როდის იღებს ბავშვი უფლისგან მინიჭებულ გამორჩეულ ნიჭს და რა შემთხვევაში იმსახურებენ შვილები მშობლის მხრიდან საშინელ უბედურებას
„ბავშვმა ცოცხლად უნდა აღიქვას ღმერთი – მას უნდა მივაწოდოთ არა ფორმალური ცოდნა, არამედ, შევძლოთ დავანახვოთ ის ცეცხლი, რომელიც მაცხოვარმა მიწაზე მოიტანა, რათა მთელი დედამიწა ან ყოველ შემთხვევაში, ყოველი მორწმუნე გამხდარიყო შეუწველი მაყვალი, რომელიც იწვის, არის სინათლე, სითბო, შთაგონება სხვა ადამიანებისთვის. ამისთვის კი საჭიროა ყრმას თავისი ცხოვრებისეული მაგალითით შევაცნობინოთ ცოცხალი ღმერთი. სულიერი მოძღვარი მეუბნებოდა: „არავის ძალუძს განერიდოს ქვეყნიერებას და მიეახლოს მარადისობას, თუ ერთი ადამიანის თვალებში მაინც ვერ დაინახავს მარადიული ცხოვრების ნათელს.“ ამ ყველაფრის მოწოდებაა საჭირო: ცოცხალი ღმერთის, ცოცხალი რწმენის. სხვა დანარჩენი კი თავისით მოვა…” – მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი. ბავშვების ქრისტიანული აღზრდის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).
– სანამ უშუალოდ ბავშვების აღზრდაზე ვისაუბრებდეთ, მინდა გითხრათ, როგორი უნდა იყოს ქრისტიანული ოჯახი. ქრისტიანისთვის ცხოვრების მეგობრის, თანამგზავრის არჩევა დიდი და მეტად საპასუხისმგებლო საქმეა. ქრისტიანულ ქორწინებაზე უფლის სიტყვა – „ბიბლია” შემდეგს ამბობს: „იყავით ორნი ერთ ხორც.” ესე იგი ქორწინებაში „ორნი“ შეადგენს ერთ ორგანიზმს, ერთ სიცოცხლეს. ქრისტიანი ცოლი, უპირველესად, ქმარზე ფიქრობს. ზუსტად ასევეა ქმარიც. ის ჯერ ცოლზე ზრუნავს, მერე კი თავის თავზე. ამგვარ ღვთიურ კავშირს კი ღმერთი განამტკიცებს შემდეგი ღვთიური სიტყვებით: „რომელნი – იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს.” საერთოდ, ქრისტიანულ ქორწინებაში მყოფი ცოლისა და ქმრის სიყვარულს ისეთი უანგარო და თავგანწირული ხასიათი აქვს, როგორითაც გამოირჩევა საერთოდ ქრისტიანული სიყვარული. პავლე მოციქული ტყუილად არ ადარებს ცოლქმრულ კავშირს ქრისტესა და ეკლესიის კავშირს და ამბობს: „ქმრებო, ისე შეიყვარეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და გაწირა თავი მისთვის”. ქრისტიანულ ქორწინებაში მოსიყვარულე პიროვნებათა ერთიანობა იმდენად ყოვლისმომცველი და სრული ხდება, მეუღლეთა ურთიერთთავდადება იმდენად ღრმა და უეჭველია, რომ ისინი ყველაფერში ერთმანეთს ემსგავსებიან. ხანდახან სიბერეში გარეგნულადაც მსგავსნი ხდებიან და მათი ცხოვრება სრული თანხმობით მიედინება. რაც მთავარია, ოჯახი მხოლოდ სიმართლეზე შეიძლება აიგოს, სიცრუეზე აგებული დიდხანს მაინც ვერ გაძლებს. ამიტომაც, დღეს სწორედ სიცრუიდან, თვალთმაქცობიდან იღებს სათავეს მეუღლეთა ხშირი იმედგაცრუება და გაყრის უმსგავსო პრაქტიკა.
– მამაო, ოჯახში ასევე ცხოვრობენ მშობლები, ბავშვები. როგორი ურთიერთობა უნდა არსებობდეს მათ შორის?
– ყველა ქრისტიანულ ოჯახში „ჩვენი”, ანუ საერთო, მუდამ „ჩემზე”, ანუ პირადულზე მაღლა უნდა იდგეს. ტყუილად კი არ ატარებენ ოჯახის წევრები ერთ გვარს. ისინი მეგობრულად უნდა ცხოვრობდნენ. ქრისტიანულ ოჯახში უფროსად ჩვეულებრივ არის და, უნდა იყოს ქმარი. ვინც არ ზრუნავს საკუთარ ოჯახზე, მათზე პავლე მოციქული ამბობს: „ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავის ოჯახის წევრებზე, იგი განუდგება რწმენას და ურწმუნოზე უარესია.”
– მამა გიორგი, რატომ ხდება, რომ ხშირად მორწმუნე, კარგ მშობლებს ჰყავთ უზნეო შვილები, ან პირიქით, უზნეო მშობლებს – კარგი შვილები?
– ცნობილია წმიდა წერილიდან, რომ დიდი მამამთავრის – აბრაამის მშობელი „არრა ჰმსახურებდა ღმერთთა უცხოთა,” მაგრამ მიუხედავად ამისა, აბრაამმა ჯერ კიდევ მესოპოტამიაში მიიღო საღმრთო გამოცხადება და კურთხევა. თუნდაც ერთი და იმავე მშობლებს – ადამს და ევას, ორი სრულიად განსხვავებული ძე ჰყავდათ – აბელი და კაენი, შემდეგ კი სეთი. ამასთან დაკავშირებით, წმიდა ფილარეტ მოსკოველი გვასწავლის: „ახლახან ჩადენილი ცოდვის შხამით დამთვრალი ადამი, რომელიც უმწიფარ, კადნიერ იმედებს მიეცა, შობს კაენს – კადნიერ ცოდვილს. ხოლო კაენის უბედური შობით შეჩვენების განმცდელი, იმედებით მოტყუებული, ამაოებით დამცირებული ადამი შობს აბელს – მშვიდს, მორჩილს და უმანკოს, ბოლოს კი მწუხარებათა გაგრძელებით თვითდამდაბლებასა და მორჩილებაში დამკვიდრებული ადამიანი, მოთმინების გზით განმტკიცებული ღმერთი სასოებაში შობს სეთს – საიმედო საფუძველს თავისი შთამომავლობისა.” ანუ აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადამისა და ევას სულიერი, ზნეობრივი მდგომარეობა მათი ცხოვრების სხვადასხვა დროს განსხვავებული იყო და შვილებიც, შესაბამისად, სხვადასხვანაირი შვეს და აღზარდეს. თავისი ყოვლადძლიერი საღმრთო მადლის ზემოქმედებით, რომლითაც უფალი განკურნავს ყოველთ უძლურთ და აღავსებს ყოველთ გლახაკთ, ის ზოგჯერ მანკიერ ადამიანებსაც სათნოების სიმაღლეზე აიყვანს, ხოლო ბავშვების დაცვა ცუდი ზეგავლენისგან მით უფრო ახასიათებს. გარდა ამისა, ბევრ შემთხვევაში, მშობელთა ცუდი ზეგავლენა მნიშვნელოვნად სუსტდება სხვა კეთილმსახურ ადამიანთა გავლენით. დამეთანხმებით, რომ შეიმჩნევა ასეთი მოვლენაც, რომ ბავშვები არახელსაყრელ ვითარებაში იზრდებიან და მიუხედავად ცუდი ზეგავლენისა, მაინც კეთილწესიერ ადამიანებად შეეძინებიან საზოგადოებას. ეს უმეტესწილად, ნიჭიერ ადამიანს ძალუძს, რომელიც სიცოცხლესთან ერთად, ღმერთისგან ორ ან ხუთ ტალანტს იღებს. ღვთისგან ბოძებული გამორჩეული ნიჭის ძალით ასეთი ბავშვები პოულობენ საკუთარ თავში იმის ძალას, რომ შეეწინააღმდეგონ ცუდ ზეგავლენას და კეთილად აღიზარდონ. ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეული ბავშვები, რომელთაც არ აქვს საკუთარ თავში იმის ძალა, შეეწინააღმდეგონ ცუდ ზეგავლენას და კეთილად აღიზარდონ, რომელთაც არ აქვთ მონაცემები დიდი, სახელოვანი მომავლისა, თითქმის ყველა შემთხვევაში, ითვისებენ იმ უჯერო ზნე-ჩვეულებებს, რომელთა შორისაც აღიზრდებიან – ისევე, როგორც არაჯანსაღი ჰავის ზეგავლენით ადამიანები ავადდებიან. რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ასაკით უფროსები ყველა სათნოებაში მაგალითს აძლევდნენ უმცროსებს და არანაირად არ უნდა უწყობდნენ ხელს მათ ცდუნებას. წმიდა ეფრემ ასური ბრძანებს: „თუკი ჩვენ, მოზრდილნი არ ვართ მორჩილნი, როგორ შევძლებთ მოზარდები განვაწყოთ მორჩილებისთვის? თუკი ჩვენ მივეცემით ნაყროვანებას, ღვინის სმასა და სიძუნწეს, როგორღა შევძლებთ ბავშვებს შთავაგონოთ თავშეკავება, უბრალოება და გულუხვობა მოწყალებაში? თუკი თვითონ ვართ გაფანტულნი, მრავლისმეტყველნი და დაუდევარნი, მერყევნი, ჭაბუკებს როგორღა ვასწავლით სიდინჯეს, მდუმარებასა და შეურყეველ რწმენას?” წმიდა ანტონ დიდი ამბობს: „როგორადაც ცუდი წყალი წაახდენს კარგ ღვინოს, ასევე უჯერო საუბრები წაახდენს ცხოვრებითა და გულით კეთილ ადამიანებს.” წუთისოფელში ხშირად ხდება, რომ მშობლები თავიანთი შვილების აღზრდას ამა თუ იმ ცხოვრებისეული გზით წარმართავენ, რის გამოც, ისინი ბავშვების მიდრეკილებებისა და სურვილების საპირისპიროდ ირჯებიან, ხანდახან უსამართლოდაც იქცევიან. მის წინააღმდეგ მოციქული პირდაპირ ამბობს: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.” გადამეტებული, ძნელად ასატანი მომთხოვნელობა ბავშვებში ხშირად მხოლოდ გულგატეხილობასა და სევდას იწვევს. განსაკუთრებით კი ვერ იტანენ უსამართლობას. თუმცა, ისიც უარესია, როდესაც მშობლები მეტისმეტად ანებივრებენ შვილებს, ძალზე შემწყნარებელნი არიან მათ მიმართ და ხშირად ტოვებენ უმეთვალყურეოდ.
– მამაო, ხშირად მშობლები, ბებია-ბაბუები და მასწავლებლები ბავშვებს ცუდი საქციელის ჩადენისას ეუბნებიან: ღმერთი დაგსჯის, ღმერთი მოგკლავსო. ეს, რა თქმა უნდა, ბავშვებზე ცუდ გავლენას ახდენს და ხშირად მათ უფლის მიმართ სიყვარული კი არა, შიში უჩნდებათ.
– ეს არ არის ღმერთის შიშის სწორი შთაგონება. ეს მისი ყველაზე უგვანო სახეა. ამ სიტყვებში, მეტწილად, გამოიხატება მრისხანება, გაღიზიანება, მოუთმენლობა, კრძალულება და ღმრთის შიშის უქონლობა. მშობლებს ეზარებათ ბავშვებს საკუთარი საქციელის უგუნურება განუმარტონ და ამიტომ, ღვთის სახელით აშინებენ. შესაბამისად, ეს ბავშვებში გაღიზიანებას, მრისხანებას, უპატივცემულობას ბადებს. ამიტომ, ამ საკითხს მშობლები დიდი სიფრთხილით უნდა მიუდგნენ. თუმცა, ღვთის შიში ადამიანს ადრეული ბავშვობიდან უნდა ჩაენერგოს, ამისთვის კი საჭიროა, მშობლებისა და აღმზრდელების ხანგრძლივი და სისტემატური ზემოქმედება ბავშვზე, არა მხოლოდ კეთილი დარიგებებითა და შთაგონებით, არამედ შესაფერისი აზრებითა და განწყობილებით, მაგრამ უპირველესად და უმთავრესად – ცხოვრების მაგალითით.
– შვილებსაც ხომ აკისრიათ მშობლების მიმართ გარკვეული მოვალეობები?
– შვილებს მშობლებზე ნაკლებად არ უნდა ახსოვდეთ თავიანთი მოვალეობები. მეხუთე მცნებაც სწორედ ამას არიგებს მათ: „შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ის სამართლიანია.” რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა სამართლიანობის დაცვით არის გამოწვეული. თუმცა, თანამედროვე რეალობაში ეს მცნება ხშირად ირღვევა. ბავშვებიც კი, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ გულწრფელად და მტკიცედ უყვართ თავიანთი მშობლები, ხშირად მათ ყურს არ უგდებენ და პატივს არ სცემენ. არადა, სიყვარული უკავშირდება თავად მორჩილებას. რაც უფრო იზრდებიან ასეთი ბავშვები, მით უფრო თავნება ხდებიან. წმიდა წერილი გარკვევით ბრძანებს: „ვინც აუგს ამბობს თავის მამაზე ან თავის დედაზე, სიკვდილს უნდა მიამთხვიონ იგი.” ცხოვრებაში ბევრია მაგალითი, როგორ მძიმედ, ხანდახან სიკვდილითაც სჯიდა უფალი მამისა და დედის შეურაცხყოფისთვის. ტყუილად კი არ ამბობენ: „დედის ლოცვა ცეცხლსა და წყალს გადაარჩენს,” მაგრამ საშინელ უბედურებას მიიღებს, ვინც მშობლის წყევლას დაიმსახურებსო.