NBA-ს ყველა დროის ყველაზე დაბალი კალათბურთელების ტოპ-ათეული
ისე აეწყო, რომ კალათბურთი მხოლოდ მაღალი ადამიანების თამაშად ითვლება, თუმცა ყოველთვის ყველაფერში არის გამონაკლისი და კალათბურთს დაბალი ადამიანებიც თამაშობენ და, საკმაოდ წარმატებულადაც, იმდენად, რომ ისინი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო ლიგაში – „ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში“ წამყვან პოზიციებს იკავებენ და ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელების რიცხვში შედიან. „თბილისელების” ამ ნომერში ყველაზე დაბალი კალათბურთელების ტოპ-ათეულს გთავაზობთ, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს NBA-ს ისტორიაში.
ტერელ ბრენდონი – 180 სანტიმეტრი
ორეგონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ტერელ ბრენდონი 1991 წლის NBA-ს დრაფტზე მე-11 ნომრად „კლივლენდ კავალიერსმა” აიყვანა, სადაც მან ექვსი წელი იასპარეზა და ამ ხნის განმავლობაში ორჯერ მიიღო მონაწილეობა NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში. „კავალიერსის” გარდა, ბრენდონს ნათამაშები აქვს „მილუოკი ბაქსისა” და „მინესოტა ტიმბერვულვზის” შემადგენლობაში, სადაც 2002 წელს დაასრულა კიდეც კარიერა გახშირებული ტრავმების გამო. ამჟამად ექსკალათბურთელი პორტლენდში ცხოვრობს და საკუთარი სადალაქო აქვს.
დეიმონ სტუდემაიერი – 178 სანტიმეტრი
დეიმონ სტუდემაიერი „ტორონტო რეპტორზის” მეშვიდე ნომერი იყო 1995 წლის დრაფტზე და პირველივე სეზონში იგი სეზონის საუკეთესო ახალწვეულად დასახელდა კლუბში, სადაც ერთ მატჩში საშუალოდ 19 ქულას აგროვებდა. მოგვიანებით დეიმონმა კარიერა სხვა კლუბებში განაგრძო და 2008 წელს, „სან ანტონიო სპურზის” რიგებში თამაშის დროს დაანება კალათბურთს თავი. 2002-2003 წლების სეზონის დაწყებამდე სტუდემაიერი ეგრეთ წოდებული მარიხუანის სკანდალის მონაწილე იყო, როდესაც NBA-ს რამდენიმე კალათბურთელი მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების ფაქტზე იყო შემჩნეული.
ევერი ჯონსონი – 178 სანტიმეტრი
ევერი ჯონსონს NBA-ს „პატარა გენერლის” სახელით იცნობდნენ. მან 16 წლის განმავლობაში ითამაშა პლანეტის ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო ლიგაში. სხვადასხვა დროს მას ნათამაშები აქვს: „დენვერ ნაგიტსის”, „ჰიუსტონ როკიტსის“, „გოლდენ სტეიტ უორიორზისა” და „დალას მავერიკსის” რიგებში, ხოლო თავისი ერთადერთი საჩემპიონო ტიტული მან 1999 წელს „სან ანტონიო სპურზში” თამაშის დროს მოიპოვა. ამჟამად „პატარა გენერალი” „ნიუ ჯერსი ჯეტსის” მთავარი მწვრთნელია.
მაიკლ ადამსი – 178 სანტიმეტრი
მაიკლ ადამსმა თავისი წარმატებული კარიერა ბოსტონის კოლეჯში დაიწყო, საიდანაც 1985 წელს „საკრამენტო კინგსმა” დრაფტის მესამე ნომრად აიყვანა. მოგვიანებით მან კარიერა „დენვერ ნაგიტსის” რიგებში განაგრძო, სადაც 1990-1991 წლების სეზონის განმავლობაში მატჩში საშუალოდ 26 ქულას და 10 შედეგიან გადაცემას აკეთებდა. იმავე წელს მან მონაწილეობა მიიღო ყველა ვარსკვლავის მატჩში. მაიკლ ადამსმა თავისი კარიერა 1996 წელს დაასრულა და, საერთო ჯამში, მის ანგარიშზე 9 621 ქულა იყო დაგროვილი.
კელვინ მერფი – 175 სანტიმეტრი
კელვინ მერფი „ჰიუსტონ როკიტსის” რიგებში თამაშობდა 1970-1983 წლებში და იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ კალათბურთელად ითვლებოდა. მისი მთავარი ღირსება იყო სისწრაფე, რომლის საშუალებითაც იგი გაურბოდა მოწინააღმდეგეებს. ასევე, მას ეკუთვნის საჯარიმოების შესრულების ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ კელვინ მერფი 180 სანტიმეტრზე დაბალი ერთადერთი კალათბურთელია, რომელიც „საკალათბურთო დიდების დარბაზშია“ შეყვანილი. კალათბურთის გარეთ მერფი იმით არის ცნობილი, რომ მას 9 ქალისგან 14 შვილი ჰყავს.
ნეით რობინსონი – 175 სანტიმეტრი
ნეით რობინსონი „ოკლაჰომა-სიტი ტანდერის” წევრი და „ჩატენვების“ კონკურსის სამგზის გამარჯვებული კალათბურთელია. 27 წლის ნეითის მამა, ჟაკ რობინსონი, ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი იყო 70-80-იან წლებში და ყველაზე ძვირფას მოთამაშედ ორჯერ დასახელდა – 1982 და 1985 წლებში. კალათბურთისთვის მინიატურული ნეითის წინაპრები ფილიპინელი ემიგრანტები იყვნენ.
გრეგ გრანტი – 170 სანტიმეტრი
გრეგ გრანტმა კარიერის განმავლობაში რამდენიმე კლუბი გამოიცვალა და ყველგან ძირითადი ხუთეულის მოთამაშედ ითვლებოდა: „ფინიქს სანში”, „ნიუ-იორკ ნიქსში”, „შარლოტ ჰორნეთში”, „ფილადელფია სიქზერში”, „ვაშინგტონ ბულეთში” და „დენვერ ნაგიტსში”, სადაც 1996 წელს დაასრულა კიდეც კარიერა. საინტერესოა, რომ გრეგი სულაც არ აპირებდა კალათბურთის თამაშს და სკოლის დამთავრების შემდეგ თევზის მაღაზიაში მუშაობდა, სადაც იგი ტრენტონის კოლეჯის გუნდის მწვრთნელმა შეამჩნია და გამთამაშებლის პოზიციაზე მიიწვია, იქიდან კი „ფინიქს სანზმა” დრაფტის 52-ე ნომრად აიყვანა.
ენტონი უები – 168 სანტიმეტრი
ენტონი „სპად” უებმა თავისი კარიერის საუკეთესო წლები „საკრამენტო კინგზის” რიგებში გაატარა და ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში 8 072 ქულას მოუყარა თავი, ანუ, ყოველ მატჩში საშუალოდ 10 ქულამდე აკეთებდა. ენტონი წარმოშობით ტეხასის შტატიდან იყო, ღარიბ ოჯახში იზრდებოდა და სიდაბლის მიუხედავად, კალათბურთის თამაშზე ოცნებობდა, რაც აუსრულდა კიდეც. NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე დაბალმა კალათბურთელმა კარიერა 1998 წელს დაასრულა.
ერლ ბოიკინსი – 165 სანტიმეტრი
ერლ ბოიკინსი NBA-ს ისტორიაში მეორე ყველაზე დაბალი კალათბურთელია, რომლის სიმაღლე 165 სანტიმეტრია, წონა კი – 60 კილოგრამი. ამის მიუხედავად, ვარჯიშებზე ბოიკინსს დაწოლილ მდგომარეობაში 142 კილოგრამის აწევა შეუძლია. მინიატურული კალათბურთელი ამჟამად „მილუოკი ბაქსის” რიგებში ირიცხება, ხოლო მანამდე იგი იტალიის კალათბურთის ლიგის – „ვირტუს ბოლონიის” შემადგენლობაში გამოდიოდა, სადაც საკმაოდ სარფიანი კონტრაქტისთვის ჰქონდა ხელი მოწერილი.
ტაირონ „მაგზი” ბოუგზი – 160 სანტიმეტრი
ბოუგზი ყველა დროის ყველაზე დაბალი კალათბურთელია, რომელსაც ოდესმე უთამაშია „ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში“. საინტერესოა, რომ მისი თანაგუნდელი „ვაშინგტონ ბულეტში”, NBA-ს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კალათბურთელი, 231-სანტიმეტრიანი მანუტე ბოლი იყო. ბოუგზის კარიერა 1987 წელს დაიწყო, როდესაც მასთან ერთად დრაფტში მონაწილეობდნენ ამერიკული კალათბურთის ლეგენდები: სკოტი პიპენი, რეჯი მილერი, დევიდ რობინსონი და კევინ ჯონსონი. ტაირონმა კარიერა 2001 წელს დაასრულა, რის შემდეგაც დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი – „გიგანტების სამყაროში”.