რა ნიჭი გამოამჟღავნა ნატუკა გაგუნაშვილმა უკრაინაში კონკურსზე „პირველი ლედი“, ვინ უქმნის მას ავარიულ სიტუაციებს და რა შემოთავაზებები აქვს უცხოეთიდან
სულ ცოტა ხნის წინ თბილისში ჩატარდა სილამაზის კონკურსი „სტუდენტ ფეის 2011“, რომლის გამარჯვებული მშვენიერი ნატუკა გაგუნაშვილი გახდა. ამ კონკურსიდან ის უკრაინაში გაემგზავრა, სადაც, ასევე, სტუდენტურ სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ფინალშიც გადავიდა. ამ მშვენიერი გოგონას სამოდელო კარიერა ზამთარში მოულოდნელად დაიწყო და დღემდე არაერთ წარმატებას მიაღწია. მე მას კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებ.
ნატუკა გაგუნაშვილი: კონკურსს ერქვა „პერშალ ლეჯი“, ანუ „პირველი ლედი“, თუმცა, სტუდენტური კონკურსი იყო და გამარჯვებული სტუდენტების პირველი ლედი გახდებოდა. კონკურსი ჩატარდა უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე, ევპატორიაში. ახლა უფრო ცოტა მონაწილე ვიყავით, მაგრამ ზამთარში, როდესაც ფინალი გაიმართება, სხვა გოგონებიც დაგვემატებიან. ღონისძიებას ერქვა „სტუდ რესპუბლიკა“. ამ დროს უკრაინის ყველა რეგიონიდან აქ ჩამოდიან სტუდენტები საკუთარი კარვებით და კარვების ქალაქს აკეთებენ. ისინი ძირითადად კარვებში ცხოვრობდნენ, მხოლოდ კონკურსის მონაწილეები და ორგანიზატორები ვცხოვრობდით სასტუმროს ნომრებში. სამი საკონკურსო დღე გვქონდა: პირველი იყო „ტალანტების კონკურსი“, სადაც გიტარაზე დავუკარი და ვიმღერე, უფრო სწორად, სცენაზე ძალით ამათრიეს და მამღერეს. სამი დღე რეჟისორს ვემალებოდი, ბოლოს კუთხეში დამაყენა – სანამ არ იმღერებ, აქედან ვერ წახვალო. ბოლო წუთებში გაიგო, რომ ვმღეროდი. თან, არანაირი ნომერი არ მქონია მომზადებული. საერთოდ, ვერ ვიტყვი, რომ ამ კონკურსზე მომზადებული წავედი. დაფინანსებაზე პრობლემები იყო. ჯერ უნდა დავეფინანსებინე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, შემდეგ – სამედიცინოს, მაგრამ ბოლო დღეს გავიგე, რომ არ მაფინანსებდნენ, არადა, თვითმფრინავის ბილეთები უკვე დაჯავშნილი მქონდა და ბოლოს გადავწყვიტე, ჩემი ხარჯებით წავსულიყავი. ბილეთებიც აღარ იყო და ბიზნესკლასით მომიწია ფრენა.
– როგორ იმღერე?
– რომელიღაც კარვიდან გიტარა მოიტანეს, დამსვეს – ახლა იმღერეო. კონკურსამდე 20 წუთით ადრე გადაწყდა, რომ უნდა მემღერა. რეჟისორი მეუბნება, ახლა ან კარგად იმღერებ, ან საერთოდ არ გამოხვალო. მოეწონა ნამღერი და მერე უკვე კონცერტზე ვიმღერე რუსული რომანსი „კასინკა“. ძალიან მოეწონათ, რეჟისორი მეუბნებოდა, რა იყო, რას მახვეწნინებდი ამდენსო.
– ესე იგი, მღერი კიდეც...
– პროფესიონალურად ვუკრავ, მაგრამ, მოყვარულის დონეზე ვმღერი და გამომადგა კონკურსზე. ადრე ვაპირებდი სიმღერების ჩაწერას, მაგრამ, მერე გადავიფიქრე. კონკურსზე მეორე დღეს უნდა წარგედგინა შენი ქვეყანა და მე გამოვაცხვე იმერული ხაჭაპური ჰოლანდიური ყველით. თავიდან ვფიქრობდი, ნეტავ არავინ გასინჯოს-მეთქი. უცებ, დავინახე ჟიურის წევრი, რომელსაც ხელში ერთი ნაჭერი ეჭირა, ვიმალებოდი, დავიღუპე-მეთქი, მაგრამ, კარგიაო – მოეწონა. მანამდე არასდროს გამომიცხვია. ერთ ხელში ტელეფონი მეჭირა, დედას ვურეკავდი, მეორით კი ცომს ვზელდი. არც ამ კონკურსისთვის ვიყავი მზად, რომ ჩავედი, მერე გავიგე ყველაფერი. დილით გამაღვიძეს – რას აცხობ, ჩაგვაწერინეო. არ ვიცოდი, ხაჭაპური რისგან კეთდებოდა და ჩავაწერინე – ყველი და ფქვილი. მერე დედაჩემს დავურეკე – მიშველე, როგორ გამოვაცხო-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიური ყველით გავაკეთე, არ ემჩნეოდა, რადგან ყველს დავუმატე კვერცხის გული და მარილი.
– დატვირთული გრაფიკი გქონდათ?
– სულ რეპეტიციებზე ვიყავით, რადგან ოთხი გამოსვლა უნდა გვქონოდა: ორი – კაბით, ერთი საცურაო კოსტიუმით და ერთიც – სპორტული სამოსით. ცეკვასაც ვდგამდით. კონკურსი რომ დაიწყო, დილას და საღამოს გვქონდა რეპეტიციები, ანუ საკმაოდ დატვირთულები ვიყავით. ბოლოს ჩატარდა დასკვნითი ღონისძიება, სადაც გამოაცხადეს „პირველი ლედი“, რომელიც უკრაინელი იყო და კიდევ ისინი, ვინც ფინალში გავედით. საფინალო კონკურსი დეკემბერში უკვე კიევში გაიმართება და სხვა გოგონები უცხოეთიდანაც დაგვემატებიან. თუ არაფერი შეიცვალა, აუცილებლად წავალ და, რაც მთავარია, უფრო მომზადებული ვიქნები.
– რამე გეკრძალებოდათ?
– კი, როგორ არა: არანაირი ბიჭები, არანაირი დალევა, თუმცა, მეტ-ნაკლებად ვახერხებდით გასვლას და გართობას. ყოველ საღამოს რაღაც ღონისძიება იმართებოდა. 23 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა „სტუდ რესპუბლიკა“ და ვერთობოდით, ყველგან რაღაც ხდებოდა. როგორც ჩვენთან არის სტუდენტური დღეები, ისე იყო იქაც, ოღონდ, უფრო მასშტაბური.
– არ წაიღე კარავი?
– გამიმართლა და ოთახში ვცხოვრობდი უკრაინელ გოგონასთან ერთად. ძალიან კარგი გოგონა იყო. რაღაცით ეს კარვები „კონცლაგერს“ კი მაგონებდა, მაგრამ, უცხო გარემო იყო და მომწონდა. საქართველოში სტუდენტების ასეთი მასშტაბური შეკრებები არ ხდება და კარგი იქნება, თუ ჩვენთანაც გაკეთდება. კარგად ერთობოდნენ, სპორტულ შეჯიბრებებში, სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობდნენ.
– რა მოგცა ამ კონკურსმა?
– ძალიან დიდი გამოცდილება. ქვეყანა ვნახე და თან უკრაინული ენაც ვისწავლე. ვიმღერე, ხაჭაპურიც გამოვაცხვე – საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოვაჩინე. სხვათა შორის, სახლში სულ მეუბნებიან, როდის უნდა გამოაცხო ხაჭაპურიო.
– ისეთი გარეგნობა გაქვს, ალბათ, არავის ეგონე ქართველი.
– დიახ. მეორე დღეს გაცნობის საღამო გვქონდა, გვერდზე ფოტოგრაფი მომიჯდა. რადგან ცოტა გვიან ჩავფრინდი, ამიტომ, ვკითხე, ალბათ, მე ბოლოს გადამიღებთ-მეთქი. ფოტოგრაფმა მითხრა, – არა, ერთი გოგონა დარჩა, საქართველოდან უნდა ჩამოვიდეს და იმის მერე გადაგიღებო. მე ვარ საქართველოდან-მეთქი. გაგიჟდა. ბოლოს, როგორც იქნა, დავარწმუნე, რომ საქართველოდან ვიყავი.
– იალტაშიც იყავი?
– რამდენიმე ქართველი წავედით და ძალიან კარგად გავერთე. რაც მთავარია, კარგი „მაკდონალდსი“ აქვთ, იქ ვცხოვრობდით. ძირითადად, ზღვაზე დავდიოდით, თუმცა, სულ შტორმი იყო. ცურვა კი ვიცი, მაგრამ, წყალში არ შევსულვარ, ერთხელ შევედი და გაყინული გამოვვარდი. შეზლონგები ხომ იდო პლაჟზე, ტალღა წამოვიდოდა, შეზლონგები აიწეოდა, წყალი შემოვიდოდა, ჩვენ კი ჩანთებს, ტექნიკას ზემოთ ვწევდით, რომ არ გაფუჭებულიყო და მერე უკან მიდიოდა. ძალიან დიდი ტალღები იყო.
– რა გეგმები გაქვს საქართველოში?
– როგორც „სტუდენტ ფეისი“, ჩავერთვები მომავალი წლის კონკურსში, სხვადასხვა ღონისძიებებში.
– ძალიან წარმატებულად დაიწყო შენთვის 2011 წელი.
– ძალიან წარმატებული იყო. იანვარში მივედი „იმიჯ ცენტრში“ და მალე წავედი სინგაპურში. თავიდან ვფიქრობდი, ცოტა ხანს გავერთობი, რეკლამებში მივიღებ მონაწილეობას-მეთქი, მაგრამ, ახლა, როცა უცხოეთში მუშაობის გამოცდილებაც მაქვს, ვიცი, იქ რა ხდება და, შემიძლია, მეც ვიმუშავო, ამ საქმეს უკვე სერიოზულად ვუყურებ. ვნახოთ დეკემბერში რა იქნება უკრაინაში და გაზაფხულიდან ისევ ვიმუშავებ უცხოეთში, კიდევ მაქვს მოწვევები, ისევე, როგორც „სტუდენტ ფეისიდან“ და შევათავსებ. უცხოეთში დიდი სიამოვნებით ვიმუშავე, ისევე, როგორც საქართველოში. ჩვენთან ამ სფეროში საქმიანობა აქტიური რომ იყოს, დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი, მაგრამ, როცა აქ არაფრის პერსპექტივა არ არის, ჯობს უცხოეთში წახვიდე.
– დადიხარ ნაჩუქარი ავტომობილით?
– რომ გავიმარჯვე, იმ დღესვე გადმომცეს და დავდივარ. მართვის მოწმობაც ავიღე, თუმცა, დიდხანს ვსწავლობდი. თეორია საერთოდ არ ვიცოდი. რომ გავიმარჯვე, იმის შემდეგ ერთი თვე სულ გადარბენაზე ვიყავი და ბოლოს, როგორც იქნა, მოვიცალე სწავლისთვის. მანქანის ტარება კი ვიცი, მაგრამ, იმდენჯერ ჩამჭრეს პრაქტიკაში – მეოთხე ცდაზე ავიღე. თავიდან გზაზე ყველას ვატარებდი, ახლა ყველას ვუხტები. თბილისში ისეთი მოძრაობაა, სხვები მიქმნიან ავარიულ სიტუაციებს, ამიტომ, თავიდან ქალაქში სიარული ცოტა გამიჭირდა. სისწრაფე მიყვარს, მაგრამ თბილისში შეუძლებელია სწრაფი სიარული, მით უმეტეს, თუ დამწყები მძღოლი ხარ. თავიდან სწრაფად დავდიოდი, ავარიული სიტუაციაც შემექმნა, მაგრამ შემეშინდა და იმის მერე ნელა დავდივარ.
– სწავლა დაგეწყო?
– სამედიცინოზე პირველი კურსი დავხურე, მაგრამ, შეიძლება, სხვაგან გადავიდე. მოდელობა თუ მინდა, მაშინ, სამედიცინოზე აკადემიური უნდა ავიღო, რადგან, თუ აქ სწავლობთ, თავი უნდა გადადო და სხვა ყველაფერი დაივიწყო, რადგან სამედიცინოზე სწავლა ძალიან რთულია. ვფიქრობ, ჭავჭავაძეში გადავიდე, ოღონდ, ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე – მომწონს ეს პროფესიაც და, თან, მოდელობასაც შევუთავსებ.