როგორ უფრთხობდა თაყვანისმცემელ ქალებს გურამ საღარაძეს ცოლი და რატომ ვერ შეძლო მან საყვარელი ქალის გადარჩენა
გურამ საღარაძე 1929 წლის 12 იანვარს თბილისში, მსახიობ გიორგი საღარაძის ოჯახში დაიბადა. მამა რუსთაველის თეატრის მსახიობი გახლდათ. შვილი პიონერთა სასახლეში დრამწრეზე დაჰყავდათ. მომავალმა მსახიობმა პირველად გიორგი ლეონიძის ლექსი – „არ დაიდარდო, დედაო” წაიკითხა და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. დედა უცხო ენების სპეციალისტი იყო და ცდილობდა, შვილისთვის ფრანგული ენა შეესწავლებინა, თუმცა ის ჯიუტობდა. 1951 წელს, დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი. მას შემდეგ, რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობია და დღემდე თეატრალურ უნივერსიტეტში მეტყველების ხელოვნებას და კულტურას ასწავლის. ბატონი გურამი თავის სამსახიობო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან და წარმატებულ ნამუშევრად მიიჩნევს მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლს, „როცა ასეთი სიყვარულია”. მას თავად რეჟისორიც თავის საუკეთესო ხუთ დადგმაში ყველაზე წარმატებულ სპექტაკლად მოიხსენიებდა. ეს არაჩვეულებრივი ადამიანი თავისი ცხოვრების დღიურს იმ ეტაპიდან იწყებს, როცა მის გვერდით იყო ადამიანი, ვისთანაც ყველაზე ძვირფასი და ლამაზი წლები გაატარა. ტანია ბუხბინდერი მისი ცხოვრების ტკბილ მოგონებად იქცა.
გურამ საღარაძე: სიყვარული დიდ სტიმულს მაძლევდა და არაერთხელ ვყოფილვარ გატაცებული. ამ დროს მხოლოდ ის იცი, რომ ძალიან გინდა მასთან ყოფნა. აფორიაქებული ხარ და დაიძინებ თუ გაიღვიძებ, სულ მასზე ფიქრობ. ქუჩაში ხეტიალი, სეირნობა, ღამეების თევა, სიყვარულის ახსნა, ეს ყველაფერი ხომ მეც გამივლია? ინსტიტუტში მქონდა დიდი გატაცება, მაგრამ გავიდა პერიოდი და სხვამ გამიტაცა. რა თქმა უნდა, ყველა ჩემი ურთიერთობა სიყვარული არ იყო. შეიძლება, ეს იყო ვნება, თუ გნებავთ ამას სექსი დაარქვით. სექსი გადასარევი რამაა, ოღონდ უნდა იცოდე, რომ ამით არ განისაზღვრება ადამიანი. ყოფილა შემთხვევები, როცა ქალს აქეთ ვუყვარდებოდი სიგიჟემდე, ზოგი მიმწოლიც იყო, მაგრამ საპასუხოდ არაფერს ვაკეთებდი, თუ არ მომწონდა და არ მინდოდა. ყველაფერი თავისთავად ხდებოდა, ნელ-ნელა ვშორდებოდით ერთმანეთს. ხომ ამდენი გატაცება და დაშორება მქონია ცხოვრებაში, მაგრამ არავის დავშორებივარ ისე, რომ შევძულებოდი. ასეთი ბუნების კაცი ვარ. ჩხუბი არ მიყვარდა. ყოველთვის ამის წინააღმდეგი ვიყავი. რომეოსა და ჯულიეტას მსგავსი სცენები არასდროს მომიწყვია, მაგრამ მახსოვს, ღამით ფანჯარას კენჭებს როგორ ვესროდი და ამით ვაგებინებდი, ჩემს გულისსწორს, აქ ვარ-მეთქი, მერე კი ჩუმად ვიპარებოდი მის სახლში.
– ბატონო გურამ, ვიცი, თქვენთვის მტკივნეულია, მაპატიეთ, მაგრამ არ შემიძლია, არ ვახსენო თქვენი პირველი მეუღლე ქალბატონი ირინა ქებაძე (ამჟამად ბუბა კიკაბიძის მეუღლე), რომელიც თქვენი ერთადერთი ქალიშვილის, ყველასთვის საყვარელი მსახიობის, მარინა საღარაძის დედაა. დამთავრდა ერთი ეტაპი და დაიწყო მეორე. ტანია ბუხბინდერს მასთან დაშორების შემდეგ შეხვდით თუ როგორ მოხდა თქვენი გაცნობა?
– ტანია ეროვნებით გერმანელი, მაგრამ თბილისელი გოგო იყო. მამამისი ნოვოსიბირსკში ოპერის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი გახლდათ. აქ რომ ჩამოვიდა, უკვე სახელგანთქმული დირიჟორი იყო და ჩვენთან, ოპერის თეატრის მთავარ დირიჟორად დანიშნეს. ტანია პროფესიით რეჟისორი იყო. თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა, თავისი ჯგუფი ჰყავდა. ერთხელ ოპერაში სპექტაკლის სანახავად ვიყავი. ტანია დავინახე და ძალიან მომეწონა. მანაც მომაქცია ყურადღება, ერთი-ორჯერ სუფრასთანაც შევხვდით, საერთო მეგობრებიც აღმოგვაჩნდა და ბოლოს, ჩემი უახლოესი ადამიანი გახდა. ადამიანი ანალიზს არ უკეთებ – რატომ მოგწონს. რაღაცას, ისეთს პოულობ იმ ადამიანში, რაც შენთვის მისაღები და ძვირფასი ხდება. დავიწყეთ ერთად ცხოვრება, ჩვენი ურთიერთობა მოგვიანებით დავაკანონეთ. ამას ჩემთვის მაინცდამაინც არ ჰქონდა მნიშვნელობა. მთავარი ხომ ისაა, რომ გიყვარს. ძალიან მეგობრული ქალი იყო. ჩვენთან ბევრი მეგობარი, ახალგაზრდები იკრიბებოდნენ. ვეტყოდი – ნამეტანს ნუ იზამ-მეთქი. ბევრი სტუდენტი გავზარდეთ, დავაქორწინეთ კიდეც, ზოგის მეჯვარეებიც გავხდით და ისინი დღემდე ჩემი ახლობლები არიან.
– როგორ აეწყო თქვენი ცხოვრება ამ ადამიანთან?
– მე და ტანიამ ერთად თითქმის 25 წელი ვიცხოვრეთ. ჩემი მეგობრები მასზე შეყვარებულები იყვნენ. ხანდახან არც მეკითხებოდნენ, ისე მოდიოდნენ ჩემთან სახლში. ტანიას შესჩიოდნენ – პურმარილი გვინდა და გურამი წუწუნებსო. რას ეკითხებით გურამს, საჭმელიც მაქვს და სასმელიც, საღამოს გელოდებითო – ეუბნებოდა. მოვიდოდი შინ და ძმაკაცებს დამახვედრებდა. ჩხუბიც გვქონდა ხოლმე და კამათიც. სხვანაირად ცხოვრება შეუძლებელია. ხან ის იტყოდა ისეთ რაღაცას, რაშიც არ ვეთანხმებოდი ხან – მე. სპექტაკლს რომ ნახავდა, მერე მაკრიტიკებდა. რომ დავფიქრდებოდი, სწორს ამბობდა. ძალიან ნაკითხი, ნიჭიერი, აქტიური იყო. ბევრ საკითხში კარგად ერკვეოდა. გატაცებული გახლდათ ხელოვნებით, უყვარდა ძველებური ნივთები, სიამოვნებით აგროვებდა ძველებურ ჭურჭელს. ძალიან უყვარდა, როცა ვკითხულობდი. ერთი პერიოდი ტანია მოსკოვში იყო და მე – აქ. დამირეკავდა და მთხოვდა, რამე ლექსი წამიკითხეო. წავიკითხავდი ერთს, მეორეს… შეწუხებული ვყავდი. ერთხელაც, ავდექი და მაგნიტოფონზე ჩავწერე ლექსები. რომ დამირეკავდა და მთხოვდა, რამე წამიკითხეო, მე ვეუბნებოდი – ახლავე, ჩემო სიცოცხლე-მეთქი და მაგნიტოფონს ვრთავდი. ძალიან ეჭვიანი იყო. სხვათა შორის, პირველად და გულწრფელად გეუბნებით, ამის საბაბი ჰქონდა. შეურაცხმყოფელს არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ იმ ობიექტისკენ „გაისეირნებდა” ვისზეც ეჭვიანობდა. კი არ მებუტებოდა, უბრალოდ „იმაზე” ბრაზობდა – იმას დედას ვუტირებო. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. მამაკაცის ეჭვები ცოტა სხვანაირია და ხშირ შემთხვევაში, კაცის ღალატი ღალატი არც არის. რას იზამ, ადამიანი ვარ, თვალებს ვერ დავიბრმავებ. როგორც უკვე აღვნიშნე, იყო შემთხვევები, როცა ჩემით იყვნენ გატაცებულნი. მეც მომწონდა და წავიეშმაკებდი, მაგრამ სიყვარულით მაინც ერთი მიყვარდა.
– შეიძლება ითქვას, თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა მისი გარდაცვალების შემდეგ. გვიამბეთ, რატომ და როგორ მოხდა, რომ ეს მშვენიერი ქალბატონი თქვენს ცხოვრებაში აღარ არის.
– იმ დღეს სახლში გვიან დავბრუნდი. 12 საათზე ავტოსადგომზე მანქანა დავაყენე, ზემოთ ავიხედე. ჩვენი საძინებლის ფანჯრიდან სინათლე გამოდიოდა და ტელევიზორის ხმა ისმოდა. კარზეც ვაკაკუნე, ზარიც დავრეკე, მაგრამ ხმა არავინ გამცა. აფორიაქებულმა კარზე ფეხებით დავიწყე ბრახუნი. ამ ხმაზე მეზობლები გამოცვივდნენ. ფანჯარა ღია იყო და ბიჭები გადაძვრნენ, კარი გამიღეს. შევედი. ორი ძაღლი მყავს. ვხედავ, ძაღლები საწოლზე სხედან და საწოლიდან გადმოვარდნილ ტანიას უყურებენ. მაღალი წნევა აწუხებდა. წეროვანში აგარაკი მაქვს და იქ იყო წასული. ინსტიტუტიდან დაურეკეს ორშაბათს ლექციები გაქვსო. კვირას საღამოს ჩამოვიდა, მე მეგობრებში ვიყავი. აგარაკი მაღლობზეა და როგორც სჩანს, არ შეიძლებოდა მისთვის იქ წასვლა. რამდენჯერ შუაღამისას გამომიძახებია სასწრაფო. ერთხელ არ დაველოდე და საავადმყოფოში თვითონ წავიყვანე.