ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: 1988 წელს წერილობითი ფორმით დავდე გარიგება, რომლის თანახმად, მივიღე საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება თბილისის ერთ-ერთ რაიონში მცხოვრები კერძო პირისგან, რომელიც იყო მარტოხელა მოხუცი. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობიდან 8 წლის გასვლის შემდეგ, აღნიშნული პიროვნება გარდაიცვალა, ისე, რომ მემკვიდრე არ დარჩენია. ამჟამად კვლავ ვსარგებლობ ზემოაღნიშნული სადგომით. გთხოვთ, მირჩიოთ, შესაძლებელია თუ არა, საკუთრებაში გავიფორმო აღნიშნული საცხოვრებელი ფართი, რომელსაც, ფაქტობრივად, ვფლობ დღემდე?
პასუხი: „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილია და არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან, არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, ქონება წარმოადგენს უმკვიდრო ქონებას და მოსარგებლე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდრო ქონებად ცნობა, ხოლო უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი მოსარგებლეს უსასყიდლოდ გადაეცემა საკუთრებაში და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.
კითხვა: ვარ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი. შესაძლებელია თუ არა, მყავდეს კანონიერი წარმომადგენელი საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობისას და კანონიერი წარმომადგენლის ყოლის შემთხვევაში, შემიძლია თუ არა, დამოუკიდებლადაც ვაწარმოო ურთიერთობა საგადასახადოსთან?
პასუხი: დიახ, თქვენ, როგორც გადასახადის გადამხდელს, უფლება გაქვთ, საგადასახადო ურთიერთობებში მონაწილეობა მიიღოთ კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. საგადასახადო ურთიერთობებში გადასახადის გადამხდელის პირადად მონაწილეობა არ ართმევს მას უფლებას, ჰყავდეს წარმომადგენელი, ისევე, როგორც წარმომადგენლის მონაწილეობა არ ართმევს მას უფლებას პირადად მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ ურთიერთობებში. ამასთან, გადასახადის გადამხდელის კანონიერი წარმომადგენლის ქმედება, რომელიც დაკავშირებულია საგადასახადო ურთიერთობაში ზემოაღნიშნული პირის მონაწილეობასთან, ითვლება თვით ამ პირის ქმედებად.
კითხვა: მაინტერესებს, რომელი კატეგორიის საქმეების აღსრულება შეეძლება აწარმოოს კერძო აღმასრულებელმა?
პასუხი: კერძო აღმასრულებლი სააღმსრულებლო წარმოებას ახორციელებს კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, კერძო აღმასრულებელი აღსრულებას ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღსრულების მხარეები არიან ფიზიკური პირები ან კერძო სამართლის იურიდიული პირები და თუ სააღმსრულებლო დოკუმენტის მიხედვით წარმოდგენილი აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნა არ აღემატება 500 000 ლარს.
კითხვა: დასაქმებული ვარ კერძო კომპანიაში, სადაც ჩემი სამუშაოს დასრულების შემდეგ მრჩება დრო. ვიშოვე ანაზღაურებადი სამუშაო სხვა კომპანიაში, სადაც შევძლებდი შეთავსებით მუშაობას ძირითადი სამუშაოსაგან მოუწყვეტლად, მაგრამ, დირექტორმა უარი მითხრა იმ კომპანიაში მუშაობის დაწყებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტით დამემუქრა. გთხოვთ, განმიმარტოთ, კანონიერია დირექტორის ამგვარი ქმედება?
პასუხი: ზოგადად, თქვენ უფლება გაქვთ, ძირითადი სამუშაოსგან თავისუფალ დროს დასაქმდეთ და შეასრულოთ სხვა ანაზღაურებადი სამუშაო, მაგრამ, თქვენი უფლება, შეასრულოთ სხვა სამუშაო, შესაძლებელია, შრომითი ხელშეკრულებით შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სამუშაოს შესრულებამ, შეიძლება, ხელი შეუშალოს ძირითად სამუშაოსთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებას, ანდა, თუ პირი, რომლისთვისაც უნდა შესრულდეს შეთავსებადი სამუშაო, დამსაქმებლის კონკურენტია.
კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რას ნიშნავს მოროდიორობა და დაისჯება თუ არა ჯარისკაცის მიერ ჩადენილი მოროდიორობისათვის მეთაური?
პასუხი: მოროდიორობა ითვლება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევად. მოროდიორობაა საომარი მოქმედების დროს მოკლულის ან დაჭრილის ნივთის დაუფლება, აგრეთვე, მოქალაქეთა იმ ქონების დაუფლება, რომელიც დატოვებულია საომარი მოქმედების ზონაში, ანდა, დასახლებული პუნქტის ან სხვა ტერიტორიული ერთეულის გაძარცვა. ჯარისკაცის მიერ ჩადენილი მოროდიორობისათვის შეიარაღებული ძალების, მათი ქვედანაყოფების მეთაური ან სხვა ხელმძღვანელი პასუხს აგებს იმ შემთხვევაშიც, როცა აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა მისმა ხელმძღვანელობამ ან კონტროლს დაქვემდებარებულმა შეიარაღებულმა ძალებმა, რაც გამოწვეული იყო მეთაურის ან სხვა შესაბამისი ხელმძღვანელის უმოქმედობით.
კითხვა: მყავს მსჯავრდებული ახლო ნათესავი, რომლისგანაც ვიცი, რომ ხშირად პატიმრები საკმაოდ მკაცრად ისჯებიან დისციპლინური დარღვევების მოტივით, თუმცა, ხშირად მათთვის გაუგებარია, პატიმრის რომელი ქმედება ითვლება დისციპლინურ დარღვევად. გთხოვთ, განგვიმარტოთ, პატიმრის რომელი კონკრეტული ქმედება ითვლება დისციპლინურ დარღვევად?
პასუხი: პატიმრობის კოდექსის შესაბამისად, პატიმრის მიერ დისციპლინურ დარღვევად ითვლება ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ, დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა: ა) სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა; ბ) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევა; გ) დაწესებულების მოსამსახურისა და სხვა პირისათვის მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობის გაწევა; დ) განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; აგრეთვე, სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა; ე) დაწესებულების ან სხვა პირის ქონების დაზიანება/განადგურება, მათ შორის, მისი ვიზუალური მხარის ცვლილებით; ვ) დაწესებულების მიერ დადგენილი გადაადგილების შეზღუდვების, საზღვრების უნებართვოდ გადაკვეთა; ზ) დაწესებულების ტერიტორიაზე სარგებლის მიღების მიზნით საქმიანობა ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე; თ) დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებულ მოწყობილობათა სისტემის ფუნქციონირებაში ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე ჩარევა, შენობა-ნაგებობების დიზაინსა და ფუნქციებში ცვლილებების თვითნებურად შეტანა; ი) დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის დამზადება, ფლობა ან სარგებლობა; კ) ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; ლ) ნებისმიერი სახის ინფორმაციის უკანონო ფორმით მიწოდება საკნიდან საკანში ან დაწესებულების გარეთ; მ) დაწესებულების დებულების, დაწესებულებაში დადგენილი დღის განრიგისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმების დარღვევა.