როგორ გახდა ვალერი ხარიტონაშვილი ამერიკაში „სენიორ ტექნიკალ დირექტორი“ და რატომ იწვევენ მას ცნობილი კინოსტუდიები
„მისტერ და მისის სმიტები“, „შრეკი 3“, „კარიბის ზღვის მეკობრეები 3“, „კერკეტი კაკალი 4“, „მე ლეგენდა ვარ“, „ჰენკოკი“, „2012“, „მწვანე ფანარი“ – ეს იმ ფილმების მცირე ჩამონათვალია, რომელთა სპეცეფექტებზეც ვალერი ხარიტონაშვილი მუშაობდა. ვალერი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაოდ და საცხოვრებლად დაახლოებით 10 წლის წინ წავიდა, 2008 წელს კი ის ქართველმა მკითხველმა პირველად სწორედ ჩვენი ჟურნალის მეშვეობით გაიცნო. მას შემდეგ ჰოლივუდელი ქართველის ცხოვრებასა და საქმიანობაში ბევრი სიახლე მოხდა – მან, ბევრ საინტერესო ფილმზე იმუშავა და ამის შესახებ ლოს-ანჯელესიდან თავად გვესაუბრა.
ვალერი ხარიტონაშვილი: ადრე ერთ პროექტზე, ყველაზე დიდი, 4-6 თვე ვმუშაობდი, შესაბამისად, შეიძლება, წელიწადში 3-4 პროექტზე მემუშავა. ახლა დამაწინაურეს და, უკვე, როდესაც ფილმის დაგეგმვა იწყება, მაშინ ვერთვები საქმეში. ბოლო ორ პროექტზე თითქმის ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი, ამიტომ სხვა პროექტების გამოტოვება მომიწია. რა თქმა უნდა, ორივეს თავისი პლუსები და მინუსები აქვს, ახლა უფრო დიდი როლი მაქვს და უფრო მეტსაც მიხდიან. მაგრამ, ახლა ახალ „სპაიდერმენს“, „სუპერმენსა“ და „მენ ინ ბლექს“ იღებენ და ვერ მივიღებ მონაწილეობას, რადგან სხვა პროექტში ვარ დაკავებული, ეს ფილმი მომავალი წლის ბოლოს გამოვა. უბრალოდ, სულ ერთ ადგილზე ხომ არ ვიქნებოდი გაჩერებული, თან ადრე უფრო მეტ დროს ვანდომებდი მუშაობას, შაბათ-კვირაც დაკავებული მქონდა, ყველაფერი რომ მოგვესწრო. ახლა დღეში რვა საათს ვმუშაობ და შაბათ-კვირას ვისვენებ.
– რამდენიმე წლის წინ სტუდია „სონი ფიქჩერზში“ მუშაობდით. ახლა?
– ახლა „ფოქსისთვის“ ვმუშაობ. არ არის აუცილებელი, ყოველთვის ერთ სტუდიასთან ითანამშრომლო. მე ახლა დავდე კონტრაქტი და „ფოქსთან“ მიწევს მუშაობა, რადგან ის აკეთებს ამ ფილმს. რომ დავამთავრებ სამუშაოს, შემდეგ სხვა ფილმზე დავიწყებ მუშაობას, რომელიც, შეიძლება, სულ სხვა სტუდიამ გააკეთოს. ყველაფერი ფილმზეა დამოკიდებული, თუმცა, შესაძლოა, ისეთ ფილმებზე მოგიწიოს მუშაობა, რომლებსაც ერთი და იგივე სტუდია აკეთებს. თითქმის ყველა დიდ სტუდიასთან მიმუშავია და, შესაბამისად, როდესაც მივდივარ, უპრობლემოდ მაძლევენ საქმეს.
– რომელ სტუდიასთან მუშაობა იყო თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო?
– „სონი“ მიყვარს ძალიან, შემდეგ – ilm ძალიან კარგია, მაგრამ, სან-ფრანცისკოშია, სადაც არ არის ბევრი სტუდია. ამიტომ, გადავწყვიტე, ლოს-ანჯელესში ვიყო, სადაც ბევრი სტუდიაა.
– ალბათ, თავად გიკავშირდებიან და სამუშაოს გთავაზობენ.
– თავიდან რთული იყო – როცა არ გიცნობენ, თვითონ უნდა დაეკონტაქტო. ახლა, როდესაც უკვე ბევრ ფილმზე ვიმუშავე, თვითონ მიკავშირდებიან, აინტერესებთ – სხვა ფილმზე ხომ არ ვმუშაობ, დაკავებული ხომ არ ვარ, როდის დავამთავრებ სამუშაოს. თუ დრო აწყობთ, მერე ვდებთ კონტრაქტს.
– თავიდან, როდესაც ამერიკაში ჩახვედით, ალბათ, იყო გარკვეული სირთულეები.
– ძალიან რთული იყო, აქ ყველაფერი სხვანაირად არის. ახლა არ ვიცი, როგორ არის საქართველოში, მაგრამ, როდესაც წამოვედი, მაშინ ვიცოდი, რომ ადამიანმა არ უნდა შეიქო თავი, საკუთარ თავზე კარგი რაღაცეები არ უნდა თქვა. აქ რომ ჩამოვედი, ვფიქრობდი, ხომ არ ვიტყვი, ეს ვიცი ან ეს ვიცი-მეთქი. არადა, ამერიკაში პირიქით არის: ინტერვიუზე რომ მიდიხარ, უნდა თქვა – ამას გავაკეთებ, ასეთი ვარ, ისეთი ვარო. თავიდან მრცხვენოდა, ახლა პირიქით ვიქცევი. ტყუილი არ უნდა თქვა, მაგრამ, რა დადებითი თვისებებიც გაქვს, იმას უნდა გაუსვა ხაზი, რომ სამუშაოზე აგიყვანონ.
– ამჟამად რომელ ფილმზე მუშაობთ?
– ცოტა ხნის წინ მუშაობა დავამთავრე ფილმზე „მწვანე ფანარი“, ახლა კი „ლაიფ ოფ პაიზე“ ვმუშაობ. ეს ფილმი წიგნის მიხედვით გადაიღეს. ძალიან ცნობილი წიგნია, თავის დროზე ბევრი პრიზი აიღო. ადრე უფრო „ექშენზე“ ვმუშაობდი – ფილმებზე, სადაც იყო ჯახა-ჯუხი, სროლები. ამ ფილმზე ფიქრობენ, რომ „ოსკარისთვის“ იქმნება – ღრმაა და ძალიან საინტერესო. თუმცა, ძალიან ბევრი ეფექტი იქნება. წიგნის მიხედვით, ოკეანეში გემი ჩაიძირება, ნავში გადარჩებიან ახალგაზრდა ბიჭი და ცხოველები და მათ ცხოვრებაზეა ეს ყველაფერი. ოღონდ, ცხოველები ნამდვილი იქნება, ერთმანეთს დაერევიან, შეჭამენ და. ბიჭის შეჭმაც უნდათ. ყველაფერი ძალიან რეალურია. ბიჭის გარდა, ცხოველები და ოკეანე კომპიუტერში უნდა გაკეთდეს, ამიტომ, დიდი დრო გვჭირდება, ბევრს ვმუშაობთ. თითქმის ყველა კადრი კომპიუტერულად უნდა დამუშავდეს, რადგან, რეალურად, მხოლოდ ბიჭი გადაიღეს, დანარჩენი კი კომპიუტერში უნდა გაკეთდეს. ამ ეტაპზე ოკეანეზე ვმუშაობ.
– ძალიან საინტერესო სამუშაო გაქვთ.
– საინტერესოა და, თან, სტუდიაში ძალიან კარგი პირობებია. მუშაობა საინტერესოა იმ მხრივაც, რომ ფილმში ძალიან ბევრი დამალული ეფექტი იქნება – ვერ მიხვდები, რომ ეფექტია, რადგან ნამდვილივით უნდა გავაკეთოთ. ეს ფილმი ხარისხითაც ძალიან კარგი უნდა იყოს, შინაარსითაც. ასე უმიზნებენ და, არ ვიცი, ბოლოს რა გამოვა. ადრე უფრო დიდბიუჯეტიან ბლოკბასტერებზე ვმუშაობდი. პრინციპში, ორივე საინტერესოა.
– ფილმებში მსახიობებს მილიონებს უხდიან. თქვენ, ალბათ, ასე არ გიხდიან, მაგრამ ის თანხა, რასაც იღებთ, თქვენი მუშაობის სირთულესთან თუ მოდის შესაბამისობაში?
– მილიონებს არა, მაგრამ კარგად იხდიან, Dreamworks და კიდევ რამდენიმე სტუდიას აქვს გადახდის ასეთი სისტემა: თუ დარჩები მათთან სამუშაოდ წელიწადზე მეტხანს, ფილმის შემოსავლიდან პროცენტს გაძლევენ. სხვა სტუდიებში ასე არ არის. მაგალითად, ახლა ამ ფილმს იღებს „ფოქსი“, მაგრამ ფილმისთვის სპეცეფექტებს სხვა სტუდია აკეთებს, რომელიც მხოლოდ ხელფასს გიხდის და, შესაბამისად, შემოსავლიდან პროცენტს ვერ მოგცემს. როდესაც Dreamworks-ში ვმუშაობდი, ის სტუდია „შრეკს“ თვითონ აკეთებდა, ამუშავებდა და, შეეძლო, პროცენტი მოეცა. მოკლედ, სტუდიას გააჩნია, თუმცა, მსახიობებივით არ გვიხდიან.
– ამ ფილმის შემდეგ უკვე იცით, რაზე იმუშავებთ?
– ეს ფილმი გამოვა 2012 წლის დეკემბერში. ჯერჯერობით არ ვიცი, რაზე ვიმუშავებ. ხანდახან, ვცდილობ, ერთი პროექტი რომ დამთავრდება, დავისვენო, რადგან, თუ გადააბამ, ვეღარ მოახერხებ დასვენებას.
– მითხარით, დამაწინაურესო.
– თავიდან მქონდა ასეთი თანამდებობა – „ტექნიკალ დირექტორ“, ახლა კი ვარ „სენიორ ტექნიკალ დირექტორ“. ადრე, ფილმის გადაღებისას, მე მაძლევდნენ „შადს“ და ვიწყებდი მუშაობას, ახლა სხვა „ტექნიკალ დირექტორებს“ მე უნდა ვუხელმძღვანელო. ამჟამად ვაკეთებ ოკეანეს. ეს ყველას შეუძლია, მაგრამ, რადგან სხვადასხვა ადამიანი აკეთებს, ამიტომ, განსხვავებული იქნება. შესაბამისად, მე მიწევს ისეთი სისტემის, პროგრამის გაკეთება, რომ ყველა „ტექნიკალ დირექტორი“ იმით მუშაობს. ანუ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს. თან, როგორც კი იწყებენ ფილმზე მუშაობას, მაშინვე ვერთვები საქმეში, წინასწარ ვიწყებ მუშაობას. ამიტომ, წელიწად-ნახევარი მომიწევს ამ ფილმზე მუშაობა და სხვა დიდ ფილმებს გამოვტოვებ.
– გული გწყდებათ?
– რაღაც პერიოდი ვფიქრობდი, როგორ ჯობია-მეთქი, მაგრამ, რეზიუმე კარგი მაქვს და, ამიტომ მირჩევნია, ფილმებს აღარ გამოვეკიდო, ავარჩიო და დიდი ხნით ვიმუშაო ერთზე. ნამუშევრების რაოდენობა კი შემცირდება, მაგრამ ფილმში უფრო მეტ საქმეს გავაკეთებ.
– ჰოლივუდური სტუდიებისთვის საჭირო ადამიანი ყოფილხართ.
– დიახ. არ მომხდარა ისე, რომ სამუშაო არ მქონოდა და, დავლოდებოდი. ჩემი პროფესია აქ სჭირდებათ და, შესაბამისად, დასაქმებული ვარ.
– ურთიერთობაც, ალბათ, უფრო რეჟისორებთან გაქვთ?
– რეჟისორები მუშაობის პროცესში მთლიანად არიან ჩართულები. მე პატარა ჯგუფი მყავს და სანამ მათი ნამუშევარი არ მომეწონება, მანამდე ჩემს სუპერვაიზერს არ ვაჩვენებ. ის აჩვენებს ფილმის სუპერვაიზერს და შემდეგ რეჟისორი ნახულობს და, ამ დროს, ყველა, ვინც ვმუშაობთ, იქ ვართ და კითხვებზე ვპასუხობთ. ჩვენს ფილტრებს რომ გაივლის, რეჟისორთან უკვე დასრულებული მიდის.
– როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?
– ლოს-ანჯელესში სულ ერთი და იგივე ამინდია, თოვლი არ არის და ამან მომანატრა ცუდი ამინდები, თან, ძალიან მიყვარს. ორი საათის სავალზე, კალიფორნიაში, არის მთები, სადაც თოვლიც არის. ვიყიდე ფოტოაპარატი, დიდი მანქანა და დავდივარ მთებში, სხვა ქალაქებში და ასე ვატარებ თავისუფალ დროს.