8 ადამიანის მკვლელი და 220 კილოგრამი ოქროს გამტაცებელი ქართველი ბუტირკის ციხეში დახვრიტეს
სარკინიგზო ურიკა შუა გვირაბში გაჩერდა. მუშის უნიფორმაში ჩაცმულმა კაცმა იქიდან ორი გაკოჭილი ადამიანი გადმოათრია. შემდეგ ფანარი დაანათა და ჩაილაპარაკა:
– ცოცხლები არიან, მაგრამ მალე სიკვდილი მოენატრებათ.
უნიფორმიანმა გაკოჭილები ჯერ ახსნა და შემდეგ რელსებზე ისე მიაბა თოკებით, რომ მატარებელს მათთვის მხოლოდ ხელ-ფეხი მოეკვეთა. მან ისევ მიანათა წყვილს ფანარი და ირონიულად ჩაიჩურჩულა:
– ჰმ, შეყვარებულები. ელოდეთ ახლა ირკუტსკის ექსპრესს, შემდეგ კი სიკვდილი ინატრეთ, როცა გვირაბის ვირთხები ცოცხლად ჭამას დაგიწყებენ.
რელსებზე ახალგაზრდა ქალ-ვაჟი იყო დაკრული. მათ ჯერ კიდევ ეძინათ, რადგან საძილე საშუალებით იყვნენ გაბრუებულები. უნიფორმიანმა ფოსფორიან საათს დახედა, შემდეგ ხაკისფერი ზურგჩანთიდან წყლით სავსე ბოთლი ამოიღო და ქალ-ვაჟს მიასხა. მათ თვალები გაახილეს, თუმცა ვერ გაერკვნენ, სად იმყოფებოდნენ. ქალს შიშისგან ენა ჩაუვარდა. კაცმა იკითხა:
– სად ვარ?
– აქ, გვირაბში, რომეო, – მიუგო უნიფორმიანმა.
– შენ ხარ, სერიოგა? – იკითხა დაბმულმა კაცმა.
– მიცანი? მე ვარ.
– შენ? – წამოიძახა ქალმა.
– ჰო, მე, შე ძუკნა!
– რას გვერჩი, ძამიკო? – თქვა დაბმულმა კაცმა.
– ძამიკოო? შე ბოზო! აქამდე მეც მასე მეგონა და ძმად გთვლიდი, მაგრამ, თურმე, ამ ძუკნასთან გქონია საქმე.
– მე და ლუდას ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ყოველდღე ვაპირებდით ამის თქმას, მაგრამ შენი გულის ტკენა არ გვინდოდა, გვეცოდებოდი.
– თქვენი თავი შეიცოდეთ, ნახევარ საათში ირკუტსკის ექსპრესი ჩამოიშხუილებს და კიდურებს მოგაჭრით. გონს კი იცით, რა მოგიყვანთ? რა და, ტკივილი, საშინელი ტკივილი და ამას გვირაბის ვირთხები მოგაყენებენ, როცა ცოცხლად დაგიწყებენ ჭამას. აქ ისინი ათასობით არიან და სისხლზე ზვიგენებივით არიან დაგეშილი.
– სერიოგა, საყვარელო, გვაპატიე. მე და ვანიჩკას ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და გვაპატიე, გაგვიშვი აქედან. ნურც შენ დაიმძიმებ სულს და ნურც ჩვენ მოგვისპობ სიცოცხლეს, – ემუდარებოდა ქალი უნიფორმიანს.
– სული მე ისედაც დამძიმებული მაქვს. თქვენ კი ნამდვილად ვერ გაგიშვებთ. ჯერ ერთი, წმინდანი არ ვარ, რომ ასეთი დამცირება გაპატიოთ, ხოლო, რაც ყველაზე მთავარია, მე თქვენი სიკვდილი ალიბისთვის მჭირდება. საბოლოო განაჩენი გაქვთ გამოტანილი. ახლა კი წავედი!
უნიფორმიანი სარკინიგზო ურიკაზე დაჯდა და ლიანდაგს გაუყვა. გაკოჭილებმა კი ისტერიკული ყვირილი მორთეს და სერიოგას ხან გათავისუფლებას სთხოვდნენ, ხან კი საშინლად სწყევლიდნენ. თუმცა, საიანის კლდეებში გაყვანილი გვირაბის სიგრძე თხუთმეტკილომეტრიანი იყო და მათ ხმას ვერავინ გაიგონებდა. ამასობაში, ირკუტსკი-კრასნოიარსკის ექსპრესმა ჩამოიქროლა და რელსებზე დაკრულ ქალ-ვაჟს კიდურები წააცალა. შემდეგ ისინი გვირაბის ვირთხებმა ცოცხლად შეჭამეს და მათგან მხოლოდ ძვლებიღა დარჩა.
ეს შემთხვევა 1975 წლის 16 ივლისს, კრასნოიარსკიდან 400 კილომეტრის დაშორებით მდებარე დასახლება, მალაია დაჩნაიაში მოხდა. უფრო კონკრეტულად კი, იქ გამომავალ გვირაბში. მალაია დაჩნაია არც ერთ რუკაზე არ იყო აღნიშნული, რადგან იქ ოქროს საბადო და ოქროს ზოდების დამამზადებელი საამქრო მდებარეობდა. დასახლებაში 3 ათასი ადამიანი ცხოვრობდა და ყველა სრულწლოვანი და შრომისუნარიანი ოქროს მოპოვებისა და წარმოების საქმიანობაში იყო ჩართული.
ჩახლართული საქმე
1975 წლის 17 ივლისს ოქროს ზოდების დამამზადებელი საამქროს ოპერატიული მორიგე, კაპიტანი ოლეგ ზლობინი ზუსტად დილის 8 საათსა და 40 წუთზე გამოცხადდა სამსახურში, რათა ოცდაოთხსაათიანი მორიგეობა გადაებარებინა, მაგრამ ნანახმა ისე გააოგნა, ენა ჩაუვარდა. რიგითი სამი მილიციელი ბეტონზე მკვდრები ეყარნენ. თითოეულს შუბლი და მარცხენა თვალი ტყვიით ჰქონდა გახვრეტილი. ზოდების შესანახი სეიფი კი ღია და დაცარიელებული იყო. იქაურობა გაეძარცვათ, ხოლო ოპერატიული მორიგე, ივანე სომოვიც სადღაც გამქრალიყო.
ზლობინმა სასწრაფო განგაში ატეხა და თხუთმეტიოდე წუთში, შემთხვევის ადგილზე მაიორი ვასინი და კრიმინალისტები მივიდნენ. ვასინი მალაია დაჩნაიას მილიციის ქვეგანყოფილების უფროსი გახლდათ. მან გულდასმით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და ზლობინს ჰკითხა:
– რამდენი ზოდია დაკარგული?
– ოცდაორი ცალი.
ვასინმა თავი გააქნია, დაუსტვინა და თქვა:
– ესე იგი, 220 კილოგრამი ოქრო, ანუ ორმილიონ-ნახევარი მანეთის ღირებულების სახელმწიფო ქონება. დიდი თანხაა, მსხვილი ძარცვაა და, როგორც ეტყობა, სერიოზულ და ძალიან ჩახლართულ საქმეში მოგვიწევს ჩართვა. თან, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთადერთი დანაშაული არ უნდა იყოს.
გამოცდილი მაიორი არ შემცდარა. რამდენიმე საათის შემდეგ, მალაია დაჩნაიადან 25 კილომეტრში, სამხედროებმა ტაიგაში მიტოვებული „ვეზდეხოდი“ (ყველგანმავალი) აღმოაჩინეს, მძღოლი მოკლული იყო. ისიც იგივე ხელწერით იყო მოკლული, როგორც რიგითი მილიციელები – ტყვიები შუბლსა და მარცხენა თვალში ჰქონდა მოხვედრილი. ტექნოლოგ სერგო მახალდიანის ქოხიც დამწვარი იყო და შემთხვევის ადგილზე მისულ ადამიანებს იქ მამაკაცის დანახშირებული გვამი დახვდათ. შეუიარაღებელი თვალითაც კი აშკარა იყო, რომ მამაკაცი ჯერ მოკლული იყო და ცეცხლში უკვე მისი გვამი დაიწვა. ცხედარს მარცხენა თვალის ადგილი გახვრეტილი ჰქონდა, რაც ცეცხლნასროლ ჭრილობაზე მიუთითებდა. კუჭის არეში კი ალესილი არმატურის ნაჭერი ჰქონდა ჩარჭობილი.
მაიორმა ვასინმა სამივე შემთხვევაზე ცალკე აღძრა სისხლის სამართლის საქმე და ქვეგანყოფილებაში თათბირი მოიწვია, რომელზეც გამოსვლის უფლება ყველას მისცა. ოპერატიული მუშაკები მაიორს თავიანთ ვერსიებს სთავაზობდნენ და საერთო აზრით, ეს სამივე დანაშაული ერთი საქმის რგოლები იყო. მთავარ დამნაშავედ კი ივანე სომოვს მიიჩნევდნენ. მისი დამხმარე ამბულატორიის მედდა ლუდმილა კრავჩენკო უნდა ყოფილიყო. მთელმა დაბამ იცოდა, რომ 28 წლის ლუდმილა სომოვის საყვარელი იყო და სერგო მახალდიანს რქებს ადგამდა. მათი აზრით, საყვარლებმა სერგო მოკლეს, შემდეგ ნაძარცვი ოქრო გაიტაცეს და მიიმალნენ. ბოლო სიტყვა მაიორმა აიღო და ხელქვეითებს განუცხადა:
– ლოგიკურად ყველაფერი ასეა, მაგრამ ნუ ვიჩქარებთ. მოდი, ექსპერტიზის შედეგებს დაველოდოთ და გამოძიებას მიუკერძოებლად მივყვეთ. ძალიან ჩახლართული საქმეა და მცირე შეცდომაც კი სწორი გზიდან აგვაცდენს.
ნაცნობი ხელწერა
მალაია დაჩნაიაში მომხდარ დანაშაულთა საქმეზე ჩატარებულმა ბალისტიკურმა ექსპერტიზამ ცხადყო, რომ ხუთივე მოკლული მამაკაცი ერთი და იგივე „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან იყო დახოცილი. პისტოლეტი კი გაუჩინარებული კაპიტნის, ივანე სომოვის კუთვნილება იყო. მოხდა დანახშირებული ცხედრის იდენტიფიკაციაც და მახალდიანის ახლობლებმა დაადასტურეს, რომ ცხედარი ნამდვილად სერგო მახალდიანს ეკუთვნოდა. ცხედარს მარცხენა ხელის ნეკა თითი ჰქონდა წაჭრილი და უკანა ქვედა ოთხი კბილი აკლდა. სერგო მახალდიანმა ნეკა თითი ჯარში, უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა. მას ხელყუმბარა აუფეთქდა.
ამრიგად, 1975 წელს 16 ივლისს მალაია დაჩნაიაში მომხდარი სამი დანაშაული, რომლებიც ერთ საქმეში გაერთიანდა, პროკურატურას გადაეცა. ივანე სომოვსა და ლუდმილა კრავჩენკოზე კი საკავშირო ძებნა გამოცხადდა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმეში ძალიან დიდი თანხის ოქრო ფიგურირებდა, რაც უმძიმეს სახელმწიფო დანაშაულად ითვლებოდა, ბოროტმოქმედის ძებნაში, მილიციასთან ერთად, უშიშროებაც ჩაერთო და მათ უკვე „კაგებეც“ ეძებდა. იმ პერიოდში საკავშირო „კაგებეს“ სამძებრო განყოფილებაში მაიორი ვარლამ ნოდია მუშაობდა – ეროვნებით ქართველი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა მოსკოვში. მაიორი ნოდია ძლიერ მაძებრად ითვლებოდა და თავის საქმეში ნებისმიერ წვრილმანს აქცევდა ყურადღებას. სწორედ მას დაავალეს სომოვისა და კრავჩენკოს ძებნა. მან კი, უპირველესად, მალაია დაჩნაიას საქმე შეისწავლა დეტალურად, შემდეგ ერთ-ერთი ხელქვეითი გამოიძახა და დაავალა:
– გამირკვიე, მთელი კავშირის მასშტაბით გარდაცვლილი ან მოკლული ქირურგი-კოსმეტოლოგების ვინაობა და ასეთი ინფორმაციები რეგულარულად შეაგროვე.
ნოდიას ხელქვეითმა მაიორს თერთმეტი მსგავსი საქმე მიაწოდა, მაგრამ არც ერთმა არ დააინტერესა. ერთი თვის შემდეგ კი, ნოდიას ხელში ჩაუვარდა ინფორმაცია, რომ დაიკარგა მოსკოველი ქირურგი-კოსმეტოლოგი პავლე ბირიუკოვი. ის ახალგაზრდა, დამწყები ქირურგი იყო და როგორც უშიშროებამ დაადგინა, პაციენტებს სახლში იღებდა. ნოდიამ ბირიუკოვის მოძებნის ბრძანება გასცა და შედეგმაც არ დააყოვნა. 29 წლის პავლე ბირიუკოვი 1975 წლის 20 სექტემბერს მდინარე იაუზაში აღმოაჩინეს. ფეხებზე მას ორფუთიანი გირები ჰქონდა მიბმული. გახრწნილი გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბირიუკოვი შუბლსა და მარცხენა თვალში ნასროლი ტყვიით იყო მოკლული. ნოდიამ ეს მონაცემები რომ შეაჯერა, ყურმილს დასწვდა და გენერალურ პროკურატურაში ვადიმ იურიევს დაურეკა. ის ოქროს საქმეს იძიებდა და ნოდიამ მას უთხრა:
– ვადიმ პეტროვიჩ, მალაია დაჩნაიაში ჩადენილი ბოროტმოქმედების ავტორმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და ეს დეტალი გაითვალისწინეთ. გარდა ამისა, ვფიქრობ, ამ საქმეს გაგრძელებაც მოჰყვება.
მაიორმა ნოდიამ ბოროტმოქმედი მკვლელობის ხელწერით ამოიცნო და მისი მომავალი ნაბიჯის გათვლას შეუდგა. ის ფიქრობდა, რომ გარეგნობაშეცვლილი ბოროტმოქმედი უკვე ინტენსიურად დაიწყებდა გატაცებული ოქროს გამოყენებას. ამის თაობაზე მას რამდენიმე ვერსია ჰქონდა.
უიღბლო ქურდი
1975 წლის 8 დეკემბერს, მოსკოვის ბაუმანის რაიონის სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი ინსპექტორი, კაპიტანი იგორ ბობროვი მისდამი რწმუნებული უბნის გეგმიურ შემოვლას აწარმოებდა საკუთარი მანქანით. ეგრეთ წოდებული „ტაქსისტების საერთო საცხოვრებლის“ წინ მან ზურგჩანთამოკიდებული კაცი შენიშნა, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით შორდებოდა იქაურობას. ბობროვს ის საეჭვოდ მოეჩვენა. ამიტომ, ზურგჩანთიანს საბუთები მოსთხოვა. ამ უკანასკნელმა გაქცევა დააპირა, მაგრამ ბობროვმა იქვე დააკავა და უახლოესი მილიციის ქვეგანყოფილებაში მიიყვანა. დაკავებული მამაკაცი 31 წლის, ეგრეთ წოდებული „გასტროლიორი“ ქურდი – ვიქტორ რიბკინი აღმოჩნდა. მას ზურგჩანთა შეუმოწმეს და ოპერების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც საერთო საცხოვრებლიდან წამოღებულ სხვადასხვა წვრილმან ნივთებს შორის ერთი ცალი ათკილოგრამიანი ოქროს ზოდიც აღმოუჩინეს. ოპერებზე მეტად თავად ქურდი გაოცდა, როდესაც შეიტყო, რომ ზურგჩანთაში ბაჯაღლო, ათკილოგრამიანი ოქროს ზოდი ედო. მან აღიარა, რომ ერთ-ერთ ბინაში, მოულოდნელად თავზე წამომდგარ მასპინძელს არწივის ქანდაკება ჩაარტყა და სწორედ იქიდან წამოიღო ოქროს ზოდი. სიჩქარეში არც კი შეუმოწმებია, ჩანთაში რა იყო. მილიციელები სასწრაფოდ მიადგნენ საერთო საცხოვრებელს, მაგრამ „გასტროლიორის“ მიერ მითითებული ბინა ცარიელი დახვდათ. უიღბლო ქურდი ციხეში ჩასვეს. მეზობლებისგან კი ბინის პატრონის ვინაობა დაადგინეს, რომელიც ვინმე ვადიმ ასტახოვი აღმოჩნდა. ის ტაქსის მძღოლად მუშაობდა მეორე ტაქსოპარკში და საერთო საცხოვრებელში ორი თვის გადმოსული იყო. მილიციამ მისი ბინა გაჩხრიკა, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინა, მიუხედავად იმისა, რომ კედლებიც კი დაშალეს იმ იმედით, რომ იქ რამეს იპოვიდნენ.
უთითო
წესისამებრ, მილიციამ ოქროს ზოდის ამბავი „კაგებეს“ შეატყობინა და სულ მალე ეს ინფორმაცია ნოდიას მიუვიდა. ის სასწრაფოდ გაემართა მეორე ავტოპარკისკენ და დაადგინა, რომ გაუჩინარებული ტაქსისტი, ვადიმ ასტახოვი უთითო იყო, ანუ მას მარცხენა ხელზე ნეკა თითი არ ჰქონდა. ნოდიამ ტაქსის მძღოლის სურათი წამოიღო კადრების განყოფილებიდან, შემდეგ ის ტექნიკურ განყოფილებაში გადაამრავლებინა და ასტახოვზე ტოტალური ძებნა გამოცხადდა. ფეხზე დააყენეს მთელი აგენტურული ქსელი და 10 დეკემბერს ლენინგრადისკენ მიმავალ მატარებელში ტაქსის მძღოლი ვადიმ ასტახოვი დააპატიმრეს. ის სასწრაფოდ მოსკოვში ჩაიყვანეს და მაიორ ნოდიას მიუყვანეს დასაკითხად. მან დაკავებულის მარცხენა ხელის მტევანს შეავლო მზერა და ხელით სკამისკენ ანიშნა. როცა დაკავებული დაჯდა, მაიორმა ქართულად უთხრა:
– მაშ ასე, მოქალაქე სერგო მახალდიანო, თქვენ თვითონ მოყვებით, როგორ დახოცეთ ამდენი ხალხი, თუ მე დავიწყო და თქვენ მერე გააგრძელებთ?
მახალდიანმა რვა ადამიანის მკვლელობა აღიარა და ნოდიას დაწვრილებით უამბო, თუ როგორ შეაჭამა გვირაბის ვირთხებს თავისი მეუღლე და მისი საყვარელი. ბოლოს, გადამალული ოქროს ადგილსამყოფელიც გაამხილა, რომელიც ლენინგრადში, რკინიგზის სადგურის ორ შემნახველ საკანში ჰქონდა შენახული. თავისი ჩვენება კი ასე დაასრულა:
– რომ არა ის „გასტროლიორი“ ქურდი, მე სულ მალე უცხოეთში გავიდოდი ოქროთი და თქვენ ვერასოდეს მიპოვიდით. თუმცა, ღმერთმა არ მომიმართა ხელი.
– რვა ადამიანის მკვლელს ღმერთის იმედი გქონდათ? – ჰკითხა ნოდიამ.
მახალდიანი ჩაფიქრდა, შემდეგ თავი ასწია და თქვა:
– ექვსი ადამიანი ტყუილუბრალოდ დავხოცე, ლუდა და ვანიჩკა კი ღირსები იყვნენ, სწორედ მათი ბრალია ჩემი ასეთი გაბოროტება...
სერგო მახალდიანი მოსკოვში გაასამართლეს და ბუტირკის ციხეში დახვრიტეს...