რა ტრავმამ გადაწყვიტა „გოლდენ ტალანტზე“ ლატვიის წარმომადგენლის, დავით კალანდიას ბედი
ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურსი იქნება აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით. კონკურსანტები სხვადასხვა ქვეყნიდან უკვე ჩამოვიდნენ მზიან ბათუმში და მზადება დაიწყეს. ორგანიზატორები და კონკურსანტები ამბობენ, რომ, თუ ამ ენთუზიაზმსა და ტემპს შეინარჩუნებენ, კონკურსი მალე „ახალ ტალღასაც” არ დაუდებს ტოლს. კონკურსანტებს შორის, სალომე ქათამაძის გარდა, ერთმა ქართულმა გვარმაც გაიჟღერა. აღმოჩნდა, რომ დავით კალანდია, „გოლდენ ტალანტში” ლატვიის სახელით მონაწილეობს.
დავით კალანდია: ლატვიაში გავიზარდე და ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ. საკმაოდ გვიან, 12 წლის ასაკში დავიწყე სიმღერა, მანამდე ძიუდოისტი ვიყავი და ძალიან ბევრ ოლიმპიადასა და ტურნირზე ვარ გასული. 11 წლის ვიყავი, როდესაც ლატვიის ჩემპიონატზე ჩემმა მოწინააღმდეგემ კისრის სერიოზული ტრავმა მომაყენა, რის გამოც სპორტს ჩამოვშორდი. ერთი წლის შემდეგ დედაჩემმა თავის ნაცნობთან მიმიყვანა, რომელიც ოპერაში მღეროდა. დედაჩემმა იცოდა, რომ სიმღერის ნიჭი მქონდა და მთხოვა, მისი ნაცნობის წინაშე მემღერა. ამის წინააღმდეგი ვიყავი – ამდენ ხანს სპორტზე დავდიოდი და მინდოდა, ისევ ეს გზა გამეგრძელებინა. მაგრამ დედამ ისე მთხოვა, რომ უარი ვეღარ ვუთხარი და პირობა მივეცი, თხუთმეტი წუთით შევივლიდი. მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს თხუთმეტი წუთი მთელი ცხოვრება გაგრძელდა.
– თავიდან კლასიკური ჟანრით დაგიწყია.
– დაახლოებით. კლასიკა დღემდე ჩემი საყვარელი ჟანრია, ამას ვმღერი დღესაც. მიყვარს ლუჩიანო პავაროტი, ადრიანო ბოჩელი, სტინგი, ფრედი მერკური. სხვათა შორის, „გოლდენ ტალანტზე” ფრედის სიმღერას ვასრულებ და ყველანაირად ვეცდები, კარგად შევასრულო – ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა.
– ხშირად ჩამოდიხარ საქართველოში?
– ჩემი სამშობლოს ხშირი სტუმარი ვარ და, აქედან გამომდინარე, ბევრი რამ ვიცი მის შესახებ. თითქმის მთელი ქვეყანა მოვლილი მაქვს, აღფრთოვანებული ვარ ჩვენი კულტურით. გული მწყდება, რომ ენა არ ვიცი. რიგაში ვცხოვრობ მამამ ქართული კარგად იცის, მაგრამ, ის ჩემ გვერდით არ არის, რომ მშობლიური ენა მასწავლოს, დამოუკიდებლად კი ვერ ვსწავლობ, რადგან, ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს: ვმღერი, სკოლას ვამთავრებ, კონცერტებზე გამოვდივარ – ფიზიკურად არ მაქვს დრო. ისე, რამდენიმე ქართული სიტყვა ვიცი და მათ შორის ყველაზე ლამაზად ჟღერს სიტყვა „ლამაზი”. კიდევ ვიცი – „ცოტა-ცოტა” და ქართული ენის გასატეხი – „ბაყაყი წყალში ყიყინებს”. ცოტა მეგრულიც ვიცი. (იცინის).
– ლატვიაში, ალბათ, პოპულარული ხარ და ბევრ გოგონას მოსწონხარ. შეყვარებული თუ გყავს?
– ბევრი გოგო ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ, ამ ეტაპზე არავინ არის (იცინის). შეყვარებული არ მყავს. ისე, გული მკარნახობს, რომ ჩემი მეუღლე აუცილებლად ქართველი უნდა იყოს – როგორ შეიძლება, ჩვენი გოგოების შემხედვარე გულგრილი დარჩე? მიუხედავად იმისა, რომ, არ შეიძლება, გულს უბრძანო, კარიერის აწყობის შემდეგ საქართველოში ვაპირებ ჩამოსვლას და ქართველი ცოლის მოყვანას. საქართველოში მაქვს სახლი, მყავს ნათესავები, მიყვარს ეს ქვეყანა და, ვიცი, აქ ბედნიერი ვიქნები. ქართველი ქალები არიან მოწესრიგებულები, გულწრფელები, მზრუნველები. ვიცი, რომ ის, ჩემი მომავალი მეუღლე გამიფრთხილდება და იზრუნებს ჩემზე.
– ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვიღაც უკვე მოგეწონა.
– (იცინის) არა, ჯერჯერობით ვერ მოვასწარი გოგოების შეთვალიერება – კონკურსის გამო ამის დრო არ მაქვს. ზოგადად, ქართველ ქალებს აქვთ ის თვისებები, რაც ჩემთვის ქალის იდეალს წარმოადგენს: ის უნდა იყოს ლამაზი, მიუწვდომელი და სიურპრიზებით აღსავსე. ისეთი რამ უნდა ჰქონდეს ქალს, რომ მთელი ცხოვრება ამოუცნობი დარჩეს.
– როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა ქართველ ხალხზე?
– აქ არ მოიწყენ. საქართველოში ყველაზე მხიარული და სტუმართმოყვარე ხალხია. ვგიჟდები ქართულ სამზარეულოზე, მიყვარს ხაჭაპური, საცივი, ხინკალი, ხარჩო.
– საიდან გაჩნდა იდეა, რომ „გოლდენ ტალანტში” მიგეღო მონაწილეობა?
– კონკურსანტები პირდაპირ შეირჩნენ. გადაწყვეტილი იყო, რომ ჩემ მაგივრად სხვა ჩამოსულიყო, მაგრამ, გარკვეული მიზეზების გამო, იმ გოგონამ კონკურსი დატოვა და ამის შემდეგ არჩევანი ჩემზე შეჩერდა. გამიმართლა, რადგან ამ ულამაზეს ქალაქში ჩამოვედი. ბათუმი სასწაულია, ადრინდელთან შედარებით ბევრად გაუმჯობესებული. რაც შეეხება თვითონ კონკურსს, როგორც ვხვდები, ეს არის „იურმალის“ ფესტივალის მაგვარი კონკურსი, რომელიც ლატვიაში ტარდება. „ახალ ტალღაზე” გამოსვლის მცდელობა მქონდა, მაგრამ, არ ამიყვანეს იმის გამო, რომ ქართველი ვარ. „გოლდენ ტალანტი” ბრწყინვალე ფესტივალია და „ახალ ტალღას” აჯობებს კიდეც, თუ მომავალ წლებშიც ასეთი შემართებითა და მასშტაბით გაგრძელდაება მუშაობა. მომწონს ქართველი კონკურსანტი სალომე ქათამაძე. აღფრთოვანებული ვარ, სიტყვები არ მყოფნის, რომ მისი ნიჭი აღვწერო.
– სხვა კონკურსებში თუ მიგიღია მონაწილეობა?
– ძალიან ბევრ ფესტივალში მიმიღია მონაწილეობა. მაქვს ბევრი ჯილდო, ვყოფილვარ ლაურეატიც, გამიმარჯვია კიდეც. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურსი იყო „მინუტა სლავი”, სადაც თხუთმეტი ათასი კონკურსანტიდან ოთხეულში მოვხვდი.
– აქ როგორი გრაფიკით ცხოვრობ?
– ძალიან ადრე ვიძინებთ და ადრე ვდგებით. გავდივართ საკმაოდ სერიოზულ რეპეტიციებს. მოკლედ, ფესტივალისთვის სერიოზულად, ვემზადებით. საღამოობით, სანამ დავიძინებ გავდივარ ჩვენი სასტუმროს აივანზე, ვუყურებ ზღვას და ვმშვიდდები. როგორც არ უნდა დამთავრდეს კონკურსი, ვაპირებ, ბათუმში რამდენიმე დღე კიდევ დავრჩე და დავისვენო. არ ვიცი, ზღვაზე მეტად რამ შეიძლება დაასვენოს და დაამშვიდოს ადამიანი. საკმაოდ დატვირთული წელი მქონდა, ლატვიაში ჩასვლის შემდეგაც უამრავ პროექტში უნდა მივიღო მონაწილეობა, ამიტომ, აქ ყოფნას ბოლომდე შევირგებ.
– რას გრძნობ, როდესაც შენს ქვეყანაში სხვა ქვეყნის სახელით გამარჯვებას ცდილობ?
– რაღაც უცნაური სიტუაციაა, ზუსტად ვერც კი აღგიწერთ, რას ვგრძნობ, მაგრამ, იმედი მაქვს, საქართველოში ისევე გაუხარდებათ ჩემი გამარჯვება, თუ, რა თქმა უნდა, ეს მოხდება, როგორც ლატვიაში. ისე მოხდა, რომ ლატვიაში გავიზარდე, მაგრამ მე საქართველოს პატრიოტი ვარ, აქ გაცილებით კარგად ვგრძნობ თავს, რადგან ჩემში ქართული სისხლი ჩქეფს. ყველაფერი აქაური ძალიან ახლობელი და მშობლიურია ჩემთვის. ალბათ, ამიტომ, სწორედ საქართველოში გამარჯვება ორმაგად, სამმაგად, ასმმაგად სასიხარულო იქნება ჩემთვის.