კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დოზით მიიჩნევს სოფო ბედია თავს გამარჯვებულად და პრიმად ცხოვრებაში და ვის გამო იღებს ის მსხვერპლს

მომღერალმა სოფო ბედიამ ეს ზაფხული ოჯახთან ერთად გაატარა და, როგორც თავად ამბობს, ცეკვა-თამაში არ მოჰკლებია. ის ახლა კლიპის გადაღებას გეგმავს და კიდევ ბევრი საინტერესო საქმე აქვს. როგორც სოფოსგან შევიტყვეთ, უცხოეთიდანაც არის დაინტერესება და, არ არის გამორიცხული, სულ მალე სარფიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი.

სოფო ბედია: საკმაოდ კარგად დავისვენე ჩემს ოჯახთან და ჩემს პატარა ნიკოლოზთან ერთად და თბილისში დაბრუნებულმა, ისევ საქმეებზე დავიწყე ფიქრი. ისე, რომ გითხრათ, ძალიან დავისვენე-მეთქი, მოგატყუებთ, რადგან, ჩემს შვილთან ერთად დასვენება, გამორიცხულია. ორწლინახევრისაა, სულ გიჟობს, ცელქობს, დარბის და მასთან ერთად მეც მიწევს სიგიჟეების ჩატარება (იცინის).
– ვიცი, კლიპის გადაღებას გეგმავ. სპონსორი იშოვე თუ საკუთარი ფინანსების იმედით ხარ?
– მართალია, კლიპის გადაღებას ვგეგმავ ნანა ბალახაშვილის სიმღერაზე „იებით ხელში”. ეს სიმღერა იმდენად სადა და თბილია, რომ, არ მინდა, გადატვირთული იყოს ზედმეტი სცენებით და მინდა გამოვიდეს, ლამაზი და სანახაობრივი კლიპი. ვნახოთ, რა გამომივა. რაც შეეხება ფინანსებს, სად მყავს პროდიუსერი და დამფინანსებელი?! (იცინის). დღეს ვინ ვის აფინანსებს, მით უმეტეს, თუ პატიოსნად ცხოვრობ? ამიტომ, ჩემს თავს საჩუქარს თავად ვუკეთებ და ჩემი პირველი კლიპის დაფინანსებას საკუთარ თავზე ვიღებ.
– „ჯეოსტარის” მონაწილეები მთელ საქართველოში ატარებდნენ წელს კონცერტებს. შენ რატომ თქვი უარი ამ კონცერტებში მონაწილეობის მიღებაზე?
– ისევ და ისევ ჩემი შვილის გამო. შარშან რომ ვიყავი ჯეოსტარელებთან ერთად ამ ტურნეში და ჩამოვედი, ჩემი შვილი ისეთ ისტერიკაში დამხვდა, ნუ იტყვით. ვერ ძლებს უჩემოდ, მოწებებულია და, ამიტომ, ამ ტურნეზე, სადაც საოცარ დროს ვატარებთ ხოლმე, უარი ვთქვი.
– ესე იგი, მის გამო მსხვერპლის გაღება გიწევს?
– რა თქმა უნდა, ეს მსხვერპლია, აბა რა! თუმცა, შვილის გამო ამ მსხვერპლის გაღება, მერწმუნეთ, ნამდვილად ღირს. საწუწუნო არაფერი მაქვს: მე, როგორც ქალი, ბედნიერი ვარ. მყავს უსაყვარლესი მეუღლე და შვილი, უერთგულესი ახლობლები, ვაკეთებ ჩემთვის საყვარელ საქმეს არცთუ წარუმატებლად და, ეს, მგონი, საკმარისი უნდა იყოს, რომ ვთქვა, ბედნიერი ადამიანი ვარ-მეთქი. მართალია, უფრო დიდი გეგმები მქონდა ცხოვრებაში, მაგალითად, უფრო კარგად წარმოჩინდებოდა ჩემი ნიჭი უცხო ქვეყანაში, მაგრამ, საქართველოშიც კარგად ვგრძნობ თავს. ცოტა რთულია, დამფინანსებლის გარეშე, პატიოსანი გზით გააკეთო ბევრი რამ, მაგრამ, რას ვიზამთ. მე რასაც ვაკეთებ, ის მიფასდება. არც კონცერტებზე მბლოკავენ და არც რაიმე შეზღუდვები მაქვს, თუმცა, მეტი მინდა გავაკეთო და, ვიცი, ეს შემიძლია. ისე, როცა ხალხს უყვარხარ, „ჯოესტარის” გამარჯვებულიც ხარ, პრიმაც ხარ და ყველაფერიც. ამას კი მე დიდი დოზით ვგრძნობ.
– თქვი, უცხოეთში დიდი გეგმები მქონდაო. როგორც ვიცი, შენ არაერთგზის გამარჯვებული გახდი უცხო მხარეში და, თუ არ ვცდები, არაერთი შემოთავაზებაც გქონდა თანამშრომლობაზე.
– მართალია, არაერთხელ გავხდი გამარჯვებული და ეს ისეთი გრძნობაა შემოქმედი ადამიანისთვის, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ბარსელონაში, საერთაშორისო კონკურსზე, სადაც 22 ქვეყნის წარმომადგენლები გამოდიოდნენ, პირველი ადგილი ავიღე. ასევე, ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ, ბათუმში, „ხავერდოვანი ბათუმის” გამარჯვებული გავხდი. რაც შეეხება მიწვევებს, ისრაელიდან მაქვს მიწვევა, საუბარია კონტრაქტზე და, ალბათ, მოვაწერ ხელს.
– ისრაელში მოგიწევს გადასვლა?
– არა, იქ საცხოვრებად არ გადავალ. უბრალოდ, როცა კონცერტები, ბანკეტები, ქორწილები და ასეთი გრანდიოზული რაღაცეები იქნება, მაშინ ჩავალ. თან, იქ ამ ღონისძიებების სასწაულ დონეზე გაკეთება იციან. კარგი შემოთავაზებაა და სოლიდურ თანხებზეა საუბარი. ასე დადის ბევრი ჩვენი წარმატებული და ცნობილი მომღერალი, მაგალითად, ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი და ასე შემდეგ. ასე რომ, ჩემთვისაც კარგი შემოთავაზებაა. ახლა „ფაეტონში” და „ბაბილოში” ვმღერი. ჩემს შესაძლებლობებს მაქსიმალურად ვხარჯავ. იქ მოსულ ბევრ უცხოელ სტუმარს უთქვამს, ეს თქვენი ადგილი არ არისო. მეპატიჟებიან კიდეც ლატვიაში, საბერძნეთში, უკრაინაში, მაგრამ, მე იქ მარტო ვერ წავალ, ჩემს ქმარსა და შვილს კი არავინ ეპატიჟება (იცინის). ოჯახი რომ არ მქონდეს, შემოქმედების კუთხით, ნამდვილად წინ წავიდოდი, მაგრამ, ამას არ ვნანობ. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ გათხოვილი ქალი ისე ვერ „იქაჩება” კარიერაში, როგორც გასათხოვარი (იცინის).
– სოფო, შენი მეუღლე თუ ეჭვიანობს, როცა რესტორნის სცენაზე დგახარ, მღერი და სიმღერის შემდეგ უამრავი თაყვანისმცემელი გიკრავს ტაშს?
– არა, ეჭვიანი ნამდვილად არ არის, თუმცა, საეჭვიანოც არაფერი აქვს. რატომ უნდა იეჭვიანოს, თუ ვინმე ყვავილებს მომართმევს და ხელზე მეამბორება? პირიქით, მას ჩემდამი ასეთი ყურადღება სიამოვნებს. მე მას ვენდობი და ისიც ასევეა ჩემ მიმართ. თავადაც მუსიკოსი და მომღერალია და მხარში მიდგას. თუ რაიმე წარმატებას ვაღწევ, ეს მიშიკოსაც ჩემსავით უხარია და განიცდის. მან იცის, რომ მე მომღერალი ვარ და სცენაზე უნდა ვიდგე; რომ უნდა მისმინონ და ტაში დამიკრან და აქ საეჭვიანო რა არის?! თან, ისიც კარგად იცის, რომ სიმღერისა და სცენის გარეშე ნამდვილად მოვკვდები. შეიძლება, ბევრ კაცს ჩემთვის ვერ გაეგო, მაგრამ, ამ მხრივ ჩემი ქმარი გამონაკლისია. ზოგი ქმარი „გაჭედავდა“ – ორ რესტორანში მღერი, სახლში გვიან მოდიხარ, ბავშვს ვერ აქცევ დიდ ყურადღებასო, მაგრამ, მიშიკომ იცის, რომ სიმღერა ჩემი პროფესიაა და ამის დაშლა ჩემთვის ცხოვრების დასასრულია. ხმამაღლა ვამბობ: მე მიშიკოს გარდა, ვერავინ გამიგებდა.
– წარმოშობით მეგრელი ხარ, ამ კუთხის ქალები კი განსაკუთრებული კულინარობით და გურმანობით გამორჩევიან. არ მეთანხმები?
– ამაში ნამდვილად გეთანხმებით. ჩემი ქმარი გიჟდება ჩემს მომზადებულ საჭმელებზე. ხანდახან, როცა ამას ვერ ვახერხებ, შევვარდები მაღაზიაში და მზა კერძებს ვყიდულობ და მიშიკო წუწუნებს ხოლმე – რა არის, მომენატრა შენი გაკეთებული საჭმელი, ეს რაებს მაჭმევო (იცინის). სამწუხაროდ, საკუთარი სახლი არ გვაქვს და ქირით ვცხოვრობთ. აი, როცა სახლს ვიყიდი, დიდ სუფრას გავშლი, ყველა კერძს ჩემი ხელით მოვამზადებ და ყველა ნაცნობ-მეგობარს დავპატიჟებ გემრიელი მეგრული კერძების დასაგემოვნებლად. აქამდე, კლიპს გადავიღებდი კი არა, დისკსაც გამოვუშვებდი და მთლიანად გადავეშვებოდი შემოქმედებით მუშაობაში, მაგრამ, კაპიკს კაპიკზე ვადებთ, რომ ბინა ვიყიდოთ. პატარა ბიჭი მყავს, ბინის ყიდვის მერე კი, ჩემნაირ, პატარა, საყვარელ, კიკინებიან გოგონაზეც ვიფიქრებ (იცინის).
– სოფო, მეგრელი ქალები ცოტა რთული ხასიათით გამოირჩევიან და ძალზე აქტიურები არიან. ძმის ცხოვრებაში თუ ერევი და როგორი მული იქნები სამომავლოდ?
– (იცინის) მარტო მეგრელი ქალები გამოვირჩევით? რა ვიცი, მე ასე არ მგონია. თუმცა, აქტიური ნამდვილად ვარ. რაც შეეხება, ჩემი ძმის პირად ცხოვრებაში ჩარევას, ეს გამორიცხულია. ისე, ყოფილა შემთხვევები, გაუცნია გოგონა და მითქვამს, შენ უკეთესს იმსახურებ-მეთქი. ბორია იმდენად მიამიტი, ბავშვური და ალალია, რომ, მინდა ხოლმე, ის მისი რჩეული გოგონა „შიგნიდან” დავინახო და მერე ეს დელიკატურად ავუხსნა ჩემს ძმას. მაგრამ, თავისი პირადი ცხოვრება მხოლოდ მისი საქმეა და ვერანაირად ვერ ჩავერევი. თუმცა, ვინც არ უნდა აირჩიოს, კარგი მული ვიქნები, რადგან კონფლიქტური არ ვარ და მიყვარს მშვიდი და გაწონასწორებული ურთიერთობა. ისე, როგორც ვიცი, ხელოვანი ცოლი არ უნდა, მაგრამ უნდა მისი ხელოვნების კარგი შემფასებელი (იცინის). ყველაფერი ღმერთის ნებაა, ამიტომ, რაც არ უნდა ჩავერიო და ვუხსნა, ის იქნება მისი ბედისწერა, რაც ზემოთ გადაწყდება. ახლა ბორია დიდ კლასიკაში მიდის – აქტიურად მუშაობს, გამოცდებისთვის ემზადება და იტალიაში წავა. რომ დავინახო ჩემი ძმა „ლა სკალას“ სცენაზე დგას და მღერის, ალბათ, სიხარულისგან მოვკვდები. თუმცა, ვიცი, ეს აუცილებლად მოხდება და, უნდა ნახოთ, როგორ ველოდები.

скачать dle 11.3