კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: გამიგია, რომ სახეზე პილინგის გაკეთება მჭადის ფქვილითაც შეიძლება. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა შევურიო მას რაიმე სხვა პროდუქტი და, საერთოდ, რა სიხშირით უნდა გავიკეთო ასეთი პილინგი? ვარ 25 წლის და არ მაქვს ალერგიული და მგრძნობიარე კანი.
პასუხი: მჭადის ფქვილს შეგიძლიათ შეურიოთ მსხვილად დაფქული „ჰერკულესი” და წიწიბურა (თანაბარი რაოდენობით) და შეაზილოთ კვერცხის გული (რამდენსაც მოითხოვს). ეს მასა უნდა წაისვათ დაბანილ სახეზე და გაიჩეროთ, სანამ შეშრება (სასურველია, ამ დროს იწვეთ). შემდეგ თბილ წყალში დაასველეთ დოლბანდის მოზრდილი ტამპონი და მსუბუქი დაწოლით გაიკეთეთ პილინგი. ბოლოს თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.
პილინგის გაკეთება სასურველია კვირაში ერთხელ.
კითხვა: ცოტა უხერხული შეკითხვა მაქვს, მაგრამ, როგორ მოვიშორო იღლიიდან ოფლის სუნი? დღეში ორ-სამჯერ საპნით ვიბან, მაგრამ, არ მშველის, მაღაზიაში ნაყიდ ოფლის საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ კი ალერგია მაქვს.
პასუხი: დილით, დაბანისთანავე, სველ იღლიაში წაისვით ცოტაოდენი სოდა, ხუთი წუთის შემდეგ კი რაიმე ჩვრით ჩამოიფერთხეთ, რომ ტანსაცმელი არ გაგითეთროთ. ოფლის სუნი მთელი დღის განმავლობაში აღარ შეგაწუხებთ.
კითხვა: მაქვს ძალიან დიდი თვალები. როგორი კონტური უნდა გავიკეთო, რომ თვალები დამიწვრილდეს?
პასუხი: თვალების ვიზუალურად დასაწვრილებლად საჭიროა, თვალის გარეთა კუთხეებში ფანქრით გაიკეთოთ პატარა შტრიხი, ქვედა ქუთუთოებზე კი, წამწამების გასწვრივ, ოღონდ, შიდა მხრიდან, გაივლეთ წვრილი კონტური თვალის ერთი კუთხიდან მეორემდე.