რა დაამთხვია პაატა ბურჭულაძემ პირველი შვილიშვილის დაბადებას და როგორ უმოწმებდა ის ხმას ახალდაბადებულ შვილიშვილს
პაატა ბურჭულაძის ოჯახში მატებაა. სახელოვანი ქართველი, რომელიც უკვე დიდი ხანია, სხვისი შვილების კეთილდღეობაზე ზრუნავს, ბაბუა გახდა. ირინკა ბურჭულაძე თბილისში დაიბადა, თუმცა მისი დაბადება მსოფლიო საოპერო მუსიკის უამრავმა ვარსკვლავმა შეიტყო. ცნობილმა ბანმა შვილიშვილის დაბადებას უკვე მიუძღვნა პირველი კონცერტი... ბატონი პაატა ქართველი ბაბუის ყველა „სტანდარტს“ იცავს – იმის მიუხედავად, რომ ყოველთვის დატვირთული გრაფიკით ცხოვრობს, უკვე თბილისში იმის გასარკვევადაც კი რეკავს, რომ ბავშვის დღის რეჟიმი და კვების რაციონი შეიტყოს. ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის შვილმა შუქრიმ და მისმა მეუღლემ, სალომემ გაგვანდეს.
სალომე: ირინკა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დაიბადა. ეს გადაწყვეტილება მე და შუქრიმ ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღეთ, ფიზიოლოგიურ მშობიარობას ვაპირებდი, მაგრამ ირინკა ზარმაცი აღმოჩნდა და დაბადება ისე დააგვიანა, რომ საკეისრო კვეთა დამჭირდა. ბავშვი 4 კილოგრამი და 52 სანტიმეტრი სიგრძის დაიბადა, აღნაგობით მამას და ბაბუას ჰგავს. (იცინის).
– სახელი ვინ შეურჩია?
შუქრი: დედაჩემის სახელი დავარქვი. გადაწყვეტილი მქონდა, თუ ბიჭი გაჩნდებოდა პაატა დამერქმია, თუ გოგო – დედაჩემის სახელი. სალომე ჩემს იდეას ძალიან დადებითად შეხვდა. თუმცა, ექვს თვემდე არ ვიცოდით, გოგო გვეყოლებოდა თუ ბიჭი. ერთხელ წავიდა სალომე ექოსკოპიაზე და სქესი არ გამოჩნდა, მეორედაც ვერ გავიგეთ, ბოლოს როგორც იქნა, გაგვაგებინა ირინკამ, რომ გოგო იყო.
– შუქრი როგორი განცდაა გოგოს მამობა?
– გადასარევი. მე ვაპირებდი, რომ დავსწრებოდი მშობიარობის პროცესს, მაგრამ ვინაიდან საკეისრო კვეთაზე დასწრება არ შეიძლება, მხოლოდ ოპერაციის დასრულების შემდეგ შემიყვანეს სამშობიარო ბლოკში და ბავშვი ორი საათი ჩემს მკერდზე იწვა. ძალიან მაგარი განცდა მქონდა, ენით ვერ გადმოვცემ. იმ დღეებში ჩემს ახლო მეგობარსაც გოგო ეყოლა და ამ ორი ბავშვის დაბადების აღნიშვნაში მე და ჩემს მეგობარს ცოტა ხანს დღე და ღამე აგვერია (იცინის). მე მინდოდა, გოგო გვყოლოდა, მამაჩემია ბიჭების ფანი, და უნდოდა, რომ პირველი შვილი ბიჭი გვყოლოდა, მერე კი გაიგო რომ გოგოს ველოდით, მაგრამ ბოლო წუთამდე მაინც ეგონა, რომ შეიძლებოდა, ექოსკოპისტი შემცდარიყო და ბიჭი დაბადებულიყო. მას გოგო არ ჰყოლია და შესაბამისად, ტრადიციების „მიმდევარია,“ რომ ოჯახში პირველი ბიჭი უნდა გაჩნდეს. ახლა გაიგებს, რა კარგია სახლში გოგო...
– უკვე მოინახულა ბაბუამ პირველი შვილიშვილი?
სალომე: საავადმყოფოში მოვიდა. იმ დღეებში უცხოეთში იყო და დღეში ასჯერ რეკავდა, ჩემს ამბებს კითხულობდა. როგორც კი საავადმყოფოში წამიყვანეს, დავურეკეთ და გავაგებინეთ. ბლოკში შეყვანამდეც კი დამირეკა და მომიკითხა. საავადმყოფოში ბევრი გულშემატკივარი მყავდა, პაატა კი უცხოეთიდან რეკავდა და ძალიან ემოციურად კითხულობდა ჩვენს ამბებს. რამდენიმე დღეში ჩამოვიდა კიდეც, ირინას დაბადებას მიუძღვნა სამი ტენორის კონცერტი. ადრეც ჰქონდა ნათქვამი: პირველ შვილიშვილის დაბადებას ერთი კონცერტი ხომ უნდა მივუძღვნაო და აასრულა კიდეც ჩანაფიქრი.
შუქრი: პირველი, რაც მამამ ირინკას დანახვისას აღნიშნა, ბავშვის თითები იყო. თქვა კიდეც, ისეთი თითები აქვს, მისგან პიანისტი უნდა დადგესო.
– სახელოვანმა ბაბუამ პირველი შვილიშვილის ხმაც ხომ არ შეამოწმა, გამოდგება თუ არა საოპეროდ.
სალომე: ხმის შემოწმების მცდელობა ჰქონდა, მაგრამ ზუსტად იმ დროს, როცა ბაბუამ მოინახულა, ხმა არ ამოიღო, ბოლოს კი ერთი-ორჯერ წამოიკნავლა (იცინის). საერთოდ, ძალიან იშვიათად ტირის, მხოლოდ ჭამს და სძინავს. შუქრი ყოფილა ასეთი წყნარი, მე როგორც სახლში მეუბნებიან, თურმე ძალიან მტირალა ვიყავი. პაატა მეუბნებოდა, ძალიან მინდა, რომ ბავშვი შენ დაგემსგავსოსო...
შუქრი: ჯერ ირინკას პროფესიაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ მე არც პიანისტობას დავუშლი და არც ოპერის მომღერლობას. მთავარია, პროფესიონალი იყოს, პროფესიას რა მნიშვნელობა აქვს. ის ვიცი, რომ აუცილებლად ვასწავლი ფორტეპიანოზე დაკვრას. რა ვიცით, იქნებ ბაბუას გზასაც გაჰყვეს. მე გავუმტყუნე იმედები, თუმცა კლასიკური მუსიკა მეც ძალიან მიყვარს. ირინკა რომ საოპერო მომღერალი გახდეს, ეს პაატასთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი იქნება.
– პატარა ირინკამ ბაბუასგან ბევრი საჩუქარი მიიღო?
სალომე: ძალიან, ძალიან ბევრი. ჯერ შუქრის დედამ ჩამოუტანა ავსტრიიდან უამრავი რამ. ის სპეციალურად ჩამოვიდა უცხოეთიდან ამ დღისთვის. პაატამაც ძალიან ბევრი ტანსაცმელი ჩამოიტანა ბავშვისთვის, თან სხვადასხვა ზომის, რომ ყველა ასაკში კარგად ჰქონდეს. ვინც ვერ ჩამოვიდა ირინკას სანახავად, მათაც გამოატანეს საჩუქრები. ასე რომ, მსოფლიო საოპერო სამყარომ უკვე იზრუნა ჩვენი შვილის ჩაცმულობაზე. ბევრმა მარტო კეთილი სურვილები გამოატანა პაატას ევროპიდან. თუმცა, ჩვენთვის ესეც ძალიან სასიხარულო იყო. მთელმა საოპერო სამყარომ გაიგო ირინკას დაბადება. (იცინის).
შუქრი: პაატასგან კიდევ ველით სიურპრიზებს, ეს კონცერტიც შეგნებულად დაამთხვია ბავშვის დაბადებას. ასე დაიწყო ბაბუობა (იცინის). ყოველდღე რეკავს უცხოეთიდან და ირინკას ამბებს კითხულობს. აინტერესებს, რას ჭამს ბავშვი, როგორ სძინავს. მისთვის ირინკას დაბადება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ყველამ ვიცით, ბაბუასთვის პირველი შვილიშვილი რას ნიშნავს. თუმცა ეს ახალი სტატუსი პაატას სულ არ აბერებს, მშვენიერ ფორმაშია და კარგად გამოიყურება.
სალომე: სანამ ბავშვი დაიბადებოდა პაატამ მამაჩემს დაურეკა და ეხუმრა: ახლა რაც მოსასწრები გვაქვს მოვასწროთ, ბაბუები რომ გავხდებით ბევრი რამის უფლება აღარ გვექნებაო. (იცინის).
– შუქრი, ცხოვრების გარკვეული პერიოდი მამასთან ერთად არ გაგიტარებია, ამის გამო შესაძლოა, მამისგან რაღაც დაგაკლდა კიდეც, შენ როგორი მამა იქნები?
– პაატას ჩემთვის არაფერი დაუკლია, არც სითბო, არც მზრუნველობა. როდესაც ჩემი მშობლები დაცილდნენ, მე უკვე დიდი ვიყავი და ეს მაინცდამაინც არ მიგრძვნია. რა თქმა უნდა, კარგია, როცა ბავშვს დედაც გვერდით ჰყავს და მამაც. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. მამაჩემის მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს. მეც ისე გავზრდი ჩემს შვილს, რომ ყურადღება და მზრუნველობა არასდროს მოაკლდეს. ყველა ადამიანს თავისი შეხედულებები აქვს მამაშვილობაზე, მე ჩემებური მეთოდები მექნება. არც ძალიან მკაცრი ვიქნები, მაგრამ არც განსაკუთრებულად ლიბერალი. ირინკას გაზრდაში მეც უკვე აქტიურ მონაწილეობას ვიღებ. სალომეს ისეთი ძილი აქვს, ბავშვის ტირილი არ ესმის. მე კი მაშინვე მეღვიძება. ასე რომ, უკვე მათენებინებს ღამეებს.
სალომე: ამას წინათ ირინას მოკლე ქვედაკაბა აჩუქეს და შუქრიმ ხუმრობით გააპროტესტა, ჩემს შვილს მოკლე კაბას არ ჩავაცმევო. (იცინის).
შუქრი: ევროპაში საკმაოდ დიდხანს ვცხოვრობდი. ასე რომ, მე მგონი, არათანამედროვე აზროვნების კაცი არ ვარ. ირინკა ისეთი აქტიური გოგო უნდა იყოს, როგორიც მის თაობას შეეფერება.
– შუქრი უკვე წელიწადზე მეტია, რაც თბილისში ხარ, მაგრამ საზოგადოებრივ ასპარეზზე მაინცდამაინც არ აქტიურობ. ამ მხრივ არ ჰგავხარ მამას?
– მე ხელოვანი ხომ არ ვარ, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოვექცე. მე უფრო მშვიდი ცხოვრება მაქვს. რაც შეეხება საქმიანობას, რამდენიმე თვეა დავაარსე ფონდი, რომელიც არასრულწლოვან პატიმრებზე ზრუნავს. ჩვენი ხელშეწყობით, უკვე ცამეტი ბავშვი სწავლობს ხეზე კვეთას. კიდევ ბევრი გეგმები მაქვს ამ მხრივ. ამას გარდა, მეგობართან ერთად რესტორანსაც ვხსნი. ირინკას ნათლობის ცერემონიალის შემდეგ სუფრას ჩვენს ახალგახსნილ რესტორანში გავშლით. ბავშვს მეორმოცე დღეს მოვნათლავთ, ჩემი და სალომეს მეჯვარეები იქნებიან ბავშვის ნათლიები.
– ბაბუა ჩამოვა ნათლობისთვის?
შუქრი: ჩვენ ძალიან გვინდა, რომ პაატა ნათლობისთვის ჩამოვიდეს, მაგრამ ისეთი დატვირთული გრაფიკი აქვს, არ ვიცით, მოახერხებს თუ არა ჩამოსვლას. ახლა ისეთი ცხოვრებაა და ისეთი რეჟიმი გვაქვს ყველას, რომ ხშირად ჩამოსვლას ვერ მოვთხოვთ. ის ზუსტად ვიცი, რომ პაატა ირინკას კარგ ბაბუობას გაუწევს. თუ ვერ ჩამოვა ნათლობის დღეს, ასჯერ მაინც დარეკავს და მაინც ჩვენთან ერთად იქნება... ირინკას დაბადება უკვე აღვნიშნეთ ერთად. მამას ყოველთვის აქვს თავისი ღვინო, რომელსაც კახეთში მეგობრები უწურავენ. ქეიფის დროს ყველაზე მეტად ამ ღვინოს ენდობა... (იცინის).