როგორ გაიარა ასტრალი გიორგი აფციაურმა თურქი ბარმენის დაპატიჟების შემდეგ და რას სთავაზობდა მას კოკოითი
პაროდისტი გიორგი აფციაური, ერთი შეხედვით, საკმაოდ თბილი და გულღია ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ ეკრანიდან აქტიური, მოძრავი და კომუნიკაბელური ჩანს, ეს ასე სულაც არ არის. ის რეალურ ცხოვრებაში მოკრძალებული, მშვიდი და გაწონასწორებული აღმოჩნდა. გიორგი დოქტორანტურაში ჩაბარებას გეგმავს და ეს მიზანი უკვე დასახული აქვს. მისთვის ტელევიზორში გამოჩენა წარმატების პიკს ნამდვილად არ ნიშნავს და ცდილობს, უფრო მეტი გააკეთოს, ამ ცხოვრებაში საკუთარი, მყარი ადგილი დაიმკვიდროს და მომავალში ნამდვილი ტრადიციული ქართული ოჯახი შექმნას.
– ბევრი ამბობს, ზაფხული ერთი პატარა ცხოვრებაა, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოიყენო ადამიანმა: დაისვენო, დრო ატარო და მომავალში საკურორტო რომანები გაიხსენოო. შენ თუ გაიარე ეს „პატარა ცხოვრება“ და სად მოასწარი დასვენება და დროსტარება?
– წელს მომთაბარული დასვენება გამომივიდა: ბათუმშიც ვიყავი რამდენიმე დღე, მერე ქობულეთში, სუფსაში და, შიგადაშიგ კონცერტებიც იყო, მაგალითად, სენაკსა და რაჭაში. ასე რომ, არ მიმაჩნია, თითქოს ზაფხულში ერთი პატარა ცხოვრება გავიარე, რადგან ასეთი პატარ-პატარა ცხოვრებები ჩემს თავს ყოველდიურად ხდება, თანაც, არა მარტო ზაფხულში. ყოველი დღე ჩემთვის ერთი პატარა ცხოვრებაა.
– ისე ლაპარაკობ, ეჭვი გამიჩნდა, რომ შენს პირად ცხოვრებაში სიახლეა. მართალი ვარ?
– გეთანხმები. ჩემს პირად ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, ვისზეც ვფიქრობ, განვიცდი, ვღელავ და გულიც სხვანაირად მიცემს. თუმცა, მოდი, ჯერ ამასთან დაკავშირებით ნუ ჩამეძიებით, მაინც ვერ გეტყვით. ჯერ ახალი დაწყებულია ურთიერთობა და, მეშინია, თვალი არ ეცეს (იცინის).
– ესე იგი, ქორწილში გვეპატიჟები?
– ჯერ აქამდე არ მისულა საქმე, თორემ, რა პრობლემაა? დავფიქრდები, დავგეგმავ და სტუმრების სიასაც შევადგენ.
– ტრადიციების მოყვარული ხარ და, ალბათ, ჩოხა-ახალუხში გამოეწყობი?
– ევროპულად არ გადავიხდი ქორწილს, მე ტრადიციული ქორწილი მექნება, თავისი ჩოხით, ხანჯლებითა და „მრავალჟამიერით“.
– საქორწინო მოგზაურობაში სად წახვალ?
– ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ ვერტყვიჭალაში არ გავატარებ თაფლობის თვეს, მთლად, ასეთი პატრიოტიც არ ვარ (იცინის).
– კაცებს მოსწონთ დიასახლისი ცოლები. შენი მეუღლე სამსახურიდან შინ დაბრუნებულს სამზარეულოში უნდა დაგხვდეს თუ საძინებელში?
– მარტო სამზარეულოსთვის და საძინებლისთვის არ მინდა ცოლი. არც ისეთი მოთხოვნა მაქვს, რომ სამსახურიდან შინ დაბრუნებულს ცოლი აუცილებლად ფქვილიანი ხელებით უნდა შემეგებოს სამზარეულოდან და მერე, ფქვილიანი თუ უფქვილო ხელებით საძინებელში მეახლოს. (იცინის). მთავარია ცოლი მანქანის ქვეშ, ტაოტიანი ხელებით არ დამხვდეს, თორემ ფქვილიან ხელებს ავიტან. (იცინის). ასევე, შეიძლება, ერთ დღეს მიხვიდე სახლში და ცოლი სამზარეულოში დაგხვდეს, მეორე დღეს – საძინებელში, მესამე დღეს – აივანზე, მეოთხე დღეს კი საერთოდ აღარ დაგხვდეს – ამას წინასწარ ვერ გათვლი. საერთოდ, ძალიან ერთგული ვარ და ამავეს მოვითხოვ საყვარელი ადამიანისგან, ან, თუნდაც, ნახევარს – ესეც საკმარისი იქნება ჩემთვის. ისეთი რთულიც არ ვარ, ურთიერთობებში „ვჭედავდე”, უბრალოდ, მიზანდასახული ვარ და ამაში უნდა გამიგოს საყვარელმა ადამიანმა. ბედისწერაზე მეტად იღბლის მჯერა და მგონია, ჩემი შრომითა და მიზანდასახულობით, ცხოვრებაში ნამდვილად ვიქნები იღბლიანი. ისე, ლატარიის ბილეთების ყიდვითა და ფეხიფეხზე გადადებით გავხდე მილიონერი, არ მინდა. მირჩევნია, ჩემი შრომით ვიშოვო მილიონები და არა ერთი ლატარიის ბილეთით. ისე, იმდენი ფული მინდა, რამდენიც მეკუთვნის. (იცინის).
– შენი მეგობრები ამბობენ, გიორგის უცნაური სიზმრები აქვსო. რას გულისხმობენ?
– რას და, ერთი და იგივე სიზმარი მესიზმრება, უკვე წლებია: თითქოს შვიდი-რვა კაცი მომდევს და მე გავრბივარ. დავიტანჯე, ვერ გავიგე რა უნდათ. ერთხელ კოკოითი დამესიზმრა, თეთრები ეცვა და მეძახდა – მოდი, მოდიო. არ მივედი. გამომეღვიძა და წყალს მოვუყევი.
– თეთრები რომ ეცვა, ეს კარგია.
– ჰო, რა ვიცი. მთავარია, მისი მოკავშირე არ გავხდი და გადავრჩი. კოკოითს სულს როგორ მივყიდი, ღმერთმა დამიფაროს!..
– ვიცი, თავგადასავლები გიყვარს. მეგობრებთან ერთად უცხოეთში ხშირად გიწევს მოგზაურობა. ალბათ, ბევრი მოსაყოლიც გაქვს, არა?
– რასაკვირველია, როცა უცხოეთში მიდიხარ მეგობრებთან ერთად, ნამდვილად ბევრი თავგადასავალი და საინტერესო ამბავი გიგროვდება მოსაყოლად. ცოტა ხნის წინ ამერიკაში გახლდით. იმდენი ქართველი დაგვხვდა იქ, მეგონა ისევ სამშობლოში ვიყავი. მანჰეტენის ნაცვლად, მთელი ქართული რესტორნები მოვინახულეთ, თავისი სმა-ჭამით, ტაშ-ფანდურითა და ჰარი-ჰარალეთი. ბოლოს, ვთქვით, სირცხვილია, კაცო, ვნახოთ ეს მანჰეტენი, რომ ჩავალთ საქართველოში და გვკითხავენ, თუ იყავით, ხომ უნდა გავიმარიაჟოთო (იცინის).
– ამერიკაში, როგორც ვიცი, პირველად იყავი. ოკეანეს რომ გადაუფრინეთ, თუ ჩაგაცვეს ჟილეტები და დაგირიგეს სასტვენები?
– უი, არა! ეგ რად მინდოდა?
– ღმერთმა დაგვიფაროს და, ჟილეტები იმისთვის, რომ რამე მოხდეს და წყალში გაძლო კაცმა, სასტვენი კი – ზვიგენები რომ დააფრთხო, რასაკვირველია, თუ ბედი გწყალობს და ყრუ ზვიგენს არ წააწყდი კაცი.
– ისე მშვიდად ვიფრინე, კატასტროფაზე არც კი მიფიქრია. აი, ჟილეტი და სასტვენი რომ მოეცათ, უფრო დავფრთხებოდი (იცინის). არც სასმელი დაგვილევია ბიჭებს.
– რატომ, ამერიკისთვის ფხიზელი თვალით რომ შეგეხედა?
– (იცინის) რა ვიცი, ალბათ. ამერიკის მიწაზე რომ დავდგი ფეხი, არანაირი განცდა არ მქონდა, მაგრამ, აქ რომ დავბრუნდი, მერე კი ჩავვარდი განცდებში. თვითმფრინავი რომ აფრინდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, სახლს ვტოვებდი და, კიდევ, იმის იმედი, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი. მოკლედ, დიდი პატრიოტი ადამიანი ვარ და ვერც სახლიდან შორს გავძლებ დიდხანს. იქ ხალხიც ცივია. მაღაზიაში რაღაც ვიყიდე. გამყიდველს ვთხოვე, დაგიტოვებთ ცოტა ხნით და დავბრუნდები-მეთქი. გადაირია – რას დამიტოვებ, რის დამიტოვებ, ახლავე მოკიდე ხელი და წაიღეო. აქ კი, დატოვე, თუ გინდა, ერთი კვირა, რა პრობლემაა. ერთხელ მე და ვასო ფხაკაძე თურქეთში ვიყავით და სასტუმროს ბარში ჩავედით. ბარმენს სიგარეტი მოვთხოვეთ. გვითხრა, აქ არ იყიდება, გარეთ გადით და ერთი კოლოფი მეც წამომიყოლეთო. ეტყობა, ყველას ასე ეუბნებოდა და არავის მიჰქონდა. ჩვენ კი, ვიჯიგრეთ, ალალად ვიყიდეთ და მივუტანეთ. გადაირია, თვალები გაუფართოვდა, „გურჯისტან, გურჯისტანო“, – იყვირა, ბოლოს კი გვითხრა, ახლა სასმელზე უნდა დაგპატიჟოთ და უარი არ მითხრათო. მოკლედ, გადმოაწყო ბოთლები, აურია ერთმანეთში რამდენიმე სასმელი და მოგვაწოდა. დავლიეთ, მაგრამ, რა დავლიეთ! თავიდან არაფერი, მაგრამ, სასტუმროს რომ გავცდით, მერე აღარაფერი გვახსოვს – ორივე გავითიშეთ, დავკარგეთ ერთმანეთი და ამქვეყანას არ ვიყავით (იცინის). მერე ვხუმრობდი, იმ ჭიქის დალევის შემდეგ ასტრალში გავვარდი, გვირაბის ბოლოს შუქი დავინახე, იქ ვასო იდგა და ხელს მიქნევდა, – მოდი, გიორგი, მოდიო (იცინის). ორი კვირა ვიყავით იქ და ის დღე ამ კვირებიდან ამოიშალა – აღარც კი გვახსოვს, იმ დღეს რა მოხდა. კი მივედით მერე, მაგრამ, ის ბარმენი აღარ დაგვხვდა.
– თქვი, ოკეანეს რომ გადაუფრინეთ, თავდაცვის მიზნით ჟილეტები არ ჩაგვაცვეს, თურქეთში კი ბარმენმა სასმლით გაგვთიშაო. მგონი, მტრები გყავს და შენი თავიდან მოშორება უნდათ.
– (იცინის). არა მგონია. არც აგენტები შემინიშნავს ჩემ გარშემო. ვინ უნდა მყავდეს მტერი? თუ ოპოზიციონერების პაროდიებს ვაკეთებ, მთავრობაზეც ხომ ვხუმრობ და ვაკეთებ პაროდიებს?! ეს რატომ უნდა ეწყინოს ვინმეს? არა, მტრები გამორიცხულია.
– უცხოეთში ჩასული, დავიჯერო, ლამაზი ქალით არ მოიხიბლე?
– რომ ამბობენ ხოლმე, უცხოეთში ნაშობა დადის, ისეთი ქალები ვნახეთ, თვალები დაგვებრიცაო და ასე შემდეგ, მე გეტყვით, რომ, ვერც ქალებით მოვიხიბლე და, ჩემი აზრით, კარგი ქართველი, კარგად ჩაცმული გოგო უცხოელ ქალს ნამდვილად სჯობია, ყოველ შემთხვევაში, მე მირჩევნია.