ვინ იყო ქალბატონი, რომელთანაც ალექს გარსიამ 15 დღე თბილისში გაატარა და რა ენატრება მას ძალიან
„დინამოს“ საფეხბურთო ბაზაზე ესპანელი მწვრთნელის, ალექს გარსიასთან ინტერვიუს ჩაწერის იმედით მივედი. ძალიან დიდხანს ველოდი, ვიდრე ჩემთვის მოიცლიდა, რა თქმა უნდა, თამაშების გამო. ჩემი ორი ღერი ესპანური თვალის დახამხამებაში დავხარჯე, რამაც ძალიან გაახარა. ერთად სამახსოვრო სურათიც გადავიღეთ, რაზეც სიცილით დასძინა, იმედია, მეუღლე არ იეჭვიანებსო. საკმაოდ კომუნიკაბელური ადამიანი აღმოჩნდა და ინტერვიუც უშუალო გამოვიდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გარსიას თანაშემწეს, გიორგი ყოლბაიას, რომელიც თარგმანში დამეხმარა.
– ბატონო ალექს, სანამ საქართველოში ჩამოხვიდოდით, ქვეყნის ან ჩვენი საფეხბურთო ტრადიციების შესახებ თუ იცოდით რამე?
– აბსოლუტურად არაფერი. ძალიან ცოტა ინფორმაცია თუ მქონდა ქვეყნის შესახებ, სანამ ჩამოვიდოდი, მანამდე შევკრიბე ცოტ-ცოტა. უფრო „დინამოზე” გავიგე რაღაც-რაღაცეები; ქვეყნის ისტორიის, ომის, დამოუკიდებლობის შესახებაც წავიკითხე და მოვიძიე ცნობები. მანამდე ტელევიზორიდან მქონდა გაგონილი ერთი-ორი რამ საქართველოს შესახებ.
მინდა, ბოლო მატჩზე ვთქვა რამდენიმე სიტყვა, რაც, ალბათ, როგორც ყველა ჟურნალისტს, თქვენც გაინტერესებთ: ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, თუმცა, ყველაფერი გავაკეთეთ. გუნდს აქვს აშკარა პროგრესი, მაგრამ, რას იზამ, ათენის „აეკი” კლასით გაცილებით მაღალი გუნდია. ამჟამად მცირე შესვენება მაქვს და ინტერვიუსთვის დრო გამოვნახე (იცინის). მანამდე ასეთი ფორმატით პრესისთვის ნამდვილად არ მიმიცია ინტერვიუ, მხოლოდ ერთხელ ვიყავი „ნანუკას შოუში”. უფრო სპორტული გამოცემები მეკითხებიან ხოლმე, უფრო მეტად – ბოლო თამაშზე, განსაკუთრებით კი „აეკის” მწვრთნელთან, ხიმენესთან შელაპარაკების შესახებ, თუმცა, ის ამბავი მოედანზე განვითარდა და იქვე დამთავრდა. ზოგადად კი ასეთი რაღაცეები ჩემს კარიერაში არ ყოფილა.
– ქართული ფეხბურთის ძირითად პრობლემად რა მიგაჩნიათ?
– ზოგადად ქართულ ფეხბურთზე ვერ ვისაუბრებ. „დინამოს“ მწვრთნელი ვარ და „დინამოზე” ვიტყვი, რომ, ცოტა მენტალიტეტის და ცოტა სხვა რეჟიმშია საჭირო მუშაობა, გუნდური მუშაობის, გუნდური თამაშის კულტურა გვაქვს სასწავლი, თამაშის სტილი, მიმართულება… თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ზარმაცობენ ფეხბურთელები ან რამე ასეთი – ჩემი ფეხბურთელები ზარმაცები ნამდვილად არ არიან (იცინის), მე მიჯერებენ ხოლმე.
– მკაცრი ხართ?
– ამბობენ, რომ მკაცრი მწვრთნელი ვარ. საკუთარ თავზე როგორ გითხრათ, ვარ თუ არა მკაცრი, ვფიქრობ, უფრო მომთხოვნი ვარ, მიყვარს რეჟიმი, დისციპლინა – სხვანაირად საქმე არ კეთდება. ფეხბურთელებთან შელაპარაკება არასოდეს მომსვლია, ჩემს შენიშვნებს ყოველთვის ითვალისწინებენ. ყველგან, სადაც ვარ, ვცდილობ, მეგობრები შევიძინო და არა მტრები. სპორტი და საფეხბურთო სფერო საამისოდ შესანიშნავი საშუალებაა. ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა და რატომ უნდა გადაიმტერო ვინმე? ზოგადად, როგორც ყველა ესპანელი, მეც ემოციური ვარ, მაგრამ მანოლო ხიმენესთან შელაპარაკება პირველი იყო, მანამდე მსგავსი ინციდენტი არ მქონია.
– ქართულის სწავლა თუ მოასწარით?
– ოჰ, მხოლოდ რამდენიმე სიტყვის (იცინის)! საკმაოდ რთული ენაა. „დიდი მადლობა“, „გამარჯობა“, „დილა მშვიდობისა“, „გაამოს“ (ესპანური აქცენტით ამბობს, – ავტორი). ენაც რთულია და წერაც.
ისე, სამწუხაროდ, ქალაქიდან გასვლა ვერ მოვახერხე, არადა, ძალიან მინდა. ძირითადად თბილისი დავათვალიერე და, რაც ვნახე, ყველაფერი მომეწონა. 14-ში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იხსნება და დაპატიჟებული ვარ, აუცილებლად უნდა წავიდე (იცინის). აი, ხომ ხედავთ, კულტურული ცხოვრების საქმის კურსშიც ვარ, თქვენზე მეტი ვიცი. თეატრი ძალიან მიყვარს. ძველი თბილისი ძალიან მომეწონა... გავგიჟდი ხაჭაპურზე, ხინკალზე, მწვადზე... ჩვენი სამზარეულოებიც ჰგავს ერთმანეთს, ხორცი და ბოსტნეული ჩვენც ძალიან გვიყვარს, თუმცა, თევზი ჩვენთან უფრო მეტადაა წარმოდგენილი. იმედი მაქვს, სხვა ქალაქების დათვალიერებასაც შევძლებ. უკვე დამოუკიდებლად დავდივარ ქალაქში მანქანით – გავერკვიე და გზები ვისწავლე.
– ესპანურის გარდა სხვა ენაზე თუ ლაპარაკობთ?
– კატალონიურზე (იცინის). ინგლისური ცოტა ვიცი – მესმის, რა! ასევე, მესმის იტალიური. იტალიური და ესპანური ენები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, უფრო სწორად, კატალონიური და იტალიური. იტალია ძალიან მიყვარს, დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი იქ.
– თქვენი ოჯახის შესახებ რას გვეტყვით?
– მყავს მეუღლე და ორი შესანიშნავი შვილი. ისინი ჩემთან ერთად 15 დღე იმყოფებოდნენ საქართველოში და ძალიან მოეწონათ აქაურობა, კმაყოფილები დარჩნენ. ალბათ, გაისად ზაფხულში ჩამოვლენ ისევ. ქალაქი დავათვალიერებინე. ჩემი ცოლი, ელენა, უნივერსიტეტში გავიცანი. მხატვარ-დეკორატორია და ამ მიმართულებით მუშაობდა ბარსელონაში, ამჟამად დიასახლისია. პროფესიული თვალსაზრისით, მისთვის თბილისი ძალიან საინტერესო იყო. შვილებს რაც შეეხება, უფროსი 13 წლისაა და კოლეჯში სწავლობს, უმცროსი ახლა ხდება 9 თვის.
– კარგი იქნებოდა, თქვენი შვილის ჩაწერის შესაძლებლობაც მქონოდა.
– ბარსელონაში ჩადით და... (იცინის). ბარსელონა ძალიან ლამაზი ქალაქია, ოდესმე თუ ჩახვალთ, დარწმუნდებით. ძალიან მენატრება იქაურობა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სამხრეთული ქვეყანაა, კლიმატითაც ძალიან ჰგავს ესპანეთს და თავს თითქმის სახლში ვგრძნობ.
ისე კი, სიმართლე გითხრათ, მიჭირს, ოჯახის გარეშე: მე აქ ვარ, ისინი კი – ჩემგან შორს. მადლობა ღმერთს, რომ ინტერნეტი და სკაიპი არსებობს. ჩემი ცოლი ეჭვიანი არ არის, მაგრამ, მაინც მირეკავს და მეკითხება ხოლმე, სად ვარ, რას ვაკეთებ... მე არ ვარ მექალთანე მამაკაცი და არც ისეთი სიმპათიური, ვინმემ მდიოს (იცინის). თუმცა „დინამოს” ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, ქართველები კარგი გულშემატკივრები არიან. ქუჩაშიც მცნობენ ხოლმე და ავტოგრაფს მთხოვენ...
– თქვენ უდიდესი გრანდის, „ბარსას” ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდით. როგორი იყო იქ მუშაობა?
– ათი წელი ვმუშაობდი „ბარსას” ახალგაზრდული შემადგენლობის მწვრთნელად და ნამდვილად შესანიშნავი დრო იყო, კარგად მახსენდება. სხვაგან არსად მიმუშავია, „დინამო” ჩემთვის მეორე კლუბია. მე ვმუშაობდი დღევანდელი „ბარსას” ისეთ გრანდებთან, როგორებიც არიან ლეო მესი, ბუსკეტსი, პიკე... მგონი, ამათი ჩამოთვლაც საკმარისია (იცინის). ბარსას ბრწყინვალე შემადგენლობა ჰყავს. მესის ბავშვობიდანვე ეტყობოდა, რომ გამორჩეულად დიდი ტალანტი იყო. ალბათ, მასზე უსასრულოდ ბევრი შეიძლება ისაუბროს ადამიანმა, თუმცა, რამე განსაკუთრებულ ისტორიას ახლა, სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებ.