ჩამოურჩენლად დასაქმებული
შენ რომ ჯერ მენტალიტეტი არ შეგიცვლიაო?!
მართალია, ვერ ვიხსენებ, თუ ვინ იყო სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ აქტივისტებთან შეხვედრის პიონერი, მაგრამ, უკვე დანამდვილებით შეიძლება, ითქვას, რომ ეს სოციალური ქსელი ამ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების აქტიურ ელემენტად იქცევა. თუმცა, რაღა იქცევა, უკვე იქცა. ჰოდა, რაკი იქცა, მას არც უმრავლესოელი ბ-ნი მინაშვილი ჩამორჩა. „ფეისბუქელ“ აქტივისტებს ისიც შეხვდა, ოღონდ, ისაა, რომ მთლად პარლამენტის თავმჯდომარესავით მათთვის სადილიც არ გაუმართავს (შესაძლოა, იმიტომაც, რომ პარლამენტის თავმჯდომარეობა მაინც სულ სხვაა).
სადილით თუ უსადილოდ, ბ-ნი მინაშვილი ვირტუალურ „ფრენდებს“ უმუშევრობაზეც ესაუბრა და მათი ჭეშმარიტების გზაზე დაყენებასაც შეეცადა, აღზრდის პროცესი კი ცხოვრებისეული მაგალითებითაც გაამდიდრა (მომყავს ციტატა): „ტაქსის მძღოლს რომ ჰკითხოთ, რომელსაც 1 000-ლარიანი შემოსავალი აქვს, გეტყვის, რომ დაუსაქმებელია, რადგან საკუთარი პროფესიით არ მუშაობს (ბუნებრივია, მადლსაც მოისხამდა, 1 000-ლარიანი მეტაქსის სახელიც რომ ეთქვა ან ასეთთა რაოდენობა დაესახელებინა, მაგრამ, არ მოგვასხა).“ სხვათა შორის, იმ მადლმოსილი დემოკრატიის მზით გაჩახჩახებულ დასავლეთში არათუ საკუთარი პროფილით დაუსაქმებელი, არამედ ისეთი დასაქმებულიც კი, რომელსაც სამუშაო მორალურ სიამოვნებასაც არ ანიჭებს, დაუსაქმებლად მიიჩნევა. ამ საკითხს, ბუნებრივია, ხალხის რჩეულმა გვერდი აუარა, თუმცა, ის კი გვითხრა, რომ „გერმანიაში ოთხი მეწველი ძროხა ფერმერობას თუ არა, ფერმერობისკენ გადადგმულ ნაბიჯს მაინც ნიშნავსო.“
აქედან გამომდინარე კი, ბ-ნი მინაშვილი ასკვნის, რომ „საქართველოში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა მენტალიტეტია, რადგან ადამიანი, რომელიც რეალურად დასაქმებულია, თავს მაინც დაუსაქმებლად მიიჩნევს.“
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, მაგალითად, 2011 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ბ-ნმა მინაშვილმა 2010 წლის განმავლობაში, როგორც პარლამენტის წევრმა, 67 232 ლარი აიღო; როგორც საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრმა – 8 300 ლარი, ხოლო, როგორც ყრუ და სმენადაქვეითებულთა 203-ე სკოლა-პანსიონის დირექტორმა – 5 127 ლარი (რაც, საბოლოო ჯამში, 80 659 ლარია), ამოცანა გვეკითხება: თუნდაც, 1 000-ლარიანი მძღოლი (თუ ასეთს, რა თქმა უნდა, ვიპოვით) და 80 000-იანი შემოსავლის მქონე, ორივენიცა, დასაქმებულია?!