კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის კოშკში ცხოვრება არ სურს ნატო გელაშვილს და რატომ მსახურობს ის ქართულ ჯარში

ნატო გელაშვილი თავის სიმღერებს ჰგავს – გულწრფელია და ემოციური, ერთდროულად სევდიანიც და იმედიანიც. ალბათ, ამიტომაც, იმის მიუხედავად, რომ პოპულარობისკენ არასოდეს ილტვის, მსმენელის სიყვარულს ყოველთვის უხვად იღებს. ცხოვრების წესიც ისეთი აქვს, არაბომონდური – ყველაზე დიდ სიმშვიდეს საკუთარ სახლში პოულობს, სადაც დიდი სამეგობროს კარგ მასპინძელს „სახლობანას თამაში“ ყველაზე უკეთ გამოსდის...

ნატო გელაშვილი: ზაფხული განსაკუთრებულად აქტიური არ მქონია, ძირითადად შვილებს დავდევდი მთიდან ბარში. რამდენიმე დღე ზღვაზეც მოვახერხეთ დასვენება. ცურვა ჩემი სტიქიაა. წყალი ისე მიყვარს, შემიძლია, წყალში ვიცხოვრო. ახლა უკვე კარგი კომპანიონებიც მყავს – ჩემს ბიჭებთან ერთად შევდივარ ხოლმე ზღვაში და ჭორაობა-ჭორაობით ისე შორს გავდივართ, საძებრებიც კი ვხდებით. წელს მათი წყალობით მეც გამოვკარი ხელი არდადეგებს. ზაფხული მიყვარს, მაგრამ, ძალიან ძნელად გადამაქვს დიდი სიცხე, ძლივს გავუძელი იმ კოშმარს, რაც ორი კვირა გაგრძელდა თბილისში. საერთოდ, არ მიყვარს დიდი ხნით თბილისიდან წასვლა, ჩემს სახლში თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. საშინლად არ მსიამოვნებს ჩანთების ჩალაგება-ამოლაგების მომენტი, თუ სადმე დიდი ხნით არ მივდივარ. თუ სადმე დიდხანს უნდა დავრჩე, იქ სახლურ გარემოს ვიწყობ და „სახლობანას” ვთამაშობ (იცინის). ჩემი არდადეგებიდან ყველაზე ტკბილად მახსოვს ტური ბულგარეთში. მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა, ძალიან ბევრ ქვეყანაშიც მომიწია ყოფნა და დასვენება, მაგრამ სტუდენტობისას იქ გატარებული ათი დღე არასდროს მავიწყდება. წარმოიდგინეთ, ოცი ქართველი სტუდენტი გოგონა როგორ დროს გაატარებდა უცხო ქვეყანაში მუსიკალურ ფესტივალზე. ჩვენ შევესიეთ ბულგარეთის ზღვის სანაპიროს, იქ წრეს გვარტყამდა იუგოსლავიელი ბიჭების არმია, რომელთათვისაც წარმოუდგენელი იყო გოგონების მოკრძალებული უარი ურთიერთობაზე. ჩვენ გუნდურად შეკრულები დავდიოდით ერთად, ერთი გიტარა გვქონდა და „ქართულად” ვუტევდით მათ: „ხომ არ გინდა ახლა, ეს გიტარა გადაგამტვრიო თავზე?“ ფესტივალზე ჩასულები, გაგვანაწილეს ოჯახებში. ერთხელ, გოგოებს ღამით ძალიან რომ მოგვშივდა, კვერცხი მოვპარეთ დიასახლისს და „მინუტკაში” მოვხარშეთ. მეორე დილით კი ჩუმად გამოვიპარეთ იმ სახლიდან. ახლა იმ კვერცხის გემოც სხვანაირად მახსოვს და ისიც, როგორ ვიყავით ოცი გოგო ერთი გიტარის იმედზე (იცინის).
– ზაფხულის კონცერტებზე არ ჩანდით, შემოქმედებითად პასიური პერიოდი გაქვთ?
– არა, რატომ? რამდენიმე კონცერტში მივიღე მონაწილეობა. მე არასდროს .არ ვყოფილვარ განსაკუთრებით აქტიური, რომ თვეში ცხრა სიმღერა გამომეტანა და კლიპები გადამეღო. ამ ზაფხულს მეგობრებმა დამაფიქრეს სოლო კონცერტზე, მით უმეტეს, რომ ბევრი კარგი ახალი სიმღერა დაგროვდა. არ ვიცი, როგორ მოვაბამ თავს ამ ყველაფერს, თუ გავაკეთებ, კონცერტი უნდა იყოს კარგი, უცხო და საინტერესო, რაც ძალიან ბევრ დეტალთან არის დაკავშირებული. მე ძალიან თვითკრიტიკული და ემოციური ადამიანი ვარ, საკუთარი თავის მიმართ განსაკუთრებით მომთხოვნი და ამიტომაც, იოლი არაა ჩემთვის სოლო კონცერტის გამართვა.
– წლებმა ეს ემოციურობა არ შეასუსტა?
– არა, ადამიანი ხომ არ იცვლება – რაც გაქვს ხასიათში, გაქვს და მორჩა. მე, ალბათ, ბავშვიც ასეთი ვიყავი, უბრალოდ, ის პერიოდი არ მახსოვს. ვინც კარგად მიცნობს, იცის, რომ შუალედი არ მაქვს – ან ძალიან მიყვარს, ან – არა, ან მიხარია, ან – არა. კოშკი რომ მაჩუქონ, თუ არ მინდა, იქ ვერ ვიცხოვრებ. ყველა კოშკს ჩემი ძველი ერთი ოთახი მირჩევნია. სამწუხაროდ, ყველაფერი სახეზე მაწერია, ვერაფერს ვერ ვმალავ და ვერც ვთამაშობ. ბევრი მიფიქრია იმაზე, რომ ასეთი ემოციურობა არ შეიძლება. ახლობელ ადამიანებსაც ხშირად ვარიგებ ხოლმე, რომ არაფერი არ უნდა აქციონ ტრაგედიად, მაგრამ, მე თვითონაც საკმაოდ ხშირად მაქვს ისეთი შინაგანი ფორიაქი, რომელსაც იოლად ვერ ვერევი. ამის მიუხედავად, ძალიან მადლიერი ადამიანი ვარ და ხშირად ვამბობ მადლობას იმისთვის, რაც მაქვს, თუმცა, ის განსაცდელიც, რაც ცხოვრებაში მოდის, ადამიანს სხვანაირად ზრდის.
– შოუ-ბიზნესის საკმაოდ ბნელ კულისებში თქვენი გზამკვლევი რა არის?
– ალბათ, ჩემი სიმართლე. იმ კულისებში არიან ჩემი მეგობრები, რომლებიც კარგად მიცნობენ. იმ მართლაც რთულ კულისებში არასდროს არავინ მებრძვის და არ მერჩის, ალბათ, იმიტომ, რომ იციან: მე არასდროს არ მინდა სხვისი ადგილი და სხვისი ტაში; არასდროს არ მიცდია, რომ ვიღაც გვერდით ჩამეწია და ჩემი ბედნიერება სხვის ხარჯზე მომეწყო, რადგან, ვიცი, რომ ეს არ შემერგება. ყოველთვის მჯერა, რომ ჩემი წილი სიხარული და ბედნიერება ჩემთან აუცილებლად მოვა და ამისთვის არ ვიბრძვი – ბრძოლა ჩემი სტილი არაა. მე ძალიან ბევრს ვშრომობდი თითოეული ჩემი წარმატებისთვის; ვიცოდი, რომ ამას ჩემ ნაცვლად სხვა ვერავინ გააკეთებდა. სულ ისე იყო, რომ მყოფნიდა ის პატარა სიხარული და ბედნიერება, რასაც ვიღებდი. ალბათ, იმიტომ, რომ ბუნებით მაქსიმალისტი არ ვარ. დღეს მე შეიძლება ვიბრძოლო ჩემი ბიჭებისთვის, ოღონდ იქაც წესების დაცვით.
– რამდენიმე თვის წინ თქვენ მუშაობა დაიწყეთ თავდაცვის სამინისტროში, რაც თქვენგან ბევრს ცოტა უცნაურად მოეჩვენა: სად – ჯარი და სად – ნატო გელაშვილი! თქვენც „ვარსკვლავები” გინდათ?
– არა, რა ვარსკვლავები! არანაირი ჩინი არასდროს მდომებია. მე თავდაცვის სამინისტროში საიდუმლო სამსახურში კი არ გადავსულვარ! ჩემგან ჩინოვნიკი არ დადგება, მით უმეტეს – სამხედრო პირი. ეს პირველი შემთხვევაა ჩემს ცხოვრებაში, როცა ოფიციალური სამსახური მაქვს, თუმცა, იქაც ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ვიცი და მიყვარს. მეც ბევრჯერ მოვისმინე: „ვაიმე, ნატო და თავდაცვის სამინისტრო“?! მაგრამ მე არანაირად არ მრცხვენია ჩემი ნაბიჯის, პირიქით, მეამაყება კიდეც. თავდაცვის სამინისტროში გაკეთდა შემეცნებით-მუსიკალური ცენტრი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ. ეს იქნება ცენტრი დაღუპული მეომრების შვილებისთვის. ცენტრი უზრუნველყოფილი იქნება სტუდიით, კინოდარბაზით. აქ ბავშვები შეხვდებიან ცნობილ ადამიანებს, რაზეც, შეიძლება, დღეს ბევრს ოცნებობენ. ისწავლიან მუსიკას, ინგლისურს. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ამ ბავშვებს მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში და გავიღოთ მათთვის ის, რისი გაკეთებაც ჩვენი შვილებისთვისაც გვიხდება. ჩემთვის რომ ეთქვათ, სამხედროებს ასწავლე მუსიკაო, ამაზე ხომ ვერ დავთანხმდებოდი, მაგრამ, მე მთელი ცხოვრება გავატარე ბავშვებთან, ვასწავლიდი მათ, ეს არაა ჩემთვის უცხო სფერო. ამას გარდა, ახლა პატრიოტული მოტივიც მამოძრავებს – დავუდგე გვერდით იმ ბავშვებს, ვისაც მამის ზრუნვა აკლია და ეს, მე მგონი, არაა ცუდი საქმე. ხუთ ბავშვსაც რომ დავეხმარო გზის გაკვლევაში, ძალიან დიდი ბედნიერება იქნება.
– მინისტრის თათბირებს ესწრებით გენერლებთან ერთად?
– არა, მე მსგავსი რამ არ მევალება, არც ოფიციოზის დაცვას მთხოვს ვინმე. მე მაბარია კონკრეტული საქმე – ჩემს ბავშვებზე ფიქრი და ზრუნვა, ეს კი ნამდვილად მაქვს ხასიათში. ჩემი ცხოვრების ყველა დღე და საათი ეძღვნება ჩემს შვილებს და მათთან ერთად ყოფნას არაფერი მირჩევნია.
– ნატო გელაშვილის ცხოვრების სტილი ბომონდურია?
– არა, რა ბომონდური! თუ რაღაც განსაკუთრებული არ ხდება და ისეთი ადამიანი არ დამპატიჟებს, ვისაც დიდ პატივს ვცემ, არსად არ მივდივარ. აუზზეც შეიძლება წავიდე და სოლარიუმშიც, მაგრამ არა მოდის გამო და არც დროშებს არ ვაფრიალებ, რომ მარკა ავიწიო. რაღაცას იმიტომ არ გავაკეთებ, რომ თქვან, ბომონდურად ცხოვრობსო, კლუბი და ხმაური არაა ჩემი საქმე, ჩემი სისუსტე არის სახლში მშვიდად ყოფნა, ცხოვრების ჩქარი ტემპი და ურბანული გარემო ძალიან მღლის. სახლში ვარ ძალიან კარგად, ვკითხულობ, თუ მარტო ვარ, ვუკრავ კიდეც. საკმაოდ ხელმარჯვე ვარ და სახლში ყველაფრის გაკეთება გამომდის, ვერაფერს ვერ მივაფუჩეჩებ. ჩემი გაკეთებული სადილი გემრიელიც უნდა იყოს და ლამაზიც. ისე მიყვარს გაკრიალებულ სახლში ყავის დალევის რიტუალი, ამაზე უარს როგორ ვიტყვი. (იცინის). იმდენად მეზარება სახლიდან გასვლა, მირჩევნია, სულ მე ვიყო მასპინძელი, მაგიდის არც გაშლა მეზარება, არც ალაგება, ამიტომაც ჩვენთან ხშირად მოდიან სტუმრად მეგობრები და ჩემს აივანზე იწყება ქალების თბილისური ჭორაობა, მე ჭორაობა მაინცდამაინც არ მიყვარს, ძირითადად მსმენელის როლში ვარ ხოლმე და ასე ხალისიანად გადის ჩვენი დღეები.
– როცა ხალისიან დღეებს ნაცრისფერი ცვლის?
– როცა ვგრძნობ, რომ ძალიან გადაღლილი ვარ და ვდგავარ „საშიშ” ზღვარზე, ვიღებ ბილეთს და მივდივარ თბილისიდან მარტო, უფრო ხშირად ჩავდივარ მადრიდში, სადაც ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები ცხოვრობენ. ვგიჟდები პატარა ევროპულ ქალაქებზე, ღია კაფეზე. იქ ვარ აბსოლუტურად თავისუფალი: დავდივარ ქუჩაში, სადაც არავინ მცნობს; მაცვია ისე, როგორც მინდა – მთელ დღეს გავატარებ ერთი ჯინსის შარვლით, რის უფლებასაც აქ საკუთარ თავს ვეღარ ვაძლევ. აქ სულ მობილიზებული უნდა იყო, რაც ჩემისთანა ადამიანს ძალიან ღლის.
– მადრიდს ვერ ცვლის მშობლიური ბორჯომი?
– ბორჯომში სულ სხვა განცდა მაქვს, როცა იქ ჩავდივარ, ვბრუნდები წარსულში, ვხდები პატარა ბავშვი და, ალბათ, ყოველთვის ასეთი ვიქნები ჩემს პატარა ქალაქში, რომელსაც ისეთი ხიბლი აქვს, სხვაგან რომ ვერ იპოვი. ყველაფერს აქვს თავისი დრო. გავა წლები, ჩემი ბიჭები გაიზრდებაინ და თავისი გზით წავლენ. სულ ვამბობ, როდესაც შევალ ისეთ ასაკში, როცა ვერაფერს ვეღარ შევმატებ საზოგადოებას, წავალ ჩემს ქალაქში და იქ ვიცხოვრებ. სიამოვნებით ვიქნები მასპინძელი ჩემი მეგობრებისთვის – ეს როლი, როგორც ამბობენ, ძალიან კარგად გამომდის (იცინის).

скачать dle 11.3