ჭამის წინ ერთი ჭიქა მინერალური წყალი დალიეთ
სწორი კვება ნიშნავს, საკვებიდან მიიღოთ ჭეშმარიტი სიამოვნება, შეინარჩუნოთ შესანიშნავი გუნება-განწყობა, ადვილად გადაწყვიტოთ ჭარბი წონის პრობლემა. სასურველია, დაახლოებით, ყოველ სამ საათში პატარა ულუფებით წაიხემსოთ. ეს სასიკეთოდ აისახება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობასა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე. ამასთან, სისხლის მიმოქცევის სისტემა ძალიან არ დაიტვირთება და ორგანიზმი ვიტამინებსა და მინერალებს მშვენივრად შეითვისებს. არც შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ, მადას გააკონტროლებთ და ზომიერებას დაიცავთ. შედეგად კი არ შეიძენთ ზედმეტ კალორიებს და ჭარბი წონისგანაც თავს დაიზღვევთ. თუ დააკვირდებით, სწორი კვებით თვეში ორ კილოგრამსაც კი დაიკლებთ.
მსუბუქი წახემსებისთვის ყველაზე კარგია ვაშლი, ბანანი, ფორთოხალი, იოგურტი, სალათის ფოთლები, უცხიმო ყველი, მოხარშული კარტოფილი, ბულიონი, ფინჯანი ჩაი ან ყავა.
დილით კარგია ნიგოზი, უცხიმო ხაჭო, ხილი ან ბოსტნეულის სალათა.
სადილის ან ვახშმის მომზადებისას შეარჩიეთ გემრიელი და სასარგებლო პროდუქტები.
ჭამეთ ყველაფერი, რაც გნებავთ, მაგრამ ცოტ-ცოტა. საკვები ნელა და გულმოდგინედ ღეჭეთ. ლუკმის დიდხანს ღეჭვის დროს საკვები მოცულობაში გაიზრდება და კუჭში დიდ ადგილს დაიკავებს, დანაყრების შეგრძნებაც დაგეუფლებათ.
ჭამის დროს კითხვა, ტელევიზორის ყურება, გამაღიზიანებელი საუბარი არ ღირს. როცა თავის ტვინში სხვა ცენტრები აღიგზნება, საჭმლის მომნელებელი პროცესი უარესდება.
ჭამის წინ, ათი წუთით ადრე, ერთი ჭიქა მინერალური წყალი დალიეთ. ის ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით ავსებს, საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და შიმშილის გრძნობას თრგუნავს.
დროდადრო კარგია, თუ მიირთმევთ ცივ საკვებს. გახსოვდეთ, კუჭი არასოდეს ამუშავებს საკვებს, რომლის ტემპერატურა სხეულის ტემპერატურაზე დაბალია. მას ჯერ გაათბობს, ამაზე კი ზედმეტი კალორიები იხარჯება.