მხოლოდ ფაქტები
* ობობას ქსელისგან ქსოვილის დამამზადებელი პირველი საამქრო 1897 წელს ფრანგმა მისიონერმა გახსნა, სადაც 30 000 „მქსოველი“ მშრომელი ობობა მუშაობდა. ამჟამად მადაგასკარზე რამდენიმე ასეთი წარმოებაა, სადაც ეს ჰაეროვანი ოქროსფერ-კრემისფერი ქსოვილი მზადდება.
* სამხრეთ სეულის ოლიმპიური თამაშებისთვის კორეაში გამოშვებული მედლის ერთ მხარეს გამოსახულია პაგოდა, მეორეზე კი – გამარჯვების ქალღმერთი ნიკე.
* ფრანგმა ასტრონომმა ლალანდმა, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა კატები, გადაწყვიტა, უკვდავეყო ამ ცხოველის სახელი და 1799 წელს ერთ-ერთ თანავარსკვლავედს კატის სახელი უწოდა, თუმცა, 1922 წელს ასტრონომთა საერთაშორისო ყრილობაზე მისმა კოლეგებმა გადაარქვეს.
* 1894 წელს ორთქლისა და ბენზინის ძრავების ავტომობილების მომხრეთა შორის ნამდვილი ომი დაიწყო. სწორედ ამ წელს გაიმართა პირველი ავტორბოლა პარიზსა და რუანდას შორის – სხვადასხვა კონსტრუქციის ძრავების მუშაობის უპირატესობის შესამოწმებლად.
* მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპული ნაღმსატყორცნების კალიბრი 81,4 მილიმეტრის ტოლი იყო. საბჭოთა კონსტრუქტორებმა კი 82-მილიმეტრიანები შექმნეს, რათა საბჭოთა არმიას ნაალაფევი ნაღმების გამოყენება შესძლებოდა, მოწინააღმდეგეს კი – არა.
* გასული საუკუნის 90-იან წლებში ესპანელმა მეცნიერებმა კორიდის მოწყობის ორგანიზაციებს შესთავაზეს, ხარის გასაღიზიანებლად წითლის ნაცვლად თეთრი ქსოვილი გამოეყენებინათ, თან არწმუნებდნენ, რომ ეფექტი არ შეიცვლებოდა, სამაგიეროდ, ცრურწმენებს გააქარვებდნენ.
* სამედიცინო სიტყვა – „პლაცებო“ ლათინურია და ქართულად ნიშნავს „მე მოვეწონები“.
* მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ფრანგი პიერ დე კუბერტიე ამბობდა: „მოითხოვო ხალხისგან ერთმანეთის სიყვარული – ბავშვობაა, მაგრამ, ურთიერთპატივისცემას მიაღწიო – ეს უტოპია არ არის, ამისთვის კი მათ ჯერ ერთმანეთი უნდა გააცნო“ – და... მან ოლიმპიური თამაშები აღადგინა.
* რიჩმონდელმა ოფთალმოლოგმა, სიდნეი სლავინმა, ახალი პრიზმული სათვალე გამოიგონა. ის განკუთვნილი იყო მძღოლებისთვის და აჩვენებდა, როგორ იცვლება ადამიანის მხედველობისთვის გარემოს რეალური სურათი ალკოჰოლური ზემოქმედების შედეგად.