კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიხსნა ცოლის მიერ შეკვეთილი ქმრის მკვლელობა ბანკის ქვითრებით

ქმრის მკვლელობისთვის ცოლს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა.
მკვლელობიდან ორი წლის შემდეგ, დანაშაული სრულიად შემთხვევით, უცხო ადამიანის წყალობით გაიხსნა. სამართალდამცველები ეჭვმიტანილსა და მის დამხმარეებს კვალში ჩაუდგნენ და მათი დამნაშავეობის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება მოიპოვეს. მკვლელობის შემკვეთი ცოლი აღმოჩნდა და მისი მოულოდნელი დააკავება გარდაცვლილის მშობლებისა და შვილისთვის, მეზობლებისა თუ ახლობლებისთვის, სრული შოკი იყო. არანაკლებ გამაოგნებელი იყო მკვლელობის დამკვეთთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალი – გაირკვა, რომ ქმრის მკვლელს საყვარელიც ჰყავდა, რომელიც ქალს ქმრის მოშორებაში ეხმარებოდა, მაგრამ მან მიმალვა შეძლო.
ვინაიდან გარდაცვლილი უპატიოსნესი ადამიანი იყო, არავინ მტრობდა და არც ვინმეს ვალი ჰქონია, გამოძიებამ ვერსიის დონეზეც ვერ დაუშვა, ვის შეიძლებოდა ჩაედინა ეს შემზარავი დანაშაული. ოჯახის წევრებზე ეჭვის მიტანა ხომ აზრადაც არავის მოსვლია. მით უმეტეს ცოლზე, რომელიც ქმრის გარდაცვალებას უკიდურესად განიცდიდა.
აქედან გამომდინარე, საქმის გახსნა ვერ მოხერხდა. ვერსიის დონეზე კი, დაასკვნეს, რომ კაცი შემთხვევით გახდა კრიმინალების მსხვერპლი, რომლებსაც ის ვიღაცაში აერიათ, ანუ სხვის ნაცვლად მოკლეს, მაგრამ პოლიციამ ვერც ამის რეალური მტკიცებულება მოიპოვა. ამიტომ, დაახლოებით წლინახევრის შემდეგ, საქმე არქივს ჩაბარდა.
გარდაცვლილის უბანში შავი სამყაროს ერთ-ერთი წარმომადგენელი ცხოვრობდა, რომელთანაც სისტემატურად იკრიბებოდნენ მისი წრის ადამიანები. მათი საქმიანობიდან გამომდინარე, მეზობლები სროლებისა და კრიმინალური გარჩევების მომსწრენი არაერთხელ გამხდარან. სწორედ ამ გარემოების გამო ივარაუდეს, რომ კაცი რომელიმე მათგანის მსხვერპლი გახდა. თუმცა, ამ ვერსიამ შავებამდე მიაღწია, რაც კინაღამ მორიგი სისხლისღვრის საბაბი გახდა. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ მკვლელობასთან არაფერი აკავშირებდათ. მეტიც, თქვეს რომ საქმეს ნათელს თავად მოჰფენდნენ, რადგან გარდაცვლილს დიდ პატივს სცემდნენ.
ასეა თუ ისე, ამ ვერსიამ ქმრის მკვლელობის შემკვეთი ცოლის წისქვილზე დაასხა წყალი და მას მიზეზიც გაუჩნდა, რომ მეუღლის ქონება დაეხურდავებინა, საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყო და საყვარელთან ერთად უსაფრთხოდ ეგრძნო თავი, მაგრამ, სიჩქარემ დაღუპა – ბინაში ისეთი მტკიცებულებები დატოვა, რომ გამოძიებას დიდი თავის მტვრევა აღარ დასჭირვებია სიმართლის დასადგენად.
საგულისხმოა, რომ მეზობლებს ქვრივის საცხოვრებლად სხვაგან გადასვლის გამო გული სწყდებოდათ, მაგრამ, ვერავინ შეეწინააღმდეგა. ყველა გაგებით მოეკიდა, რომ იმ უბანში, სადაც ქმარი მოუკლეს, ქალს ცხოვრება აღარ უნდოდა. ამიტომ, მეზობლები ბინის კლიენტის პოვნაშიც კი ეხმარებოდნენ. მათი ინტერესი იყო, ქალს ბინა სარფიანადაც გაეყიდა და თან, ახალი მეზობელი კარგიც ყოფილიყო.
მონდომებამ შედეგი გამოიღო. ბინის მომავალი მფლობელი ერთ-ერთი მეზობლის ძმისშვილი გახდა, რომელსაც ახალშერთული ცოლი ჰყავდა და მშობლებს სურდათ, ცალკე ეყიდათ მისთვის ბინა და რადგან ბინა მამიდის მეზობლად გამოჩნდა, ახალგაზრდა წყვილს ბევრი აღარ უფიქრია – მათ საფასური გადაიხადეს, ახალ ბინაში გადაბარგდნენ და მკვლელობაც გაიხსნა...
ბინის ახალმა მეპატრონეებმა შენაძენის დალაგება-დასუფთავება და მოწყობა სხვების დაუხმარებლად გადაწყვიტეს. ამ პროცესში კი ერთ-ერთ კედელში პოლიეთილენის პარკში გახვეული ქაღალდები იპოვეს, რომელშიც ბანკის ქვითრები აღმოჩნდა, მათზე კი ფულის გადარიცხვები იყო დაფიქსირებული. რამდენიმე ქვითარზე კომუნალური გადასახადები იყო დაფიქსირებული, მაგრამ მათ შორის დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში 15 ათასი დოლარის გადარიცხვის ქვითრებიც. ახალგაზრდებმა ქვითრები მამიდას გადასცეს, რომელიც სახლის ძველ მფლობელს კარგად იცნობდა და იცოდნენ, რომ მას გულწრფელად გულშემატკივრობდა. ცხადია, მეზობელმა ქვითრები დაათვალიერა და სწორედ მას გაუჩნდა პირველი ეჭვი, რომ სხვადასხვა დროს გადარიცხული დიდი თანხები მკვლელობის პერიოდს ემთხვეოდა და, რადგან მისი ძმა ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა, ქალმა ქვითრები მას გადასცა და საქმე საბოლოოდ გაიხსნა...
მკვლელობის შემკვეთი ცოლი და უშუალო შემსრულებელი გამოძიებამ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ დააკავა. გაქცევა მოახერხა ქვრივის საყვარელმა, რომელიც, ერთ-ერთი ვერსიით, არაკონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის მიუხედავად, მას განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს – სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა. რაც შეეხება უშუალოდ მკვლელს, ყველაზე დიდი სასჯელი – 20 წლით პატიმრობა – მას ერგო.
შეკვეთილი მკვლელობის ისტორია
46 წლის შალვა ზ. 15 აგვისტოს საკუთარ სახლთან მოკლეს. ქილერმა იმ მომენტში ესროლა, როდესაც შალვა სახლს უახლოვდებოდა. მკვლელმა მას თავში მოახვედრა ერთი ტყვია და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც საქმიდან ირკვევა, ქმრის თავიდან მოშორების იდეა ცოლმა, თამარ ს-მ, საყვარელს, ილია ო-ს გაანდო. საყვარლების გეგმის მიხედვით, ვინაიდან ცოლს ქმარი არ უყვარდა, ხოლო ქონების გამო მასთან გაყრა არ უნდოდა, ერთადერთი გამოსავალი მისი თავიდან მოცილება იყო. გაყრის შემთხვევაში, კანონით, ცოლ-ქმრის ერთობლივი ქონება შუაზე გაიყოფოდა, რაც არც ისე ცოტა იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ცოლს ეს არ აწყობდა, რადგან, სიკვდილის შემთხვევაში, მოცილე საერთოდ არ ეყოლებოდა.
საინტერესო დეტალი: მკვლელი მოკლულისთვის მეორე ქმარი იყო. პირველი ქორწინებიდან თამარ ს-ს გოგონა ჰყავდა, რომელსაც მშობლები უზრდიდნენ. როგორც ირკვევა, აწ გარდაცვლილ შალვა ზ-ზე ის მხოლოდ ქონების გამო გათხოვდა – აწ გარდაცვლილს რამდენიმე ავტოსარემონტო სახელოსნო და ორი ფეშენებელური ბინა ჰქონდა. მათ ქორწინებას თავიდანვე კომერციული გარიგების „სუნი“ ასდიოდა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ თამარ ს. განათხოვარი და შვილიანი იყო, ქმარს ფიზიკურად ბევრად სჯობდა. საქმე ისაა, რომ შალვა ზ. ბავშვობიდან ავადმყოფობდა, რის გამოც არაერთი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. ოპერაციების კვალი მას სახეზეც აჩნდა. ამის გამო, შვიდწლიანი თანაცხოვრების მიუხედავად, ცოლ-ქმარს საერთო შვილი არ ეყოლა, მაგრამ, შალვა ზ-მ გერს საკუთარი გვარი მისცა და მისთვის არაფერს იშურებდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, თამარ ს. ერთგული ცოლის როლს თამაშობდა, რასაც მეზობლებიც ადასტურებენ. მათი თქმით, ჩხუბი და აყალმაყალი არასდროს გაუგიათ. ისინი სახლში ხშირად ერთად ბრუნდებოდნენ და მოსიყვარულე ცოლ-ქმრის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ: „თამრიკოს გოგონას ისე უვლიდა, მამა არ უვლის ისე საკუთარ შვილს. მისი აღიარებითი ჩვენება ჩემი ყურით რომ არ მომესმინა, ამას ვერ დავიჯერებდი. სხვის ოჯახში რა ხდება, ვერავინ გაიგებს. მეზობლები გაოგნებულები ვართ, პანაშვიდებზე დღე და ღამე მათ სახლში ვიყავით და არაფერი შეგვიმჩნევია”, – აცხადებენ მეზობლები, რომლებიც იმ კაცსაც იცნობდნენ, რომელიც გარდაცვლილის ოჯახში ხშირად დადიოდა.
როგორც ირკვევა, მკვლელობის შემკვეთს, თამარ ს-ს, საყვარელთან, ილია ო-სთან ურთიერთობა ჯერ კიდევ პირველ ქორწინებამდე ჰქონდა და მისთვის თავი არც მეორე ქორწინების შემდეგ დაუნებებია. ქმარს ის ბავშვობის მეგობრად გააცნო და მისთვის სამსახურიც აშოვნინა – გარდაცვლილმა მას სახელოსნოში მუშაობა დააწყებინა...
მას შემდეგ, რაც საყვარლებმა შალვა ზ-ს თავიდან მოშორება განიზრახეს, წარსულში არაერთხელ ნასამართლევი მკვლელი ილია ო-მ მოძებნა. ხულიგნობისთვის ის თავადაც ნასამართლევი იყო და ქილერი ციხეში გაიცნო...
შალვა ზ-ს მკვლელობისთვის ქილერმა ჯილდოდ 15 ათასი დოლარი მიიღო, უფრო სწორად, თანხა მის ანგარიშზე ნაწილ-ნაწილ გადაირიცხა – მკვლელობამდე მესამედი, ხოლო მკვლელობის შემდეგ – დანარჩენი. ეს დეტალები და ზოგადად მკვლელობა ბრალდებულმა თავად აღიარა. ის შემთხვევის ადგილზეც გაიყვანეს, სადაც დეტალურად გაიხსენა მკვლელობის დღის მარშრუტი და ქმედება. როგორც მან განაცხადა, საყვარლები, რომლებსაც ის კარგად იცნობდა, აიძულებდნენ, საქართველოდან სასწარაფოდ წასულიყო, მათგან მიღებული თანხა სხვაგან საცხოვრებლად ეყოფოდა. ის კი არა, ჰპირდებოდნენ, რომ ფულს კიდევ დაუმატებდნენ, ოღონდ წასულიყო, მაგრამ, ალბათ, ბედისწერა იყო – მკვლელი საქართველოს დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ პოლიცია მათ კვალში მაშინ ჩაუდგა, როდესაც ბანკის ქვითრები ჩაუვარდა ხელში. ამის შემდეგ კი მოსმენაზე აიყვანეს გარდაცვლილის ცოლის ტელეფონი, რომელმაც არაერთხელ დაურეკა მკვლელობის შემსრულებელს. შემკვეთი შემსრულებელს საქართველოდან წასვლას აჩქარებდა...
ერთ-ერთ მტკიცებულებად სწორედ სატელეფონო საუბრები იყო, რითაც უტყუარად დადასტურდა, რომ შალვა ზ-ს მკვლელობაში სამი პიროვნება მონაწილეობდა და სამივემ დამსახურებული სასჯელი მიიღო. მართალია, თამარ ს-ს საყვარელმა მიმალვა შეძლო, მაგრამ მას სასჯელის ათვლა დაკავების მომენტიდან დაეწყება.

скачать dle 11.3