კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა რეზო რობაქიძის ნამუშევარი პარიზში „სოთბის“ საგამოფენო აუქციონზე და რამდენი ათას დოლარად გაიყიდა ის

არ შეიძლება აღტაცებაში არ მოიყვანოს დამთვალიერებელი რეზო რობაქიძის კოლექციამ, რომელშიც თვითნასწავლი მხატვრის მრავალი სხვა სახის ნამუშევრების გვერდით ხეზე ნაკვეთი ფიგურებია თავმოყრილი. ბატონი რეზოს რამდენიმე ნამუშევარი საქართველოს ოქროს ფონდშია დაცული. იყო დრო, კერძოდ კი გასული საუკუნის დასასრულს, როდესაც მთელ საქართველოში ბნელოდა და მრავალ ჩვენგანს ძალიან მძიმე სოციალურ პირობებში უხდებოდა თავის რჩენა, ბატონი რეზო მაშინ მშრალ ხიდზე ახდენდა საკუთარი შედევრების რეალიზაციას. თუ როგორ გადარჩა მისი კოლექცია განადგურებას და ვის მიერ გაიყიდა ბატონი რეზოს ერთ-ერთი ნამუშევარი საფრანგეთში „სოთბის“ საგამოფენო აუქციონზე 7 ათას დოლარად, ამას თვითონ გვიამბობს ჩვენს ინტერვიუში.
რეზო რობაქიძე: ბარნოვის ქუჩაზე ვიზრდებოდი. ბავშვობიდან მიტაცებდა ხატვა. იმ დროიდან მოყოლებული ვხატავ. დედა ჩემს ყველა ნამუშევარს საგულდაგულოდ ინახავადა ერთად აკინძულს, ქრონოლოგიური სიზუსტით. როდესაც მოგვიანებით დავათვალიერე ეს ნახატები, ვნახე, რომ ყველაფერს გადმოსცემდა: როგორ ვიზრდებოდი, როგორ ვაზროვნებდი... როდესაც პროფესიული არჩევნის გაკეთების დრო დადგა, აკადემიისკენ ავიღე გეზი, მაგრამ, როგორ გითხრათ, არაჯანსაღი კონკურენცია იყო და ამიტომ არ გამიმართლა, ვერ მოვერიე სიტუაციას.
– ამის შემდეგ როგორი არჩევანი გააკეთეთ?
– საინჟინრო დარგი ავირჩიე – ხიდების დიზაინი, მის იერსახესთან ერთად, კონსტრუქციების, თაღოვანი სისტემის შექმნა, დაწოლა, წონის გადანაწილება... ეს ყველაფერი მაინტერესებდა და ჩემს არჩევანზეც თავისი გავლენა მოახდინა. სწავლის პერიოდში ინსტიტუტის გაზეთის მხატვარი გავხდი, ვაფორმებდი მეგობრულ შარჟებს, ვხატავდი კარიკატურებს. გაზეთის რედაქტორი გურამ ფანჯიკიძე იყო და, ამ პერიოდიდან მოყოლებული, ჩვენ დიდი მეგობრობა გვაკავშირებდა. ხატვისთვის ცხოვრების არც ამ პერიოდში მიღალატია. ერთ დღეს მოვინდომე მეცადა, რომ ჩემი ჩანახატი ხეში გადამეტანა. ასე დავიწყე ხეზე მუშაობა. ამან ძალიან გამიტაცა – საჭრისებით მუშაობა საინტერესოდ მომეჩვენა. ვცდილობდი, ისეთი საჭრისი შემექმნა, რომ მუშაობა გამმარტივებოდა. ამისათვის ხეზე სამუშაო არაერთი საავტორო იარაღი შევქმენი. ამ ყველაფერმა ძალიან გამათამამა და დიდი სტიმული მომცა მომავალში სამუშაოდ.
– ამ პერიოდიდან იქმნება თქვენი კოლექციაც?
– დიახ. დროთა განმავლობაში ნამუშევრების გარკვეული რაოდენობა დამიგროვდა. ერთხელაც, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მხატვართა კავშირში მიჰქონდათ ნამუშევრები და მის ღირებულებას ადგენდნენ, რის შემდეგაც გამოფენდნენ მათ სამხატვრო სალონში. მეც გავიარე ეს გზა და დავინახე, რომ ჩემი ნამუშევრებით სულ უფრო და უფრო ბევრი ადამიანი ინტერესდებოდა.
მოგვიანებით ჩემი ნამუშევრები მოსკოვშიც გამოიფინა საკავშირო გამოფენაზე. ამავე პერიოდში, პარალელურად, მოსკოვში პლენუმზე იმყოფებოდნენ გილაშვილი (მაშინდელი პრეზიდიუმის თავმჯდომარე) და შევარდნაძე. „მანეჟი” – ადგილი, სადაც გამოფენა ტარდებოდა, კრემლის გვერდით მდებარეობდა. პლენუმის შემდეგ საბჭოთა პოლიტიკურმა ელიტამ საგამოფენო დარბაზში გადაინაცვლა. ჩემი ნამუშევრებით განსაკუთრებით აღფრთოვანებულა ბრეჟნევი. შევარდნაძეს უთქვამს, მისი ავტორი ჩვენებური მიწა-წყლის კაციაო. ამის შემდეგ გილაშვილს ჩემი გვარი ჩაუნიშნავს...
– რა მოჰყვა ამ „ჩანიშვნას”?
– ერთ დღეს, აივნიდან ვიყურები და ვხედავ, სახლთან სამთავრობო მანქანა გაჩერდა და რეზო რობაქიძე იკითხეს. გადმომცეს, ამა და ამ დღეს, ამა და ამ საათზე უნდა მობრძანდეთ, მთავრობაში გიბარებენო.
– კიდევ კარგი, ეს რეპრესიების წლები არ იყო...
– არა, ეს 60-იანი წლები იყო, მაგრამ, არანაკლებად ვინერვიულე – შემეშინდა (იცინის) დათქმულ დღეს მივედი. გილაშვილმა პირადად მიმიღო დიდი პატივით, მომიყვა, გამოფენის ამბები, მომილოცა წარმატება და მითხრა: ახლა ჩვენ შევარდნაძესთან უნდა გადავიდეთო. მართლაც, წავედით. ის დაკავებული იყო და ცოტა ხანს ველოდე. ერთი სიტყვით, ამ დღის შემდეგ, იმავე კორპუსში, სადაც ვცხოვრობდი, ოროთახიანი ბინა გამომიყვეს სახელოსნოდ და, როგორც იტყვიან, სამუშაო პირობები შემიქმნეს.
– ეს თქვენს კოლექციაზე თავის გავლენას მოახდენდა.
– ამის შემდეგ უკვე მეტი დრო დავუთმე მხატვრობას. სტიმული მომეცა. ბევრს ვცდილობდი, ვმუშაობდი მაკაგონზე, ბზაზე, ასევე ძვალზე; პარალელურად, ფერწერა და გრაფიკაც მიტაცებდა.
– მომდევნო წლებში როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?
– მომდევნო წლებში, მაშინ, როდესაც გაჭირდა ცხოვრება, 90-იანი წლები მაქვს მხედველობაში, მე თვითნასწავლ მხატვართა შორის სანაპიროზე ვეწეოდი ჩემი ნამუშევრების რეალიზაციას. ამ პერიოდთან დაკავშირებით არაერთი ისტორია მახსენდება, მაგრამ, მანამდე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემი ოჯახის წევრებს. რომ არა ისინი, ჩემი კოლექცია აქამდე განადგურებული იქნებოდა.
– რას გულისხმობთ?
– თურმე, ისინი მალავდნენ ჩემს ნამუშევრებს და მატყუებდნენ – გაიყიდაო. ამ ტყუილის წყალობით შემინარჩუნდა კოლექცია.
– სულ რამდენი ნამუშევრის ავტორი ბრძანდებით?
– ასობით.
– ხასიათები და მიმიკები ძალიან კარგადაა აღბეჭდილი თქენს ნამუშევრებში, მუშაობის პროცეში იღებენ ისინი საბოლოო სახეს თუ ჯერ ჩაიფიქრებთ და შემდეგ ახდენთ ჩანაფიქრის რეალიზაციას?
– წინასწარ არ ვიცი, რა გამომივა, მუშაობის პროცესში იბადება ეს მიმიკები და სახეები.
– რა დრო სჭირდება ერთი მათგანის დამზადებას?
– დაახლოებით ორი-სამი კვირა.
– როგორც შევიტყვე, ბევრი თქვენი ნამუშევარი ინახება ცნობილი პიროვნებების კოლექციებში.
– მართალი ბრძანდებით, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია ჩემი ნამუშევრები.
– მშრალი ხიდის ისტორიებს ხომ არ გაიხსენებთ?
– ერთ დღეს ჩემთან მოვიდა მყიდველი და 80 დოლარად შეიძინა ძალიან საინტერესო და დახვეწილი დამუშევარი. როდესაც ვშორდებოდით, ჩემი ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა: ეს ნამუშევარი პარიზში ქართულ საძმოში მიმაქვსო. მოგვიანებით პარიზიდან ჩამოსული ერთი ექიმი მოვიდა ჩემთან სიმამრისთვის საჩუქრის შესაძენად. გარკვეული დროის შემდეგ ის ისევ მოხვდა საქართველოში, მომინახულა, კომპლიმენტებიც გადმომცა სიმამრის სახელით და შემდეგ ერთი საინტერესო ამბავი მითხრა: თქვენი ნამუშევრები პარიზში, მონმარტრზე ვნახე, „სოთბის“ საგამოფენო აუქციონზე გაიყიდა დიდი წარმატებითო. თანხაც დამისახელა – 7 ათასი დოლარი.
იყო ასეთი ისტორიაც: ერთ დღეს ჩემი ნამუშევრები ერთმა მამაკაცმა იყიდა – ისრაელში უნდა გავყიდოო. რამდენად-მეთქი – დავინტერესდი. რამდენადაც გაიყიდებაო. მოგვიანებით ისევ მოვიდა ჩემთან ეს მამაკაცი, იცინოდა – „ფოლკსვაგენი“ შენი ნამუშევრებით შევიძინეო.
– განსაკუთრებით საყვარელი ნამუშევრები თუ გაქვთ?
– ასეთები ჩემს პირად კოლექციაშია დაცული. მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი რამდენიმე ნახელავი საქართველოს ოქროს ფონდშია დაცული.

скачать dle 11.3