კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ესმის თუ არა განსაკუთრებით კარგად საკუთარი ცოლის კაცს, რომელსაც მანამდე ბევრი საყვარელი ჰყავდა


რა ემართება ადამიანს, რომელსაც თავი ყოვლისმცოდნედ მოაქვს. ადრე თუ გვიან, აუცილებლად ელოდება საშინელი იმედგაცრუება. ამ შემთხვევაში, სქესს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი თავდაჯერებულობის ხარისხია. წაგებულია ის, ვინც დარწმუნებულია, რომ ყოველთვის ყველაფერი გამოუვა. ჩვეულებრივ, მათ ცხოვრება უსიამოვნო სიურპრიზებით ანებივრებს. სინანული და შეცდომის აღიარება კი პრობლემას ვეღარ შველის.

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ზედმეტი თავდაჯერებულობაც არასრულფასოვნების კომპლექსის გამოვლინებაა. შეუმცდარი ადამიანი არ არსებობს და თუ ვინმე საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს, მას ძალიან ბევრი ეშლება. თანაც ისეთ შეცდომებს უშვებს, რომელთა გამოსწორება საკმაოდ რთულია.



დათო (29 წლის): ამ საუბრის სურვილი იმიტომ არ გამჩენია, რომ განვლილი ცხოვრების გამო სინდისი მაწუხებს. იმედგაცრუებული ვარ. გული მაქვს ნატკენი. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, არ მეგონა, როდისმე თუ ამას ვიტყოდი. ვაღიარებ, სწორად არ ვიცხოვრე. მაგრამ, ისეთიც არაფერი ჩამიდენია, რომ ასე დავსჯილიყავი. ჩემს თავს ხშირად ვეკითხები, რატომ-მეთქი და პასუხს ვერ ვპოულობ.

– თქვენ მითხარით, რომ ბევრ ქალბატონს გაუცრუეთ იმედი. ეს კიდევ რბილად არის ნათქვამი, თქვენ მათ ატყუებდით.

– მათ ასე უნდოდათ. მოსწონდათ ის ლამაზი ზღაპარი, რომელთაც მე მათთვის ვიგონებდი და იჯერებდნენ. სხვათა შორის, ჩემთვის უარი არც ერთ ქალს არ უთქვამს. თავიდან იპრანჭებოდნენ, მერე მთანხმდებოდნენ. შეიძლება თქვათ, რომ ქალის მოტყუება ყველა კაცს შეუძლია, მაგრამ არ არის ასე, არ გინახავთ ქალისგან მოტყუებული მამაკაცი?

– არა.

– აქ ვარ, თქვენ წინაშე. მე ვარ ქალისგან მოტყუებული მამაკაცი. მე გამაცურა ისე, რომ დღემდე გონს ვერ მოვსულვარ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მე ამ როლში აღმოვჩნდებოდი. მეგობრები მეუბნებიან, ახია შენზეო, მაგრამ ვერ ვიგებ, რით დავიმსახურე ეს.

– თქვენ ხომ თქვით, მეც ვატყუებდი ქალებსო.

– არა. ეგ არ მითქვამს. შეიძლება, ტყუვდებოდნენ-მეთქი. არ უარვყოფ, მყავდა საყვარლები, გათხოვილიც და გასათხოვარიც. ისინი ჩემთან თავს კარგად გრძნობდნენ, ძალიან კარგად. როგორ გგონიათ, აბა? ქალი არ არის სულელი, უჭკუო არსება. თქვენი სქესის წარმომადგენელთა უმრავლესობამ ზუსტად იცის, რა უნდა. ჩემი პირველი საყვარელი-შეყვარებული ფულიანი მამიკოს შვილი იყო.

– ალბათ, ამიტომაც დაადგით თვალი.

– მარტო მაგიტომ არა. თუმცა, ვერ უარვყოფ. ეგეც იყო ერთ-ერთი ფაქტორი. დამიჯერებთ, რომ მე მისთვის არ მიდევნია? თვითონ გამოიჩინა ინიციატივა და ჩამომეკიდა კისერზე. ერთმანეთი ბარში გავიცანით. ისეთი აქტიური იყო, ისე მიყურებდა, რომ მაშინვე მივხვდი, ჩვენი სიახლოვე რითაც დამთავრდებოდა. იმ საღამოსვე გვქონდა ურთიერთობა მისსავე მანქანაში. წელიწად-ნახევრის განმავლობაში მე მისი ოფიციალური „ბოიფრენდი“ ვიყავი.

– ოფიციალური „ბოიფრენდი“ როგორია?

– ანუ, მისმა ოჯახმა იცოდა ყველაფერი. არანაირი პრეტენზია ამ ურთიერთობის მიმართ არ ჰქონიათ. ყოველ შემთხვევაში, პირველი ექვსი თვე. რატომ გიკვირთ? ასეთი წყვილები თბილისშიც და საქართველოშიც დღეს საკმაოდ ბევრია. ზოგი ურთიერთობა ქორწინებითაც მთავრდება. საქართველოში ხომ ასე ხდება. ფინალი, აუცილებლად მენდელსონის ვალსი უნდა იყოს. ყველა გოგოს გათხოვებაზე აქვს გართულება.

– ყველა ქალის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, ჰქონდეს ოჯახი.

– ჰო, მაგრამ მაშინ თავიდანვე უნდა გამოთქვა ეგ სურვილი და ის კაცი, ვისაც არ უნდა, რომ ცოლი შეირთოს, მოგერიდება. თავიდან ყველა თავისუფალ სიყვარულს ქადაგებს...

– კაცებიც იბნევით და ებმევით, არა?

– მე არც დავბნეულვარ და არც გავბმულვარ. ამას ვერ ვიტყვი. რაც მოხდა, საკუთარი ნება-სურვილით გავაკეთე. ოჯახი დაძალებით არ შემიქმნია. შემიყვარდა და მოვიყვანე ცოლად.

– ამას თქვენ ამბობთ?

– რატომ არ უნდა ვთქვა. სიყვარული სირცხვილი არ არის. მე არ მიჭირს იმის აღიარება, რომ ყურებამდე ვიყავი შეყვარებული ჩემს ცოლზე. მართლა, ოღონდ ეს გრძნობა თავისით მოვიდა ჩემთან. არავის დაუძალებია. რაც შეეხება ჩემს პირველ „გერლფრენდს“, მართალია, ფული არ აკლდა, მაგრამ მამამისს კისერზე არ დავჯდომივარ. ჩემი შემოსავალი სულ მქონდა. თავმოყვარეობა არ დამიკარგავს. სულ ქალის ხარჯზე ცხოვრება „მიტყდება“. უბრალოდ, ერთად ვცხოვრობდით და ზოგჯერ მისი მანქანით დავდიოდი.

– რატომ ის არ შეგიყვარდათ?

– რა გითხრათ, ყველაფრით კარგი გოგო იყო და სხვათა შორის, ეგ კითხვა მეც დავუსვი საკუთარ თავს. ალბათ, იმიტომ, რომ ნახევარი წლის შემდეგ ურთიერთობა დაგვეძაბა. დაიწყო ეჭვიანობა და უკვე ყოველ მეორე დღეს ვუსმენდი მის მონოლოგს თემაზე, რატომ არის აუცილებელი ურთიერთობის დაკანონება.

– ანუ გთხოვდათ, ცოლად შეგერთოთ.

– კი არ მთხოვდა, მოითხოვდა. თანაც ისეთი პრეტენზიით, თითქოს ჩვენი ურთიერთობის დასაწყისში რამეს დავპირებოდი. ნამდვილად არასოდეს მითქვამს მისთვის, მიყვარხარ და ცოლად მოგიყვან-მეთქი.

– სიტყვები ასეთი აუცილებელია?

– არ არის აუცილებელი? აბა, რანაირად უნდა მიხვდე, რას გრძნობს ადამიანი შენ მიმართ?

– ურთიერთობით, გამოხედვით, სიახლოვით.

– არა. ვერ დაგეთანხმებით. შეიძლება, მე ქალს სურვილით ანთებული თვალებით ვუყურო, მაგრამ არ მიყვარდეს. ანალოგიურად შეიძლება იქცეოდეს ქალიც. ადამიანის ჭეშმარიტ გრძნობებში გარკვევა ძალიან ძნელია და ახლა ეს უკვე ზუსტად ვიცი. თავი იმით მომქონდა, რომ შეუმცდარად შემეძლო ქალის ფიქრების, მისი საქციელის ამოცნობა, მაგრამ მაგრად მოვტყუვდი. სიტყვები არის საჭირო, როგორ არ არის.

– რატომ? არ შეიძლება გითხრა მიყვარხარო და ეს ტყუილი იყოს?

– როგორ არ შეიძლება. თურმე, ყველაფერი შეიძლება. მე, ქალების გულთამპყრობელმა და ქალების გრძნობებზე მოთამაშემ, საკუთარ ცოლს ვერაფერი გავუგე. მცდარი წარმოდგენა შევიქმენი მის პატიოსნებაზე, რაც, საბოლოო ჯამში, ძალიან ძვირი დამიჯდა.

– ბევრი საყვარლის ყოლა და ბევრ ქალთან წოლა არ ნიშნავს იმას, რომ კაცს მათი კარგად ესმის. უფრო, პირიქით არის ხოლმე.

– სამწუხაროდ, უკვე ვიჯერებ ამას. უბრალოდ, მე მქონდა მატყუარა ქალებთან ურთიერთობის არცთუ ხანმოკლე გამოცდილება და მათი მიხვედრილობა უნდა გამომეჩინა. ჩემი საყვარლები გათხოვილები იყვნენ და ქმრებს საკმაოდ ოსტატურად ატყუებდნენ. მე ხომ მიყვებოდნენ, როგორ აკეთებდნენ ამას. რატომ ვენდე ცოლს და რატომ არ ვუყურებდი ეჭვის თვალით? რუსებს რომ აქვთ გამოთქმა, ენდე, მაგრამ შეამოწმეო, სიმართლეს შეესაბამება.

– თუ ენდობი, რაღატომ უნდა ამოწმო?

– იმიტომ, რომ ბოლოს ჩემსავით რქებდადგმული არ აღმოჩნდე, მაგრამ ჩემი ცოლი ისეთი განსაკუთრებული, ისეთი განსხვავებული მეგონა, სხვა ქალებისგან, რომ მისგან ღალატი ვერაფრით დავუშვი. ლიკა იყო ერთადერთი, ვისაც სერიოზულად ვდიე, სანამ ცოლობაზე დავითანხმებდი. ისეთი სიჯიუტე და პრინციპულობა გამოიჩინა, რომ გადამიყვანა ჭკუიდან. ვეღარავისზე და ვეღარაფერზე ვფიქრობდი. გამოლენჩებული დავდიოდი. იმ პერიოდში კიდევ ერთ ქალს ვხვდებოდი, რომელიც საკმაოდ კარგი ვარიანტი იყო ჩემთვის და იმასაც დავშორდი ლიკას გამო.

– კარგი ვარიანტი რას ნიშნავს?

– არანაირ პრობლემას არ მიქმნიდა. საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობდი მის გვერდით თავს. ძვირფასი საჩუქრებით მანებივრებდა. ზრუნავდა ჩემზე და არც ეჭვიანობის სცენებს მიწყობდა. მანამდე ყველა ქალს, ვისთანაც კი ურთიერთობა გამიგრძელებია, ისეთი მესაკუთრული პრეტენზიები უჩნდებოდათ, ჭკუიდან გადავყავდი. ლიკას გამო აღარ შემეძლო მარისთან ურთიერთობა, სულ მასზე ვფიქრობდი. თან მეშინოდა, არ გაიგოს, საყვარელი რომ მყავს და არ გაგიჟდეს-მეთქი. დარწმუნებული ვიყავი, სიახლოვეს აღარ გამიკარებდა. სიყვარულმა წესიერ და მორჩილ ბიჭად მაქცია. ლიკას რომ უარი ეთქვა, მოვკვდებოდი. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე მეგონა.

– არ უყვარდით? რატომ გაწვალებდათ?

– არ მიყვარხარო, არ მეუბნებოდა. მაგრამ არ მჯერა შენიო. უნდა დამიმტკიცო, რომ გიყვარვარო. არ მინდა, მე მიყვარდე, შენ ამით ისარგებლო და გული მატკინო. პირდაპირ გეუბნები, რომ ოჯახი მჭირდება და სხვანაირ ურთიერთობაზე არასოდეს დავთანხმდებიო. ამან მომხიბლა. აი, რა პრინციპულია და სხვანაირი. კი არ მეთამაშება, თავიდანვე ამბობს, რა უნდა-მეთქი.

– ამიტომაც შეგიყვარდათ ყურებამდე?

– ეჰ, რა ვიცი. ვინ იტყვის, რატომ შეუყვარდა. ეს ისეთი გრძნობაა, რომელსაც ახსნა არა აქვს. მე, მაგალითად, ახლა მივხვდი, რომ მარიც მყვარებია, ოღონდ არ მკითხოთ, ორი ქალი ერთდროულად როგორ გიყვარს, ეს როგორ შეიძლებაო. შეიძლება! ყველაფერი შეიძლება. ლიკა ბედისწერა იყო ჩემი. კი არ დავდიოდი, დავფრინავდი, როცა ცოლობა ვთხოვე და დამთანხმდა.

– გაგიჭირდათ, შინაგანი ბარიერის გადალახვა?

– არანაირად. იმიტომ, რომ არავითარი ბარიერი არ ყოფილა. მე მინდოდა, სიყვარულით და შეგნებით მივსულიყავი ქორწინებამდე და არა ძალდატანებით და სკანდალებით. ვიცი, რასაც მკითხავთ, გაამართლა მერე ჩემმა ამ პრინციპმა?! ხომ შეიძლებოდა, სწორედ იმ ჩემს პირველ „გერლფრენდთან“ ვყოფილიყავი ბედნიერი, რომელიც თვითონ ჩამომეკიდა კისერზე და ბოლოს უკვე თავ-პირს მაჭამდა, ცოლად შემირთეო. არ გამოვრიცხავ, რომ მისი სახით მეყოლებოდა ერთგული, მზრუნველი ცოლი, რომელსაც ყველაფრით დავაკმაყოფილებდი და არ მიღალატებდა. როგორც ჩანს, შევცდი და ვაღიარებ ამას. მაგრამ ჩემი აღიარება უკვე ვეღარაფერს შეცვლის.

– მატყუარა ქალების ფსიქოლოგია კარგად ვიცოდიო, თქვით...

– არა. მე მეგონა, რომ კარგად ვიცოდი. საერთოდ, ისიც მეგონა, რომ თვითონ ქალებს ვიცნობდი კარგად, მაგრამ ახლა სულ სხვა აზრის ვარ. ჩემმა თავდაჯერებულობამ დამღუპა. მარტო ქალები კი არა, კაცებისაც არაფერი მცოდნია. ლიკამ ხომ ჩემს კარგ ნაცნობთან მიღალატა. იმასთან, ვისთანაც გავიცანი. როგორ წარმოვიდგენდი, თუ ერთმანეთთან რამე ექნებოდათ.

– იმ კაცთან გიღალატათ, რომელმაც ერთმანეთი გაგაცნოთ? კი, მაგრამ თქვენზე გათხოვება რაღაში დასჭირდა?

– არ მკითხოთ. არ მაქვს პასუხი. ვარაუდების დონეზე ვარ. ალბათ, კანონიერი ქმარი ფარად უნდოდა ჰყოლოდა. აქაოდა, როგორი პატიოსანი ვარო. იმ ტიპს ცოლიც ჰყავს და შვილებიც. თან ოჯახს არავითარ შემთხვევაში არ დაანგრევს. მთელი მისი არსებობა ცოლზეა დაფუძნებული. მის გარეშე არაფერს წარმოადგენს. ლიკამ, ეტყობა, უთხრა, არ გამოვა, შენ ცოლ-შვილი გყავდეს, მე ბოზის სახელი მერქვასო და იქ არ ვიყავი ბრიყვი?!

– რამდენი ხნის შემდეგ და როგორ გაიგეთ, რომ ცოლი გღალატობდათ?

– ორი წლის შემდეგ. ზუსტად ვერ გეტყვით ქორწინების მერამდენე დღეზე ჩაუწვა იმ ტიპს ლოგინში და სიმართლე რომ გითხრათ, არც მაინტერესებს. როგორ გავიგე და, როგორც საერთოდ იგებენ ხოლმე – „კეთილის მსურველების“ დახმარებით. დამირეკეს და მითხრეს, შენი ცოლი აქა და აქ არისო. თუ არ გჯერათ, მიბრძანდით და ფაქტზე დაიჭერთო.

– თქვენც მიხვედით.

– არა. ასე ვეღარ დავიმცირე თავი.

– თუ, არ დაიჯერეთ?

– არა. ეგ მომენტი არ მქონია, ყურმილი რომ დავკიდე, მთელი საათი ვფიქრობდი. რაღაც-რაღაცეებს სხვა თვალით შევხედე და მივხვდი, რომ არ მატყუებდნენ. მარის დავურეკე და მასთან წავედი.

– რატომ მაინცდამაინც მასთან?

– ხომ გითხარით, კარგად ესმოდა ჩემი-მეთქი. ძალიან კარგი ქალია. ქმარს სწორედ ღალატის გამო დაშორდა და ჩემთან სანამ იყო, ისე ზრუნავდა ჩემზე, როგორც უახლოეს ადამიანზე. ვისთან უნდა წავსულიყავი, თუ არა მასთან.

– რა გითხრათ?

– მითხრა, შენი გადასაწყვეტია. თუ გიღირს ასეთ ქალთან ცხოვრება, ჯობია, აღარაფერი „გამოქექო“ და ყველაფერი ისე დატოვო, როგორც არის. წადი და მოიფიქრე. შენს ცოლს საერთოდ არაფერი უთხრა, რადგან თუ დაიწყებთ ამაზე ლაპარაკს, უკან დასახევ გზას მოიჭრით და მაშინ უნდა დაშორდე კიდეცო.

– თქვენ როგორ მოიქეცით?

– ვიფიქრე. ძალიან ბევრი ვიფიქრე. ორი კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდი ჩემს ცოლს. მინდოდა, რამე შემემჩნია. ისე მიწვებოდა გვერდით, ვითომც არაფერი. თურმე ქალისგან ყველაფერს უნდა მოელოდე. რომ ვუთხარი, ყველაფერი ვიცი და შენგან მივდივარ-მეთქი, საერთოდ არ გაიოცა. კარგიო, მითხრა. თუ ასე გინდა, წადი, არ მოვკვდები უშენოდო.

– იქნებ შეცდით და არ უღალატია.

– რა შევცდი. დღესაც იმის საყვარელია. მითხრეს, როგორ ათრია სალონში მისმა ცოლმა თმით და რა სკანდალი მოხდა. საკუთარ თავზე ვბრაზდები, ანგელოზი რომ მეგონა.

– ახლა რას აპირებთ? ალბათ, ოჯახს აღარასოდეს შექმნით.

– პირიქით. სწორედ ახლა მინდა ოჯახი. ერთგული მეუღლე და შვილის სიყვარული მჭირდება. ცხოვრებამ კარგი გაკვეთილი ჩამიტარა. ვფიქრობ, მე და მარი კარგად გავუგებთ ერთმანეთს. ჩვენნაირებმა ერთგულების ფასი იციან. მთავარია, ცოლობაზე უარი არ მითხრას.


скачать dle 11.3