მარცვლეულის, ბურღულეულისა და ხილის სამდღიანი დიეტა
ამ დიეტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მოიმარაგეთ და მოამზადეთ საჭირო პროდუქტები:
მარცვლეული: ხორბალი, სიმინდი;
ბურღულეული: ბრინჯი, „ჰერკულესი“, წიწიბურა;
ხილი: ვაშლი, ბანანი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი, საზამთრო.
4-5 სადილის კოვზი გარეცხილი ხორბალი წინასწარ, ერთი კვირით ადრე, ჩაალბეთ წყალში, რომ გაღივდეს (ყურადღება მიაქციეთ, რომ არ დაობდეს);
ამდენივე ბრინჯი რამდენჯერმე წამოადუღეთ უმარილო და უცხიმო წყალში და დაწურეთ (ყოველი წამოდუღების შემდეგ წყალი გამოუცვალეთ);
იმავე რაოდენობის წიწიბურა კარგად გარეცხეთ, დაასხით მდუღარე წყალი (იმდენი, რომ ოდნავ დაიფაროს), დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ, სანამ მთელ წყალს შეიწოვს (მოხარშვა საჭირო არ არის).
შეიძინეთ 2 მომცრო ტარო ჭყინტი სიმინდი – სამი დღის განმავლობაში თავისუფლად გეყოფათ.
იყიდეთ ის „ჰერკულესი,” რომელსაც მოხარშვა არ სჭირდება. დღეში 1 სადილის კოვზ „ჰერკულესს“ დაასხით 3 სადილის კოვზი მდუღარე წყალი და 10 წუთი გააჩერეთ.
ზემოთ ჩამოთვლილი ხილი, გნებავთ, ცალ-ცალკე გამოიყენეთ, გნებავთ – წვრილად დაჭერით და ასორტი მოამზადეთ (სასურველია, ხილი უშუალოდ ჭამის წინ დაჭრათ).
სითხე – დღეში 2 ლიტრამდე.
უშაქრო შავი ყავა (ნალექიანი) – მხოლოდ ერთი ფინჯანი (დილით).
სამივე დღე ერთმანეთის მსგავსია. თუ დილიდან საღამომდე სამსახურში ხართ, საკვები თან უნდა წაიღოთ.
დილის ყავის შემდეგ (თუ ყავა არ გიყვართ, სულაც ნუ დალევთ) 15 წუთი რომ გავა, შეგიძლიათ, „საქმეს“ შეუდგეთ:
9 საათზე: 2 სადილის კოვზი (ცხადია, უკვე მოხარშული) ბრინჯი;
10 საათზე: 1 ცალი საშუალო ზომის ვაშლი (ან ამავე რაოდენობის ხილის ასორტი);
11 საათზე: 2 სადილის კოვზი წიწიბურა;
12 საათზე: ხილი;
13 საათზე: 2 სადილის კოვზი გაღივებული ხორბალი;
14 საათზე: ხილი;
15 საათზე: 2 სადილის კოვზი ჭყინტი სიმინდი (არა დაკონსერვებული);
16 საათზე: ხილი;
17 საათზე: „ჰერკულესი“;
18 საათზე: ხილი.
აუცილებელი პირობაა: თითოეული ლუკმა მაქსიმალურად დიდხანს ღეჭეთ და მაშინვე წყალს ან რაიმე სხვა სითხეს ნუ მიაყოლებთ.
ამ სამდღიანი დიეტის დაცვის შემდეგ, ანუ, მეოთხე დღიდან, მიირთვით ნებისმიერი საკვები მცირე ულუფებით, ოღონდ, გახსოვდეთ, 18 საათის შემდეგ მიღებული ყოველი ლუკმა დაკარგულ კილოგრამებს ნელ-ნელა უკან დაგიბრუნებთ.