კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ჩემი სიყვარული ვერ დავიცავი

ძალიან ცუდად ვარ. მინდა, ის სატკივარი გიამბოთ, რაც ჩემს გულში ტრიალებს. ვერ ვივიწყებ ჩემს პირველ სიყვარულს. ჩემი ისტორია ერთი წლის წინ დაიწყო: შემიყვარდა ადამიანი, რომელსაც მძიმე ცხოვრება ჰქონდა, ცოლს გაშორებული იყო და ჰყავდა ერთი გოგონა. მან იმდენი უბედურება გამოიარა, ცხოვრებაზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული. სწორედ იმ პერიოდში შევხვდით ერთმანეთს და ჩვენმა სიყვარულმა დაუბრუნა იმედი და სიხარული, მაგრამ ბედისწერამ ერთად ყოფნა არ გვარგუნა: სკოლა რომ დავამთავრე, ბანკეტის ღამეს მომიტაცა ბიჭმა, რომელიც არ მიყვარდა. მიყვარდა კი არა, წესიერად არც კი ვიცნობდი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ დავმორჩილდი ბედს და დავრჩი ქმართან. ჩემმა შეყვარებულმა ეს ამბავი რომ გაიგო, სასწაული ამბავი ატეხა, მერე დამირეკა კიდეც და მითხრა, თუ არ გიყვარს, წამოდი, უშენოდ არ შემიძლია, ერთ კვირას გაძლევ დროს. თუ დამიბრუნდები, დავიჯერებ, რომ გიყვარვარო. ძალიან მინდოდა წავსულიყავი მასთან, მაგრამ საკმარისი ძალა არ აღმომაჩნდა, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა და ჩემი სიყვარულის სასარგებლოდ გადამეწყვიტა ჩემი მომავალი ცხოვრება.

ვერ წამოვედი მასთან, მაგრამ ისევ უზომოდ მიყვარს და ვერ ვივიწყებ. ნეტავი იცოდეს, რა დღეში ვარ!

ნათია, 22 წლის.



ჩემი ოჯახის დამანგრეველს ბოლო შანსს ვაძლევ

ძალიან გთხოვთ, ეს წერილი დამიბეჭდეთ. იმ ქალბატონს მივმართავ, ვინც უკვე ბევრ ქალს დაუნგრია ოჯახი – წაართვა ქმარი, ოღონდ, სულ რამდენიმე თვით, მერე სხვის ქმარზე გადავიდა, მერე კიდევ სხვაზე და ასე შემდეგ. ახლა კი ჩემი ქმარი ამოიღო თვალში, თავბრუ დაახვია და ჭკუიდან გადაიყვანა. გავიგე, რომ მისგან შვილს აჩენს. უცოლო კაცი დაილია, ცოლშვილიანისგან რომ არ გააჩინოს?! რას გვერჩოდა? ერთი ბედნიერი ოჯახი ჩვენც გვქონდა, მან კი თავზე ცა ჩამომაქცია.

ჯერჯერობით კიდევ მივცემ შანსს, რომ გონზე მოვიდეს, დაბრუნდეს თავის ქალაქში და იქ „იგულაოს“ რამდენიც უნდა. თუ ამას არ იზამს, საქვეყნოდ მოვჭრი თავს – მის სახელსა და გვარსაც ყველას გავაგებინებ და მის დედასა და დებსაც მივწერ სამსახურში. თუ ჩემს ქმარს თავს არ დაანებებს, ისეთ დღეში ჩავაგდებ, სიკვდილს ვანატრებინებ.

გაიგე, ქალბატონო? გონზე მოდი და მიფრთხილდი, თორემ კაცის სახსენებელს დაგავიწყებ!

ნონა, 32 წლის.



ქმარს ძაღლის გამო ვეყრები

უკვე რამდენიმე წელია, მყავს ძაღლი, რომელიც ძალიან მიყვარს. ისე შევეჩვიეთ ერთმანეთს, უიმისოდ ერთ დღესაც ვერ ვძლებ. გიგა რომ გავიცანი, ის ძაღლი უკვე მყავდა. პირველად რომ მოვიდა ჩემთან, ისე ეფერებოდა ჩემს ძაღლს, ლამის მე დავავიწყდი. მითხრა, ვგიჟდები ძაღლებზეო. მერე კი, ყოველ შემდეგ მოსვლაზე ისე არ მოვიდოდა, ჩემი ძაღლისთვის რამე სათამაშო ან სასუსნავი არ მოეტანა. გიგა ისედაც მიყვარდა, მაგრამ ბიბოს ასე რომ ექცეოდა, კიდევ უფრო შემიყვარდა. მაგრამ ჩვენი ქორწინების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. დაქორწინებიდან ერთი თვეც არ იყო გასული, გამომიცხადა, ეს ძაღლი ან გააჩუქე, ან როგორც გინდა, ისე მოაშორე სახლიდანო. მე კინაღამ გადავირიე, კატეგორიული უარი ვუთხარი. მან კი ისეთი ამბავი ამიტეხა, ცხარე ცრემლით მატირა. დედაჩემმა მითხრა, ძაღლის გამო ოჯახს ხომ არ დაანგრევო და ბიბო თავისთან წაიყვანა. მე კი ისე მენატრებოდა, ყოველდღე დედაჩემთან დავრბოდი, ძაღლი რომ მენახა. ჩემმა ქმარმა ამის გამო კიდევ რამდენჯერმე მომიწყო სკანდალი, ბოლოს კი პირდაპირ დამისვა საკითხი: ან მე და ან ძაღლიო. მე მგონი, მთლად ნორმალური არ უნდა იყოს. შეიძლება, ქმარი ცოლზე ეჭვიანობდეს, ძაღლი რატომ გიყვარსო?! მეტი ჭკუა თუ არ აქვს, თავი დამანებოს. დედაჩემსაც კი ვერ გავაგებინე, რომ ამ შემთხვევაში საქმე ძაღლში არ არის, თვითონ ფაქტია აღმაშფოთებელი: ჯერ ერთი, ძაღლებს ორგანულად თუ ვერ იტანდა, ესე იგი, თავიდანვე მატყუებდა და თვალთმაქცობდა; მეორეც, ხომ მოვაშორე ძაღლი სახლიდან, ხომ იცის, როგორ მიყვარს. შეიძლება, ახალშერთულ ცოლს ასე დაუსვას საკითხი მოსიყვარულე ქმარმა? გაყრის მიზეზი თუ უნდა, სხვა რამეს ვერ მოიფიქრებს?

ძალიან ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, გავეყარო. ახლა, ქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ რომ ასე მექცევა, მერე რაღას მიზამს?!

ნატო, 25 წლის.



რძალი არ გამომადგა

სულ ცოტა ხნის წინ თქვენს რუბრიკაში წავიკითხე ხანდაზმული ქალბატონის წერილი, რომელიც ინანიებს რძლის მიმართ ჩადენილ თავის შეცდომებს და სახალხოდ მადლობას უხდის ღვთისნიერ ადამიანს, რომელმაც გულში არ ჩაიდო წყენა და დედამთილს საკუთარ დედასავით უვლის. სიმართლე გითხრათ, იმ დედამთილის შემშურდა. როგორც ირკვევა, ყველაფერში ბედი უნდა ჰქონდეს ადამიანს. ოჯახში კარგი რძლის შემოსვლაც ბედია. ბედიც და იღბალიც. ჩემი შური კი იმან გამოიწვია, რომ ჩემს რძალს, ჩემი ერთადერთი შვილის ცოლს, მოყვანის დღიდან თან ვარ გადაყოლილი, უბატონოდ ხმა არ გამიცია, ხელს არაფერზე ვაკარებინებდი, ყველა საქმეს მე ვაკეთებდი, არ დაიღალოს-მეთქი, არც არაფერში ვზღუდავდი, ყველგან ვუშვებდი, ვაჭმევდი, ვაცმევდი და ვახურავდი. რაც რამე ძვირფასი და საუკეთესო მქონდა, ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი ტანსაცმელი, ყველაფერი იმას მივეცი. ერთხელ ყველაფერი, ერთად დამიბრუნა უკან – ძველმანებია და არ მინდაო. არ იკადრა ქალბატონმა. მაგაზე ნაკლები გოგო ვიყავი, თითო კაბა თუ სხვა რამე ხუთი-ექვსი წელი რომ მეცვა?! ცივ ნიავს არ ვაკარებდი, მისგან კი ერთი თბილი სიტყვა არ მღირსებია. ცოდვას ვერ ვიტყვი და ვერ დავაბრალებ, მლანძღავს, მთათხავს, მიყვირის და ვაი-უშველებელი გაუდის-მეთქი, მაგრამ, ხანდახან ჩხუბი მერჩივნა. თუ რამეს ვკითხავ, ორი სიტყვით გამცემს პასუხს. ის, რომ დამიჯდეს, დამელაპარაკოს, რამე მომიყვეს – გამორიცხულია. თავიდან, სანამ ახალი რძალი იყო, კი იცოდა ხოლმე რაღაცეების მოყოლა, მაგრამ ერთ დღესაც მითხრა, თქვენთან აღარაფერს ვიტყვი, თორემ, ჩემს ნათქვამს მერე წაღმა-უკუღმა ატრიალებთ და საიდანაც მოგესურვებათ, კუდს იქიდან აბამთო. არადა, ისეთი სისულელის გამო მითხრა ეს სიტყვები, გაგეცინებათ: ერთხელ სახლში განერვიულებული მოვიდა სამსახურიდან. რომ ვკითხე, რა დაგემართა-მეთქი, მითხრა, ავტობუსში ვიღაც არანორმალური ქალი მეჩხუბა და იმან ამიშალა ნერვებიო. რამდენიმე თვის შემდეგ კი რაღაც ისე არ გააკეთა, მე რომ მინდოდა და ვუსაყვედურე. საკმაოდ უკმეხად მიპასუხა – მე როგორც შემიძლია, ისე ვაკეთებ და თუ არ მოგწონთ, თქვენ თვითონ გააკეთეთო. მე ძალიან მეწყინა და ვუთხარი, ავტობუსებში ჩხუბობ და ერთ ამბავში ხარ და სახლში რაღას იზამ-მეთქი. რა ტყუილი ვუთხარი? მაგრამ, სიმართლე ვის უყვარს, ჩემს რძალს რომ უყვარდეს? ეწყინა ქალბატონს და იმის მერეა, არაფერს რომ აღარ მიყვება.

მე უკვე მოვხუცდი, მოვლაც მჭირდება, ყურადღებაც. ხშირად ვარ მწოლიარე მდგომარეობაში და კი არ კადრულობს, რომ თვითონ მომიაროს, ვიღაც უცნობი ქალი დამაყენა თავზე. დაუჩემებია, დილიდან საღამომდე ვმუშაობ და სამსახური რომ გავაცდინო, მშივრები დავრჩებით, მაშინ თქვენმა შვილმა არჩინოს ოჯახი და მე სახლში დავჯდებიო. მეტი რა ქნას ჩემმა საწყალმა შვილმა, 250 ლარს იღებს ხელფასს და მთლიანად სახლში როგორ მოიტანოს, კაცია, ათასგვარი ხარჯი აქვს. ჩემი მომვლელის ფულს ჩემი რძალი იხდის, რა ვუყოთ, ამაზე მეტი არაფერი გამიკეთებია ჩემი ოჯახისთვის? მე რომ არ ვუნდივარ, ჩემი გაზრდილი შვილი ხომ უნდა?! ნამდვილი ჩუმი ვამპირია. მეზობლებსაც და ნათესავებსაც ანგელოზი ჰგონიათ, ერთი მე მკითხონ, ვინ არის. ეს ჩემი შვილიც რომ გამოაშტერა და თავის ჭკუაზე გადაიყვანა, ეს მაგიჟებს. მაგრამ, არა უშავს, მაგასაც ბიჭი ჰყავს, თვითონაც გახდება დედამთილი და ღმერთს ვევედრები, ზუსტად ისეთი რძალი შეახვედროს, როგორიც თვითონ იყო ჩემ მიმართ.

ნელი, 75 წლის.



ახლა ვხვდები, რატომ დავრჩი მარტო

უკვე 50 წელს გადავაბიჯე. ეს ის ასაკია, როცა, შენდაუნებურად, იძულებული ხდები, თვალი გადაავლო საკუთარ წარსულს და შეძლებისდაგვარად ობიექტურად შეაფასო ყოველი შენი სიტყვა თუ ქმედება და ამის მიხედვით დაასკვნა, ვისთან მართალი ხარ და ვისთან – მტყუანი.

ახლა, ამ გადასახედიდან სულ სხვანაირად ვაფასებ ყველაფერს და უმრავლეს შემთხვევაში საკუთარ თავს ვადანაშაულებ. ძალიან ხშირად არ ვიქცეოდი სწორად არც ცოლის, არც შვილების, არც ძმის წინაშე, მაგრამ ახალგაზრდობაში ასე არ ვფიქრობდი. მაშინ მეგონა, რომ ყოველთვის და ყველასთან მე ვიყავი მართალი, რომ ყველას ჩემს სურვილებსა და ხუშტურებზე უნდა ერბინა, მაგრამ ის ვეღარ განვსაზღვრე, რომ რასაც დათესავ, იმას მოიმკი. მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე, რომ წლების განმავლობაში უყურადღებო და უხეში ვიყავი ცოლ-შვილის მიმართ, რომ ძმაკაცები და ტაშ-ფანდური იყო ჩემთვის მთავარი, ოჯახის წევრები კი თავისი პრობლემებიანად – მეასეხარისხოვანი. ახლაც ყურში ჩამესმის ცოლის მიერ ნათქვამი ტკივილით სავსე სიტყვები: ხანდახან მაინც გაგახსენდეს, რომ ვარსებობ, რომ მეც ქალი ვარ. ნუ მკრავ ხელს, ნუ მიშორებ თავიდან, თორემ, დადგება დრო, როცა შენ მოხვალ ჩემთან, როცა მეც დაგჭირდები, როცა უჩემოდ გაგიჭირდება, მაგრამ შენი აღარ ვიქნები. შეიძლება, არ გაგეყარო, მაგრამ, დამკარგავ და ვეღარასოდეს დამიბრუნდები.

კარგად მახსოვს, მისი თვალები ამ სიტყვების წარმოთქმისას: მიყურებდა და პასუხად თუნდაც სულ მცირე სითბოს გამოხატვას ელოდა ჩემგან. მე კი, იმის ნაცვლად, დავფიქრებულიყავი მის სიტყვებზე და ჩემს საქციელზე, დამცინავად შევხედე და, როგორც უკანასკნელმა ნაძირალამ, ბოდიში მომითხოვია თქვენთან და, „სამ ასოზე” გავაგზავნე (ცხადია, რუსულად). თან კარგა გვარიანი „ლოცვა-კურთხევაც” მივაყოლე. ცოლს აღარაფერი უთქვამს, ისე გავიდა ოთახიდან. იმ დღის მერე თითქმის აღარ ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს, მხოლოდ აუცილებელ საქმეზე თუ მეტყოდა ორიოდე სიტყვას. არც მე ვცდილობდი მასთან განსაკუთრებულ სიახლოვეს. იმიტომაც თვეში ერთხელ თუ გვქონდა სიახლოვე, ისიც ძალიან უღიმღამო, ბოლო ხანებში კი, ვატყობდი, იმ თვეში ერთხელაც ცდილობდა, ხელიდან დამძრომოდა, ბოლოს კი პირდაპირ უარს მეუბნებოდა, რაც მე ძალიან მაღიზიანებდა (იმაზე ვგიჟდებოდი, უარს როგორ მიბედავს-მეთქი). შვილებიც გამინაპირდნენ. ერთხელ, როცა საყვედური ვუთხარი, რატომ არ შეასრულეთ ჩემი თხოვნა, ბოლოს და ბოლოს, მამა ვარ თუ არა-მეთქი, ორივე მომიბრუნდა და მითხრა: ახლა ხარ მამა, რომ დაგჭირდით? ჩვენ რომ გვჭირდებოდი, მაშინ ვინ იყავი? ხომ გაფრთხილებდა დედა, იცოდე, მარტო დარჩები და მერე ჩვენ ნუღარ მოგვაკითხავო? მაშინ შენ არ გეცალა ჩვენთვის, ახლა კი ჩვენ არ გვცალიაო. ხმა ვეღარ ამოვიღე. ამ ყველაფრის გარდა, ისე შემიყოლია „გზებზე სუფრის გადაფენამ”, რომ სასმლის გარეშე ერთ დღესაც ვეღარ ვძლებდი და ყოველდღე ნასვამი ვბრუნდებოდი სახლში, რაც კიდევ უფრო მაშორებდა ოჯახის წევრებთან. სმასთან დაკავშირებით პრობლემები შემექმნა ძმასთანაც. ერთ დღეს რაღაცაზე მოვიდა ჩვენთან და ჩემი სიმთვრალით გამოწვეულ უსიამოვნო სცენას შეესწრო, რამაც ძალიან გააბრაზა და გამომიცხადა, ან არაყზე იტყვი უარს, ან ჩემზეო. მეც ავდექი და ვუპასუხე, არაყი ყველა თქვენგანს მირჩევნია-მეთქი. ჩემმა ძმამ კი პირდაპირ მომახალა, – მაშინ, დამივიწყეო, – გაიხურა კარი და მას შემდეგ არც დაურეკავს, არც მოსულა ჩემთან. მე კი, რამდენჯერაც დავურეკე, ცოლს ათქმევინა, სახლში არ არისო. ერთხელ, მაინც გავბედე და მივედი მასთან, მაგრამ, რომ დამინახა, ისევ ნასვამი ვიყავი, წადი, შენთვის არ მცალიაო, მითხრა და ოთახიდან გავიდა. იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი. ძმას ვერაფერი გავუბედე და სახლში რომ მივედი, ცოლ-შვილი დავაწიოკე, უკანასკნელი სიტყვებით ვაგინე, დავემუქრე, მოკლედ, უკანასკნელი ნაძირალასავით მოვიქეცი, მივლეწ-მოვლეწე იქაურობა, მერე წავედი და კიდევ დავლიე.

ასე გავიდა რამდენიმე წელი. თანდათან მომემატა ასაკიც და თრობით გამოწვეული აგრესიაც, რამაც თანამეინახეებიც ჩამომაშორა – აღარავის უნდოდა ჩემი სულელური საქციელის ყურება. ოჯახიც გამინაპირდა, ძმა ხომ საერთოდ დავკარგე და დავრჩი სრულიად მარტო. მართალია, ცოლი არ გამეყარა და შვილებიც ისევ ჩემთან ცხოვრობენ, არც ლუკმას მაყვედრიან (თუ არ ჩავთვლი ჩემი ქალიშვილის ირონიულ მზერას სადილობის დროს, როცა ხმამაღლა აღვნიშნავ ხოლმე, რა გემრიელია-მეთქი, ისიც იმიტომ, რომ რაღაც ვთქვა და სადილობამ „მუნჯურად” არ ჩაიაროს. ვხვდები, რასაც გულისხმობს: მუქთა ლუკმა ყოველთვის გემრიელიაო), მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელია, აღარ ვმუშაობ და, უნდა გამოგიტყდეთ, არც მიცდია თუნდაც რაიმე სიმბოლური სამსახურის შოვნა. ისე, რადგან გულახდილად გიყვებით ყველაფერს, ბოლომდე ვიტყვი სათქმელს: როცა ვმუშაობდი და კარგი ხელფასიც მქონდა, არც მაშინ ვხარჯავდი ფულს ოჯახში. ათასში ერთხელ თუ მივიტანდი რამეს და მერე ყვედრებით ვიკლებდი ყველას – კისერზე მასხედხართ-მეთქი. სინამდვილეში კი იმის მეშინოდა, ვაითუ ძმაბიჭებში ან მარტო დასალევად დამაკლდეს-მეთქი.

ერთი სიტყვით, მართლაც ის მოვიმკე, რაც დავთესე. ვარ ახლა მარტო. თუმცა ოჯახში ოთხნი ვცხოვრობთ, მაგრამ კვირა ისე გავა, კაცი არ დამელაპარაკება, არ მკითხავენ, რა მიჭირს, რა მილხინს. ერთხელ ფრთხილად ვუსაყვედურე შვილს, მან კი მკვახედ მომიგდო: შენგან ვისწავლეთ. შენ კი ოდესმე რომელიმე ჩვენგანისთვის დაგისვამს მსგავსი კითხვაო?! ძალიან მეტკინა გული. ამ ხნის კაცმა კინაღამ ტირილი დავიწყე, მაგრამ, რომ დავფიქრდი, ვეღარ გავამტყუნე.

რომ შეიძლებოდეს ყველაფრის თავიდან დაწყება, სულ სხვანაირად მოვექცეოდი ცოლ-შვილს, საერთოდ სხვა წესით ვიცხოვრებდი, მაგრამ, რაღა დროს! ძალიან ვნანობ, რომ ქეიფს, ძმაკაცებთან კარგ ბიჭად გამოჩენას და ლოთობას შევწირე ჩემი ოჯახის კეთილდღეობა.

ფიქრის დრო იმდენი მაქვს, სად წავიღო, არ ვიცი. ამიტომაც ვზივარ ოთახში, ვფიქრობ და, საბოლოოდ ერთ დასკვნამდე მივედი: რა თქმა უნდა, მეგობრები აუცილებელია (მით უმეტეს, ქართველი კაცისთვის), მაგრამ ის, ვინც თავის ოჯახს ყველასა და ყველაფერზე უკან დააყენებს, საბოლოოდ მეგობრებსაც დაკარგავს, ოჯახის წევრებსაც და ჩემსავით მარტოსული დარჩება.

ზაალი, 54 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3