რით დავიცვათ ნელუმბო მავნებლებისგან და როდის აჩერებს ის ყვავილობას
„ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე, ამჯერად, მხოლოდ ერთ მცენარეზე ისაუბრებს. რომლის ლამაზი ყვავილებიც ყველას ყურადღებას იპყრობს. როგორც აღმოჩნდა, ნელუმბო ძალიან უპრეტენზიო მცენარეა და ჩვენი რჩევების გათვალისწინება, მის გახარებას კიდევ უფრო გაგიადვილებთ.
– რას გვეტყვით ნელუმბოს შესახებ, როგორი მცენარეა და შესაძლებელია თუ არა მისი გახარება ოთახის პირობებში?
– ნელუმბო არის ტროპიკული მცენარე. ის იოლად ეგუება საქართველოს კლიმატს და მშვენივრად ხარობს ოთახის პირობებში. ესაა ყველანაირად უპრეტენზიო და ულამაზესი მცენარე.
– ახლა თუ ყვავის ეს მცენარე და როგორ შევუწყოთ ხელი, რომ მან უხვად იყვავილოს?
– ნელუმბო ყვავის მარტიდან სექტემბრის ბოლომდე. იმდენად უპრეტენზიო მცენარეა, რომ ძალიან დიდი ყურადღება არც ყვავილობის დროს სჭირდება. ის უხვად მოყვავილე და იოლად გასახარებელია.
– როგორ მოვუაროთ ნელუმბოს სექტემბერში, სად დავდგათ და როგორ მოვამზადოთ ის შემოდგომის სეზონისთვის?
– მაღალი ტემპერატურის დროს, შეგიძლიათ, მცენარე დადგათ ნახევრად დაჩრდილულ ადგილას. მისთვის არ არის სასურველი ძალიან მწველი მზის ქვეშ ყოფნა და ამიტომ, ზაფხულის სეზონზე, ყოველთვის ეცადეთ ზემოთ აღნიშნული ადგილი შეურჩიოთ. მას მოსწონს ფანჯარასთან ახლოს ყოფნა, რომ მოხვდეს მხოლოდ დილისა და საღამოს მზის სხივები.
– სეზონურად როგორი ტემპერატურა მოსწონს ნელუმბოს?
– ზაფხულში მისთვის ტემპერატურის რაოდენობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ის ტროპიკული მცენარეა და ზაფხულის მაღალი ტემპერატურა მასზე ცუდად არ იმოქმედებს. რაც შეეხება ზამთარს, სასურველია, იყოს 18-20 გრადუსი.
– რა მოუვა ნელუმბოს დაბალი ტემპერატურის დროს?
– დაბალ ტემპერატურაზე მცენარე აჩერებს ყვავილობას და უჭკნება ფოთლები. ამიტომ, ყოველთვის ეცადეთ, 18 გრადუსი შეინარჩუნოთ. ნელუმბო ყინვაგამძლე მცენარე არ არის.
– როგორ მოვიქცეთ ზაფხულის სეზონზე, როდესაც ოთახში გვაქვს ჩართული გამაგრილებელი კონდიციონერი და იმავე ოთახში დგას ნელუმბო?
– საერთოდ, კონდიციონერი ნებისმიერ მცენარეზე ცუდად მოქმედებს. ამიტომ გირჩევთ, მოარიდოთ მას ნელუმბო და გაიტანოთ თბილ ოთახში. ამ დროს მცენარე მიძინების პროცესშია და, კონდიციონერის გამო, შეიძლება, ისე გაითიშოს, რომ ზრდაც და ყვავილობაც შეწყვიტოს.
– შესაძლებელია თუ არა ნელუმბოს გარე კლიმატში გაზრდა?
– ეს შესაძლებელია მხოლოდ ზაფხულის სეზონზე, ისიც მხოლოდ მოჩრდილულ აივნებსა და ბაღებში. ზამთარში მცენარე აუცილებლად ბინაში უნდა იყოს.
– კომპაქტურია თუ არა ნელუმბო ოთახის პირობებისთვის?
– მისი სიმაღლე აღწევს ერთ მეტრს და ბინისთვის ძალიან კომპაქტური ზომისაა. ყვავილობის დროსაც კი არ დაიკავებს დიდ ადგილს და არც დამატებით სირთულეებს შეგიქმნით მოვლასთან დაკავშირებით.
– რა სიხშირით მოვრწყათ ნელუმბო და როგორ ნიადაგში ჩავრგათ ის?
– ზაფხულის ცხელ დღეებში მცენარეს სჭირდება ყოველ მეორე დღეს მორწყვა, ხოლო ზამთრის სეზონზე – ორ კვირაში ერთხელ. რაც შეეხება ნიადაგს, მას სჭირდება მსუბუქი ანუ ტორფიანი მიწა.
– ზაფხულში ემუქრება ნელუმბოს გახმობის საფრთხე?
– მცენარე არ გახმება, თუკი მას ექნება ელემენტარული პირობები. მათ შორის კი ყველაზე მთავარი მაინც მორწყვის რეჟიმია. ცხელ დღეებში ის ხშირად უნდა მორწყათ. თუ მიემგზავრებით დასასვენებლად, გახსოვდეთ, რომ ეს მცენარე მარტო არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოთ, რადგან, უკან დაბრუნებულს გამხმარი დაგხვდებათ, რადგან მას წყალი ყოველ მეორე დღეს სჭირდება. გაითვალისწინეთ, რომ ნელუმბო უკეთესად გაიხარებს, თუ მთელი ზაფხულის განმავლობაში მას წყლიან ჭურჭელზე დადგამთ.
– რით მრავლდება ნელუმბო?
– მისი გამრავლება ხდება როგორც დაყვავილების შემდეგ თესლით, ასევე – ამონაყარით. ის ძალიან იოლად მრავლდება. გამრავლებისას, ასევე, სჭირდება ტორფიანი ნიადაგი. მცენარის აღმოცენებიდან 4-5 ფოთლის ფაზაში უკვე მუდმივ ქოთანში უნდა გადარგოთ.
– ხშირად უნდა გადავრგოთ თუ არა ნელუმბო და შესაძლებელია თუ არა მისი გასხვლა?
– თქვენ არ დაგჭირდებათ მისი ხშირი გადარგვა. ის უნდა იყოს მუდმივად ერთ ქოთანში და შესაძლებელია 10-15 წელი არ დასჭირდეს სხვა ქოთანი. ნელუმბო არ ისხვლება.
– რა ზომის ქოთანში ჩავრგათ ნელუმბო, რომ გადარგვა აღარ დასჭირდეს?
– მისი ქოთანი უნდა იყოს დაახლოებით 12-13-კილოგრამიანი. მართალია, მცენარე ძალიან მაღალი არ იზრდება, მაგრამ, მისთვის სასურველია ასეთი ზომის ქოთანი, რომ მუდმივად მასში იყოს.
– განათებასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
– ზამთარში მას კარგი განათება სჭირდება, მოარიდეთ გამათბობელს, ხოლო ზაფხულში გარეთ მოჩრდილულ ადგილას დადგით. რაც მთავარია, მცენარე ამ დროს ხშირად დანამეთ.
– რომელ თვემდეა აუცილებელი ნელუმბოს დანამვა?
– სასურველია, მცენარე ხშირად დაინამოს შემოდგომის სეზონამდე, ხოლო სექტემბრიდან უნდა შეწყვიტოთ ხშირი მორწყვაც და დანამვაც. მართალია, ზამთრის სეზონზე ეს მცენარე არ იძინებს, მაგრამ ამ დროს ის ყვავილობას აჩერებს.
– ემტერება თუ არა ნელუმბოს მავნებლები?
– მას ემტერება მხოლოდ ბუგრი და ფარიანა. მისი მოშორება შეგიძლიათ აკტელიკის ხსნარით ან ძმრიანი წყლით – მოასხურეთ თვეში ერთხელ და ის მავნებლებისგან დაცული იქნება.
– რას გვირჩევთ ახლა, როგორ მოვუაროთ და რა დამატებითი პირობების შექმნა სჭირდება მას?
– ახლა მას შედარებით მეტი ყურადღება სჭირდება, რადგან ნელუმბოს ყვავილი იწყებს დაბუტკოებას, ანუ დათესლებას. ხშირად შეამოწმეთ მისი ყვავილის კოლოფი, რომ არ გასკდეს და თესლი ძირს არ დაიბნეს. სასურველია, ამ დროს ერთჯერადი პარკი ჩამოაცვათ, რომ მისი თესლი შეაგროვოთ.
– რამდენ ხანს ცოცხლობს ნელუმბო?
– ნელუმბო ცოცხლობს 7-8 წელიწადს. როგორც უკვე გითხარით, ის უპრეტენზიო მცენარეა, მინიმალური მოვლის პირობებშიც მშვენივრად ხარობს, ულამაზესი ყვავილები აქვს და ყველას ვურჩევ მის გახარებას ბინაში.