კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

დედას ოჯახის დანგრევა ვერ ვაპატიე
მე ვარ დედაჩემის შვილი პირველი ქორწინებიდან. 3 წლის რომ ვიყავი, დედა მეორედ გათხოვდა და მეორე ქმართან ორი შვილი გააჩინა. ბიოლოგიური მამის ოჯახიდან არათუ არანაირი მემკვიდრეობა არ მიმიღია, მთელი ამ ხნის განმავლობაში (ახლა 16 წლის ვარ) ერთხელაც არავის უკითხავს, როგორი ვარ, სად ვარ, მოვკვდი თუ დავრჩი. სანამ პატარა ვიყავი, ცხადია, ვერაფერს ვხვდებოდი, მაგრამ, რომ წამოვიზარდე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მამინაცვალი არაჩვეულებრივი ადამიანი გამოდგა, მაინც მინდოდა მამის, მისი და-ძმისა და მშობლების ნახვა და, სხვათა შორის, რამდენჯერმე ვცადე კიდეც, მაგრამ მათი მხრიდან ყოველთვის ყინულის კლდე მხვდებოდა. ამას ძალიან განვიცდიდი, მაგრამ, ბოლოს თავი დავანებე – მივხვდი, რომ არავის ვუნდოდი. მამის ნახვის ყველანაირი იმედი რომ დავკარგე, მაშინ კი დავთანხმდი ჩემს მამინაცვალს და მის გვარზე გადავედი. სხვათა შორის, არასდროს მინანია, ასე რომ მოვიქეცი, რადგან, როგორც უკვე გითხარით, არაჩვეულებრივი მამობა გამიწია და თავის შვილებისგან არ მარჩევდა. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, ნამდვილი მეგობრები ვიყავით. ჩემმა ძმაკაცებმა არც კი იცოდნენ, რომ მამინაცვალი იყო. სხვათა შორის, ჩემმა და-ძმამაც გვიან გაიგეს. ძალიან მეგობრული და ბედნიერი ოჯახი გვქონდა. მაგრამ, ერთხელ დედაჩემსა და ჩემს მამინაცვალს რაღაც შელაპარაკება მოუვიდათ და იმ დღიდან მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ჩემს მშობლებს შორის უსიამოვნებები გახშირდა და უნდა ვაღიარო, რომ დედაჩემის საქციელი აშკარად არ მომწონდა – სულ რაღაცას საყვედურობდა, უფრო სწორად, აყვედრიდა თავის ქმარს, სულ რაღაცით იყო უკმაყოფილო. თავიდან მამა (ასე მოვიხსენიებ ჩემს მამინაცვალს) ცდილობდა, დაემშვიდებინა და რაღაც აეხსნა დედასთვის, მაგრამ ის თავისას გაიძახოდა – შენს ხელში უბედური ქალი ვარ, ერთი დღე არ გამიხარია. დღესაც ბევრს ვუყვარვარ და რაღა შენ შემოგაჩერდი და შენ შემოგწირე ჩემი ახალგაზრდობაო. ერთხელ შემთხვევით შევესწარი მათ ჩხუბს და, ეს სიტყვები რომ გავიგონე, თავი ვერ შევიკავე, რომ დედასთვის საყვედური არ მეთქვა (თანაც, საკმაოდ მკაცრად გამომივიდა ნათქვამი): შენ თუ ამას ამბობ, სხვა ქალებმა რაღა უნდა თქვან. თან არის მამა შენზეც და ჩვენზეც გადაყოლილი და ასეთ რამეს როგორ ეუბნები-მეთქი. რა თქმა უნდა, დედაჩემი გადაირია და ისევ ქმარს ეცა – ჩემი შვილიც კი გადაიბირე, ისეთი ეშმაკი ხარო. ამ ამბიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი დედამ ყველას გამოგვიცხადა: ამ ოჯახიდან მივდივარ. რა მინდა იქ, სადაც არავის ვუყვარვარ და პატივსაც არავინ მცემს. მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალი ვარ, სიყვარულიც მინდა, პატივისცემაც და, ამიტომ, იმასთან წავალ, ვისაც მართლა ვუყვარვარო. მერე შვილებს გვიბრძანა, თქვენც ჩემთან ერთად მოდიხართ და თქვენი ნივთები ჩაალაგეთო. ეს ისეთი შოკი იყო ყველასთვის, გონზე ვერ მოვედით. როგორც გაირკვა, დედას ვიღაც კაცი შეუყვარდა და იმის გამო ანგრევდა ოჯახს. მაგრამ, სამი შვილიდან მხოლოდ უმცროსი ძმა გაჰყვა, – სულ რაღაც 8 წლისას დედასთან ერჩივნა ყოფნა, თან, წინააღმდეგობასაც ვერ გაუწევდა. მე და ჩემმა დამ კი კატეგორიული უარი ვუთხარით დედას მასთან ერთად ცხოვრებაზე და მამასთან დავრჩით. ვერც კი აგიწერთ, რა მძიმე იყო ის დღეები და თვეები ყველასთვის – ჩემთვისაც, მამასთვისაც და ჩემი დისთვისაც. მთელი ამ ხნის განმავლობაში დედის ხმის გაგონებაც კი არ მინდოდა, თუმცა, თვითონ ცდილობდა ჩემთან და ჩემს დასთან დაკონტაქტებას. ჩემი და ტელეფონით ელაპარაკებოდა და ხვდებოდა კიდეც, მე კი ვერაფრით ვერ ვაპატიე, რომ ვიღაც კაცის გამო ოჯახი დაანგრია და ასე უცერემონიოდ მიგვატოვა. თან, ძალიან მეცოდებოდა მამაჩემი, რომელიც საშინლად განიცდიდა ცოლის წასვლას, მაგრამ, მიუხედავად დაუმსახურებლად მიყენებული წყენისა და შეურაცხყოფისა, დედაჩემზე ერთხელაც არ წამოსცდენია გადაბრუნებული სიტყვა, პირიქით, როცა ჩემი და დასაძინებლად წვებოდა და ჩვენ ორნი მარტონი ვრჩებოდით, სულ საკუთარ თავს ამტყუნებდა – ქალია და, ალბათ, ყურადღება და ზრუნვა დავაკელიო.
რამდენიმე თვის შემდეგ კი დედა ისევ ჩვენთან დაბრუნდა თვალცრემლიანი და დარცხვენილი. დავინახე თუ არა მისი ჩანთები და ჩემოდნები, მისი ცრემლიანი თვალები, მაშინვე ყველაფერს მივხვდი, მაგრამ, გახარების ნაცვლად მისმა დანახვამ უფრო აღმაშფოთა და გამაღიზიანა. მაშინვე ჩავიცვი და სახლიდან წავედი – არ შემეძლო ჩემთვის უკვე გაუცხოებული ქალის დანახვა და მისი მონანიების მოსმენა. თან, აღარც იმ სცენის ნახვის თავი (სურვილზე აღარაფერს ვამბობ) მქონდა, რაც დედას მამაჩემთან უნდა გაეთამაშა.
დარწმუნებული ვიყავი, რომ მამა უხეშად არაფერს ეტყოდა დედაჩემს, მაგრამ, არ აპატიებდა, თუმცა, შევცდი: ყოფილმა ქმარმა ისეთი სითბოთი და პატივით მიიღო ყოფილი ცოლი, თითქოს სხვა კაცისგან კი არ დაბრუნდა, რამე დიდ და კეთილშობილ საქმეზე იყო წასული.
მას მერე ორი თვე გავიდა. მე დღემდე ჩემს მეგობართან ვცხოვრობ. მამაჩემი ყოველდღე მირეკავს და მეხვეწება, რომ სახლში დავბრუნდე, რომ დედას უნდა გავუგო და ვაპატიო, მაგრამ, ჯერჯერობით არ შემიძლია, არ ვარ ამისთვის მზად და ისიც არ ვიცი, რომც დავბრუნდე, ოდესმე ვაპატიებ თუ არა.
ცოტნე, 16 წლის.

დედინაცვალი ჩემი გულის მოგებას ცდილობს
3 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ მამამ შვილიანი ქალი შეირთო ცოლად. მასაც თითქმის ჩემი ტოლი გოგონა ჰყავდა და იფიქრა, ბავშვებს ერთად გავზრდითო (ზუსტად ისე მოხდა, როგორც ზღაპრებშია). პირველ ხანებში დედინაცვალი, თურმე, კარგად მეპყრობოდა (მე ისეთი პატარა ვიყავი, წესიერად არც კი მახსოვს) ერთი წლის თავზე კი ბიჭი გააჩინა ანუ, ჩემი ნახევარძმა და ისე შეიცვალა ჩემ მიმართ, მეზობლებიც კი აღშფოთებულები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ სახლში, რომელშიც ყველანი ერთად ვცხოვრობდით, დედაჩემის იყო (მამა ჩასიძებული გახლდათ), მაინც ღარიბი ნათესავის როლში აღმოვჩნდი. დედას მშობლებიც აღარ იყვნენ ცოცხლები, რომ ვინმე დამცველი და გულშემატკივარი მყოლოდა, დეიდაჩემი კი სხვა სოფელში იყო გათხოვილი და ვერ იცლიდა, რომ ხანდახან მაინც ვენახე. წელიწადში ერთხელ ან ორჯერ თუ მოახერხებდა ხოლმე ჩამოსვლას. თანაც, დის სიკვდილის შემდეგ უმძიმდა მის სახლში მოსვლა.
ნათქვამია, როცა ბავშვს დედინაცვალი ჰყავს, მამაც მამინაცვლად იქცევაო და მართალიც არის. მამაჩემი, რომელიც დედაჩემის მიმართ საკმაოდ მკაცრი, მომთხოვნი და უხეში იყო (ეს მერე გავიგე მეზობლებისგან), მეორე ცოლს სულ თვალებში შესციცინებდა და მზად იყო, მისი ყველა ნება-სურვილი აესრულებინა. თან, მეც უკვე წამოზრდილი ვიყავი და აშკარად ვხედავდი, როგორ ჰყავდა ჩემს დედინაცვალს მამაჩემი ყურით დაჭერილი.
ქალაქში ოჯახის შინაური ამბები ისე არ ჩანს და არ ხმაურდება, მაგრამ, ჩვენ სოფელში ვცხოვრობდით, სოფელს კი არაფერი დაემალება. მამაჩემი დილით მიდიოდა სამსახურში და გვიან საღამოს ბრუნდებოდა (რაიონულ ცენტრში მუშაობდა) და არც კი იცოდა, სინამდვილეში რა ხდებოდა მის ოჯახში. მთელი ბავშვობის განმავლობაში მოუთმენლად ველოდი საღამოობით მის მოსვლას, მინდოდა, გაეღიმა ჩემთვის, შევექე, მომფერებოდა, მაგრამ, სახლში ფეხის შემოდგმისთანავე ცოლი ისეთ რამეებს ეტყოდა ხოლმე ჩემზე, განრისხებული ჩემი უვარგისობით (რამდენჯერ გამიგონია, სხვებთანაც რომ უთქვამს, უფროსი შვილი უვარგისი მყავსო), მიყვირებდა, კარგადაც გამლანძღავდა და მიბრძანებდა, ახლავე გაეთრიე ოთახიდან და, სადაც მე ვარ, იქ შემოსვლა არ გაბედოო. მე კი, შიშით, დარდით, ტკივილითა და დაუმსახურებელი შეურაცხყოფით გულგახეთქილი, ტირილსაც კი ვერ ვბედავდი, გავდიოდი სახლიდან, ვიჯექი ღობის ბოლოში დაღამებამდე და დედას ვნატრობდი. რომ დაღამდებოდა, ჩუმად შევიპარებოდი ხოლმე სახლში და საკუჭნაოში გაშლილ ეგრეთ წოდებულ „ლეჟანკაზე” ვწვებოდი. დედაჩემისეული ორსართულიანი სახლიდან ჩემმა დედინაცვალმა ჩემთვის მხოლოდ საკუჭნაო გაიმეტა და მამაჩემს ეს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნდა. რამდენჯერ უთხრეს მეზობლებმა, შენს ცოლს შენი უფროსი შვილი მონად ჰყავს ქცეული, წესიერად საჭმელსაც არ აჭმევს და სცემს კიდეცო, მაგრამ მამას არ სჯეროდა, ის კი არა, რამდენიმე მეზობელს წაეჩხუბა და დაემდურა კიდეც – ჩემს ცოლს იმიტომ ვერ იტანთ, რომ ყველას გჯობიათ და ტყუილებს უგონებთო. არც კი მოსვლია აზრად, გადაემოწმებინა მათი სიტყვები, ისე ბრმად სჯეროდა ცოლის.
სკოლაში მე რომ მეხუთე კლასში ვსწავლობდი, ჩემი დედინაცვლის მოყოლილი შვილი, მაკა, მეოთხეში იყო. ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ, მე სკოლის დამთავრებამდე საუკეთესო მოსწავლედ ვითვლებოდი, მაკას კი დედამისის შიშით უწერდნენ „სამიანებს,” რომ კლასში არ ჩარჩენილიყო. სკოლა ოქროს მედალზე რომ დავამთავრე, მარტო იმიტომ მიხაროდა, იქნებ, მამაჩემმა ახლა მაინც მაღიაროს-მეთქი, მაგრამ, თქვენც არ მომიკ ვდეთ! მედალი რომ ვაჩვენე, ზედ არც კი დაუხედავს, ისე მითხრა, ეს ყველაფერი ნათელას (ჩემი დედინაცვლის) დამსახურებაა და მას უნდა უმადლოდე, თანაც, მაკა მაინც ყველაფერში გჯობნისო. ჰოდა, ამ ჩვენმა ნაქებმა მაკამ, მეთერთმეტე კლასში რომ გადავიდა, ერთ დღესაც, დაჰკრა ფეხი და სოფელში მეზობელთან სტუმრად ჩამოსულ ბიჭთან ერთად გაიპარა, რომელიც ქურდი და რეციდივისტი აღმოჩნდა და ცოლიც ჩაითრია თავის საქმიანობაში, რის გამოც, გათხოვებიდან ორი წლის შემდეგ მაკა და მისი ქმარი ერთად დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. ჩემმა უმცროსმა ძმამ ითაკილა ასეთი დის ყოლა და სკოლის დამთავრებისთანავე თვითონ მოითხოვა ჯარში წასვლა. შორეულ აღმოსავლეთში მსახურობდა ორი თუ სამი წელი და მერე იქვე დარჩა საცხოვრებლად. ასე რომ, მამაჩემი და ჩემი დედინაცვალი ჩემ ამარა დარჩნენ. მე უკვე დამთავრებული მქონდა სამედიცინო ინსტიტუტი, რაიონის საავადმყოფოში ვმუშაობდი და, როგორც ექიმს, კარგი სახელიც მქონდა, შემოსავალსაც არა უშავდა რა, რაიონში ერთოთახიანი ბინაც გამომიყვეს და ვიყავი ჩემთვის ბედნიერად. ჩემი ხელფასის ნახევარს ყოველთვიურად ვუგზავნიდი მამაჩემს. ძალიანაც არ მეხალისებოდა, მაგრამ, ყოველ შაბათ-კვირას ჩავდიოდი მათთან და ყველაფერს ვუკეთებდი, რაც საჭირო იყო, მაგრამ, იქ ყოფნა ნამდვილად არ მიყვარდა.
რამდენიმე ხანში გავიცანი ძალიან კარგი ახალგაზრდა კაცი (ისიც ექიმი), შეგვიყვარდა ერთმანეთი და დავქორწინდით. ჯერ ქალ-ვაჟი გვეყოლა, მერე – კიდევ ერთი ბიჭი. გოგონას დედაჩემის სახელი დავარქვი, ბიჭებს – ბაბუების. მამაჩემი გიჟდებოდა შვილიშვილებზე და ჩემს ქმარს ეხვეწებოდა, ან ყველამ აქ იცხოვრეთ, ან ბავშვები მაინც დაგვიტოვეთო. მაგრამ, უნდა გენახათ, რა დღეში იყო ჩემი დედინაცვალი, როცა იქ ქმარ-შვილიანად ჩავდიოდი – აღარ იცოდა, რით ეცა პატივი და რა გაეკეთებინა ჩემი შვილებისთვის. მე ლუკმას მაყვედრიდა თავის დროზე, ჩემს შვილებს კი დილიდან საღამომდე უვლიდა, ეფერებოდა და იმ საჭმელებს უკეთებდა, რაც მათ განსაკუთრებით უყვარდათ. ჩემმა ქმარმა არაფერი იცოდა ჩვენი ადრინდელი ურთიერთობის შესახებ და, ამბობდა, გერსა და მის შვილებზე ასეთი თანგადაყოლილი დედინაცვალი ცხოვრებაში არ მინახავსო. მაგრამ, დედინაცვლის გულწრფელობის მაინც არ მჯერა. უბრალოდ, იცის, რომ ჩემ მეტი პატრონი და მიმხედავი აღარ ჰყავს და ახლა ასე ცდილობს, ჩემი გული მოიგოს.
მარიკა, 32 წლის.

ბებიაჩემის დამ ოჯახის საიდუმლო გათქვა
ჩემი უცნაური ისტორია მინდა, გიამბოთ.
ვართ სამი დედმამიშვილი: მყავს უფროსი ძმა და ტყუპისცალი და. ძმასა და ჩვენს შორის შუალედი სამი წელია. არც ერთი არ ვგავართ ერთმანეთს, აბსოლუტურად განსხვავებული ტიპაჟები ვართ. ისე დავამთავრეთ სკოლა და გავხდით სტუდენტები, ეჭვიც კი არ გაგვჩენია იმის შესახებ, რომ ჩემი და და ძმა ჩვენი მშობლების შვილები არ არიან, ან კი საიდან უნდა გაჩენილიყო ეს ეჭვი, როცა სამნი ვიყავით და აქედან ორნი – ტყუპები?! მაგრამ, ამ ზაფხულს ჩემი ცხოვრება მთლიანად თავდაყირა დადგა. ივნისის ბოლოს მთელი ოჯახი წავედით სოფელში – ბებია გარდაგვეცვალა. დასაფლავების მეორე დღეს ბებიაჩემის დამ, რომელიც იმავე სოფელში ცხოვრობს, თავისთან დამიბარა – საქმე მაქვს და მარტო მოდიო. 86 წლისაა და ვიფიქრე, მარტოს იმიტომ მიბარებს, ალბათ, სკლეროზის მაგვარი აქვს-მეთქი, მაგრამ, მაინც წავედი. აღმოჩნდა, რომ, სკლეროზი კი არა, ჩემზე უკეთ ახსოვს ყველაფერი და აზროვნებს. წასვლის წინ დედაჩემმა მითხრა, მაგ ქალთან ზედმეტი არაფერი ილაპარაკო, თორემ, უკუღმართად დაგახვედრებს წინ ყოველ სიტყვასო. ადრეც გაგონილი მქონდა, რომ ახალგაზრდობაშიც ცოტა ავი და მაჩხუბარა ქალი იყო. თურმე, მამაჩემს დედაჩემი რომ შეურთავს ცოლად, დაუწუნებია – მე ჩემი დისშვილისთვის უკეთესი ქალი მყავდა შერჩეული, ის დაიწუნა და ეს ვინ მოუყვანიაო. ამ მიზეზით გაღიზიანებული, დედაჩემს ყოველთვის ცუდად ხვდებოდა, ცუდად ეპყრობოდა, ბებიაჩემსაც სულ უჩხიკინებდა და რძლის წინააღმდეგ განაწყობდა. ამის გამო, დედას არ უყვარდა სოფელში წასვლა, მარტო ჩვენ გვიშვებდა ხოლმე, ისიც – იშვიათად.
მოკლედ, დამიბარა და ოჯახის ისეთი საიდუმლო გამანდო, რასაც ჩემი მშობლები ოც წელზე მეტია, საიდუმლოდ ინახავდნენ. აღმოჩნდა, რომ დედაჩემსა და მამაჩემს რამდენიმე წელი არ ჰყოლიათ შვილი და ბავშვთა სახლიდან უშვილებიათ ჩემი უფროსი ძმა. მისი შვილად აყვანის შემდეგ კი, რამდენიმე წელიწადში, დედაჩემი დაფეხმძიმებულა (თურმე, ასე ხშირად ხდება) და გავჩენილვარ მე. სამშობიაროში დედაჩემის პალატაში წოლილა მთლად ახალგაზრდა გოგო, რომელსაც თავისი შვილის წაყვანაზე (მასაც გოგონა შეეძინა) უარი უთქვამს და დედაჩემს ის ბავშვიც უშვილებია, ოღონდ, იქაურ ექიმებთან შეთანხმებით, გაუფორმებიათ, ვითომ დედამ ტყუპი გოგო გააჩინა. ეს ამბავი სცოდნიათ (რა თქმა უნდა, დედ-მამის გარდა), მხოლოდ ჩემს ბებიებს და ბებიის დას, რომელმაც მაინც ვერ შეძლო, ბოლომდე შეენახა საიდუმლო. საბოლოდ, გაირკვა, რომ ჩემი მშობლების ნამდვილი შვილი მხოლოდ მე ვყოფილვარ, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ამბის გაგების შემდეგ კიდევ უფრო შემიყვარდა დედაც, მამაც და ჩემი და-ძმაც, რომელთა გარეშე სიცოცხლე ვერც კი წარმომიდგენია.
სოფო, 24 წლის.

სანდო არავინ ყოფილა
მე და ჩემმა ბავშვობის მეგობარმა საბავშვო ბაღიც ერთად დავამთავრეთ, სკოლაც და უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტიც. მაგრამ, ისე მოხდა, რომ მე ვიშოვე სამსახური, ანი კი სახლში იჯდა. ხანდახან თუ გამოუჩნდებოდა ხოლმე რაღაც ერთჯერადი ან მოკლევადიანი სამუშაო. სხვათა შორის, ძალიან ძლიერი ეკონომისტია, მაგრამ, რატომღაც, სამსახურთან დაკავშირებით არ უმართლებდა. მე ერთ ძალიან სერიოზულ ფირმაში ვმუშაობდი მთავარი ეკონომისტის მოადგილის თანამდებობაზე. სამი წლის წინ გავთხოვდი. დეკრეტულ შვებულებაში გასვლის წინ ჩემმა უფროსმა რატომღაც მე მითხრა, თუ იცი ვინმე კარგი ეკონომისტი, შენ მაგივრად რომ მოიყვანო, კარგს იზამ. თან, ადგილიც შეგენახებაო. მაშინვე ანი გამახსენდა და იმავე საღამოს დავურეკე. ჩემი დირექტორი რომ გაესაუბრა, მოეწონა და ჩემს ადგილზე მიიღო, სანამ მე დეკრეტულ შვებულებაში ვიქნებოდი. ანიც გახარებული იყო, რადგან, გარდა იმისა, რომ პრესტიჟულ დაწესებულებაში იმუშავებდა, ხელფასიც საკმაოდ სოლიდური ექნებოდა. მოკლედ, ყველა კმაყოფილი დავრჩით. ბავშვი რომ მეყოლა, ხანდახან შევივლიდი ხოლმე სამსახურში თანამშრომლების მოსანახულებლად და ყოველ მისვლაზე დირექტორი მეუბნებოდა, ანი კარგი გოგოა, მაგრამ ძალიან გვენატრები და გვაკლიხარ, დროზე დაგვიბრუნდიო. უფროსის ეს სიტყვები ანის აშკარად სწყინდა, მაგრამ ვითომ არ იმჩნევდა, თუმცა ნამდვილად ვგრძნობდი, რომ ჩემს მიმართ ისეთი გულითადი აღარ იყო, როგორც უწინ.
ჩემი შვილი წლის რომ გახდა, ძიძა ავიყვანეთ და სამსახურში დაბრუნება გადავწყვიტე. ძალიან მერიდებოდა, ანისთვის მეთქვა, ჩემი თანამდებობა უნდა დამიბრუნო-მეთქი, მაგრამ, გულს იმით ვიმშვიდებდი, რომ დირექტორი შეპირებული იყო, სხვა განყოფილებაში გადავიყვან, უმუშევარს არ დავტოვებ თუნდაც იმიტომ, რომ შენი მეგობარიაო.
ერთ დღესაც, ანის დავურეკე და ვუთხარი, ორშაბათიდან განცხადებას ვწერ და სამსახურში ვბრუნდები, შენ კი დირექტორს სხვა განყოფილებაში გადაჰყავხარ და უმუშევარი მაინც არ დარჩები-მეთქი. იცით, რა ამბავი ამიტეხა? იმ სხვა განყოფილებაში შენ გადაბრძანდი, მე რატომ უნდა დაგითმო ჩემი ადგილიო. ჯერ მეგონა, მეხუმრებოდა, მაგრამ, მეორე დღიდან ისეთი ამბები დაატრიალა, თანამდებობის დაბრუნება კი არა, დირექტორით დაწყებული, დამლაგებლით დამთავრებული, ლამის ყველა სამტროდ გადამკიდა: ყველასთან სათითაოდ მიდიოდა და „გულმტკივნეულად” ეუბნებოდა, რუსამ (ანუ – მე) შენზე ასე და ასე თქვა და მასთან ფრთხილად იყავი. მართალია, ჩემი დაქალია, მაგრამ უსამართლობას ვერ ვიტან და ამიტომ გაფრთხილებთო.
მართალია, ბოლოს ყველაფერი გაირკვა, მაგრამ, სანამ ეს მოხდებოდა, იმდენი უსიამოვნება შემხვდა, ლამის შევეწირე ამ ამბავს. სხვათა შორის, ჩვენი დირექტორი მაშინვე მიხვდა, რა „ნომრებსაც” ატარებდა ანი, დაიბარა და უთხრა, სხვაგან მინდოდა გადამეყვანე, მაგრამ, ახლა დავრწმუნდი, რომ შენნაირი თანამშრომელი არ მჭირდებაო. იქვე დააწერინა განცხადება და გაუშვა.
დღეს მე ისევ ჩემს თანამდებობაზე ვმუშაობ, ანიმ კი სამსახურიც დაკარგა და მეგობარიც (ჩემი სახით).
რუსა, 26 წლის.

რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 597 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.

скачать dle 11.3