კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-36(558)

მართლაც, იმ კონსპირაციული სახლის სარდაფში წინასწარ დამალული იარაღი და სამხედრო ტიპის ეკიპირება აღმოჩნდა, რომლებშიც ჩვენ გამოვეწყვეთ, ზემოდან კი კვლავ ავღანური ტანსაცმელი გადავიცვით და ძალიან ფრთხილად, სათითაოდ გავემართეთ დასაპყრობი ობიექტისკენ, რომელიც ხაფიზულა ამინის სასახლე იყო და მას გაძლიერებულად იცავდნენ. იქ, ჩვენ გარდა, „გრუს“ სპეცჯგუფიც იმყოფებოდა ასევე თორმეტი კაცის შემადგენლობით. მათ იერიში უნდა დაეწყოთ, ჩვენ კი ისინი დაგვეზღვია და სასახლე რაც შეიძლება მალე აგვეღო, იქ მყოფთაგან კი ცოცხალი არავინ დაგვეტოვებინა.
– დახოცეთ ყველა ცოცხალი, რასაც თვალს მოჰკრავთ! არც ქალი დაინდოთ და არც ბავშვი! – გვიბრძანა იმ კაცმა, რომელიც დილით გავიცანით კონსპირაციულ სახლში.
25 დეკემბერი ილეოდა. შუაღამეს ორი საათი რომ გადასცდა, იერიშის დაწყების ბრძანება გაიცა. „გრუს“ სპეცჯგუფმა გუშაგები მოხსნა თუ არა, ჯერ ეზოში შეიპარნენ, შემდეგ კი სასახლის შიდა დაცვის განეიტრალება დაიწყო. თუმცა, ეს უხმაუროდ არ მოხერხდა და სროლა ატყდა. „გრუელები“ სასახლეში შეიჭრნენ, ჩვენ კი ჯერჯერობით ბრძოლაში არ ვერთვებოდით და ბრძანებას ველოდებოდით.
– მეორე ეშელონი დაიძრა! – მივიღეთ მეთაურის ბრძანება, რომელიც იერიშის მიმდინარეობას შენიღბული საფარიდან ადევნებდა თვალყურს, კოორდინაციას უწევდა იერიშს და ბრძანებებს მინირაციის მეშვეობით გადასცემდა.
ჩვენ იერიშში ჩავერთეთ. თხუთმეტწუთიანი სროლების შემდეგ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა და იქაურობა კაშკაშა პროჟექტორებმა გაანათა, რომლებიც წინასწარ იყო გამზადებული და მის შუქზე ოპერაციის შედეგები უნდა დაგვეფიქსირებინა. როგორც გაირკვა, ამინის დაცვისა და ამალის 120 კაციდან 106 ადგილზევე, ბრძოლის დროს დაიღუპა, 14 კი დაჭრილი იყო და ისინი „გრუელებმა“ დახოცეს საკონტროლო გასროლებით. თავად ხაფიზულა ამინი საცერივით იყო დაცხრილული და ავტომატით ხელში იყო მკვდარი, საიდანაც 21 ტყვია იყო გასროლილი. სასახლეში მყოფთაგან ქალები და ბავშვებიც იყვნენ დახოცილები და ამ კუთხითაც „ფრიადზე“ შესრულდა მეთაურის ბრძანება. მოიერიშეების მხრიდან კი 9 ადამიანი დაიღუპა და 2 დაიჭრა. ორივე დაჭრილი „გრუელი“ იყო. მათ 7 მებრძოლი დაეღუპათ, ჩვენ კი 2 მებრძოლი დავკარგეთ.
26 დეკემბერი თენდებოდა. მოიერიშეთა ჯგუფები რომ ჰაფიზულა ამინის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას ვტოვებდით და ჩვენი დახოცილი და დაჭრილი ჯარისკაცები მიგვყავდა, ქაბულის სხვადასხვა სტრატეგიულ წერტილებს უკვე თავად ავღანელი მეომრები – მოკლული ამინის მოწინააღმდეგე ძალის მომხრეები იკავებდნენ და ავღანეთში სამხედრო გადატრიალება ხორციელდებოდა. მეორე დღეს კი ავღანეთის სუვერენულ სახელმწიფოში წითელი არმია შეიჭრა და ათწლიანი საბჭოთა ოკუპაციაც დაიწყო.
თორმეტივე „გრუელს“, მათ შორის შვიდს – სიკვდილის შემდეგ, საბჭოთა კავშირის გმირის წოდებები მიანიჭეს, ჩვენ კი მხოლოდ გმირის ორი ვარსკვლავი მოგვცეს და, ისიც, მხოლოდ დახოცილებს. ცოცხლებს კი სხვადასხვა ხარისხის ორდენები გადმოგვცეს და მე საბრძოლო წითელი დროშის ორდენი მერგო.
– ყოჩაღ, ბიჭებო! თქვენ ნამდვილი არწივები ხართ და სამშობლოს უდიდესი სამსახური გაუწიეთ! – შეგვაქო იმ უცნობმა გენერალმა, რომელიც, თურმე, შჩუკინის მოადგილე ყოფილა და იმავე სამთო ბაზაზე დაგვხვდა ტაჯიკეთში, საიდანაც სამი დღით ადრე ამინის მოსაკლავად გადაგვისროლეს ავღანეთში.
რადგან საბჭოთა კავშირში დაგვაბრუნეს, ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დასრულდა და ახალი წლის შემდეგ მერისთან დაქორწინების დეტალებზე ვფიქრობდი. თუმცა, ქორწილი კვლავ ჩამეშალა: 30 დეკემბერს სამთო ბაზაზე თავად ვიქტორ იაკოვლევიჩი გვეწვია, ინტერნაციონალური ვალის წარმატებით შესრულება მოგვილოცა და გვითხრა:
– ავღანეთში შექმნილი საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, თქვენი ოპერატიული ჯგუფი ჩვენს მოძმე ქვეყანაში რჩება ინტერნაციონალური მისიის გასაგრძელებლად და, იმედია, წარმატებით გაართმევთ თავს. ქაბულში 2 იანვარს დაბრუნდებით, მანამდე შეგიძლიათ, ახალ წელს სამშობლოში შეხვდეთ, შემდეგ კი კვლავ თქვენი ვალის აღსრულება უნდა გააგრძელოთო.
არც ტაჯიკეთი იყო ჩემი სამშობლო, სადაც ახალ წელს შევხვდი, არც ავღანელი ხალხი საჭიროებდა ჩემს დახმარებას და ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპერატიული ჯგუფიც იმიტომ დააბრუნეს ავღანეთში, რომ „კაგებეს“ იქ თავიანთი წარმომადგენლობა ჰყოლოდა და სამხედროებს სრული ძალაუფლება არ ჩაეგდოთ ხელში.
ქაბულში 2 იანვარს დავბრუნდით, სადაც უკვე მთელი სისასტიკით თარეშობდნენ საბჭოთა ჯარისკაცები: ძარცვავდნენ მოსახლეობას, აუპატიურებდნენ და ხოცავდნენ ხალხს, შეურაცხყოფდნენ მათ რელიგიას. სწორედ ამან განაპირობა ის შეუპოვარი წინააღმდეგობა, რომელიც ავღანელმა ხალხმა საბჭოთა დამპყრობლებს გაუწია, რაც ათი წლის შემდეგ ავღანეთიდან წითელი არმიის გამოძევებით დასრულდა.
ჩვენი ოპერატიული ათეული ავღანეთში განსაკუთრებული უფლებამოსილებით სარგებლობდა და არმიის ცენტრალური ხელმძღვანელობის გვერდის ავლით, მხოლოდ და მხოლოდ გენერალ-მაიორ ანდრეი მუხინს ემორჩილებოდა. ანდრეი მუხინი, შჩუკინის მოადგილე და სწორედ ის უცნობი გენერალი იყო, ვინც პირველი გვეწვია ტაჯიკეთის სამთო ბაზაზე. მუხინი პირდაპირ მოსკოვიდან იღებდა მითითებებს და ავღანეთში დისლოცირებული საბჭოთა არმიის სარდლობის საქმის კურსში ჩაყენების გარეშე, თავად შეეძლო, ნებისმიერი ოპერაციის შესრულება დაევალებინა ჩვენთვის. ჩვენი ათეული, ფაქტობრივად, ამიტომაც იმყოფებოდა ავღანეთში და თავგასული სამხედრო მაღალჩინოსანი ოფიცრობის მეტ-ნაკლებად გაკონტროლებას ვახორციელებდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს კოლეგებს შორის ასაკით ყველაზე უმცროსი ვიყავი და ჩემზე მაღალი წოდებისა და სტაჟის ოფიცრებთან ერთად ვმსახურობდი, ჯგუფის უფროსად მუხინმა მაინც მე დამნიშნა და ეს ასე ამიხსნა:
– შენი დაწინაურება ორი რამის გამო გადავწყვიტე: პირველი და უმთავრესი – ბრწყინვალედ ფლობ ინგლისურს და ავღანურს, თავისი რამდენიმე დიალექტით, მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ორი ორდენი გაქვს მიღებული და ეს 21 წლის ასაკში უდიდესი მიღწევაა.
ავღანური ენა, დიალექტებითურთ, სულ რაღაც თვე-ნახევარში ავითვისე და კომუნიკაციის პრობლემები არც ერთი ავღანური ტომის წარმომადგენლებთან არ მქონია. თან, რამდენიმე წლის წინ, საერთაშორისო ბანაკ „დრუჟბაში“, ჩემი ჯგუფის უფროსიცა და თარჯიმანიც მე ვიყავი.
„კაგებეში“, რა თქმა უნდა, ანგელოზები არ მუშაობდნენ, მაგრამ, სამხედროებზე მეტი მორალი და სახელმწიფოებრივი აზროვნება მაინც გააჩნდათ. სწორედ ამიტომ აგვირჩიეს თავაშვებული სამხედროების საპირწონედ და მათი გაკონტროლება დაგვავალეს. ამიტომ, გენერალ მუხინს შტატიანი „კაგებეშნიკების“ გარდა, რომლებიც ყველა სამხედრო ნაწილში ოფიციალურად მსახურობდნენ, სამხედროებს შორის ჩანერგილი აგენტებისა და დამსმენების დატოტვილი ქსელი ჰქონდა და ძირითად და ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციებს სწორედ მათგან იღებდა.
ავღანური კამპანიის დაწყებისთანავე, მაღალჩინოსანმა სამხედრო ოფიცრობამ უმალვე გაშალა ფრთები, კორუფციის მორევში გადაეშვა და აქტიურად ჩაერთო ნარკობიზნესსა და იარაღით ვაჭრობაში, რაც მათ ჯიბეებს უზომოდ ასქელებდა, სახელმწიფო ინტერესებს კი უდიდეს ზარალს აყენებდა. სწორედ საბჭოთა ოფიცრობის ხელშეწყობით მიედინებოდა ტრანზიტული ნარკოტვირთი საბჭოელების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რასაც კოლოსალური შემოსავალი მოჰქონდა. ამ ფულით კი ავღანელი მოჯაჰედები იმავე ოფიცრებისგან იძენდნენ საბჭოურ იარაღს, რომლითაც მათსავე ჯარისკაცებს ანადგურებდნენ. ამგვარად, შექმნილი იყო დანაშაულებრივი პირამიდა, რომლის წვერშიც კორუმპირებული საბჭოთა გენერლობა იყო მოქცეული და ავღანური სამხედრო-დანაშაულებრივი კამპანიისგან უზარმაზარ ფულად შემოსავალს იღებდნენ.
ავღანური ავანტიურიდან ექვსი თვის თავზე მუხინმა „ჰაერზე გასეირნება“ შემომთავაზა, რაც ჩვენს ენაზე მეთვალყურეებისგან გარიდებას ნიშნავდა. „ვილისით“ ერთ უკაცრიელ ადგილზე რომ გავედით, მან მანქანა გააჩერა და მითხრა:
– რასაც ახლა გეტყვი, სახელმწიფო საიდუმლოებაა და ინფორმაციამ არ უნდა გაჟონოს, ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ ამ პრობლემას მოვაგვარებთ. გასაგებია, კოკი?
– რა თქმა უნდა, ანდრეი ლუკიჩ, გისმენთ, – მივუგე მუხინს, რომელმაც მითხრა:
– მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მაღალი რანგის საბჭოთა სამხედრო ოფიცერი ჩვენს მტრებთან არის გარიგებული და, გარკვეული ფულადი ანაზღაურების საფასურად, მათი ნარკოტვირთების ჩვენს ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად გატარებაში უწყობს ხელს. ეს კი პირდაპირი ღალატია, ჩვენ კი სწორედ იმიტომ ვართ აქ, რომ მოღალატეები გამოვააშკარაოთ და, თუ საჭირო გახდა, დავსაჯოთ კიდეც. ამიტომ, შენ გავალებ, რომ ერთ-ერთ ასეთ მოღალატეს დაკითხვა მოუწყო და მისგან ინფორმაცია ამოქაჩო, რომ მოქმედების საშუალება გვქონდეს.
მუხინის სიტყვებით გამოდიოდა, რომ მე საბჭოთა ოფიცერი უნდა გამეტაცებინა, მეწამებინა და ასეთი მეთოდით მიმეღო მისგან ინფორმაცია. ამიტომ, გენერალს ვკითხე:
– დავუშვათ, დაკითხულმა არაფერი იცის და უდანაშაულოა, მაშინ?
– მაშინ, ჩემო კოკი, მისი მოშორება მოგვიწევს, რომ მან ჩვენი საიდუმლო არ გათქვას, მაგრამ, გარწმუნებ, ეს ასე არაა და, ვისზეც მიგითითე, მოღალატეა, მნიშვნელოვან ინფორმაციებს ფლობს და ეს ინფორმაციები ჩვენ მისგან ყველა საშუალებითა და მეთოდით უნდა გამოვბერტყოთ, – დამარწმუნა მუხინმა და ჩვენ უკან დავბრუნდით.
იმავე ღამეს, ქაბულის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილიდან მე და ჩემმა სამმა კოლეგამ ერთი პოლკოვნიკი პირდაპირ საწოლიდან „ავწიეთ“, ტრუსების ამარა გავიტაცეთ და წინასწარ შერჩეულ მიწურში მივიყვანეთ. შემდეგ მთლიანად გავაშიშვლეთ, ქვაზე მიმაგრებულ კაუჭებზე ფეხებით დავკიდეთ და ჩირაღდნის შუქზე ეგრეთ წოდებული „სპეცდაკითხვა“ მოვუწყვეთ, რაც, ფაქტობრივად, წამებას გულისხმობდა. პოლკოვნიკი თავიდან არაფრის თქმას არ აპირებდა, მაგრამ, მუცელზე სამართებელი რომ ჩამოვუსვით და ჭრილობაში მარილი ჩავაყარეთ, ყველაფერში გამოტყდა და აღიარა, რომ მისი უშუალო უფროსი გენერლის ბრძანებით, რომელიც მოჯაჰედ საველე მეთაურებთან იყო გარიგებული, ავღანელებს ნარკოტვირთების გატარებაში უწყობდა ხელს და ამის სანაცვლოდ ფულსა და ოქროს იღებდა. პოლკოვნიკი ჩვენი უწყების შენობაში მალულად მივიყვანეთ და საიდუმლო საკანში გამოვამწყვდიეთ, მე კი მუხინს ვეახლე და მოვახსენე:
– აი, პოლკოვნიკის ჩვენებები, ყველაფერი ამ ფირზეა აღბეჭდილი, თავად ის კი საიდუმლო საკანშია გამომწყვდეული. ახლა რას გვიბრძანებთ?
– პოლკოვნიკი ნაწამებია? – მკითხა მუხინმა.
– არა, მხოლოდ ერთი მსუბუქი ჭრილობა აქვს მუცელზე, – მივუგე გენერალს, მან კი, პოლკოვნიკის ფირზე ჩაწერილი აღიარების გულდასმით მოსმენის შემდეგ მითხრა:
– გენერალი ვერსად წაგვივა – აქ საკმაო ინფორმაციაა იმისთვის, რომ ის გაასამართლონ და დახვრიტონ. ახლა ასე მოვიქცეთ: მე მთავარსარდალს დავურეკავ, მასთან შეხვედრას მოვითხოვ და ყველაფრის საქმის კურსში ჩავაყენებ, თქვენ კი, პარალელურად, გენერალი დააპატიმრეთ, პოლკოვნიკს მიუსვით გვერდით და დილით ორივე მოღალატე მოსკოვში გავგზავნოთ. მათ პირადად შენ ჩაიყვან იქ.
მუხინმა შჩუკინს დაურეკა მოსკოვში და ყველაფრის საქმის კურსში ჩააყენა, ხოლო ყურმილი რომ დაკიდა, მითხრა:
– ბრძანება მივიღე, რომ ჩემი განსაკუთრებული უფლებამოსილება გამოვიყენო და გენერლის დაპატიმრების სანქცია გავცე, რასაც სიამოვნებით ვაკეთებ და გიბრძანებ, მოღალატე გენერალი აიყვანო. ახლა წადით, გენერალი დააპატიმრეთ, მე კი მთავარსარდალს შევხვდები.
მუხინმა ჩემ თვალწინ დაურეკა ავღანეთში საბჭოთა ჯარების მთავარსარდალს და ღამის 3 საათზე მასთან შეხვედრა მოითხოვა, ჩვენი ათკაციანი ოპერატიული ჯგუფი კი მოღალატე გენერლის დასაპატიმრებლად გაემართა, თუმცა, უშედეგოდ. როგორც შემდეგ გაირკვა, გენერალს საფრთხე უგრძნია და იმავე ღამეს, სანამ ჩვენ მის დასაპატიმრებლად მივიდოდით, გაქცეულა. დევნას აზრი არ ჰქონდა, რადგან გენერალმა ვერტმფრენი გაიტაცა და ისე მიიმალა.
ერთი კვირის შემდეგ, გენერალმა მუხინმა ახალი სადაზვერვო მონაცემები გაგვაცნო და გვითხრა, რომ მოღალატე გენერალი ქალაქ ყანდაღართან, მიუვალ მთებში იმყოფებოდა თავის პარტნიორ მოჯაჰედებთან ერთად და მისი იქიდან მოტაცება დაგვავალა.
– მხოლოდ და მხოლოდ უნდა მოიტაცოთ, – უმკაცრესად გაგვაფრთხილა მუხინმა – მოსკოვიდან მოსულ ბრძანებაში ეს ცალსახადაა ხაზგასმული და ის ზუსტად უნდა შესრულდეს.
– ანდრეი ლუკიჩ, – ვკითხე მუხინს, – დავუშვათ, რომ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, გენერალი ვერ მოგვყავს, არც მაშინ მოვკლათ?
– იმიტომ ხართ საუკეთესონი საუკეთესოთა შორის, რომ დავალება აბსოლუტური სიზუსტით უნდა შეასრულოთ, – ერთმნიშვნელოვნად მომიგო მუხინმა. მართლაც, მოღალატე გენერალი სამ დღეში უვნებლად ჩამოვიყვანეთ ქაბულში და კარგად დაცული მოჯაჰედების ციხესიმაგრიდან ისე გამოვიყვანეთ, რომ იქ 29 „ტრუპი“ დავტოვეთ და თითოეული მათგანი ისე მოვკალით, არც კი დაუკვნესიათ...
გენერალმა იცოდა, რაც ელოდა, ამიტომ, გვეხვეწებოდა, მომკალით და ჩვენიანებთან ნუ მიმიყვანთო, მაგრამ ის პირადად მუხინს ჩავაბარეთ და იმავე ღამეს მოსკოვში გადააფრინეს.
მოღალატე გენერლის გატაცება ჩვენი ოპერატიული ჯგუფის პირველი მსხვილი საქმე იყო და, მიუხედავად იმისა, რომ ვინიღბებოდით, მაინც ბევრმა შეიტყო, ვინ ვიყავით, გვცნობდნენ, გვესალმებოდნენ, ჩვენთან დაახლოება უნდოდათ, მაგრამ, ყველას გავურბოდით და განცალკევებით ცხოვრებას ვამჯობინებდით. მიუხედავად ამისა, უკვე გაშიფრულები ვიყავით და საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა გაათმაგებულად გვიწევდა. თუმცა, ერთხელ მაინც მოგვიწყვეს თავდასხმა და ჩვენი შენობა ნაღმმტყორცნებიდან დაბომბეს, მაგრამ, ბუნკერს შევაფარეთ თავი და გადავრჩით. ინციდენტი სამხედრო პროკურატურამ გამოიძია და ყველაფერი ავღანელებს დაბრალდათ. მართალია, ჩვენი წყაროებიდან შევიტყვეთ, რომ ამ ტერაქტის უკან სამხედროები იდგნენ, მაგრამ მუხინმა მითხრა:
– ჯერ იმ ინფორმაციის რეალიზაციას შევაჩერებ, რომ მეტი სამხილები და ფაქტები მოვიპოვოთ, მერე კი გაასმაგებული ძალებით მივუზღავთ სამაგიეროს და ყველა თავისას მიიღებს, თქვენი ოპერატიული ჯგუფი კი უფრო ყურადღებით და ფრთხილად უნდა იყოს...
ამ ამბიდან ორი კვირის შემდეგ, მე და ჩემი ხუთი კოლეგა საჰაერო-სადესანტო ძალების ორ ოცეულთან ერთად უზბეკეთის ქალაქ ტერმეზიდან ქაბულში იარაღით დატვირთულ კოლონას ვაცილებდით. კოლონაში ოცდაათი სატვირთო მანქანა და რვა ბეტეერი შედიოდა, ჩვენს სპეცძალებს კი ასი კარგად შეიარაღებული ჯარისკაციც ემატებოდა და ეს ტვირთი 24 საათში დანიშნულების ადგილამდე უნდა ჩაგვეტანა. უკვე ავღანეთის ტერიტორიაზე, ქალაქ მაზარი-შარიფს რომ ვუახლოვდებოდით, ვიწრო კანიონი უნდა გაგვევლო, რომ, სწორედ ამ დროს დაგვესხნენ თავს და საშინელი სროლა ატყდა. კანიონის ორივე მხრიდან წამოსული ტყვიების სეტყვას დაახლოებით ორასი ერთად ნასროლი ხელყუმბარაც დაემატა, რომლებიც თითქმის ერთდროულად აფეთქდა და მრავალი ჩვენი ჯარისკაცი ადგილზევე დაიღუპა. ჩვენ და მედესანტეებმა უმალვე საბრძოლო პოზიციები დავიკავეთ, რომ თავდამსხმელებს გავმკლავებოდით, რადგან სპეციალურად გამოწვრთნილები ვიყავით ასეთი საქმისთვის. თუმცა, აშკარა იყო, რომ მოჯაჰედების შემოტევას ვერ გავუძლებდით და ყველას ერთიანად ამოგვჟლეტდნენ, რადგან ალყაში ვიყავით და გაქცევითაც ვერსად გავიქცეოდით.
– ჩქარა, ბაზას გადაეცით, რომ ავიაცია მოგვახმარონ, თორემ, ყველას დაგვადუღებენ! – გადავძახე მედესანტეთა მეთაურს, რომელიც, უზარმაზარ ლოდს ამოფარებული, ჩემგან ოცდაათიოდე მეტრში იმყოფებოდა და მარცხენა ფეხში იყო დაჭრილი.
– არ გამოვა, ორივე რაცია აგვიფეთქეს თავისი რადისტებიანად! – გადმომძახა მედესანტეთა მეთაურმა, მაგრამ, მეტის თქმა ვეღარ მოახერხა, რადგან რამდენიმე ხელყუმბარა ერთდროულად აფეთქდა მის ფეხებთან და, ჯერ ჰაერში აისროლა და რამდენიმე ნაწილად გაგლიჯა. შემდეგ კი მისი სხეულის ნაფლეთები უზარმაზარ ლოდზე დაეტყეპა და იქაურობა წითლად შეღება.
ამასობაში მოჯაჰედები უფრო და უფრო გვავიწროვებდნენ და, აშკარა იყო, რომ თუ ჰაერიდან არ დაგვეხმარებოდნენ, ჩვენი საქმე წასული იყო, ნახევარ საათსაც ვერ გავძლებდით. სროლა ძლიერდებოდა, კიდევ სამი ჯავშანმანქანა აგვიფეთქეს და ამას ისიც დაერთო, რომ ტყვია-წამლით დატვირთული ორი სატვირთო მანქანა ერთდროულად აფეთქდა და ოცდაათიოდე ჩვენი ჯარისკაცი ნაფლეთებად აქცია.
– კლდეებისკენ გადავინაცვლოთ! – შევძახე ჩემებს, – წავედით!
ის-ის იყო, კლდეებისკენ დავიძარით, რომ ჩემ წინ, ოცდაათიოდე მეტრში, ერთ-ერთ საბჭოთა ჯარისკაცს ნაღმმტყორცნიდან გასროლილი ჭურვი პირდაპირ მოხვდა, შუაზე გაგლიჯა, მისი მოწყვეტილი თავი კი ტყვიასავით გამოფრინდა ჩემკენ, დიაფრაგმაში მომხვდა, ჯავშანმანქანას კეფით მიმანარცხა და გონება დამაკარგვინა...
აზრზე რომ მოვედი და თვალები გავახილე, აბსოლუტური სიჩუმე შევიგრძენი. აღარც სროლისა და აფეთქების ხმა ისმოდა და აღარც სისხლში აზელილი ხორცის სუნი ტრიალებდა ჰაერში. მაგრამ, მე და ოცდაოთხი საბჭოთა ჯარისკაცი კბილებამდე შეიარაღებული მოჯაჰედების გარემოცვაში ვიმყოფებოდით და მივხვდი, რომ ტყვედ ჩავვარდი.
– მოჯაჰედების ტყვეობას სიკვდილი გერჩივნოთ და ერთი ტყვია ყოველთვის საკუთარი თავისთვის შეინახეთ ხოლმე, – გვეუბნებოდა გენერალი მუხინი და გვიხსნიდა: – ისინი ან გაგაუპატიურებენ და გველების ორმოში ჩაგაგდებენ, ან გაწამებენ და გველების ორმოში ჩაგაგდებენ, ან კი, ჯერ გაგაუპატიურებენ, შემდეგ გაწამებენ, ბოლოს კი გველების ორმოში ჩაგაგდებენ. ამიტომ, დამიჯერეთ, ამდენ უბედურებას, სიკვდილი ჯობია და ერთი ტყვია ყოველთვის თადარიგში გქონდეთ. თუმცა, იმედია, აქამდე საქმე არ მივა...
„ეჰ, ანდრეი ლუკიჩ, ანდრეი ლუკიჩ, ენამ გიყივლა – მოჯაჰედების ტყვეობაში ვარ და, მგონი, შენი სიტყვები მართლდება“, – გავიფიქრე გუნებაში, როდესაც მოჯაჰედების შურისძიებით აღსავსე თვალები დავინახე.
მოგვიანებით შევიტყვე, რომ ქალაქ მაზარი-შარიფიდან 35 კილომეტრით დაშორებულ, კლდის მიუვალ ციხესიმაგრე შაჰიდში ვიმყოფებოდით. შაჰიდი ცნობილი ავღანელი საველე მეთაურის, ახმად აბუ-ბეის თავშესაფარი და მისი მებრძოლების ბაზა იყო. აბუ-ბეი და მისი სამასკაციანი რაზმი სისხლს უშრობდნენ საბჭოთა ჯარისკაცებს, უმოწყალოდ ჟლეტდნენ მათ, ტყვეებს კი განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ ყრიდნენ კობრებითა და გიურზებით სავსე ორმოში.
ციხესიმაგრე შაჰიდი კარგად დატოტვილი გამოქვაბულებით იყო ცნობილი, სადაც იარაღის და საკვები პროდუქტის დიდი მარაგი ინახებოდა და იქ თავის შეფარება ერთდროულად მრავალ ათას ადამიანს შეეძლო. ციხესიმაგრეს უზარმაზარი ეზო ჰქონდა, სადაც ქვისგან აშენებული სახლი იდგა და ტყვეებს იქ ამწყვდევდნენ ხოლმე, რათა მოგვიანებით ან გაეცვალათ ვინმეზე ან რამეზე, ან – სასტიკად ეწამებინათ. ეს ყველაფერი მოგვიანებით შევიტყვე. მანამდე კი ოცდახუთივე საბჭოთა ტყვე შაჰიდის ეზოში გაგვაშიშვლეს და მხოლოდ ტრუსები დაგვიტოვეს. შემდეგ რკინის ძელებზე მიგვაბეს, და ბოლოს ჯორისა და ცხენის შარდი გადაგვასხეს შიშველ სხეულზე და ორმოცდაათგრადუსიან სიცხეში ბედის ანაბარა მიგვატოვეს, თავად კი ჩრდილს შეეფარნენ, ცივ კუმისს სვამდნენ, ჰაშიშს ეწეოდნენ და ჩვენი ტანჯვა-წამებით ტკბებოდნენ... ასეთ ყოფაში ჯანმრთელი ადამიანი ორი საათის მეტს ვერ ძლებს და მზის დაკვრისგან კვდება, მაგრამ მოჯაჰედებმა ეს კარგად იციან და აქამდე საქმე არ მიჰყავთ. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, როდესაც გავარვარებულ მზეზე შემხმარი ათასობით მარილის კრისტალი შხამიანი ნემსივით გვიჩხვლეტდა სხეულს, მოჯაჰედები წამების შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ: წითურწვერიანმა კაცმა, რომელიც, თურმე, ახმად აბუ-ბეი ყოფილა, თავის ხელქვეითს პუშტუნურ დიალექტზე უთხრა:
– მიდი, იმ კუნთა ბიჭით დაიწყე...
როგორც შემდეგ მივხვდი, კუნთა ბიჭი, თურმე, მე ვყოფილვარ და აბუ-ბეის ხელქვეითმა ჩემ წინ პატარა კოცონი გააჩაღა, შიგ მრგვალთავა, გრძელი რკინა ჩადო და ისევ ჩრდილში დაბრუნდა, ჰაშიში გააბოლა, თან ირონიულად მიმზერდა და, ალბათ, ფიქრობდა: ახლა კი ყოფას გიტირებ, გაყმუვლებ და გაჩენის დღეს დაგაწყევლინებო... მართლაც, თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ, როდესაც ფოლადის შანთი წითლად გავარვარდა, ჰაშიშით გაბრუებული მოჯაჰედი კოცონთან მივიდა, შანთი ამოიღო, მომიახლოვდა, მარცხენა თვალთან მომიშვირა და ძალიან ცუდი რუსულით მითხრა:
– მოემზადე, ურჯულოვ, თვალი უნდა ამოგშანთო...
მე ხმა არ ამომიღია. მოჯაჰედმა კი გავარვარებული შანთი მარცხენა თვალისკენ წამოიღო და უკვე ვფიქრობდი, რომ თვალს ამომიწვავდა, რომ, უცებ შანთი ძირს დასწია და მთელი ძალით მიმაჭირა მარცხენა მკერდზე... ჯერ დამწვარი ხორცის სუნი მეცა და მხოლოდ ამის შემდე შევიგრძენი საშინელი ტკივილი. ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ გულში გავარვარებულმა გამჭოლმა ისარმა გამიარა, ტვინში კი ვიღაცას ხელი ჰქონდა ჩაყოფილი და ქვევით მქაჩავდა. ეს ისეთი საშინელი შეგრძნებაა, რომ სიტყვებით სრულყოფილად გადმოცემა შეუძლებელია. ამ დროს ადამიანი რაღაც საშინელ ზებუნებრივ ტკივილს განიცდის. ყველაფერი ეს უხმოდ გადავიტანე. აბუ-ბეი თვალს არ მწყვეტდა და, ჩემი გამძლეობა რომ დაინახა, შევატყვე, გაოცდა, თუმცა, არ შეიმჩნია, ჰაშიში მოქაჩა, ზედ კუმისი დააყოლა და ხელქვეითს ანიშნა, განაგრძეო. მან კი შანთი კვლავ კოცონში ჩადო და ჩრდილში გავიდა, თხუთმეტი წუთის შემდეგ კი უფრო გავარვარებული შანთით დაბრუნდა, რომელიც უკვე მარჯვენა თვალთან მომიშვირა და დამტვრეული რუსულით მითხრა:
– ახლა კი ვეღარ გადარჩები, შე ურჯულოვ, მარჯვენა თვალს ამოგშანთავ!
მე ისევ უხმოდ შევხვდი მოჯაჰედის მიერ მოშვერილ შანთს, რომელიც ისე ახლო მომიტანა, რომ წარბ-წამწამი შემეტრუსა და ვიფიქრე, თვალს ვკარგავ-მეთქი, მაგრამ, მან ისევ ქვევით ჩაწია შანთი და კვლავ მთელი ძალით მიმაჭირა მარჯვენა მკერდზე... მე ორჯერ მეტად მეტკინა, მაგრამ, კვლავ უხმოდ გადავიტანე ტკივილი. ეს რომ აბუ-ბეიმ დაინახა, თვალები გაუფართოვდა, შემდეგ წამოდგა, მომიახლოვდა და თითქმის უაქცენტო რუსულით მითხრა:
– ვაჟკაცი ყოფილხარ. რუსი არ უნდა იყო, სადაური ხარ?
– რუსი ვარ! – მოკლედ მივუგე აბუ-ბეის, თუმცა, ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ის აბუ-ბეი იყო.
– უცნაურია, – ჩაიცინა აბუ-ბეიმ, – რა გქვია?
– ივანე! – ისევ მოკლე პასუხი გავეცი წითურწვერიანს.
– ივანე! – ირონიულად მითხრა წითურწვერიანმა, – ის თუ იცი, მე ვინ ვარ?
– არა!
აბუ-ბეის კვლავ ჩაეცინა და მითხრა:
– მე აბუ-ბეი ვარ, ალაჰის მეომარი და ურჯულოებს მუსრს ვავლებ. ნუთუ ჩემ შესახებ არაფერი გსმენია?
– როგორ არ მსმენია, მაგრამ, რუსული საიდან იცით? ტყვეებთან ურთიერთობაში ნასწავლს არ ჰგავს, რადგან ძალიან სუფთად ლაპარაკობთ, – ვუთხარი აბუ-ბეის.
– მართალი ხარ, – სერიოზულად მომიგო აბუ-ბეიმ, – მოსკოვში ვისწავლე.
– მოსკოვში? – გულწრფელად გამიკვირდა მე და ახმად აბუ-ბეის ავღანურ სამოსს თვალი შევავლე.
– მე ეროვნებით ტაჯიკი ვარ და მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული იურიდიული განხრით. ავღანეთში რომ საღვთო ომი დაიწყო, მე თავი ვალდებულად ჩავთვალე, მონაწილეობა მიმეღო მასში და ჯარში მოხალისედ ჩავეწერე, ავღანეთში ჩამოვედი და ჩემს სულიერ ძმებს შევუერთდი.
– ესე იგი, თქვენ საბჭოელი ყოფილხართ?
– არა! – აღშფოთდა აბუ-ბეი და ხმას აუწია, – მე ტაჯიკი ვარ! ახლა კი მოჯაჰედი, ურჯულოებს მუსრს ვავლებ და, საერთოდ, საბჭოელებს ვერ ვიტან, მათ ჩემი ოჯახი გაწყვიტეს.
მოგვიანებით შევიტყვე, რომ საბჭოთა კავშირიდან გაქცეული აბუ-ბეის მრავალრიცხოვანი ნათესაობა ჯერ დაუპატიმრებიათ, შემდეგ კი წამებით დაუხოცავთ უშიშროების ციხეში და ამით გადაუხდიათ სამაგიერო მოუხელთებელი ავღანელი საველე მეთაურისთვის.
– სამწუხაროა, რომ თქვენი ოჯახი დაზარალდა, – მივუგე ახმად აბუ-ბეის.
– სამწუხაროა? სამწუხარო რბილად ნათქვამია. ეს სამწუხარო კი არა, საზარელია! – მომიგო ახმად აბუ-ბეიმ, – მაგრამ, ეს გარდაუვალია. საღვთო ომი ზოგჯერ უდანაშაულო და მშვიდობიანი ხალხის მსხვერპლს მოითხოვს და, სწორედ ეს მსხვერპლი იყო ჩემი ოჯახი. შენ გყავს ნათესავები?
– დიახ, დიდი ოჯახი მაქვს, – მოვატყუე აბუ-ბეის.
ხომ არ მომბაძავ და საღვთო ომში ხომ არ ჩაებმები მართლმორწმუნეების მხარეზე? – მკითხა აბუ-ბეიმ.
– არა! – მივუგე, – მე ხომ ქრისტიანი ვარ!
– ეგ არაფერი, რჯულს შეგიცვლით.
– არა, არ გამოვა, ბატონო აბუ-ბეი, ჩემს ოჯახს ვერ გავწირავ, მირჩევნია, ისევ მე დავიღუპო.
ახმად აბუ-ბეიმ ყურადღებით შემათვალიერა, შემდეგ საკუთარი ხელით ამხსნა და მკითხა:
– ამოშანთულები ძალიან გტკივა?
– არა!
– როგორ არა, მე ხომ ვიცი, რომ ძალიან გტკივა, მაგრამ, ვაჟკაცი ხარ და არ იმჩნევ, აი, სწორედ შენნაირი მეომრები გვჭირდება, – მითხრა აბუ-ბეიმ, შემდეგ მოსაწევად გამზადებული მარიხუანა მომცა და დაამატა: – ორი, მაქსიმუმ სამი ნაფაზი დაარტყი, ზედმეტი არ მოგივიდეს, თორემ, გაგთიშავს. კარგია, დაგამშვიდებს და ტკივილს მოგიხსნის, თან, დილამდე იფიქრე ჩემს წინადადებაზე, თორემ, შენც ისევე მოგკლავ, როგორც ყველა ურჯულოს.
ახმად აბუ-ბეის ბრძანებით, დანარჩენი ტყვეებიც ახსნეს, აღარავინ უწამებიათ და ყველანი ქვის შენობაში შეგვრეკეს, რომ დილით ეწამებინათ და დაეხოცათ. მე ამ სასჯელის თავიდან აცილება შემეძლო, თუკი მოღალატე გავხდებოდი, მაგრამ მოღალატეობას არ ვაპირებდი – ამას სიკვდილი მერჩივნა და, როგორც კი შენობაში შეგვრეკეს, ჰაშიში შევაფეთქე და წრეში გავუშვი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3