კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაექცა ნანკა კალატოზიშვილის უფროს დას ცხოვრება და რა შეაცვლევინეს მას ცნობილმა მილიონერებმა

მარკეტინგული კვლევებისა და „საკონსულტაციო კომპანია“ „ACT“, რამდენიმე წელია ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას არ თმობს, მას ამ ბაზრის 34 პროცენტი უკავია და მისი კლიენტები ქართული ბიზნესის ყველაზე წარმატებული წარმომადგენლები არიან. კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და დირექტორს, თიკა რუხაძეს, ის დღეებიც ახსოვს, როცა მარკეტინგული კვლევებისთვის ქართულ ბაზარზე „ბნელი და უკუნი” იყო და ფრაზა – „არ ენდოთ ქალს და კონსულტანტს” – ლამის აფორიზმად იქცა. თავადაც ქალიც არის და კონსულტანტიც, ნიჭიერი, გახსნილი და სასიამოვნო; საყვარელი საქმის გამო ცხოვრება რამდენჯერმე „გაექცა,” მაგრამ, ისევ ამ საინტერესო საქმის წყალობით, ყველაფერი მიიღო, რითაც წარმატებული ქალის ამბიცია მის დღევანდელობას ავსებს.

თიკა რუხაძე: 9 წლის წინ, როდესაც მე და ჩემმა მეგობრებმა ეს ბიზნესი წამოვიწყეთ, დედაჩემის ჩათვლით, ყველას გიჟებად მივაჩნდით. მამაჩემისთვის დღემდე გაუგებარია, კონკრეტულად რას ვაკეთებ. ის იდეა, რომ მე უნდა წამოვიდე სამსახურიდან, გავაკეთო ჩემი კომპანია, რომელიც უნდა დაკავდეს საქმით, რომელიც, კაცმა არ იცის, რა არის, ბევრი ჩემი ახლობლისთვის აბსოლუტურად გაურკვეველი იყო. რა მარკეტინგი, რის კონსალტინგი – ამაზე მაშინ ხალხს წარმოდგენა არ ჰქონდა. იმ პერიოდში საქართველოში არსებობდა ორი კომპანია, რომლებიც ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვეთით მუშაობდა. იმ სკეპტიციზმის მიუხედავად, რასაც ახლობლები ამჟღავნებდნენ, შევიკრიბეთ ოთხი მეგობარი, წამოვედით სამსახურებიდან და შევქმენით კომპანია. გვქონდა სამი პატარა ოთახი, სადაც ხუთი კაცი ვიყავით შეჭუჭყნული, ბუღალტერიც ვიყავი, კონსულტანტიც, იურისტიც, მორიგეობით გვქონდა დაწესებული ჭურჭლის რეცხვის დღეები, იმიტომ რომ დამლაგებელს ვერ დავიქირავებდით. ჩვენი კაპიტალი იყო ჩვენი კომპიუტერები და ჩვენი ტვინი, რაც არ იყო პატარა რესურსი, რადგან ჩვენისთანა კადრების დაქირავება მაშინ ძვირი ღირდა. თუმცა, თავიდანვე გვქონდა მცდელობა, რომ გაგვეკეთებინა ისეთი სოლიდური კომპანია, რომელსაც, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია კი არ ჩაყლაპავდა, პირიქით, ეს მიიღებდა საერთაშორისო სტატუსს, გავიდოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ და ეს შევძელით კიდეც – გასულ წელს ბაქოში გავხსენით ჩვენი ოფისი, რომელიც წარმატებით საქმიანობს.
– ვინ იყვნენ თქვენი პირველი მომხმარებლები და რა დაგეხმარათ კომპანიის გაძლიერებაში?
– ჩვენ თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ აქცენტი გაგვეკეთებინა ადგილობრივ ბიზნესსექტორზე, რაც სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ რთული იყო. ჩვენ ძალიან დაგვეხმარა ისიც, რომ ზუსტად მაშინ მოხდა რევოლუცია. მერე ბევრჯერ გვიხუმრია ამ თემაზე – რევოლუცია რომ არ მომხდარიყო, ნეტავ, რა გვეშველებოდაო (იცინის). რევოლუციას მოჰყვა ძვრები ეკონომიკის თვალსაზრისით, გაძლიერდა ბაზარი. ბიზნესსექტორის არჩევამ ძალიან გაამართლა, პირველი რაც ამ სექტორში განვითარდა, იყო ბანკი და შესაბამისად ჩვენი პირველი კლიენტიც „თბილუნივერსალბანკი” აღმოჩნდა. მას შემდეგ ჩვენი კლიენტების სია ძალიან მრავალრიცხოვანი გახდა და მათ შორის არიან წამყვანი ქართული ბიზნესკომპანიები.
– არსებობს თქვენს ბიზნესში თამაშის წესები, რომლითაც რეგულირდება პარტნიორობა ორ ერთმანეთის კონკურენტ ბანაკთან?
– მთავარი თამაშის წესი არის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება საქმის მიმართ. ამ ურთიერთობებს არეგულირებს დაუწერელი წესები. არსებობს რამდენიმე გამოსავალი, რომელთა შორისაა ექსკლუზიური კონტრაქტების თემა, რაც ძვირად ღირებული სიამოვნებაა, მაგრამ გავალდებულებს, მხოლოდ ამ კომპანიას შესთავაზო შენი სერვისი და ჩვენც გვიმუშავია ასე. კლიენტმა, შეიძლება, არ გადაიხადოს თანხა ექსკლუზიურ კონტრაქტში, მაგრამ, მასთან ურთიერთობა კომპანიისთვის იმდენად ღირებული იყოს, რომ უსიტყვოდ მოვერიდო მის პირდაპირ კონკურენტთან მუშაობასა და ერთჯერად პროექტს. ჩვენს საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა, როგორიც არსებობს ექიმსა და პაციენტს შორის.
– ახლა ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ, წლების წინ, ბიზნესმენის დაყოლიება იმაზე, რომ რაღაც გაურკვეველ კვლევაში ფული უნდა ჩაედო, ალბათ, ძნელი იყო. როგორ ახერხებდით მათ „ცდუნებასა” და დაყოლიებას?
– ფულის გადახდა ნებისმიერ ბიზნესმენს უჭირს, მით უმეტეს, თავიდან ყველას ჰქონდა დამოკიდებულება, რომ მათ „აცდუნებდნენ”. როცა ჩვენ ვიწყებდით ბიზნესს, ვამტკიცებდით, რატომ იყო საჭირო კვლევა; რომ ეს არ იყო „ბოლი”. იმის გამო, რომ მათ არ იცოდნენ რას ვთავაზობდით, შიში და უნდობლობა ჰქონდათ ისეთი მაღალი, რომ ამაზე არ მოდიოდნენ, მაგრამ, როგორც კი მათი ინფორმირება გაიზარდა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ახლა, მგონი, არავის სჭირდება იმის მტკიცება, რომ კვლევა კიდევ საჭიროა. განსხვავება იმ „ქვის ხანასა” და დღევანდელობას შორის იმდენად დიდია, რომ, არც კი ვიცი, რა გითხრათ. წლების წინ საკონსულტაციო თემა იმდენად რთული იყო, ასეთი ხუმრობაც კი არსებობს დღემდე: „არ ენდოთ ქალებს და კონსულტანტებს.“ წარმოიდგინეთ რა დღეში ვიყავი მე, ქალი და კონსულტანტი ერთად (იცინის). მახსოვს, თავიდან, საკუთარ თავში ქალი რომ დამეთრგუნა, რომელიც საქმიან მოლაპარაკებებზე დისკომფორტს მიქმნიდა, „შტატსკი” შარვლებსა და მამაკაცურ პიჯაკებს ვიცვამდი – აი, ესეც კი გავიარე.
– რატომ, საქმიან მოლაპარაკებებში მამაკაცი უფრო მარჯვეა, ვიდრე ქალი?
– ეს, ალბათ, ასეა. ვერ ვიტყვი, რომ მამაკაცის ტვინი ბიზნესში უფრო კარგადაა მოწყობილი, მაგრამ, ნახეთ მსოფლიოს მილიონერების სია, სადაც მამაკაცები არიან უმრავლესობაში. ვფიქრობ, რაც კაცს ხელს უწყობს, იყოს ბიზნესში უფრო წარმატებული, არის ის, რომ მას აქვს მეტი ამბიცია და მეტი თავდაჯერებულობა. აი, ეს არის ყველაზე დიდი განსხვავება ქალსა და კაცს შორის, თორემ, შრომა არც ქალს ეზარება. მე ვიტყოდი, რომ, შიდა მოწესრიგებულობით ქალი სჯობნის კიდეც მამაკაცს, თუმცა, მათ შორისაც არიან პედანტები. მამაკაცი საქმეში უფრო აგრესიულია, მაგრამ, ეს საქმისთვის კარგიც არის. ბიზნესში წამყვანი მაინც მამაკაცური კომუნიკაციებია, რომელშიც ქალის შესვლა ცოტა რთული ხდება ხოლმე. ვფიქრობ, წლების განმავლობაში ვისწავლე მამაკაცების ენა.
– თქვენი ცხოვრება „ACT-ის“ გარეთაც ისეა აწყობილი, როგორც კარგ მენეჯერ ქალს შეშვენის?
– ეს ცხრა წელიწადი მთლიანად საქმეს შევწირე. ორი წლის წინ მონაწილეობა მივიღე ძალიან კარგ პროგრამაში – ვიყავი შვედეთში, სადაც მოვხვდი წარმატებული ბიზნესმენების გარემოში. იქ ყოფნის დროს გვიტარებდნენ ლექციებს პიროვნული განვითარების დამოკიდებულებაზე ბიზნესის განვითარებასთან. თუ ადამიანი არ ვითარდები პიროვნულად, ისე ვერც ბიზნესის განვითარებას ვერ შეძლებ. კომპანია ძალიან ჰგავს მის მმართველს – იმ ხასიათისა და ღირებულებებისაა, როგორიც არის უფროსი. თუ შენ არასწორი ღირებულებები გაქვს, ვერ გააკეთებ ისეთ კომპანიას, რომელიც საზოგადოებას სარგებელს მოუტანს. შვედეთში ყოფნისას, რატომღაც, ყველა მეკითხებოდა: ნერვიულობ, დაძაბული ხარ? ბოლოს მივხვდი, რომ, იმდენად გადაღლილი ვიყავი, ამას უცნობი ადამიანებიც კი ხვდებოდნენ. როცა შვედეთიდან ჩამოვედი, გადავწყვიტე, რომ არ უნდა დაველოდო წლების გასვლას, ისე უნდა ვიცხოვრო როგორც მინდა და ეს ახლავე უნდა დავიწყო... და – დავიწყე: საკუთარ თავს დასვენებისთვის გამოვუყავი შაბათ-კვირა, რაც სულ არ ყოფილა რთული. თუ არ ინგრევა ქვეყანა, ვცდილობ, არ ვიმუშაო. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და სულ იმას ვამბობდი: ჯერ ვიმუშავებ და მერე, როცა მექნება ფული, წავალ აქა და აქ-მეთქი. ახლა აღარ ველოდები არაფერს, კვარტალში ერთხელ აუცილებლად მივდივარ სადმე. ათასჯერ გადავდე ფრანგულის სწავლა, ახლა როგორც იქნა, მოვაბი თავი. საქმისთვის თავდადება აუცილებელია, მას თავი უნდა მიუძღვნა, მაგრამ ხანდახან უნდა გაჩერდე, თორემ, „გაგექცევა” ცხოვრება. ვფიქრობ, ამ ცხრა წელიწადში ბევრი რამ „გამექცა” შვილებთან დაკავშირებით: სახლში მისულს შვილი სახეს რომ მოგიტრიალებს, ჭკვიანი თვალებით უყურებ, მაგრამ, არ გესმის რას გეუბნება, გაგექცა, აბა რა არის (იცინის)?
– შაბათ-კვირას იმისთვისაც იცლით, რომ უმცროსი დის, ნანკა კალატოზიშვილის სპექტაკლებზე იაროთ? შემოქმედებითი ნიჭით თუ ჰგავხართ დები ერთმანეთს?
– არა, მე საერთოდ არ მაქვს არტისტული ნიჭი, ვერც ვმღერი, ვერც ვხატავ, ვერც ვთამაშობ; ნანკასგან განსხვავებით, ისტერიკულად მეშინია კამერის. ჩვენ ერთმანეთს ვგავართ შრომისმოყვარეობით, ლიდერის ამბიციითა და იმ ღირებულებებით, რაც დედამ ჩვენში ჩადო (იცინის), ნანკა და გიორგი არიან ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილები, მე მათზე რამდენიმე წლით ვარ უფროსი. გვარითაც მიხვდებით, რომ ჩვენ სხვადასხვა მამის და ერთი დედის შვილები ვართ. მე ერთხანს ბებიასთან ვიზრდებოდი, მაგრამ, რამდენჯერაც მივიდოდი დედასთან, ნანკა ამეტუზებოდა ხოლმე და მეკითხებოდა: შენ ხომ ჩემი დაიკო ხარ, რატომ არ ვცხოვრობთ ერთად? ნანკა ძალიან ხიფათიანი ბავშვი იყო, სულ რაღაც ემართებოდა. ორსართულიან კერძო სახლში ვცხოვრობდით, ადიოდა კიბეებზე ხელში ქვაბით და, უცებ – ბრახ! ნანკა – თვითონ ძირს ეგდო, ქვაბი კი მაინც ხელში ეჭირა. მახსოვს, როცა ჩემი შვილი სამშობიაროდან გამოგვყავდა, ნანკამ ბავშვი თვითონ აიყვანა ხელში, გულგახეთქილი მივდევდი ექთანს: მაგას ბავშვს ნუ ანდობთ, პატარა რომ იყო, დედა ქვაბს არ აჭერინებდა-მეთქი (იცინის).
– ახლა ხშირად ხვდებით ერთმანეთს?
– ძალიან ხშირად, მაგრამ ჩვენი დაკავებულობის გამო, უფრო ხშირად ვკონტაქტობთ ერთმანეთთან ტელეფონით. ასეთი ახლო ურთიერთობის მიუხედავად, არ ვერევით ერთმანეთის პირად ცხოვრებაში, რელიგიურ მრწამსში. ერთხელ ნანკამ ერთ გადაცემაში იხუმრა: ოჯახის ოთხმა წევრმა არჩევნებზე ოთხ სხვადასხვა პარტიას მივეცით ხმაო და მართლაც ასე იყო. ახლა ყველა ცალ-ცალკე ვცხოვრობთ: მეც ჩემი ოჯახი მაქვს, გიორგისაც, ნანკაც ირაკლისთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ, ერთად ხშირად ვიკრიბებით ხოლმე დედასთან – ეს სახლი ჩვენი შეხვედრების ადგილია და, თან, საინფორმაციო ცენტრი: აქ სამივე შვილი და მათი ცხოვრების საინტერესო დეტალები ერთად იყრის თავს და მერე ყველა თავ-თავის გზაზე მიდის (იცინის).

скачать dle 11.3