რატომ აღარ აქვთ პირადი ცხოვრება მორაგბეების ცოლებს და რა სიურპრიზებს უწყობენ ისინი ქმრებს
სულ რამდენიმე დღის წინ ახალ ზელანდიაში რაგბიში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერ ჯგუფში მოხვდა, რომლის ფავორიტიც, რა თქმა უნდა, ამჟამინდელი მსოფლიოს ჩემპიონი – ინგლისის ნაკრებია. თუმცა, საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად ისეთი ლამაზი გოგონები გაერთიანდნენ, შეუძლებელია, წარმატებას არ მივაღწიოთ. დეტალებზე რევაზ გიგაურის მეუღლემ – ნათია ზურაბაულმა, მერაბ კვირიკაშვილის მეუღლემ – ანანო ბუაძემ და დავით კაჭარავას მეორე ნახევარმა ანკა დუნდუამ ისაუბრეს.
ნათია: პირველად მოხდა ისე, რომ ყველანი საქართველოში ვართ. ჩვენი უმრავლესობა უცხოეთში ცხოვრობს, ძირითადად – საფრანგეთში, მაგრამ, სხვადასხვა ქალაქში ვართ და ერთმანეთის ნახვას, ერთად გულშემატკივრობას ვერ ვახერხებთ. ახლა კი მეუღლეებმა საქართველოში დაგვტოვეს, თვითონ ახალ ზელანდიაში წავიდნენ და თავისთავად გაჩნდა იდეა, რომ ყველამ ერთად ვუყუროთ თამაშებს. რაგბი დიდი ოჯახია, მეუღლეებიც ახლოს ვართ ერთმანეთთან...
ანკა: ბევრი არც ვიცნობდით ერთმანეთს და უფრო მეტად დაახლოების შანსი მოგვეცა. საფრანგეთში მაინც მიმოფანტულები ვართ.
– ყველაზე სტაჟიანმა მეუღლემ ითავა ეს ამბავი?
ნათია: ყველაზე სტაჟიანი ცოლი ანანოა, მაგრამ, ერთად ყურების იდეა რომ გაჩნდა, მერე უკვე მედიის ჩართვა, ფოტოსესიის გაკეთებაც ნელ-ნელა დაემატა ამ ჩვენ იდეას და ერთ დიდ საგულშემატკივრო პროექტად გადაიქცა.
ანკა: გუნდური სპორტი, რაშიც ყველაზე დიდ წარმატებებს ვაღწევთ, ცოტა დაჩაგრულია. ვცდილობთ, ჩვენი მხარდაჭერა ასე გამოვხატოთ. მერე შემოთავაზებებიც წამოვიდა, ამას თუ გააკეთებთ, ამაში დაგეხმარებითო და ასე აეწყო. თან, გვინდა, ისე არ გამოვიდეს, თითქოს ამ ყველაფერს არასერიოზულად მივუდექით ანუ, უბრალოდ, გავერთეთ და მორჩა. გვინდა, ხარისხიანი გამოვიდეს.
– საერთოდ, რას ნიშნავს იყო მორაგბის ცოლი? ალბათ, საკმაოდ რთულია, ერთი ქვეყნიდან მეორეში საცხოვრებლად გადასვლა...
– სულ ბარგზე, ჩემოდნებზე ვსხედვართ... მართლა რთულია. ხანდახან გოგოები ვხუმრობთ ხოლმე, რომ ჯარისკაცის ცოლებივით ვართ, სულ მოგზაურობაში ნერვიულობაში – როგორ ჩაფრინდნენ, როგორ ჩავიდნენ...
– ამას ბავშვებიც ემატება: სკოლა შეუცვალე, ენა ასწავლე...
– კი, მაგრამ, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. დადიხარ ახალ ქვეყნებში, ახალ ადამიანებს, კულტურას ეცნობი, შენს საყვარელ ადამიანთან ერთად იზიარებ მის ყველა სიხარულსა თუ რთულ პერიოდებს და ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?!
– მაგრამ, ფაქტობრივად, პირადი ცხოვრება აღარ გაქვთ.
ანანო: ნამდვილად ასეა. როდესაც ცოლად სპორტსმენს მიჰყვები, გაცნობიერებული უნდა გქონდეს ეს ყველაფერი – ის, რომ თავიდან ბოლომდე მისი ცხოვრებით უნდა იცხოვრო. შესაძლებელია შენი კარიერის აწყობაც, მაგრამ, ძალიან რთული.
ნათია: შეიძლება, 40 წლის ასაკში ვეღარ შევძლო ყოველ წელს სადღაც საცხოვრებლად გადასვლა, მაგრამ, სანამ ახალგაზრდა ხარ, ამისგან სიამოვნება უნდა მიიღო. ეს დიდი სტიმულიცაა, ადრენალინის დონეც იმატებს, ფიქრობ, ნერვიულობ – იქ ვის გაიცნობ, ვინ დაგხვდება, როგორ სახლში იცხოვრებ... – სიახლეებით ვცხოვრობთ.
ანკა: ურთიერთობაშიც სულ სიახლეებია, სულ მონატრება გაქვს. საიდანღაც რომ ჩამოდის, თითქოს იმ წუთში ყველაფერი თავიდან იწყება. სულ შეყვარებულობის პერიოდი გრძელდება.
ნათია: ცალკე სანერვიულოა მათი პროფესია. ეს ისეთი სპორტია, თამაშზე რომ მიდის, იქიდან როგორ დაბრუნდება, კაცმა არ იცის.
– შეიძლება, ერთი სახით გაუშვა და სხვა სახით დაბრუნდეს?
– კი, ასეა. მაგრამ, ჩვენი ბიჭები ისეთ პოზიციებზე თამაშობენ, რომ ასეთი რადიკალური სიურპრიზებისგან, მგონი, დაზღვეულები ვართ.
ანკა: თავიდან მორაგბეებზე ძალიან ცუდი წარმოდგენა მქონდა, მეგონა, უხეში, „მუჟლანის” ტიპის ბიჭები არიან-მეთქი, მაგრამ, კაჭი რომ დავინახე, დამთავრდა – (იცინიან) რაგბი ერთ დღეში შემიყვარდა.
ანანო: თან, მარტო ჩვენს მეუღლეებზე ხომ არ ვნერვიულობთ, იქ სულ ჩვენი მეგობრები თამაშობენ. თამაშის დაწყებიდან ბოლომდე სულ დაძაბულები, შეკუმშულები ვსხედვართ, ერთი წუთი არ არის ისეთი, რომ მოდუნებული დაჯდე. შენს მეუღლეს თუ არა რაღაც პრობლემა მის უახლოეს მეგობარს აქვს. ისეთი შეგრძნება გიჩნდება, თითქოს ბრძოლის ველს უყურებ.
– გიყვარდათ რაგბი?
– წარმოდგენა არ მქონდა, რაგბი რა იყო. ერთმანეთი ბათუმში გავიცანით და თამაშზე დამპატიჟა. მეგობრებთან ერთად მივედი. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, რატომ ეტაკებოდნენ ერთმანეთს... ოცი წუთი გავძელი და წამოვედით. ამის მერე უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს და თამაშის აზრიც გავიგე (იცინიან). ორი წელი შეყვარებულები ვიყავით და ორი წლის მერე გავიპარეთ.
– თქვენ სად გაიცანით ერთმანეთი?
ნათია: 2008 წელს, პარიზში. მე იქ ვსწავლობდი, რეზი კი პარიზის გუნდში გადმოვიდა სათამაშოდ და ჩამოსვლის პირველივე დღეს გავიცანით ერთმანეთი. წარმოიდგინე, ფშაველი პარიზში მოხევეს რომ შეხვდება და ცოლად გაჰყვება (იცინიან) – ამაზე სულ ვხალისობთ. მიმაჩნია, რომ მეორე ნახევარი მართლა არსებობს ცხოვრებაში და ის ვიპოვე. მეკო, ანანოს ქმარი, რეზი და ბინგო ერთად გავიცანი, მაგრამ, ეგრევე მივხვდი, რომ რეზი იყო „ის” და იმ დღიდან ერთმანეთს არ დავშორებივართ.
– ანკა, თქვენ?
– კაჭი რომ გავიცანი, 14 წლის ვიყავი. იმედია, არ დაიჭერენ (იცინიან). კიკეთში ვისვენებდით. კაჭის ძმაკაცს ჩემი მეგობარი მოსწონდა და მის სანახავად წყნეთში ჩავიდა. მეც გავყევი. რომ დავინახე, ვთქვი, რომ ამას აღარ გავუშვებდი ხელიდან. ცოტა დიდი შეხედულება მქონდა და მოვატყუე, 16 წლის ვარ-მეთქი. მოკლედ, 14 წლის ასაკიდან მის გვერდით ვარ და 18 წლის ვიყავი, როდესაც ცოლად გავყევი.
– გაუზრდიხარ.
– ხშირად ამბობს ხოლმე, ისეთი გაგზარდე, როგორიც მინდოდაო.
– ცხოვრებაშიც ისეთივე ძლიერი პიროვნებები არიან, როგორი გარეგნობაც აქვთ?
ნათია: აბსოლუტურად. ზუსტად ისეთივე ძლიერი შინაგანი სამყარო აქვთ, როგორიც გარეგნობა. რეზის ცხოვრებაში ასი პროცენტით დავეყრდენი და ეს ყველაზე სასიამოვნო განცდაა. ის არის კაცი, რომელმაც სრული ბედნიერება მომანიჭა, სრულყოფილ ქალად მაგრძნობინებს თავს დილიდან დილამდე, ოცდაოთხი საათის განმავლობაში. თავისი რომანტიკით, ფოიერვერკით. ბედნიერი და ამაყი ვარ მის გვერდით. რაც ქალს სჭირდება, ყველაფერს მაძლევს.
ანანო: იგივე შემიძლია, ვთქვა მეკოზე: გაცნობის დღიდან ბედნიერი ვარ მის გვერდით. სამი შვილი გვყავს. რომ გითხრათ, დიდი რომანტიკოსია-მეთქი, ასე არ არის, მაგრამ, არასდროს არაფერი ავიწყდება, ძალიან ყურადღებიანია, საჩუქრები, ჩვენთვის მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის ახსოვს.
ანკა: კაჭი იმდენად ძლიერია, როდესაც წასულია აბსოლუტურად მარტო და დაუცველად ვგრძნობ თავს, საშინელ დისკომფორტს განვიცდი. საოცრად მიჯაჭვული ვარ კაჭის. თვითონ სულ მეუბნება, არ შეიძლება ასე, დაუმოუკიდებელი უნდა იყოო, მაგრამ, არ შემიძლია, როდესაც ჩემ გვერდითაა, მხოლოდ მაშინ ვგრძნობ თავს კარგად: ვარ დაცული, დავდივარ თავაწეული და ძალიან მეამაყება მის გვერდით ყოფნა. როცა წასულია, ვფიქრობ, რომ შვილი გვყავს, უნდა გავძლიერდე, მას მივხედო, მაგრამ, როგორც კი მტოვებს, ვგრძნობ, როგორი სუსტი ქალი ვარ, მასთან ერთად კი უძლიერესი მგონია თავი.
– ეს ყველაფერი მათთვის სიურპრიზია?
– იციან, რომ შევიკერეთ მაისურები და ერთად ვაპირებთ ყურებას, მაგრამ, ამხელა ამბავი თუა, ჯერ მათთვის უცნობია.