კოსმოსურ ხომალდებსა და თანამგზავრებს მალე ორბიტული ნაგვის ზვავი ჩაყლაპავს
„კოსმოსური ნაგვის რაოდენობამ, რომელიც დედამიწის ორბიტაზე დაგროვდა, კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. შესაძლოა, მალე მისმა ნაწილაკებმა დაიწყონ ერთმანეთთან დაჯახება და ზვავისებურად გაიზრდება კოსმოსური აპარატებისთვის საშიში ობიექტების რაოდენობა“, – ლაპარაკია მოხსენებაში, რომელიც „ნასამ“ ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიის კვლევების ნაციონალური საბჭოს დაკვეთით მოამზადა.
ამჟამად ორბიტაზე დაახლოებით 22 000 მსხვილი და 500 000 პატარა (1-დან 10 სანტიმეტრამდე) ნამსხვრევია გაფანტული. იმ ნაწილაკების რიცხვი კი, რომლებიც დედამიწის ირგვლივ საათში 28 164 კილომეტრი სიჩქარით დაფრინავს, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ხომალდებს და თანამგზავრებს.
სწავლულთა აზრით, თანამგზავრები და რაკეტები, რომლებმაც თავიანთი სამუშაო რესურსი ამოწურეს, ეჯახებიან ერთმანეთს და ქმნიან პატარა ზომის ნამსხვრევთა ღრუბელს. ისინი არანაკლებ საშიშია, თანაც, მათი შემჩნევა და უტილიზაცია უფრო ძნელიცაა.
კოსმოსურმა ნაგავმა, შეიძლება, დააზიანოს დაახლოებით ათასი კომერციული და სამხედრო თანამგზავრი, რომლებიც დედამიწის ორბიტაზე იმყოფებიან. პრობლემა აუცილებლად უნდა გადაწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს დარგი, რომლის შემოსავალმა გასულ წელს 168 მილიარდი დოლარი შეადგინა, შეიძლება, საშიშროების ქვეშ აღმოჩნდეს.
სპეციალისტები იხსენებენ, რომ პირველი დაჯახება 2009 წელს ამერიკულ თანამგზავრ „ირიდიუმსა“ და უკვე გამოყენებულ და „ნაგვად ქცეულ“ რუსეთის თანამგზავრ „კოსმოს 2251-ს“ შორის მოხდა. დაჯახებამ მცირე ნამსხვრევთა ღრუბლის წარმოქმნა გამოიწვია. უფრო ადრე კი, 2007 წელს, ჩინეთმა ერთ-ერთი თავისი თანამგზავრი ბალისტიკური რაკეტის საშუალებით გაანადგურა, რომელიც 150 ათას ნაწილად დაიშალა.
სამეცნიერო კვლევითი საბჭო მოხსენებაში მოუწოდებს ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით რუსეთს, შეამცირონ კოსმოსური ნაგვის რაოდენობა მაგნიტური ბადეებისა და სხვა სპეციალური მოწყობილობის საშუალებით.