კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას იხსენებს გიგა ლორთქიფანიძე ისტორიული ქეიფებიდან და როგორ იშოვა იპოლიტე ხვიჩიამ ფაეტონი და არღანი ქუთაისში

„ქალები კი არ გააქტიურდნენ. მე მგონი, შეგვჭამეს... ახლა ავად ვარ და სულ ტელევიზორს ვუყურებ... გაუთავებლად ქალები ჩანან. მამაკაცები ძალიან განეიტრალებულები და გაჩუმებულები არიან. მე ქართველი ქალისგან ასეთ აქტიურობას არ მოველოდი, რადგან ქართველი ქალი ყოველთვის ცდილობდა, მამაკაცის ჩრდილქვეშ ყოფილიყო. ახლა ჩრდილქვეშ კი არადა, მაპატიეთ და სულ თავზე აზის“. ქართული ტრადიციების ავსა და კარგზე ამჯერად გიგა ლორთქიფანიძე გვესაუბრა.

გიგა ლორთქიფანიძე: ქართულ ტრადიციებში უამრავი რამაა საინტერესო. უპირველესად, ჩემი აზრით, ქართულ ტრადიციებში უმთავრესი მეგობრობა და ურთიერთგატანაა. ადამიანური ურთიერთობები მთავარია ქართულ ტრადიციებში. დღეს კი ნათესაური ურთიერთობები საშინლად იკარგება... რაც ყველაზე შემაშფოთებელია ჩემთვის. ეს იმის ბრალია ქალაქისა და სოფლის ურთიერთობები რომ აღარ არსებობს. ჩემი თაობის თბილისელი ბავშვები ყოველ ზაფხულს საკუთარ სოფლებში ვატარებდით და ურთიერთობა გვქონდა იქაურ ბავშვებთან. ეს აახლოებდა ერთმანეთთან ქალაქსა და სოფელს... ამის გაწყვეტა საშინელებაა. ამიტომ, ყოველგვარ ტრადიციას, მე უპირველესად, ურთიერთობის ტრადიციას ვეძახი.
– თქვენ არა მხოლოდ ისვენებდით, არამედ იცხოვრეთ სოფელ ქვიტირში გარკვეული პერიოდი. რა მოგცათ სოფლად ცხოვრებამ?
– ბოლო კლასი ქვიტირში დავამთავრე. სოფელში ცხოვრობდა მამას უფროსი ძმა – აპოლონ ლორთქიფანიძე. მარტოდ იყო დარჩენილი. ეს ძველი თავადიშვილი, ხნიერი კაცი ისე მივლიდა, ვერც ერთი ქალი, ალბათ, მსგავს მოვლას ვერ შეძლებდა. მახსოვს, როგორ მიკეთებდა საჭმელს, როგორ დარბოდა ქვიტირიდან ხონში (7 კილომეტრში) გასაყიდი მიჰქონდა ხოლმე. მძიმე წლები იყო – 1944 წელი, ომი, შიმშილი და ასე შემდეგ... მე ახლო მეგობრობა მაკავშირებდა ჩემს თანატოლებთან და ცოტა უფროსებთანაც. ყოველ საღამოს ეზოში ვიკრიბებოდით ბიძაჩემის ხელმძღვანელობით. იყო მოგონებები, იუმორი და ასე შემდეგ... მე ეს მეგობრობა ძალიან დიდხანს გამყვა. სამწუხაროდ, არც ერთი მათგანი ახლა ცოცხალი აღარ არის. მეც დიდი ასაკის კაცი ვარ, მოგეხსენებათ... მათგან, უპირველესად, ვისწავლე უფროსების მიმართ ფანატიკური პატივისცემა და სიყვარული. ბიძაჩემი არ თაკილობდა მათთან ერთად ყოფნას და მეგობრობასაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ასაკობრივი განსხვავება 40 წელზე მეტი იყო. ბავშვები არ იყვნენ გათავხედებულნი. ბიძაჩემის მიმართ მხოლოდ დიდ პატივისცემას და მოწიწებას გამოხატავდნენ... სოფლად ყოფნისას, ვისწავლე მეც მგონი, უფროსების პატივისცემა, რადგან ქალაქში დარღვეული იყო ეს ურთიერთობები. სოფელი კი ინახავდა ამ უფროს-უმცროსობის ტრადიციას.
– თუ ახერხებდით, რომ თქვენს შვილებსაც ჰქონოდათ კავშირი სოფელთან?
– სოფელს მოვწყდით... როგორც კი აპოლონ ბიძია გარდაიცვალა, მაშინვე დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა სოფელთან. საერთოდ კი, უნდა ვიცოდეთ, რომ ქართული სოფელი ინახავდა ქალაქს ომის პერიოდში. თითქმის არ იყო თბილისში ოჯახი, რომელსაც სოფელი არ ჰქონდა... დღეს სოფელი დაიკარგა და ამან ძალიან გაართულა ცხოვრება. როგორმე უნდა შეგვენარჩუნებინა ის. სამწუხაროდ, სოფლად აღარავინ ცხოვრობს.
– დღევანდელი ქართველი ქალი როგორ მოგწონთ? როგორც ცნობილია, უფრო აქტიურები გახდნენ...
– განსაკუთრებული აქტიურობა არ მომწონს. ქალის აქტიურობა უნდა გამოიხატებოდეს იმ მხრივ, რომ მშვიდობას და ურთიერთსიყვარულს ამკვიდრებდეს. როცა ქალი ხდება ყველაფრის მმართველი და ოჯახის ერთპიროვნული განმკარგავი – საშინელებაა. შეიძლება, პროფესიაც ჰქონდეს, წარმატებაც, მაგრამ არ უნდა იყოს კონფლიქტის გამღვივებელი, პირიქით, შემრიგებელი უნდა იყოს.
– თქვენ უამრავ ქვეყანაში ბრძანდებოდით, ყველაზე მეტად ქალით სად დარჩით მოხიბლული?
– საქართველოში... მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში რუსეთში ვცხოვრობდი და სხვადასხვა ქვეყნებში დავდიოდი. მაინც ყოველთვის შეყვარებული ვიყავი ქართველ ქალებზე... განსხვავებულები იყვნენ. თანასწორუფლებიანობა კი არ იყო საქართველოში, არამედ იყო ქალის კულტი. ქალები რუსეთში ადრეც ძალიან აქტიურები იყვნენ. მაგრამ მათ არასდროს არ ეჭირათ ისეთი სათაყვანებელი ადგილი, როგორიც საქართველოში...
– ქართულ სუფრაზე რას გვეტყვით?
– ქართული სუფრა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ახლა დროსტარებაც აღარ იციან, რასაც ქეიფი ერქვა, ამ სიტყვის კარგი გაგებით, აღარ არსებობს. ორგანიზებული ქართული სუფრა, სადაც უპირველესად, უნდა ყოფილიყო სიტყვა, იუმორი, ოჯახის პატივისცემა... დღეს ნელ-ნელა იკარგება...
– თამადობის ინსტიტუტზე რას იტყვით. საქართველოში აღიარებული თამადა ბრძანდებით...
– ადრე გასაოცარი თამადები იყვნენ – ოთარ ლითანიშვილი, თემიკო ჩირგაძე და სხვები... მე მახსოვს, რომ ჩემი შვილები გაფაციცებით გვისმენდნენ, რადგან ძალიან საინტერესოდ მიდიოდა სუფრაზე ყველაფერი. მე შალვა დადიანის თამადობასაც კი მოვესწარი. გენიალური თამადა იყო. მე ძალიან ვუყვარდი. ჩემი ერთ-ერთი სპექტაკლი, რომელიც გორში დავდგი, იყო შალვა დადიანის „ნაპერწკლიდან“. თბილისში ჩამოსული იყო თეატრალური საზოგადოება რუსეთიდან. მე არ მეკუთვნოდა ამ საზოგადოებაში ჯდომა, მაგრამ შალვა დადიანმა დამსვა. მახსოვს, შალვამ რუსეთის მსახიობთა სახლის დირექტორის სადღეგრძელო დალია და შეაქო. მან თქვა, ეს რა გაქვთ ქართველებს, არაგულწრფელი ქება-დიდება სუფრაზეო... ძალიან მძიმე პაუზა ჩამოვარდა, ყველა უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდით. ბატონმა შალვამ უთხრა, როცა თქვენს სადღეგრძელოს შევსვამ, იმას კი არ ვამბობ, როგორებიც ხართ, არამედ, ვამბობ იმას, როგორიც მსურს რომ იყოთო... ჩემი აზრით, ეს ფანტასტიკური განსაზღვრაა ქართული სადღეგრძელოსი. როდესაც ადამიანს მიაწერ იმ თვისებებს, რაც მას სინამდვილეში არ აქვს, ის მომავალში იძენს მას და შეეცდება, ნათქვამი გაამართლოს... ქართული სადღეგრძელოს მეშვეობით ვამბობთ – იყავი, რა, ასეთი! ადამიანი იფერებს ამას და ცდილობს, გაამართლოს. ამ ყველაფრის ერთ-ერთი დიდოსტატი იყო შალვა დადიანი... სრულიად ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი – 25 წლის, როდესაც ქუთაისის მთავარ რეჟისორად დავინიშნე. უზარმაზარი ტრადიციების თეატრი იყო, სადაც ჩემამდე ქართული თეატრის დიდოსტატი ვასო ყუშიტაშვილი მუშაობდა. შალვა დადიანი იყო საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე და ქუთაისში თეატრალურ საზოგადოებასთან ერთად ჩამოვიდა. გაიმართა სუფრა და... არასოდეს დამავიწყდება მისი თამადობა – ეს იყო თეატრის, ხელოვნების შეფასება. ყოველი სადღეგრძელო მისი შემოქმედების ანალიზი იყო. გასაგიჟებელი, გასაოცარი თამადა გახლდათ... ჩვენ მაგრად დავთვერით, რადგან შალვა დადიანს იმ ასაკშიც კი ღვინის სმაში ვერ შეეჯიბრებოდი. ბოლოს, რომ დამთავრდა ქეიფი, მოითხოვა, ახლა მოიყვანეთ ფაეტონი და არღანიო... ამ ხნის კაცმა... იმ დროს აღარ იყო ფაეტონი და არღანი ქუთაისში, მაგრამ იპოლიტე ხვიჩია (მაშინ ის ქუთაისის თეატრში მუშაობდა) გავარდა, იშოვა ძველი ფაეტონი, არღანი და მოიყვანა. გვარად მელია იყო, ვიღაც ძველი მეფაეტონე. შალვა დაჯდა მეფაეტონის გვერდით და ასე წავედით ქალაქგარეთ რესტორანში. ხალხი გამოსული იყო ქუჩაში და უყურებდა, როგორ იჯდა ეს ლეგენდარულ ადამიანი ფაეტონზე. ატრიალებდა არღანს და ქეიფობდა. მან ჩვენ გვაჩვენა, რა არის ქეიფი... ეს არის დროსტარების უბრწყინვალესი ტრადიცია, ადამიანური საუკეთესო თვისებების გამოვლენა... თავ-პირის მტვრევა კი არა, როგორც ხშირად ხდება დღეს.
– შეყვარებული წყვილების ურთიერთობა როგორი უნდა იყოს?
– ამის განსაზღვრა შეუძლებელია... ჩვენ დროს თუ სკოლაში ვინმე მოგვეწონებოდა, ითვლებოდა, რომ – ეს ჩემი გოგოა. თუ კინოში წავიდოდით კლასელები ერთად, იმ რჩეულის გვერდით დავჯდებოდით და ითვლებოდა, რომ ის იყო შეყვარებული... დღეს მე მგონი, ძალიან გათქვეფილები არიან და სხვების მიმართ პატივისცემა აღარ ჩანს. თუმცა, მთლად ისე ნუ გამომიყვანთ, ახალგაზრდობის ჭკუის მასწავლებლად ვჩანდე. ყველა თაობას თავის ზნეობის ნორმები აქვს და ასე ადვილად ვერ შეცვლი.
– გეშინიათ საქართველოში ტურისტების რიცხვის გაზრდის, ეს ქართულ ტრადიციებს ავნებს?
– არა... არავითარ შემთხვევაში... სარგებელი კი, ალბათ, ის იქნება, რომ სახელმწიფოს შემოსავალი გაიზრდება. თუ გადაგვივლიან, დააშავებენ, მაგრამ მე მგონი, ეს არ ხდება. ტურიზმი უნდა გადავაქციოთ ჩვენი სტუმარმასპინძლობის ტრადიციად.

скачать dle 11.3