თამაში ბედთან
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹14-36(558)
დათომ სავარძელში მოიკალათა და ლუდის ბოთლს თავსახური მოხადა. ნიკა ჩაფიქრებული აწვალებდა ტელევიზორის გადამრთველს.
– მორჩი, რა! ამ ბოლო დროს სულ დაგრუზული ხარ, ვეღარ გცნობ. თუ სიყვარულმა პანაშვიდის განწყობა უნდა შემიქმნას, საერთოდ არ მინდა ასეთი სიყვარული.
– პანაშვიდზე გამახსენდა – რას აპირებ, არ უნდა მივიდეთ მიშასთან?
– მე უკვე ვიყავი. პრინციპში, კიდევ უნდა მივიდეთ და, საერთოდაც, იქ უნდა ვიყოთ, მაგრამ, დედამისი რაღაცნაირი ტიპია. ვერ გავიგე, რა… მგონი, დიდად არ სიამოვნებს ჩვენი დანახვა, ისეთი სახით დაგვხვდა.
– ქმარი რომ „ვიაგრას” გადაჭარბებული დოზით მოგიკვდება, სხვანაირი სახით ვერ იქნები, – დაასკვნა ნიკამ, – უნდა მივიდეთ, სირცხვილია.
– მე ხომ არ მითქვამს, არ უნდა მივიდეთ-მეთქი, – მხრები აიჩეჩა დათომ, – შენ როგორ ფიქრობ, უბედური შემთხვევა იყო?
– არ ვაპირებ მაგაზე ფიქრით თავი დავიღალო და შენც არ გირჩევ. გამომძიებელთან ახლო ნათესაური კავშირი შენ გაქვს და, შეგიძლია, ეგ შეკითხვა იმას დაუსვა, კომპეტენტურ პასუხს მაინც მიიღებ.
– იმას უკვე დავუსვი და მითხრა, შეიძლება, შენ და შენი მეგობარიც დაგიბაროთ დაკითხვაზეო.
ნიკა დაიჭყანა.
– მე რა შუაში ვარ?
– არც მე ვარ შუაში, მაგრამ, პრეტენზია არ გამომითქვამს. თუ მკვლელობის კვალიფიკაცია მიეცა… ჩემი სიძე რა ტიპია, ხომ იცი, მაგისგან წესიერად ვერ გაიგებ. თან, ახლა, მარტოა და მაგაზეც „გაჭედა”. მაკა ჩვენთან გადმობარგდა.
– არ მესმის ასეთი ქალების. მარიკაზე ხომ აღარ ეჭვიანობს, რაღა უნდა?
– ზოგადად ეჭვიანობს, სიტუაციაზე ეჭვიანობს.
– სიტუაციაზე? რა სიტუაციაზე, არ გამაგიჟო! სტრიპტიზ-კლუბში რომ მუშაობდეს, კიდევ მესმის. მარიკამ რომ ეჭვიანობა დაიწყოს…
– უკვე შენი ცოლია?
– რა სისულელეს ამბობ, ცოლი რა შუაშია? – წამოენთო ნიკა.
– რა ვიცი, ისე დაიწყე ლაპარაკი – მარიკამ რომ იეჭვიანოსო. შენ რა, არ იცი, რომ ყველა ქალი ეჭვიანია?
– გეუბნები, სისულელეებს ამბობ-მეთქი.
– შენ კიდევ, ჯიუტი ხარ და არ გინდა რეალობას თვალებში ჩახედო. პრინციპში, ცუდი არ არის, როცა ქალი შენზე ეჭვიანობს – ესე იგი, რაღაცად უღირხარ. გაცილებით ცუდია, თუ საერთოდ არ აინტერესებ და ფეხებზე ჰკიდიხარ.
ნიკამ ამოიხვნეშა:
– ძალიან შემაწუხე შენი ღრმა ფილოსოფიითა და ლოგიკით. არ გინდა, რომ გაჩუმდე? დაანებე მაგ ლუდს თავი. თუ პანაშვიდზე მივდივართ, ლოთივით არ უნდა ყარდე…
– ნუ გიყვარს სიტუაციის დრამატიზება, – არაფრად ჩააგდო დათომ მეგობრის სიტყვები, – სანამ წავალთ, გამივლის. კევს დავღეჭავ, ბოლოს და ბოლოს. არაყს ხომ არ ვურევ შიგ!
– შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, აჯობებს წყალი გადავივლო და ჩავიცვა.
– აი, ეგ უკვე ლოგიკური იყო, – თავი მოწონებით დაიქნია დათომ, – მიდი, მიდი, ჩაიცვი და მერე ბატონ ვახტანგს რომ დავკრუგავთ, მარიკასაც შევუაროთ. ეგრევე გეშველება. გაიღიმებ მაინც.
– მარიკას ორჯერ დავურეკე და ორჯერვე გამითიშა. ეტყობა, ჩემთვის არ სცალია, – მოიღუშა ნიკა, – მორჩება საქმეს და თვითონ დამირეკავს.
– სანამ დაგირეკავს, ასე უნდა იჯღანებოდე? ავდგები და მე თვითონ დავურეკავ, – დათომ მობილური მოიმარჯვა, – სხვათა შორის, არც წამიშლია მისი ნომერი.
– მოეშვი, არ დაურეკო. არ გესმის? მოეშვი-მეთქი.
– შენ თვითონ არ იცი, რა გინდა, – ხელი ჩაიქნია დათომ.
– ვიცი. მინდა, რომ გაჩუმდე, თორემ, უკვე ნერვებს მიშლი.
– მე კი გავჩუმდები, მაგრამ, ერთ რჩევას მაინც მოგცემ: ადექი და უთხარი, რომ გიყვარს.
– რა? – გაღიზიანდა ნიკა, – რა მითხარი?!
– ისეთი არაფერი, რაზეც შენ თვითონაც არ გიფიქრია. უთხარი, რომ გიყვარს. დამიჯერე, შენც მოისვენებ და ისიც გაერკვევა თავის გრძნობებში.
– თავი დამანებე, როგორმე თავად მოვაგვარებ მარიკასთან ურთიერთობას, შენს დაუხმარებლად.
– ჰო, გეტყობა, რისი მომგვარებელიც ხარ, – დასცინა დათომ, – დაურეკე-მეთქი…
– აშკარად ჩხუბი გინდა, – ამოიოხრა ნიკამ, – ვერ ისვენებ, რა…
– შენზე ვწუხვარ და იმიტომ. იცი, როგორ შეიცვალე, რაც ეგ გოგო გაიცანი?!
ნიკამ თავი გადააქნია:
– ვიცი, გინდა, მათქმევინო – მერე, ვინ გამაცნო-მეთქი, მაგრამ, არ გეტყვი, რადგან, სასაყვედურო არაფერი მაქვს. პირიქით, თუ გინდა, მადლობას გადაგიხდი.
– აჰა, აშკარად ვეღარ ხარ, რა! არა, ძმაო, არავინ შემიყვარდება.
– კი, შენი გადასაწყვეტი თუ გახდა…
– მოიცა, ერთი!.. მე ყოველთვის ვაკონტროლებ საკუთარ ემოციებს. ზუსტად ვიცი, რა მინდა და ვისგან მინდა. ასე რომ, მე შენს მდგომარეობაში არ აღმოვჩნდები.
ნიკას მოთმინებამ უღალატა:
– ბოლოს და ბოლოს, მივდივართ თუ არა?
– ჰო, მაგრამ, შენ რომ ჯერ არ ჩაგიცვამს. თან, მობილურიც მირეკავს… – დათო მობილურს დასწვდა, კახაა. ალბათ, აინტერესებს, პანაშვიდზე მივდივართ თუ არა.
– უპასუხე, რას მკითხაობ, – გაცხარდა ნიკა.
დათომ უპასუხა. „ჰო” და „არათი” შემოიფარგლა, ტელეფონი გათიშა და ნიკას შეხედა.
– საღამოს გვამს პროზექტურიდან სახლში გადაასვენებენ. ბიჭები ცოტა ადრე მივდივართ მისახმარებლად და თქვენ რას შვრებითო.
– მერე?
– მერე, ვერ გაიგონე, რა ვუპასუხე?
– ჰო, კარგი, ცოტა ადრე წავიდეთ. მართლა არაფერში დავჭირდეთ, უხერხულია.
– მარიკას მაინც არ დაურეკე? – უკვე კართან მისულს, ეშმაკური ღიმილით ჰკითხა დათომ.
ნიკამ მისი პროვოკაციული გამოსვლა უპასუხოდ დატოვა და ჩუმად გავიდა. დათომ გაიცინა და ხელმეორედ აწკრიალებული მობილური ყურთან მიიტანა.
***
მარიკამ ფრთხილად დაადო უთო პერანგის საყელოს და ჰორიზონტალური მიმართულებით გააცურა. თავი რომ ასწია, მის წინ ახალგაზრდა ქალი იდგა და ისე უყურებდა, მარიკამ მისალმებაც ვერ მოახერხა. უმწეოდ მიმოიხედა გარშემო, თითქოს მშველელს ეძებდა…
– ასე... მშვენიერია, კარგად მორგებიხარ სიტუაციას. ისღა გაკლია, ჩემი ხალათი გეცვას და წინსაფარი გეკეთოს. არ ვიცოდი, თორემ მყუდროებას არ დაგირღვევდით და ჩემი ნივთების წამოსაღებად სხვას გამოვგზავნიდი…
მარიკამ უცებ აუღო ალღო სიტუაციას. იმასაც მიხვდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ქალი და, ცოტა რომ დააკვირდა, იცნო:
– ჩვენ ხომ ვიცნობთ ერთმანეთს. არ გახსოვთ? დათომ გაგვაცნო, კაფეში ვიყავით ერთად. მე არ ვიცოდი, წარმოდგენა არ მქონდა, ბატონი თემურის მეუღლე თუ იყავით. პერანგებს კი ისე ვუუთოვებ, აღარ ჰქონდა და… – თავის მართლებასავით გამოუვიდა მარიკას.
– ისე უუთოებ, ხომ? – მაკამ სახეზე მოისვა ხელები და თვალები ისე დაატრიალა, მარიკას შეეშინდა.
– ახლავე ბატონ თემურს დავუძახებ, სამზარეულოშია…
– ნუ შეწუხდები, სამზარეულოს მივაგნებ, როგორმე… სამზარეულოშია, ბიჭი… ვახშამს ხომ არ გიმზადებს?
მარიკას უნდოდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ, მიხვდა, მისი ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა ბომბივით აფეთქდებოდა და გაჩუმება ამჯობინა. მაკა ნელი ნაბიჯით გაემართა სამზარეულოსკენ…
თემო ცოლის დანახვამ არ გააკვირვა, უფრო დააბნია. მიუხედავად იმისა, რომ მოულოდნელობის ეფექტმა ნაკლებად იმუშავა, სახეზე მაინც გამოესახა გაოცება და გაზქურასთან მოფუსფუსე დევის, კარისკენ ზურგშექცევით რომ იდგა, სახელოზე დაქაჩა. დევი შემობრუნდა.
– ვაჰ, მაკა?! რა კარგი ქენი, რომ მოხვედი. ახლა ჩემს საფირმო ერბოკვერცხს გაგასინჯებ, ლორითა და ყველით. მართალია, ლორი მთლად ისეთი ვერ ვიშოვეთ, როგორიც მინდოდა, მაგრამ, ყველი გვაქვს საფირმო. ერთი, შენს გახარებას, აქ რაღაც-რაღაცეები ვერ ვიპოვეთ. შენი ქმარი ისეა ამ სამზარეულოში, როგორც ახალბედა მძარცველი – ბანკში. ერთი საათია, ტაფა ვერ უპოვია.
მაკას არც შეუხედავს მოღიმარი დევისთვის, მისი მზერა ქმრისკენ იყო მიმართული. თემო მიხვდა, რომ კარგი არაფერი ელოდა.
– კაბინეტში გავიდეთ. სალაპარაკო მაქვს შენთან, – უთხრა ქალმა მკაცრად და პასუხს არ დალოდებია, ისე გავიდა სამზარეულოდან. თემომ ამოიოხრა.
– ნუ გეშინია, – გაამხნევა დევიმ, – კიდევ კარგი, მარტონი არ იყავით. არც ისეთი სულელია, არ დაიჯეროს, რომ მართლა მხოლოდ ვახშმობას ვაპირებდით.
– სულელი ნამდვილად არ არის, მაგრამ, მაინც იმას დაიჯერებს, რისი დაჯერებაც თვითონ უნდა.
– ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე ნეგატიურ სიტუაციაში, არის პოზიტიური მარცვალი და შენც ამ პოზიტივზე იფიქრე. მაგალითად, იმაზე, რომ მაკა მიხვდება, შენნაირი ქმრის დიდი ხნით მარტო დატოვება არ შეიძლება. ცხვირი არ ჩამოუშვა. გახსოვდეს, საუკეთესო თავდაცვა – თავდასხმაა.
– ეგ მაშინ, როცა თავდამსხმელი ფეხებზე გკიდია – ჩაილაპარაკა თემომ.
მარიკამ ხელში შერჩენილი უთო გამორთო და ფეხაკრეფით გავიდა სამზარეულოში. დევი მექანიკურად განაგრძობდა კვერცხის თქვეფას.
მარიკა მიუახლოვდა და მხარზე ფრთხილად შეახო ხელი:
– ახლა ქარიშხალი ატყდება? იცი, როგორ მიყურებდა?
– დაახლოებით ვხვდები, მაგრამ, მარტო ხომ არ იყავი. გადაგარჩინე. რას აკეთებდი?
– პერანგებს ვაუთოებდი. ისე, ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. არც მე მომეწონებოდა, სახლში დაბრუნებულს, ჩემი ქმრის პერანგების უთოობაში გართული უცხო ქალი რომ მენახა. თუმცა, აქამდე მეგონა, რომ ეჭვიანი არ ვარ.
– გააჩნია, ამ სიტუაციას რა კუთხით შევხედავთ. შეიძლება, მართალიც ხარ. ქალებს, საერთოდ, გიყვართ საკუთარ ფანტაზიებში რაღაც აბურდული სცენარის შეთხზვა. დადგმასაც მიაყოლებთ ხოლმე და მერე იჯერებთ კიდეც. მთავარი კი – ფაქტებია. შენ მაინც ხომ იცი ეს?
– მგონი, უნდა წავიდეთ.
– არა. პირიქით, გავაგრძელოთ ჩვენი საქმე, თითქოს არაფერი მომხდარა. დამიჯერე, ეს გაცილებით მომგებიანი ვარიანტია.
მარიკამ სკამი აიღო და ჩამოჯდა:
– უჰ, ესღა მაკლდა. არადა, ვიცნობ – დათომ ხომ გამაცნო. რატომ არავინ მითხრა, რომ თემოს ცოლი იყო?
– მე, საერთოდ, ვეჭვობ, რომ მაკა სპეციალურად გაგაცნეს. ეს დათოს ინიციატივა იქნებოდა. ვერაფრით დავასაბუთებ, მაგრამ, რადგან მაკასაც ვიცნობ და მის ძმასაც, დაახლოებით შემიძლია ვთქვა, ეს რატომ გააკეთა.
– ვერაფერი გავიგე.
– მერე მოგიყვები. ახლა მთავარია, მშვიდობიანად გავიდეთ აქედან.
– მოდი, წავიდეთ, რა… უბრალოდ, გავიხუროთ კარი და გავქრეთ აქედან.
დევიმ თვალები მოჭუტა:
– მერე, ჩემი საფირმო ერბოკვერცხი და ჩაშუშული სოკო?! მივატოვოთ ყველაფერი და გავიპაროთ? შენ ფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში ეს საუკეთესო გამოსავალია?
– არ ვიცი. ერთადერთი, რასაც ვფიქრობ, ის არის, რომ მე არ გავხდე ცოლ-ქმარს შორის განხეთქილების მიზეზი. სინდისის ქენჯნა მომკლავს.
– მაგაზე ნუ იდარდებ, მორიგდებიან.
– ჰოო?! რა ვიცი, რა ვიცი. ვნანობ, რომ ინიციატივა გამოვიჩინე, – თავი გადააქნია შეწუხებულმა მარიკამ.
– შენ არაფერ შუაში ხარ. ვინ იცოდა, რომ ასე მოულოდნელად დაგვატყდებოდა თავს?! – გაეღიმა დევის – ო, ეს ქალები! თქვენგან ნებისმიერ სიურპრიზს უნდა ელოდეს კაცი. გავალ, მივაყურადებ – გავიგებ, რა ხდება. იქნებ, სიტუაცია ისე შეიცვალოს, რომ სუფრაზე ერთი თეფში გაგვიხდეს დასამატებელი.
– ვითომ? მეეჭვება. მე ასეთი ოპტიმისტი არ ვარ.
მაკამ კარი მიხურა და ზურგით მიეყრდნო:
– ახლა რაღას იტყვი? – ჰკითხა ქმარს მკაცრად.
– რა უნდა ვთქვა? თანამშრომლები სავახშმოდ და საქმეზე სალაპარაკოდ ჩემთან შევიკრიბეთ. რა არის ამაში ან საგანგაშო ან სამარცხვინო და ამორალური?
– არაფერი! – მხრები აიჩეჩა მაკამ, – არაფერი, თუ არ ჩავთვლით იმ გოგოს სახის გამომეტყველებას, როცა დამინახა. ისე, ყოჩაღ, პირდაპირ უღელში შეგიბამს. მარტო შენ მოახერხებდი ამას.
– არც კი ვიცი, რა გიპასუხო, – თემომ ცოლს მზერა მოარიდა.
– რა უნდა მიპასუხო? ისედაც ყველაფერი გასაგებია. ნუთუ, სინდისი სულ არ გაწუხებს? დათო მიმტკიცებდა, ძალიან განიცდის მარტოობასო. ვხედავ, როგორ განცდებშიც ხარ. ეს შენი ძმაკაცი კი, რბილად რომ ვთქვათ, უსინდისოა.
– დევის რაღას ერჩი? – გაბრაზდა თემო, – არ შეგიძლია, რეალობა ისეთად აღიქვა, როგორიც არის სინამდვილეში და შენებურად არ შეალამაზო? უნდა გვევახშმა-მეთქი, მეტი არაფერი. დაფიქრდი, ჩემსა და მარიკას შორის რამე რომ ხდებოდეს, დევი აქ იქნებოდა? მართლა სულელი ხომ არ ვარ?
– არ მინდა დაფიქრება, საკმარისია, რაც ვნახე. ახლა ჩემს ნივთებს ავიღებ და წავალ. პრინციპში, მაგისთვის მოვედი, – მაკამ ქმარი ხელის კვრით გაწია გვერდზე და კარადასთან მივიდა. თემო ჯერ ჩუმად უყურებდა, როგორ ყრიდა თაროებიდან ტანსაცმელს. მერე ერთბაშად მივარდა და ორივე ხელი წელზე შემოჰხვია.
ქალი მსგავსს არაფერს ელოდა. შეკრთა და გაიბრძოლა.
– ხომ არ გაგიჟდი? გამიშვი, გესმის? ახლავე გამიშვი, ახლავე!
თემომ პასუხის ნაცვლად კიდევ უფრო მაგრად მოჰხვია მკლავები და კოცნა დაუწყო, თან ლოგინისკენ მიათრევდა. ქალმა რამდენჯერმე კიდევ გაიბრძოლა და მინებდა.
დევიმ სახელოზე მოქაჩა მარიკას:
– ჩაიშალა ვახშამი… წავიდეთ!
– რა? ჩხუბობენ? – შეშინებულმა წამოიძახა მარიკამ.
– არა, არა, პირიქით, ყველაფერი კარგად არის. ხომ გეუბნებოდი, გაუგებენ ერთმანეთს-მეთქი, მაგრამ, ახლა წავიდეთ, გზაში აგიხსნი.
– კარგი, – მარიკა ადგა, – გული მწყდება, ასე რომ დასრულდა ყველაფერი. თემოსთანაც საქმე მქონდა, თათბირისთვის უნდა მოვმზადებულიყავით.
– არა უშავს. დილით ცოტა ადრე მოხვალ და დაელაპარაკები. ახლა თათბირზე გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე აქვს და მისთვის ხელის შეშლა არ ღირს, დამიჯერე. ისე, მაკას გამოჩენამ ერთ რამეში დამარწმუნა.
– რაში?
– სწრაფად, მანქანაში და იქ ვილაპარაკოთ. დავიძარით კარისკენ! – დევიმ მკლავზე მოჰკიდა ხელი გოგოს და ისე გაიტაცა გასასვლელისკენ, მარიკამ ძლივს მოასწრო ჩანთის აღება.
***
ნიკას მუხლზე ედო მობილური და სევდიანი თვალებით უყურებდა. დათომ უკმაყოფილოდ გადახედა და ამოიოხრა:
– არ შეიძლება ასე. რისი გაკეთების სურვილიც გაქვს, უნდა გააკეთო. დაურეკე, რა!
– შენ რა იცი, მე რისი გაკეთების სურვილი მაქვს? – შეეკამათა ნიკა.
– გეტყობა! ლამის დორბლი ჩამოგივიდეს. გადაწყვიტე?! – დარეკე! რა უნდა მაგას, მით უმეტეს, რომ იმ გოგოს შენი საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
– ჰოო? ესეც იცი? თვითონ ხომ არ გითხრა?!
– იცინე, იცინე და ბოლოს გაღიმებული დარჩები, – ნიშნის მოგებით დააქნია თავი დათომ, – იმასაც ეტყობა, არ სჭირდება ამას ბევრი იწილო-ბიწილო. ერთხელ დანახვაც საკმარისია, როგორ გიყურებს და, ეგრევე იასნდება ყველაფერი.
– ჰო, კარგი, მოვრჩეთ ამაზე. იქ რა შთაბეჭდილება დაგრჩა?!
– რაზე მეკითხები?
– მიშას დედაზე. ქალი აშკარად კარგად გრძნობს თავს, ქმარი რომ აღარ ჰყავს და არც ცდილობს ამის დაფარვას.
– მერე, გიკვირს? სასაცილო არ იქნებოდა, თმაგაწეწილს ეგლოვა და ეტირა?! ტიპი ვიაგრით დაიბრიდა და ამის შესახებ ყველამ გაიგო, მთელმა ქალაქმა. მესმის მაგ ქალის და ამაში თანავუგრძნობ, ქმრის სიკვდილში კი არა.
– მოიცა, რა!.. კაცს ფული ჰქონდა და აჯაზებდა. არც სხვა მოიქცეოდა უკეთესად მის ადგილას.
ნიკა მოიღუშა:
– აჯობებს, თუ ამ თემაზე აღარ ვილაპარაკებთ, თორემ, აუცილებლად ვიჩხუბებთ.
– რატომ უნდა ვიჩხუბოთ? კაცები ვართ ბოლოს და ბოლოს, – გაიკრიჭა დათო. – მოიცა, მართლა არ გაბრაზდე, ვხუმრობ. ისე, მგონი, მართალი ხარ. ალბათ, მიშასაც როგორ უტყდება.
– ყოველ შემთხვევაში, მამამისმა მაგარი სიკვდილი გაიჩალიჩა. შენმა სიძემ რაო, მაინც უნდა დაგკითხოთო?
– რა ვიცი, აღარ დაურეკავს, – მხრები აიჩეჩა დათომ.
– გასაგებია. არაფერი აქვს საკითხავი და იმიტომ, – დაასკვნა ნიკამ, – მე გამომძიებელი არ ვარ, მაგრამ, ვხვდები, რომ აქ გამოსაძიებელი არაფერია.
– ჰო, ალბათ. ვეღარ მოზომა, რა. ეტყობა, მაგარი ბრძოლა ჰქონდა გადასატანი, – ჩაიცინა დათომ, – კაი-კაი ნაშები კი უყვარდა. ბიჭო, მობილური გირეკავს, არ გესმის?
ნიკამ სწრაფად აიღო მობილური და რატომღაც აივანზე გავარდა. დათოს გაეღიმა:
– მერე კიდევ იტყვის, არაფერი მეტყობაო. ნეტა, მე რას მიმალავს, ისედაც ყველაფერი ვიცი. საინტერესოა, ამჯერად მაინც, მოაბამს თავს სათქმელს თუ ისევ გაუცრუებს მოლოდინს იმ გოგოს ეს ბოთე, ესა… – დათომ აივნის ოდნავ შეღებულ კარს გახედა და, ის იყო, მასთან ფეხაკრეფით მისვლა გადაწყვიტა, რომ ნიკა ისეთივე სისწრაფით შემობრუნდა ოთახში, როგორი სისწრაფითაც გარეთ გავარდა.
– რა იყო, რა წინ და უკან დარბიხარ?
– ჩემი ნახვა უნდა, ახლავე უნდა წავიდე… შენი მანქანის გასაღები მომეცი.
– რატომ? შენი მანქანა სად არის?
– იმ დღეს დედაჩემს ჰყოლია და რაღაც აქვს გაფუჭებული, არ იქოქება. ხელოსანთანაც ვერ მივიყვანე. მაძლევ, თუ არა?
– მე წაგიყვან, – შესთავაზა დათომ.
– პატარა ბიჭი ხომ არ ვარ, ხელჩაკიდებული მიმიყვანო პირველ პაემანზე? იცოდე, ტაქსით წავალ.
– და ტაქსიში ჩაისვამ სალაპარაკოდ? აჰა, გასაღები და წადი. ოღონდ, ძალიან არ დააგვიანო. სახლში დაბრუნებულ დედაშენს აქ მარტო ვერ დავხვდები, გადაირევა კიდეც.
– შენ მაგაზე არ იდარდო. დედაჩემი ამაღამ საერთოდ არ მოვა. შენთვის ისედაც უნდა მეთხოვა დარჩენა. ბაკურიანშია სემინარზე და ხვალ საღამომდე არ ჩამოვა. მოკლედ, ბევრს ნუღარ მალაპარაკებ, მომეცი გასაღები და წავედი, ვერ ვალოდინებ.
– ნეტავი, შენ გეშველებოდეს რამე და აჰა! – დათომ გასაღები გადაუგდო, – რადგან დაგირეკა, მნახეო, ესე იგი, კარგად არის საქმე და, შენ იცი, ყველაფერი არ გააფუჭო.
ნიკამ ხელი ჩაიქნია და გადმოგდებული გასაღები ჰაერშივე დაიჭირა.
დევიმ განათებულ კაფესთან შეაჩერა მანქანა. მარიკა გადასასვლელად მოემზადა.
– დარწმუნებული ხარ, რომ გინდა მისი ნახვა?
– ჰო, მინდა.
– საქმისთვის თუ ისე? არ გეწყინოს, ამას რომ გეკითხები.
– არ მწყინს. ვხვდები, რაც გაინტერესებს – რამდენად სერიოზულია ჩემთვის მასთან ურთიერთობა. ამ კითხვაზე პასუხი მეც მაინტერესებს და, შეიძლება, ამიტომაც ვხვდები.
– არ ფიქრობ, რომ ის, რაც მე გითხარი, სიმართლესთან ახლოს არის?
– ვფიქრობ და, სიმართლე გითხრა, მიხარია, რომ მეორე ვერსიაც გამოჩნდება. პირველი ძალიან მაშფოთებდა.
– რომ ნიკამ დედამისთან შენი ვიზიტის გამო გაგიცნო?
მარიკამ თავი დააქნია:
– და თუ ეს მარტო იმიტომ მოხდა, რომ მაკამ გამოიჩინა ინიციატივა, შენზე ინფორმაცია შეეკრიბა?!
– ვაღიარებ, ნამდვილად არ არის სასიამოვნო, მაგრამ, აქ რაღაც გამართლება მაინც აქვს.
– შენ ასე გგონია? – დევიმ მზრუნველობით შეხედა გოგოს, – ეჰ, პატარავ, მგონი, შენს კითხვაზე პასუხი მაქვს.
– მირჩევნია, არ მითხრა, ისედაც ვხვდები, რა გაქვს სათქმელი. ხვალ შევხვდებით. – მარიკამ კარი გააღო, – აი, მოვიდა კიდეც.
დევი დაიხარა და იქით გაიხედა, საითკენაც გოგომ მიუთითა.
– სიმპათიურია, ვერაფერს იტყვი. ოჰ, ეს ქალები, მაინც სპორტსმენი კაცები გირჩევნიათ!
მარიკამ ამოიოხრა, ხელი დაუქნია მოღიმარ ექსპერტს და, სანამ რამეს ეტყოდა, თავად დაასწრო:
– ჭკვიანად ვიქნები, გპირდები!
– შენი იმედი მაქვს.
… პირველად ვერც გააცნობიერა, რა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და მოფიქრებული. ანუ მოქმედებდა არა სპონტანურად, არამედ ლოგიკისა და გონების კარნახით. თუმცა, მაინც ინსტინქტურად, ინტელექტუალური ადამიანები ინტელექტუალურად კლავენ. ამაშიც არის ლოგიკა, თანაც – როგორი! ინტელექტუალური მკვლელობა – რა თქმა უნდა, ის არ ჰგავს ჩვეულებრივ მკვლელობას და გამოძიებასაც ყოველთვის უჭირს, მიაგნოს მკვლელს, თუკი ისევ მკვლელმა არ დაუშვა შეცდომა, ამჯერად უკვე ემოციის კარნახით.
თემომ ცოლს მხარზე აკოცა და გაუღიმა:
– როგორ მომენატრე…
ქალმა სახე ბალიშში ჩარგო.
კაცი პასუხს ელოდა და მისმა დუმილმა ცოტა გააღიზიანა.
– მეგონა, შენც იმავეს მეტყოდი, – უთხრა საყვედურნარევი კილოთი.
– რატომ გეგონა?
– რას ნიშნავს, რატომ მეგონა? იმის მერე, რაც ჩვენ შორის მოხდა და როგორც მოხდა…
– ჩვენს შორის განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ეს მხოლოდ ინსტინქტის ძახილი იყო, რომელსაც ვერც ერთი ვერ გავუმკლავდით. პრინციპში, რატომ უნდა გავმკლავებოდით? მაგრამ, რაც იყო, მორჩა და ამით ჩვენს ურთიერთობაში არაფერი იცვლება.
– მაკა…
– ჰო, არაფერი იცვლება. ახლა ტაქსის გამოვიძახებ, ჩემს ნივთებს მოვაგროვებ და წავალ, ან, დათოს დავურეკავ…
– მაკა!.. – კაცმა აშკარად არ იცოდა, რა უნდა ეთქვა, ქალმა ეს იგრძნო და იერიშზე გადავიდა.
– შენ გეგონა, ასე მარტივად იქნებოდა ყველაფერი? ერთი კოცნა და – მორჩა, პრობლემა მოგვარებულია, წყენა გავლილი და დანაშაული მონანიებული?! არა, ჩემო კარგო, ეს მხოლოდ და მხოლოდ სექსი იყო. როგორ ამბობთ ხოლმე კაცები?! – „ეს ის არ არის, რაც შენ გგონიაო”, დიახ, ახლა მეც შემიძლია, იგივე ვთქვა: ეს ის არ არის, რაც შენ გგონია.
– წადი, – პირქუშად ჩაილაპარაკა თემომ და ადგა. იატაკიდან შარვალი აიღო და სწრაფად ჩაიცვა. მაკა საწოლზე ფეხმორთხმით დაჯდა და ქმარს ირონიულად შეხედა.
– ოღონდ არ მითხრა, რომ იტანჯები. ძალიან სასაცილო იქნება.
– წადი… გესმის? მე თვითონ გამოვიძახებ ტაქსის.
– არ არის საჭირო. ასეც ვერ შეგაწუხებ. მივხედავ საკუთარ თავს.
თემო უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან და კარი გაიჯახუნა. იცოდა, მაკას ერთი სიტყვაც რომ ეთქვა, საკუთარ თავზე კონტროლს დაკარგავდა და ყველაფერი გრანდიოზული სკანდალით დამთავრდებოდა. ქალმა თავისას მიაღწია – გვარიანად და დიდი ხნით მოუშხამა გუნება. იმ მომენტში კაცს ქალი სძულდა კიდეც და იმაშიც იყო დარწმუნებული, რომ ყველაფერი დამთავრდა – მათი ურთიერთობა დამთავრდა, რომლის შესანარჩუნებლადაც ლამის საკუთარ პრინციპებზეც თქვა უარი, მაგრამ ეს კაცის აზრი იყო. ქალს თავისი სიმართლე ჰქონდა.
***
მარიკას მომზადებული სათქმელი მაშინვე გადაავიწყდა, როცა ნიკამ ხელები შემოჰხვია და ჰაერში აიტაცა. იმ წუთში ის პატარა ბავშვი იყო, გულუბრყვილო და ახალ, ჯადოსნურ სამყაროსთან შეხებით აღფრთოვანებული. კოცნას ელოდა და უნდოდა კიდეც, ამიტომ, წინააღმდეგობა არ გაუწევია. უფრო მეტიც, თვითონაც ჩაეკრა და ჩაეხუტა. მისი გონება, ყოველთვის სხარტი და მობილიზებული, ახლა რატომღაც დუმდა და გრძნობების ზეიმში არ ერეოდა. თითქოს აღიარა მისი უპირატესობა და უკან დაიხია.
– იცი, როგორ მინდოდა შენი ნახვა? – ჩურჩულებდა ბიჭი, – იცი, როგორ მინდოდა?.. რომ არ დაგერეკა, გავგიჟდებოდი.
– მეც ვიგრძენი ეს და დაგირეკე.
– მართლა? – ბიჭს სახე გაუბრწყინდა, – მართლა? მგონი, სიზმარში ვარ. არა, სიზმარშიც ვერ ვინატრებდი ამას. რაღაც უნდა გითხრა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი.
მარიკა ერთბაშად გამოფხიზლდა. თითქოს ვიღაცამ ხელი გამეტებით ჰკრა და აიძულა, რეალობას დაბრუნებოდა.
– ჯერ მე მაქვს შენთვის სათქმელი „რაღაც”, – უთხრა შეცვლილი ტონით, თუმცა ნიკუშას ეს არც უგრძნია. აღფრთოვანებული, ბედნიერებისგან გაბრწყინებული შესციცინებდა და სიტყვებიც სადღაც შორიდან ჩაესმოდა.
– ნიკა, რაღაც მინდა გკითხო და შეეცადე, გულახდილი იყო, – მკაცრად გაუმეორა მარიკამ, – ამაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული.
– ისეთი ბედნიერი ვარ, ისეთი… – მექანიკურად იმეორებდა ბიჭი, – ახლა, აუცილებლად უნდა მომისმინო, მერე, შეიძლება, ვეღარც გითხრა.
– ნიკა, შენ მე იმიტომ დამიახლოვდი, რომ ვიღაცამ გთხოვა ამის გაკეთება? – პირდაპირ მიახალა მარიკამ და მისი მკლავები წელიდან მოიშორა.
ნიკა საკმაოდ გვიან ჩასწვდა მისი სიტყვების არსს და გაშეშდა.
– რა?! – ჰკითხა ფერწასულმა.
– შენ შენმა მეგობარმა დათომ და მისმა დამ მოგცეს ჩემი მობილურის ნომერი. ხომ მართალია? მაკა თემოს ცოლია და ჩემზე ეჭვიანობდა. ამიტომ, შენ გამოგიშვეს აბორდაჟზე და შენც შესანიშნავად გაართვი თავი დავალებას – სიტუაცია გაანეიტრალე. შემდეგი ნაბიჯი რა იქნება?
– არა, არა, ასე არ არის, დამიჯერე! – ნიკა საჭირო სიტყვებს ვერ პოულობდა.
– მაშინ, მითხარი, რომ ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და შენი ვერსია შემომთავაზე, ოღონდ, დამაჯერებელი უნდა იყოს. გაითვალისწინე, ჩემი მოტყუება ადვილი არ არის, თუმცა, ვაღიარებ, რაღაც ეტაპზე თითქმის გამოგივიდა.
– მე შენი მოტყუება არც მიფიქრია… – ნიკას ატირებას აღარაფერი უკლდა.
– მაშინ, სიმართლე მითხარი. ახლავე და აქვე…
– კარგი, გეტყვი, – ბიჭმა თვალებში ჩახედა გოგოს, – ჰო, დათომ მომცა შენი მობილური, – მისმა დამ, მაკამ, მართლა იეჭვიანა შენზე და ქმრის მობილური ტელეფონიდან შენი ნომერი ამოიწერა. იმაშიც უნდა დაგეთანხმო, რომ დათოს თხოვნით გირეკავდი. აინტერესებდათ, რა ურთიერთობა იყო შენსა და თემოს შორის, მაგრამ ეს ყველაფერი მანამდე ხდებოდა, სანამ გნახავდი, მერე კი ყველაფერი შეიცვალა.
– როგორი დამამშვიდებელი და დამაიმედებელი სიტყვებია!.. მე შენთვის საცდელი ობიექტი ვიყავი, დაკვირვების საგანი და, ალბათ, კარგად შემისწავლე. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ იმ ქალის დარწმუნება შეძელით.
ნიკას მზერაში შეშფოთება გამოესახა:
– რა მოხდა?
– მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ის არის, რომ მატყუებდი.
– ამას ნუ ამბობ. ვიცი, დამნაშავე ვარ და ჩვენი ურთიერთობაც ისე არ დაიწყო, როგორც ვისურვებდი, მაგრამ, ამას აუცილებლად გეტყოდი, შესაფერის მომენტს მოვძებნიდი და გეტყოდი.
– დააგვიანე, ეს აქამდე უნდა გექნა. მაშინ, შესაძლოა, კიდევ გქონდა შანსი.
– შანსი? რა შანსზე მელაპარაკები? – ნიკა გაფითრდა.
– ჩვენი ურთიერთობის გაგრძელების. ახლა კი უნდა დაგემშვიდობო. აღარც დამირეკო, აზრი არ აქვს – მაინც არ გიპასუხებ.
ნიკამ სწრაფად სტაცა ხელი მკლავში და თავისკენ მიიზიდა:
– არ გაგიშვებ, გესმის? მე შენ მიყვარხარ და ჩემთვის მარტო ამას აქვს მნიშვნელობა, სხვა არაფერი მაინტერესებს! ჩემს შეცდომას კი გამოვასწორებ, ოღონდ არ წახვიდე და არ დამტოვო, ამას ვერ გადავიტან. ძალიან მიყვარხარ. ცხოვრებაში პირველად ვამბობ ამას, დედას გეფიცები!
მარიკა მიხვდა, რომ ბიჭი ახლა ატირდებოდა. არასდროს ენახა ატირებული მამაკაცი და იგრძნო ნიკას სიტყვების გულწრფელობა. მისმა ცხელმა, გახშირებულმა სუნთქვამ, რომელსაც ნელ-ნელა სულ უფრო ახლოს გრძნობდა სახესთან, თავბრუ დაახვია და ანგარიშმიუცემლად მიაგება ტუჩები ბიჭის მთრთოლვარე ტუჩებს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში