამეს?
– ადრე მინდოდა, მაგრამ ახლა მომწონს და შეცვლის სურვილი არ მაქვს. ისე, სახლს რაღაც-რაღაცეებს კი დავამატებდი და ბევრ რამეს შევცვლიდი.
– სახლშიც ისეთი ცელქი ხარ, როგორც „შუა ქალაქში?“
– არა, ცელქი საერთოდ არ ვარ.
– ოთახის კედლები სხვადასხვა ფერებშია შეღებილი. ვისი დიზაინია?
ქეთი: მრავალფეროვანი ხასიათის ადამიანი ვარ და ფერებიც ასეთივე მიყვარს. ჩემი სახლი პირადად მე ძალიან მგავს. როგორიც სახლია, მეც ისეთივე ვარ. აქ ყველა კარგად და კომფორტულად გრძნობს თავს, ვინც მოდის, არავინ ფიქრობს, რომ სხვასთან არის, თავი ყველას საკუთარ სახლში ჰგონია. ზაფხულში ვარ დაბადებული და ფერებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. კარგია ზამთარი, მაგრამ რუხი ფერები ნამდვილად არ მიზიდავს. ჩემს ფერად სახლში ზამთარი არასდროს იგრძნობა, ჩვენთან სულ ზაფხულია.
მამაჩემმა ეს სახლი 12 წლის წინ ააშენა და გადაწყვიტა, რომ აქ ყველას ერთად უნდა გვეცხოვრა. სახლის პროექტი და დიზაინი მას ეკუთვნის, მე მხოლოდ მეორე სართული გავაკეთე საკუთარი გემოვნებით. ჩემი სახლი ჩემი სამფლობელოა.
– სახლი ქალაქის ცენტრშია, მაგრამ შიგნით ეს არ იგრძნობა, რადგან აქ საგრძნობლად მყუდრო და კომფორტული გარემოა შექმნილი.
– როგორი ადამიანებიც ვცხოვრობთ, ისეთი გარემოა. ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი გვაქვს, ჩვენი სახლის კარი არასდროს იკეტება, სულ ღიაა.