რატომ მიიყვანა დათო მესხიშვილმა ცოლი ჯვრისწერაზე დაბმული და როგორ ატარებს ის ექსპერიმენტებს მეუღლეზე
დათო მესხიშვილმა და ანი მაღლაკელიძემ ერთმანეთს ცხოვრება ექვსი თვის წინ დაუკავშირეს, თუმცა მათი ქორწინება ტრადიციული რიტუალების დაცვით სულ ახლახან „შევიდა ძალაში”. დათომ და ანიმ პომპეზურ ქორწილზე უარი თქვეს და მათთვის მნიშვნელოვანი დღე წყნარად აღნიშნეს. დათო და ანი მეორე თაფლობის თვეს საქმიან რეჟიმში გადიან – უკვე ტელესახედ ქცეულმა ექსჩინოვნიკმა ცოლი რადიოდან ტელევიზიაში გადაიბირა და მასთან საქმიანი კონტრაქტის გაფორმებაც იოლად შეძლო.
ანი: ოჯახი მარტში შევქმენით, ახლა, რაც უკვე დავლაგდით, როგორც ოჯახურად, ასევე ფიზიკურად და დავგეგმეთ კიდეც მომავალი, უკვე ქორწილის დროც დადგა. ძალიან მოკრძალებული ქორწილი გვქონდა, ჯვრისწერაზე მეცვა ჩვეულებრივი კაბა, ხელის მოწერის ცერემონიალზე კი ჯინსის შარვლით მივედი.
დათო: ძალიან მინდოდა, რომ ჯვრისწერა შემოდგომაზე ყოფილიყო, მაგრამ, ისე გამოგვივიდა, რომ მარიამობას დაემთხვა. არც ქორწილის და არც ჯვრისწერის ცერემონიალი პომპეზური არ ყოფილა, ხელისმოწერაზე ვიყავით ოთხნი: მე და ანი მეჯვარეებთან ერთად. მეჯვარეებად გვყავდა ჩვენი უახლოესი მეგობრები, ვისთანაც ძალიან დიდი გულით ვმეგობრობთ. ჯვრისწერაზე სულ ოცამდე ადამიანი შევკრიბეთ – ძირითადად ჩვენი ოჯახის წევრები და ძალიან ახლობლები. მოსაწვევები ნამდვილად არ დაგვირიგებია. ჯვარი დაგვწერა ჩვენი ოჯახის გულშემატკივარმა მამა გიორგიმ ვაზისუბნის დასახლებაში – წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში. მე იქაურობა ძალიან მიყვარს.
ანი: იმის მიუხედავად, რომ ძალიან ვიწრო წრეში აღვნიშნეთ ჩვენი ქორწინება, საქორწინო თაიგული მაინც ვისროლე. რაღაცნაირი, პატარა და საყვარელი ქორწილი გამოგვივიდა.
– საქორწინო მოგზაურობა, თაფლობის თვე... ეს ყველაფერი იყო?
– იყო, ოღონდ, ცოტა უცნაურად – ჩვენ ყველაფერი უკუღმა გვქონდა: ჯერ დავოჯახდით, საქორწინო მოგზაურობა კი ქორწილამდე და ჯვრისწერამდე მოვიწყვეთ. ამ ზაფხულს ვიყავით ტაო-კლარჯეთში, სადაც მოვინახულეთ ძველი სიწმიდეები, მერე ჩავედით ართვინში, რამდენიმე დღე გავატარეთ უღრან ტყეში, ძალიან ეგზოტიკურ ადგილას, რომელიც ნისლით იყო სავსე. შემდეგ ტრაპზონში გადავედით. ართვინში ჩვენი მასპინძელი იყო ქალაქის მერი, რომელმაც ძალიან კარგი მასპინძლობა გაგვიწია, მოგზაურობაც ძალიან საინტერესო გამოგვივიდა.
– დათო, საქორწინო მოგზაურობისთვის ართვინის უღრან ტყეზე კარგი ადგილი ვერ შეარჩიეთ?
დათო: მე არ ვფიქრობ, რომ ცუდი ადგილი ავირჩიე, ტაო-კლარჯეთი ყველა ქართველს ნანახი უნდა ჰქონდეს. გული მწყდება, რომ ყველაფერი ბოლომდე ვერ ვნახეთ, მაგრამ, ამასაც ალბათ, გამოვასწორებთ მომავალში.
– ანი, დათოსთან ერთად თანაცხოვრება ისეთია, როგორზეც ფიქრობდით თუ მის რომანტიკასაც ჰქონია ზღვარი?
ანი: არა, დათო ისევ ისეთი რომანტიკულია, როგორიც იყო შეყვარებულობის დროს. ამას წინათ ჩემს სახლში ისეთი სიურპრიზი მომიწყო, ბედნიერებისგან დავფრინავდი. წარმოდგენა არ მქონდა, ამას თუ აპირებდა. ჩემი ძმის დახმარებით, ჩემს სახლში, ჩემი ოთახი გაავსო ყვავილებით. როცა ოთახში შევედი, საოცარი სილამაზე დამხვდა: ყვავილები, სანთლები, მუსიკა, ტკბილეული... დათოს ყველაფერი ისე გემოვნებით გაეკეთებინა, გულგრილი ვერ დარჩებოდი.
დათო: ამ „სპეცოპერაციაში“ ანის ძმა დამეხმარა, რომელიც ჩემს ბანაკშია (იცინის).
ანი: საბედნიეროდ, დათოს რომანტიკა ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა, ამ რომანტიკის მიღმა ძალიან პრაგმატული და რაციონალური ადამიანიც დგას. ჩემი აზრით, დათოს შეიძლება ეწოდოს საუკეთესო მეუღლე. ჩვენ ჯერ არ გვიცხოვრია ერთად ისე დიდხანს, რომ საბოლოო დასკვნა გავაკეთო, მაგრამ, ის პერიოდი, რაც ერთად გავატარეთ, საიმედო დასკვნების გაკეთების საშუალებას მაძლევს (იცინის). დათო ძალიან კარგად უძღვება ოჯახს, არ მიხდება იმის შეხსენება, რა გვჭირდება, რა უნდა მოიტანოს. თურქეთში, როცა ერთად გადავდიოდით ერთი ქალაქიდან მეორეში, მაშინ ვიფიქრე: აი, ახლა, მე ხომ არც ერთი წუთით არ მიზრუნია იმაზე, თუ როგორ უნდა წავსულიყავით ართვინიდან ტრაპზონში. რა კარგია, რომ მე არაფერზე არ მიწევს ფიქრი-მეთქი (იცინის). არადა, მთელი ცხოვრება სხვანაირად იყო – ძალიან პატარა ასაკში დავიწყე დამოუკიდებლად ჩემი ცხოვრების მოწყობა და იმ დროში ეს არც ისე მარტივი იყო. მით უმეტეს ქალისთვისაა რთული, იზრუნო ბევრ რამეზე. ახლა ჩემს ცხოვრებაში სხვანაირადაა – დათო ისე აგვარებს ყველაფერს, საფიქრალს არ მიტოვებს, ამ ადამიანთან ერთად მშვიდად ვარ.
– ანი, როგორც ვიცი, რადიო „იმედიდან” წამოხვედი. ეს დათოს გავლენით ხომ არ მოხდა?
– არა, რას ამბობთ?! ყველა ადამიანის ცხოვრებაში მთავრდება ერთი და იწყება სხვა, ახალი ეტაპი. ვფიქრობ, რომ ჩემი თავი იმ ამპლუაში ამოვწურე. ჩემი ცხოვრება შემოქმედებითი თვალსაზრისით ყოველთვის საინტერესო იყო, მაგრამ, სიახლის მოსინჯვა ცუდი არასდროს არაა.
დათო: ეს თვეები, რაც ერთად ვცხოვრობთ, ანი სულ 6 ექვს საათზე იღვიძებდა და მასთან ერთად ვიღვიძებდი მეც, რომელ ქმარს მოეწონება, ცოლი უთენია რომ გადის სახლიდან? (იცინის) თუმცა, რადიო „იმედიდან“ მის წამოსვლას მე ჩემს თავს არ დავაბრალებ. ჩემი აზრით, ანის კარიერაში ის დრო მოვიდა, როცა მან სხვა საქმე უნდა აკეთოს. ახლა „კიკალას სტუდია“ იწყებს ახალ პროექტს, რომელშიც ანი იმუშავებს მენეჯერის თუ პროდიუსერის პოზიციაზე.
– მოკლედ, თქვენს ბანაკში გადმოგიყვანიათ. პროფესიული კონკურენცია ხომ არ დაიწყება თქვენ შორის?
– არა, ანის აქვს დიდი გამოცდილება და სიამოვნებით მიიღეს სტუდიაში, მით უმეტეს, რომ „პირველ არხთან“ ძალიან მშობლიური დამოკიდებულება აქვს – სწორედ ამ არხზე დაიწყო მისი ჟურნალისტური კარიერა. მე ჩემს თავს არ მივიჩნევ ჟურნალისტად და ამ სფეროს დიდ სპეციალისტად, უბრალოდ, ის თემები, რასაც მე ვაშუქებ ეთერში, ყველასთვის მნიშვნელოვანია და არ მოითხოვს ჟურნალისტურ გამოცდილებას.
– დათო, იმ წარმატებული კარიერის შემდეგ, რაც თქვენ გქონდათ, ეს ასპარეზი გყოფნით ფრთების გასაშლელად?
– მე მიყვარს სიახლეები. რაც ტრანსპორტთან დაკავშირებულ თემებზე დავიწყე მუშაობა, აღმოვაჩინე, რომ საზოგადოება ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებული არ არის. შეიძლება ითქვას, რომ ვიპოვე თავისუფალი ნიშა. ამას გარდა, ვარ ექსპერტი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში, აქტიურად ვარ ჩართული იმ კანონპროექტებში, რაც განიხილება სატრანსპორტო სფეროსთან დაკავშირებით. რაც შეეხება ასპარეზზს, არ მიმაჩნია, რომ ჩემი დღევანდელი სამსახურებრივი მდგომარეობა დისკომფორტს უნდა მიქმნიდეს – ეს პერიოდი მაშინ გავიარე, როცა ვერ ვიგებდი, რატომ არ მირეკავდნენ, რატომ არ უნდა გამეღვიძა ადრე და რატომ არ მეჩქარებოდა არსად. ახლა ვარ წყნარად და მშვიდად და შემიძლია, სხვანაირად შევხედო ცხოვრებას.
ანი: იმას რატომ არ ამბობ, რომ ახლაც ხშირად გირეკავენ და ჯანდაცვასთან დაკავშირებულ შეკითხვებს გისვამენ (იცინის)?
დათო: კი, ახლაც ხშირად მიწევს პასუხების გაცემა – ახლობლებს ვეუბნები: თავი დამანებეთ, ჯანდაცვაში აღარ ვმუშაობ, ხომ ხედავთ, საბურავზე და ღვედზე ვლაპარაკობ-მეთქი. როცა უცნობები მირეკავენ, კი ვეუბნები, აღარ ვარ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე-მეთქი, მაგრამ, მაქსიმალურად ვცდილობ, დავეხმარო ინფორმაციის მიწოდებაში და საჭირო ადამიანებთან დაკონტაქტებაში. ჯანდაცვა ისეთი სფეროა, თუ გაქვს საშუალება, დაეხმარო ადამიანს, ამაზე უარი არ უნდა თქვა.
– ანი, დათოს გამოყოლილი აქვს ჩინოვნიკური უნარ-ჩვევები?
ანი: მე მგონი, კი. ძალიან პედანტია საქმეში. მე ხანდახან მჩვევია „საჩკაობა”, ამისგან კი ეს გამორიცხულია. სახლში თათბირებს არ აწყობს, მაგრამ, ისეთი მოწესრიგებული და პუნქტუალურია, თავი, მგონი, სახელმწიფო სამსახურში ჰგონია. კინოში ერთი წუთი დაგვაგვიანდა და უკან გამოვბრუნდით – აღარ შემომყვა დარბაზში.
– დათო, ანის შენს გადაცემაშიც ხომ არ ვიხილავთ?
ანი: ეს უკვე გადაწყვეტილია – დათომ ჩემს შრომით კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი.
– ალბათ, სახლში?
– კი, ჯერ სახლში, მერე – სამსახურში (იცინის).
დათო: ალბათ, ანი გააკეთებს იმ სიუჟეტებს, რასაც ახლა მე ვაკეთებ. ეს სიუჟეტები მოითხოვს მეტ ხალისსა და მოძრაობას, ვფიქრობდი, რომ სხვა სახე უფრო საინტერესო იქნებოდა, ანი ძალიან მოუხდება ჩემს გადაცემას. საინტერესოც კი იქნება, ცოლ-ქმარი ერთად რომ გააკეთებს გადაცემას.
– არის ეს ანისთვის საინტერესო სფერო?
ანი: კი, მე თვითონ ვარ მძღოლი და დათოს საქმიანობა პირდაპირ მეხება ხოლმე, თუმცა, ჩემს ავტომობილთან დაკავშირებული პრობლემები უკვე დათომ გადაიბარა – სულ რაღაც ხმები ესმის ჩემი მანქანიდან, მაგრამ, საბოლოო ჯამში აღმოჩნდება ხოლმე, რომ ჩემს ავტომობილზე ექსპერიმენტებს სულ ტყუილად ატარებს, ამან ისე იცის საქმეში თავით გადაშვება. ახლა მთლიანად „ავტოპილოტშია” ჩართული. საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით ძალიან კანონმორჩილია. ერთადერთი, რაც არ მომწონს, ისაა, რომ საჭესთან გინების თავისი პროგრამა აქვს.
დათო: მაგაზე არც ქალები ამბობთ უარს (იცინის).
– შენც „დაგაბა” ღვედებით?
დათო: დავაბი რომელია! ქორწილშიც და ჯვრისწერაზეც დაბმული მივიყვანე (იცინის). სხვაგვარად არ გამოვა, მე ღვედებით ჯერ კიდევ მაშინ ვსარგებლობდი, სანამ მისი გამოყენება სავალდებულო გახდებოდა. ამას წინათ მანქანაში ჩავჯექი და ჯერ დაძრულიც არ მყავდა, რომ, უცებ მომვარდა ერთი ქალი და მიკივლა: ააა, ჩვენ რომ დაგვაბი, შენ დადიხარ, ხომ, ღვედების გარეშეო?! რა უნდა მეპასუხა, ორ წამში გამომიჭირა. მას შემდეგ, მგონი, გაჩერებულ მანქანაშიც კი არ ვიხსნი ღვედს (იცინის).